ქალები ცვლილებისთვის – სოციალური მეწარმეები, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან
საქართველოში მყოფი მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, დაუნის სინდრომის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა, გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება და ინიციატივების მხარდაჭერა - ეს იმ მიღწევათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში ქალი სოციალური მეწარმეების სახელს უკავშირდება. მათ შეძლეს, დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, უწყვეტი განვითარების ჯაჭვი შეექმნათ. მათი გზა სოციალური მეწარმეობის გზაა, სადაც მდგრადი ბიზნესმოდელის შექმნით, მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ.
ქალთა მეწარმეობა, მით უმეტეს, სოციალური მეწარმეობა, საქართველოში ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა. ამიტომ, მიღწევებთან ერთად, ბევრია გამოწვევაც. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი - კაპიტალზე შეზღუდული წვდომაა, რაც ხშირად ბიზნესში ქალების როლის მიმართ კონსერვატიული დამოკიდებულებით არის განპირობებული. დღეს, ქალებს მამაკაცებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობები აქვთ პროფესიული განვითარებისა, თუ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ნაწილში, რაც საბოლოო ჯამში, იმ მცირე და საშუალო სოციალური საწარმოების ზრდას აფერხებს, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. გენდერული უთანასწორობა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა საქართველოს რეგიონებში, სადაც სტერეოტიპები კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება ქალების განვითარებისთვის.
ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებ გამოწვევებს, რომლებსაც ქალი მეწარმეები საქართველოში აწყდებიან - ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაციის ნაკლებობაც ემატება. გარდა ამისა, გამოწვევად სახელდება სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობის არქონაც. თუმცა, მიუხედავად მრავალი წინაღობით სავსე გზისა, ქალი სოციალური მეწარმეები მაინც ახერხებენ მიზნობრივი ჯგუფებისთვის შექმნან ხელმისაწვდომი შესაძლებლობები როგორც სამუშაო, ისე საგანმანათლებლო სივრცეებში, შეცვალონ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი უკეთესობისკენ, იყვნენ ბევრისთვის სტიმულისა და იმედის მიმცემი და რაც მთავარია, შექმნან სამუშაო ადგილები საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც ჩვენს ქვეყანაში დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
მოდით, ერთად გავიცნოთ რამდენიმე მათგანი - სწორედ ის ქალი სოციალური მეწარმეები, რომლებიც კოლეგებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ, შეამცირონ ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა.
ანა გოგუაძე - სოციალური მეწარმე, „კაფე მზიურის“ დამფუძნებელი
„თავიდან მარტივი არაფერია. მით უმეტეს, სოციალური მეწარმეობის დაწყება... თუმცა ქალებს, რომლებიც გეგმავენ, რომ აღნიშნულ საქმეს შეუდგნენ, ვურჩევდი, ამ წამოწყებას სიყვარულით და აზარტით მიუდგნენ. მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და მზად იყო გამოწვევებისთვისაც“ , - ამბობს ანა გოგუაძე, რომელმაც თბილისში, ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანის საჭიროებაზე მორგებული ინკლუზიური სივრცე შექმნა.
ანას გზა: „კაფე მზიური“ - ინკლუზიისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა
ანამ „კაფე მზიური“ 2016 წელს გახსნა. როგორც თავად გვიყვება, პროექტზე მუშაობისას მისი მთავარი მიზანი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების გადაჭრა იყო, კერძოდ - ინკლუზიური გარემოს შექმნა და ჯანსაღი კვების პოპულარიზება; ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა; გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება და ინიციატივების მხარდაჭერა; დამწყები ხელოვანების აქტივობების დაგეგმვა, ტექნიკური უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო მხარდაჭერა; სამოქალაქო აქტივისტებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაში; დანერგილი ინკლუზიური პრაქტიკების გაზიარება სხვა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, საზოგადო ინიციატივების მხარდაჭერა ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და ცხოველებზე ზრუნვის საკითხებში.
„ბევრი რამის შეცვლა შევძელით“ - სტერეოტიპები, რომლებიც დაიმსხვრა
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „კაფე მზიურის“ გახსნიდან ამ დრომდე, ბევრი რამის შეცვლა შევძელით. პირველ რიგში, შეიცვალა ადამიანების ქცევა. როდესაც კაფეს აღდგენაზე მუშაობას ვიწყებდით, მზიურის პარკი იყო სრულიად მიტოვებული და ჩაბნელებული ტერიტორია. ის, ცალსახად, საშიშ ადგილთან ასოცირდებოდა. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ბარიერი იყო აქ კვების ობიექტის გასახსნელად. გარდა იმისა, რომ ტერიტორია სრულიად მიტოვებული იყო, კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის არახელსაყრელი ლოკაციაც იყო, რადგან 9 წლის წინ, ბევრ ადამიანს წარმოდგენა ჰქონდა, რომ კაფეში აუცილებლად მანქანით უნდა მისულიყო. ჩვენი ობიექტი კი პარკში მდებარეობდა და ჩვენამდე რომ მოსულიყავი, გარკვეული მანძილი ფეხით უნდა გაგევლო. გამოწვევას წარმოადგენდა მენიუც. ჩვენ გვინდოდა, რომ ახალი პროდუქტები შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის და არ ყოფილიყო ჩვენი მენიუ ისეთი კერძებით სავსე, რაც თითქმის ყველა კაფეშია. მაგალითად, ჩვენ გახსნის დღიდანვე ვთქვით უარი კარტოფილ „ფრიზე“ , რადგან მიგვაჩნია, რომ არ არის ჯანსაღი. მოკლედ, რთული წლები გვაქვს გავლილი იმისთვის, რომ ხალხის ქცევა შეგვეცვალა, შეჩვეულიყვნენ ისინი კაფეში ფეხით მოსვლას და ახალი გემოების შეცნობას. თუმცა, დროსთან ერთად იცვლებოდა ჩვენი სტუმრების დამოკიდებულებაც“, - ამბობს „კაფე მზიურის“ დამფუძნებელი.
გამოწვევები და გზა, რომელიც გრძელდება
მიუხედავად საქმიანობის წარმატებული 9 წლისა, „კაფე მზიური“ გამოწვევების წინაშე დღესაც დგას. როგორც ანა გოგუაძე გვიყვება, ბოლო 1 წელია, თბილისის მერია ამ შენობის აუქციონზე გამოტანას და მისი იჯარით გასხვისებას გეგმავს.
„მოლოდინის რეჟიმში ვართ. მერიის ვებგვერდზე ყოველდღე ვამოწმებთ ხომ არ გამოვიდა „კაფე მზიურის“ შენობა აუქციონზე. ჩვენთვის იჯარის გადახდა და სოციალური საწარმოს შენარჩუნება ერთდროულად ძალიან რთული იქნება. ეს არის ძალიან პატარა კაფე, რომლის შიდა სივრცეში მხოლოდ 7 მაგიდა ეტევა. ამიტომ, ძირითადად, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ვმუშაობთ სრული დატვირთვით, ზამთარში კი თვითგადარჩენაზე ვართ. ყველა ღონისძიება, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ტარდება არის უსასყიდლო, შესაბამისად, ამ იჯარის გადახდა და სოციალური კონცეფციის შენარჩუნება იქნება შეუძლებელი“, - აღნიშნავს ანა გოგუაძე.
ბუნდოვანი მომავლის მიუხედავად, ანა გაჩერებას არ აპირებს. „კაფე მზიურის“ ღონისძიებების მეცხრე სეზონი აპრილის თვიდან განაახლა, გაგრძელდა ძველი პროექტები და დაემატა ახალიც.
„კაფე მზიურის“ დამფუძნებელი ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარების პერსპექტივაზეც საუბრობს და აუცილებლად მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონი მიიღოს: „სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა დაუდგეს ამ მიმართულებას გვერდზე იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა კანონი ვერ გვხედავს.“
თუმცა, სოციალური მეწარმე ამბობს იმასაც, რომ საქმიანობის დასაწყისში სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი ხელშეწყობა ჰქონდა და სწორედ თბილისის მერიამ მისცა ნებართვა, რომ ამ შენობაში კაფე გაეხსნა. „მზიურის კაფეს“ გახსნაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო და ასევე, ადგილობრივი ორგანიზაციებიც, მათ შორის - „ევროპის ფონდი“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG).
„ჯამში, 200 ათას ლარზე მეტის ინვესტიცია განვახორციელეთ და 2016 წელს, პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის უპრეცედენტო მხარდაჭერით, შევქმენით სოციალური საწარმო „მზიურის კაფე“, რომლის ფარგლებში სრულიად განახლდა და აღიჭურვა კაფეს ისტორიული შენობა და მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს ამფითეატრს და ბავშვთა სათამაშო მოედანს. არსებობის მანძილზე, „მზიურის კაფემ“ 100 ათასზე ვიზიტორს უმასპინძლა და 800–ზე მეტი შემეცნებითი ღონისძიება გამართა“, - განმარტავს კაფეს დამფუძნებელი.
ამჟამად, სოციალურ საწარმოში დასაქმებულია 18 პირი. უნდა ითქვას, რომ კაფე უმეტესად სტუდენტებს ასაქმებს და ვაკანსიების გამოცხადებისას, ყურადღებას გამოცდილებაზე არ ამახვილებს, რადგან დასაქმებულებს საჭირო უნარ-ჩვევებს ავად გამოუმუშავებს. შედეგად, „მზიურის კაფე“ ბევრისთვის პირველი სამსახურია.
ლია ტაბატაძე - სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დამფუძნებელი
„გჯეროდეთ იმ იდეის, რასაც აკეთებთ“
„ქალებს, რომლებიც სოციალურ მეწარმეობას ახლა იწყებენ, ვურჩევდი, სჯეროდეთ იმ იდეის, რასაც აკეთებენ. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რა მისია აქვთ და საით მიდიან. შემდეგ კი უკვე შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. ისიც ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ამ საქმისთვის თავის გადადება მოუწევთ, თუმცა შედეგი აუცილებლად დადგება, რადგან ჩვენს საზოგადოებაში სოციალური მეწარმეობის აღქმა უკვე არსებობს“, - ეს სიტყვები კი ლია ტაბატაძეს ეკუთვნის, რომელმაც 10 წლის წინ, მზრუნველი საჩუქრების საამქრო „ბაბალე“ შექმნა.
მან სოციალური საწარმოს დაარსება, რომელიც შშმ პირების დასაქმებაზეა ორიენტირებული, საკუთარი შვილის საჭიროებებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.
ლიას გზა: „ბაბალე“ - დსმ ახალგაზრდების მხარდასაჭერად
„მე თვითონ გახლავართ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი. ახლა ის 15 წლის არის, თუმცა, როცა „ბაბალეს“ იდეა გაჩნდა, ძალიან პატარა, მხოლოდ 3 წლის იყო. მაშინ, ქვეყანაში უამრავი სტიგმა და გამოწვევა არსებობდა როგორც საზოგადოების აღქმის, ისე ოჯახების დამოკიდებულებებისა და სხვადასხვა მომსახურებების ნაწილში. ძალიან რთული მოცემულობა გვქონდა, რადგან არც საკანონმდებლო ბაზა არსებობდა, არც ინკლუზიური განათლება სკოლებსა და ბაღებში... ამიტომ, ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რა მოხდებოდა, როდესაც ჩემი შვილი გაიზრდებოდა, რამდენად შეძლებდა ის დამოუკიდებლად ცხოვრებას“, - გვიყვება ლია ტაბატაძე.
ახალგაზრდა დედამ სწორედ ამ დროს გაიგო სოციალური მეწარმეობის შესახებ. „ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვხვდი, სადაც CSRDG-ის მეშვეობით, სოციალური მეწარმეობის სიკეთეების შესახებ გავიგე. ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი შვილების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შეგვეწყო ხელი. ის, რასაც მე ვაკეთებდი ჩემი შვილისთვის, რომ დროულად განმევითარებინა მისთვის სხვადასხვა უნარები, წყალში გადაყრილი იქნებოდა, თუ მას ზრდასრულ ასაკში ვერ მივცემდი იმის შესაძლებლობას, რომ ემუშავა და თავისი ცხოვრება განეკარგა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დრო აღარ დამეკარგა და თავად დამეწყო ცვლილებები“.
როგორც „ბაბალეს“ დამფუძნებელი ამბობს, მაშინ, როდესაც ის „ბაბალეს“ პროექტზე მუშაობდა, არათუ დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმების პრეცედენტები არ არსებობდა ქვეყანაში, ამ საკითხზე ხმამაღლაც კი არავინ საუბრობდა. შესაბამისად, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია.
„შემოვიკრიბე რამდენიმე მშობელი, რომელიც ჩემსავით ფიქრობდა და ასე დავიწყეთ „ბაბალეს“ ისტორია, მცირე გრანტის ფარგლებში, CSRDG-ის მხარდაჭერით. ფაქტობრივად, ნული გამოცდილება მქონდა ბიზნესის მართვის კუთხით, არც პროფესიული განათლება გამაჩნდა ამ მიმართულებით, თუმცა მქონდა ძალიან დიდი მოტივაცია - ხელი შემეწყო შშმ პირების დასაქმებისთვის და ეს დიდ ძალას მაძლევდა“ - აღნიშნავს ლია.
თუმცა, ვიდრე შშმ პირებს დაასაქმებდა, მანამდე მზრუნველი საჩუქრების საამქროს დამფუძნებელს მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება მოუწია: „სოციალური მისია, რომ ადამიანები დაგვესაქმებინა, არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. როგორც უკვე ვახსენე, ინკლუზიური განათლება არ გვქონდა ქვეყანაში და შესაძლებლობა, რომ ადამიანებს ესწავლათ, უნარები განევითარებინათ. ამიტომ, ახალგაზრდებისთვის, რომელთა დასაქმებასაც ვგეგმავდით, თერაპიული საქმიანობის გაწევა და მინიმალური უნარების გამომუშავებაზე მუშაობა მოგვიხდა“.
ინკლუზიური სივრცე, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრების გზა იწყება
„ბაბალეს“ დამფუძნებელმა, თავისივე გამოცდილებაზე დაყრდნობით, თანამოაზრეებთან ერთად, „წინაპროფესიული უნარებისა და დასაქმების“ პროგრამა შექმნა, რომელიც ოთხსაფეხურიანია.
„პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ადამიანის დასაქმებაზე როცა ვიწყებთ მუშაობას, არ უნდა დაველოდოთ ზრდასრული როდის გახდება. მოზარდობიდან უნდა დავიწყოთ მისი უნარების განვითარება. ამიტომ, სწავლების ეს ოთხი საფეხური იწყება 12 წლიდან. პირველი არის შემოქმედებითი საფეხური, მეორე საფეხური არის - პროფესიული ორიენტაციის, მესამე-სტაჟირების და მეოთხე არის - მხარდაჭერითი დასაქმების. ამ პროგრამის გაწერაშიც ევროკავშირის, CSRDG-სა და გავლენის ფონდ „აქციოს“ მხარდაჭერა გვქონდა. ეს პროგრამა არის უნიკალური და სრულიად ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი. სხვათა შორის, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. არსებობს ასეთი პლატფორმა ZERO Project, რომელიც ინკლუზიური დასაქმების კუთხით თვალყურს ადევნებს მსოფლიოში რა ინოვაციური პროექტები და მიდგომებია. სწორედ ამ პლატფორმის აღიარება მოვიპოვეთ, როგორც შედეგზე ორიენტირებული და ქმედითი პროგრამის ავტორებმა. შედეგად, დღეს გვაქვს ის წარმატებული მაგალითები, რომ ადამიანებს ვეხმარებით არამარტო „ბაბალეს“ სივრცეში დასაქმებაში, არამედ სხვა კომპანიებშიც“.
მიუხედავად დღემდე არსებული რიგი გამოწვევებისა, „ბაბალე“, რომლის მთავარი მისიაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების გზით, განვითარებას არ წყვეტს და გაფართოებას განაგრძობს. ამჟამად, ის 2 სივრცეს აერთიანებს - შემოქმედებით სახელოსნოს (კერამიკისა და ტექსტილის ხაზით), სადაც დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით იღებენ განათლებას, საქმდებიან, ქმნიან პროდუქციას და სალონს - სადაც გამოიფინება და იყიდება ნამუშევრები. სოციალურ საწარმოში მზადდება ხის, კერამიკისა და ტექსტილის როგორც დეკორატიული, ისე გამოყენებითი ნივთები: ზარდახშები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები, აქსესუარები, სხვადასხვა ფიგურები, სადღესასწაულო ნივთები და სხვა სახის პრაქტიკული, თუ დეკორატიული ნაკეთობები. მასობრივი წარმოების პროდუქციიდან გამორჩეულია „ბაბალეს“ წინდები და სამზარეულოს აქსესუარები.
თამარ ლებანიძე - სოციალური საწარმო „დედიკოს“ დამფუძნებელი
ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნავს კიდევ ერთი სოციალური მეწარმე ქალი - თამარ ლებანიძე. ის უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ცდილობს.
თამარმა სოციალური საწარმო სახელწოდებით „დედიკო“ – 2021 წელს, სწორედ იმ დროს დააარსა, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძოდა.
თამარის გზა: მარტოხელა დედებზე მზრუნველი „დედიკო“
„პანდემიის პერიოდში, როდესაც ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა დაზარალდა პანდემიით გამოწვეული სირთულეებით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სოციალური საწარმო, რომელიც დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მისცემდა ქალებს, რომელთა პრობლემებსაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ასე შევარჩიეთ მარტოხელა დედები და შუახნის ქალები, რომლებიც მარტო ზრუნავენ თავიან მშობლებზე“, - გვიყვება თამარ ლებანიძე.
ის ამბობს, რომ სოციალური საწარმოს დაარსება მარტივი არ ყოფილა და გზად უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია: „გამოწვევები საკმაოდ მრავლად იყო და არის, განსაკუთრებით კი მწირი ფინანსური თუ ადამიანური რესურსები და არასათანადო საკანონმდებლო რეგულაციები“.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, „დედიკოს“ დამფუძნებელი ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 2021 წლიდან ამ დრომდე, „დედიკომ“ შეძლო პირდაპირი დახმარება გაეწია თერთმეტი ქალისთვის, შეემსუბუქებინა მათი ყოფითი პრობლემები, მიეცა მათთვის ახალი პროფესია და აემაღლებინა მათი თვითშეფასება.
თამარის თქმით, რამდენადაც “დედიკოს” თანამშრომლები მარტო ზრუნავენ შვილებსა და მშობლებზე, საწარმოს არაპირდაპირი გავლენაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. „დღეს, საქართველოში მარტოხელა დედების პრობლემებს ნაკლები ყურადღება ექცევა. პროფესიული გადამზადება, მოქნილი გრაფიკის არარსებობა, დაბალი ხელფასები და ა.შ. ის სირთულეებია, რასაც ისინი მუდმივად აწყდებიან. სწორედ ამ სოციალური ფონის შეცვლა გვინდა და ამისკენ არის მიმართული მთელი ჩვენი საქმიანობა“ - გვიყვება თამარი.
ის „დედიკოს“ დაარსების და შემდგომ ფუნქციონირების საქმეში სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების როლზეც საუბრობს: „სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებულმა მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა სოციალური საწარმოს არსებობისა და განვითარებისათვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო CSRDG-სთან თანამშრომლობა. პრო ბონო პროექტის ფარგლებში, საწარმოს არამარტო რებრენდინგის და "ხასიათის" ჩამოყალიბების, არამედ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტის გამოკვეთისა და ახალი საწარმოო ხაზის განვითარების შესაძლებლობა მიეცა. სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდა სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკისთან“ თანამშრომლობა, გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა, რამაც საგრძნობლად აამაღლა საწარმოს შესახებ ცნობადობა და გაზარდა გაყიდვები“ - აღნიშნავს თამარი.
პროდუქციის ახალი ხაზი „დედიკოსგან“
ის „დედიკოს“ სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და გვიყვება, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მისი სოციალური საწარმო გავლენის ფონდ „აქციოს“ პორტფელის წევრი გახდა: ევროკავშირისა და „აქციოს” მხარდაჭერით, "დედიკო" იწყებს პროდუქციის ახალი ხაზის “მზრუნველის“ გაყიდვებს და შესაბამის მარკეტინგულ კამპანიას. ახალი ხაზი მოიცავს - ქსოვილისაგან დამზადებულ ნივთებს, რაც დედებს ყოველდღიურ კომფორტს შეუქმნის და პატარებზე ზრუნვას გაუადვილებს - დედის ჩანთა, საპიკნიკე ხალიჩა/ჩანთა, სათამაშო ხალიჩა, სათამაშოების "სახლი", ზაფხულის და ზამთრის პლედები, კენგურუ, სლინგი და ა.შ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლების განმავლობაში, საწარმო შეძლებს მოგებაზე მუშაობას, რაც კიდევ მეტი ქალის დახმარების საწინდარი იქნება“.
ამჟამად, სოციალური საწარმო „დედიკო“ მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან შეკერილ სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს, რომელთა ჩამონათვალშიც - ბავშვისა და მოზრდილის ჩანთები, ზურგჩანთები, შარფები, ასევე სადღესასწაულო და ყოველდღიური მოხმარების სუფრებია. აღსანიშნავია, რომ „დედიკო“ პროდუქციის შექმნისას იყენებს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და მოპოვებულია ყველა საჭირო პროცედურის დაცვით.
ირინა მანია და ანა შანშიაშვილი - „ეთნოდიზაინის“ თანადამფუძნებლები
350-მდე ტრადიციული რეწვის ოსტატი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებსაც ყოველდღიური შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, შექმნილი ათასობით ახალი პროდუქტი და დაარსების დღიდან ამ დრომდე, გაყიდული 3 მილიონამდე ლარის პროდუქცია - ეს სოციალური საწარმო „ეთნოდიზაინის“ წარმატებული საქმიანობის არასრული შედეგებია.
ირინას და ანას გზა: „ეთნოდიზაინი“ - ტრადიციული რეწვის ახალი სიცოცხლე
ირინა მანიამ და ანა შანშიაშვილმა, საქართველოში ტრადიციული რეწვის პოპულარიზაციის მიზნით, ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „ეთნოდიზაინი“ 2016 წელს დააარსეს და სოციალური მეწარმეობის გზით, რეგიონებში უამრავი ადამიანის ცხოვრებას შეცვლეს.
„ეთნოდიზაინის შექმნას წინ მასშტაბური კვლევა უძღოდა. ვიცოდით, რომ ტრადიციული რეწვის მიმართულებით ქვეყანაში უამრავი გამოწვევა არსებობდა. კვლევამ კი უკეთ დაგვანახა ის საჭიროებები, რომლებიც ამ სექტორის წინაშე იდგა. საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ოსტატები ფლობდნენ უნიკალურ ხელობას, თუმცა მათ გაყიდვების პრობლემა ჰქონდათ. მათ უჭირდათ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა, რომელიც თანამედროვე მყიდველს დააინტერესებდა და სწორედ ამაში სჭირდებოდათ დახმარება. მთავარი იყო სწორი პროდუქციის შექმნა, შემდეგ კი უკვე გაყიდვების მხარდაჭერა“, - გვიყვება ანა შანშიაშვილი.
ამ გამოწვევების გადასაჭრელად ახალგაზრდა სოციალურმა მეწარმეებმა - ირინა მანიამ და ანა შანშიაშვილმა, ჯერ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, მალევე კი „ეთნოდიზიანი“ დააარსეს.
სოციალური საწარმო დღეს 3 მაღაზიას აერთიანებს. ერთი მათგანი თბილისში, მეორე კი - ვარძიაში მდებარეობს. რაც შეეხება მესამე ობიექტს - ის მოძრავი მაღაზიაა და პერიოდულად, საქართველოს ყველა რეგიონში შეგხვდებათ.
როგორც ირინა მანია განმარტავს, საქმიანობის თითქმის 10 წლიან პერიოდში, „ეთნოდიზაინმა“ შეძლო ძალიან ბევრი რეწვის ოსტატის ეკონომიკური პრობლემები გადაეჭრა.
„თბილისსა თუ რეგიონებში მცხოვრები ოსტატებისთვის, ტრადიციული რეწვა შემოსავლის მთავარი წყაროა“
„არ არის მარტივი, რომ ადამიანი რეწვის მიმართულებით, სრული დატვირთვით დასაქმდეს და ეს იყოს მისი ძირითადი საქმიანობა. „ეთნოდიზაინის“ დაარსებამდე ძალიან ბევრი ადამიანი ჰობის დონეზე აკეთებდა ამ ყველაფერს და მათ არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ ჰქონდათ. დღეს კი, თბილისსა თუ რეგიონებში მცხოვრები ოსტატებისთვის, ტრადიციული რეწვა შემოსავლის წყაროდ არის ქცეული. თითქმის 10 წლის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით უწყვეტი განვითარებისა და გაყიდვების ჯაჭვი და ვცდილობთ, ყველა ადამიანს შევუწყოთ ხელი, რომ მათ ისეთი ნამუშევრები შექმნან, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის იქნება სასურველი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთავარი პრობლემა, რაც მანამდე ამ დარგში იყო, არის ის, რომ ხშირად ხელნაკეთი ნამუშევრები არ იყო მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს, იყო დაბალი ხარისხის და ოსტატებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ მიეტანათ ისინი სწორ ადგილას გასაყიდად და სწორედ, ამ ადგილას ვართ ჩვენ. ყველას ვაძლევთ თანაბარ შესაძლებლობებს, რომ შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქცია და შემდეგ გაყიდონ. ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს, როდესაც ადამიანებს საერთოდ არ ჰქონდათ საკუთარი ნაწარმის გაყიდვის გამოცდილება და დღეს, უკვე საწარმოებს ფლობენ რეგიონებში და წარმატებითაც ამუშავებენ“, - ამბობს ირინა მანია.
რეგიონებში მცხოვრები ოსტატების მხარდაჭერისა და პროდუქტის განვითარების კუთხით, „ეთნოზიდაინის“ თანადამფუძნებლები განსაკუთრებულ ყურადღებას საერთაშორისო პარტნიორების როლზე და მათ დაფინანსებაზე ამახვილებენ.
„ძალიან დიდი იყო საერთაშორისო დონორების წვლილი „ეთნოდიზაინის“ გახსნის ხარჯებში. ფინანსური დახმარება მიგვიღია ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორებიცაა - ევროკავშირი, USAID, GIZ და სხვები. მაგალითად, ჩვენი მოძრავი მაღაზია ევროკავშირის, „პური მსოფლიოსთვის“ და CSRDG-ის დახმარებით შეიქმნა“ - აღნიშნავს ირინა მანია.
„ტრადიციული რეწვის ხელოვნება მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს“
თუმცა, „ეთნოდიზაინის“ თანადამფუძნებელი იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რასაც დღეს სოციალური მეწარმეები აწყდებიან: „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ტერმინის - სოციალური მეწარმეობის მიმართ ცნობიერების ამაღლება. ეს ტერმინი მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტში იციან და ფართო საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა განსხვავებაა სოციალურ საწარმოსა და ჩვეულებრივ ბიზნეს ოპერატორს შორის. ამიტომ, ბევრია სამუშაო ცნობიერების ასამაღლებლად. რაც შეეხება უშუალოდ ტრადიციულ რეწვას, მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნებისა და ტრადიციების გადაცემის საკითხი. კარგი იქნება, ფორმალურ განათლებაში, რაიმე სახით თუ იქნება შეტანილი ტრადიციული რეწვა, ეს ცალსახად სახელმწიფოს დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაა. საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ოჯახში ერთი ადამიანი მაინც არის, ვინც ტრადიციულ ტექნოლოგიას ფლობს იმისთვის, რომ ხელნაკეთი ნამუშევრები შექმნას. ამიტომ, ეს საქმე არ უნდა დაიკარგოს და მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს“.
„ეთნოდიზაინის“ დამფუძნებლები მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებენ. გეგმავენ, როგორც ტრადიციების გადაცემის მიმართულებით, ისე ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური სარგებლის გაზრდის მიზნით, ახალი ნაბიჯები გადადგან. ისინი მომავალში ახალი სარეალიზაციო ობიექტების შექმნასაც განიხილავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ყოველი მომდევნო სარეალიზაციო ობიექტის დაფუძნება აორმაგებს იმ ბრუნვას და გაყიდვებს, რომელიც დღეს „ეთნოდიზაინს“ აქვს. შესაბამისად, აორმაგებს თითოეული ოსტატის შემოსავალს, თითო ოჯახში, რომელიც რეგიონშია.
***
ამ ქალების მაგალითები სცდება ინდივიდუალურ ისტორიებს - ისინი არამხოლოდ საკუთარ გზას იკვალავენ, არამედ აძლიერებენ მათ, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება და სხვებისთვის შთაგონების წყაროც ხდებიან. ეს კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო თანასწორი, ინკლუზიური, სამართლიანი და მდგრადი საზოგადოებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას ხელშემწყობი პოლიტიკა, ბიზნეს სექტორმა - პარტნიორობის შესაძლებლობები, ხოლო საზოგადოებამ - აღიარებისა და მხარდაჭერის კულტურა. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ეკოსისტემის გაძლიერებას, სადაც სოციალური მეწარმეები სრულად ავითარებენ საკუთარ პოტენციალს და ქმნიან მასშტაბურ დადებით ცვლილებებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.
*სტატია მომზადებულია გავლენის ფონდ “აქციოსთან” თანამშრომლობით, ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გავლენის ფონდი “აქციო” და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს მხარდამჭერთა შეხედულებებს.