"უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება" - პარტია "გახარია საქართველოსთვის" თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის დაპატიმრებას ეხმაურება
პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როცა სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია „მოძალადეებზე, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ.
„მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა.
ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არც ერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა - მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ.
ეს არის “ოცნების” დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა.
უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება. ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"