"უფალო, ეს დღე რატომ დაუშვი?! ვერ ვიჯერებ, ჩემს უბეში გამოზრდილო ანგელოზო..." - თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"უფალო, ეს დღე რატომ დაუშვი?! ვერ ვიჯერებ, ჩემს უბეში გამოზრდილო ანგელოზო..." - თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

30 მაისს უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მსხვერპლით დასრულდა. როგორც ირკვევა, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას და სამართალდამცავებს მანქანაში მყოფი ორი მგზავრი გარდაცვლილი დახვდა. ცნობილია ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდას ვინაობა, ის ტყიბულის სოფელ ცუცხვათში მცხოვრები 24 წლის მეგი კუპრაშვილია.

არსებული ინფორმაციით, სამწუხაროდ ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. როგორც ირკვევა, სწრაფად მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, რის შემდეგ ისინი სახლებში გადასვენეს.

ყველა განიცდის მომხდარს. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით.

"რატომ, უფალო, ეს დღე რატომ დაუშვი, ვერ ვიჯერებ, ჩემს უბეში გამოზრდილო ანგელოზო მეგო, სული მეწვის ჩემო ფერია. ჩემს გულში და გონებაში ისევ ის პატარა ტიტინა გოგო იქნები, რომელიც ბაღიდან მოყოლებული გეგისთან ერთად ხელჩაკიდული დადიოდი. უფალი იყოს იმიერში შენი გზამკვლევი"- წერს მეგის კლასელის დედა.

როგორც ჩვენთან საუბარში მეგის მეგობარი ამბობს, გოგონა 24 წლის იყო. ის ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მედდად მუშაობდა და ყველას ძალიან უყვარდა.

"ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას. მე და მეგი თანამშრომლები ვიყავით. ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ერთად ვმუშაობდით. მე რეანიმაციის მედდა, ის თერაპიის განყოფილების მედდა იყო. კოვიდის პერიოდიდან მოყოლებული საოცარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მართლა რთული პერიოდი გამოვიარეთ მაშინ. მეგი გამორჩეული, სასწაული, მშვიდი, ყურადღებიანი, ზრდილობიანი გოგონა იყო.

იმდენად კარგი ადამიანი იყო, თუ რამე არსებობს ამქვეყნად და იმქვეყნად იმედია სამოთხეში იქნება. ძალიან სამწუხაროა ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანის გარდაცვალება. სამი წელი ვიმუშავეთ ერთად. 28 მაისს ვნახე მეგი ბოლოს, ბიძა მყავდა მიყვანილი კლინიკაში და გადაუდებელ განყოფილებაში აღმოვაჩინე. იქ გადაუყვანიათ და მორიგე იყო. ყოველთვის კარგი შეხვედრა გვქონდა, რამე ხომ არ გჭირდებაო, რომ მითხრეს, მეგია მორიგეო, მესიამოვნა. რას წარმოვიდგენდი რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა. სულ რაღაც 24 წლის იყო, სიცოცხლით სავსე, წინ ჰქონდა მომავალი და ასეთი უბედურება დატრიალდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მეგის იცნობდა და განიცდის ამ ამბავს.

როგორც ვიცი, მასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდაა გარდაცვლილი, მისი დედა ემიგრაციაში ყოფილა, არ იცის ჯერ ეს თავზარდამცემი ამბავი და ამიტომ მისი ვინაობა არ ხმაურდება. მომხდარის დეტალები არ ვიცი, ფაქტია ხეს შეეჯახა მათი მანქანა და ადგილზეა ორივე გარდაცვლილი. მეგი ტყიბულის სოფელ ცუცხვათიდან იყო, ექსპერტიზის შემდეგ მისი ცხედარი იქ გადასვენეს. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მათ სამეგობროს და ყველას ამ დიდ ტრაგედიას. მართლა ძალიან მატკინა გული", - ამბობს ჩვენთან საუბარში მეგი კუპრაშვილის მეგობარი ნანო ნიკურაძე.

ვინ იცის რამდენი ოცნება დარჩა განუხორციელებელი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას. ძალიან მწარე რეალობის წინაშეა დღეს მისი ოჯახი.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ორივე გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

(სპეციალურად საიტისთვის)