"დაღლილები" - კვირის პალიტრა

"დაღლილები"

ძალიან საინტერესო საქმით ვიყავი ამ დილას დაკავებული - ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტებს ვათვალიერებდი. მეგობარმა შეძლო და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან "დაითრია" ნაცნობობით (საქართველოა, ბოლოს და ბოლოს).

უფრო სწორად, ვათვალიერებდი კი არა, დავჯექი და როგორც აბითურიენტმა, მეც ისე ვცადე პასუხების გაცემა.

ჰოდა, ძალაინ ვამაყობ, რომ 95%-ზე მეტი სწორი პასუხი გავეცი, მაგრამ ძალიან მრცხვენია, რომ სტუდენტობის მსურველთა მეხუთედზე მეტმა, არათუ 95%, არამედ მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც კი (თუ არ ვცდები, 25% უნდა იყოს) ვერ გადალახა - თანაც ეს აბითურიენტთა ის ნაწილია, რომელმაც, ცხადია, წინასწარ იცოდა, რომ მათემატიკა ექნებოდა ჩასაბარებელი და საგანგებოდ "ემზადებოდა" ამ საგანში...

...რატომ დავიწყე ამ ამბით და, იმიტომ, რომ ძალინ "მიხარია" ხოლმე, როდესაც ჩემი პროგნოზები მართლდება - ამჯერად, განათლების რეფორმის უპერსპექტივობა რომ ვიწინასწარმეტყველე ჯერ კიდევ ლომაიას დროს, იმას ვგულისხმობ...

ასეთ მარტივ ტესტებში მინიმალური ზღვრის ვერგადალახვა დაახლოებით "გამრავლების ტაბულის" არცოდნას ნიშნავს და, რა თქმა უნდა, მართლა, იმიტომ კი არ დამიწყია ამ თემაზე საუბარი, რომ ჩემი 95%-ით ან "გამართლებული" პროგნოზით მეამაყა.

არა, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ შემეშინდა: ვაითუ, როდესაც ეს თაობა მოვა ქვეყნის სათავეში, ისევ ისეთ დღეში აღმოვჩნდეთ, როგორშიც დღეს ვართ - ანუ, არაკომპეტენტური, უცოდინარი და უპასუხისმგებლო ხალხის ხელში და არ ვიყოთ თითო-ოროლა თავისი საქმის მცოდნის იმედად...

ახლა, ნელ-ნელა ოლიმპიადის თემაზე გადავალ - ზემოთ ნახსენები ამბავი პარალელისთვის დამჭირდა: დღეს სამშაბათია და ლონდონის ოლიმპიადიდან, ლაშა შავდათუაშვილის "გასროლის" გარდა, რომელმაც სირცხვილი მოგვწმინდა და მთელი საქართველო გაახარა, ჩვენების (სპორტსმენებიან-ხელმძღვანელებიანა) არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის გარდა, სხვა ამბავი არ მოგვსვლია: პირველივე დღეს ძიუდოისტს (შუკვანს) მანქანის კარში თითი მოჰყვა(!!!), შეხვეული თითით გამოვიდა ტატამზე, მერე სისხლი წამოუვიდა (წესიერად შემხვევიც არ ჰყავდა?!) თითქმის მოგებული ბრძოლა დასრულებამდე 4 წამით ადრე წააგო! იმავე დღეს ჩვენი ერთადერთი მოკრივე (თურქაძე) აწონისას 260(!!!) გრამით მძიმე აღმოჩნდა ნორმასთან შედარებით (წინა საღამოს ნორმაში იყო) და ასპარეზობიდან მოხსნეს! არ მგონია, რომ ძილში "გასუქებულიყო" - ან თვითონ რატომ გააკეთა ეს, ან ოფიციალურმა პირებმა რატომ დაუშვეს, რომ ძილის წინ ჰამბურგერები "ერტყა" სასტუმროში?! და - გახსნის დღის ბოლო ქართული "მარგალიტი": ჩვენმა ველომრბოლელმა, დისტანციის ნახევარზე ოდნავ მეტის გავლის შემდეგ, ველოსიპედი გზიდან გადააყენა და რბოლა შეწყვიტა; მიზეზი - დავიღალეო (ისევ და ისევ - !!!)

კი, მერე იყო შავდათუაშვილის "გამონათება", მაგრამ მესამე დღიდან - ისევ: პირველ წრეში გამოვარდნა, ჩვენი სახელოვანი მსროლელის 34-ე ადგილი, კიდევ ერთი ძიუდოისტის წაგება, ოღონდ ამჯერად "ველოსიპედისტური" მიზეზით - ჭრიკიშვილი დაიღალა და იმიტომ წააგოო!..

მოკლედ, ცუდ ხასიათზე ვარ - იქნებ, როდესაც ჟურნალის ამ ნომერს კითხულობთ ან შემდეგ დღეებში კიდევ ავიღოთ მედლები - პირველი ვიქნები, ვინც ჩვენი სპორტსმენების ქება-დიდებას აღავლენს, მაგრამ ახლა...

ჰო, საპროვოკატორო რა არის სპორტსმენთა წაგებაშიო?! - იკითხვას მავანი და მისთვის ავხსნი: ხელმძღვანელობის "საქციელის" ბრალი მგონია სპორტსმენთა წარუმატებლობა და მათი ამ "უსაქციელობის" კიდევ ერთმა დადასტურებამ "სულზე მომისწრო": ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, თბილისიდან ლონდონისკენ გინესის რეკორდსმენი, 73 წლის ჯუმბერ ლეჟავა გაემგზავრა (რა თქმა უნდა, ველოსიპედით). მისთვის ოლიმპიური გუნდის ახალი მოდელის ერთი მაისური მიუციათ, რომელსაც ღამით რეცხავდა და აშრობდა, რათა ევროპის გზებზე წარწერით - "საქართველო" ევლო.

ეს ამბავი ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო: "ზევით" გაიგეს, რომ ლეჟავას სადღაც ივანიშვილზე რაღაც კარგი უთქვამს და ლონდონში ჩასულს, ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ სტადიონის ბილეთი არ მისცა (აქ რამდენი ძახილის ნიშანი დავწერო?); ჩვენსავით, ტელევიზორში უყურა გახსნასაც და სხვა შეჯიბრებებსაც...

P.S.. ბილეთი უნდა მიეცათ კი არა, იმ ველორბოლაშიც უნდა გამოეყვანათ, "უფროსობას" რომ ჭკუა ჰქონდეს და "მინიმალური კომპეტენციის ზღვრის მიღმა" არ იყოს. მოგებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ რომ არ დაიღლებოდა და ამის გამო არ მიატოვებდა დისტანციას, შემიძლია დავიფიცო.

რაც შეეხება ამ ფოტოს: არავითარი სიმბოლური დატვირთვა; პირდაპირი კავშირი აქვს თემასთან - ეს ახალგაზრდა - სამოდელო სააგენტო "ნიკიტამოდელსის" მოდელი გიორგი ნადირაძეა. დიახ, სწორედ ის ველომრბოლელი, რომელიც დაიღალა...

რა ვიცი, რა ვიცი...