მეგა-დარტყმა რუსულ აეროდრომებზე-უნიკალური უკრაინული სპეცოპერაცია „ობაბას ქსელი“ „ფურებიდან“ აფრენილი კამიკაძე-დრონების შესრულებით...
1 ივნისი კი არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მაგრამ ომმა ეს არ იცის, მითუმეტეს რუსეთ-უკრაინის-21-ე საუკუნის ყველაზე საშინელმა ომმა...
2025 წლის ზაფხულის პირველივე დღე ომების მსოფლიო ისტორიაში შევა,როგორც ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების დღე,თანამედროვე და აქამდე არნახული ტაქტიკის გამოყენებით...
ჯერ იყო და 1 ივნისის გამთენიისას რუსეთმა თავისივე „რეკორდი“ კვლავ „გაუმჯობესა“ და უკრაინის ქალაქებს 400-ზე მეტი კამიკაძე-დრონით შეუტია და მშვიდობიანი მოსახლეობა,მათ შორის ბავშვებიც იმსხვერპლა......
ამის პარალელურად რუსეთის კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში ერთმანეთის მიყოლებით ორი სარკინიგზო ხიდი აფეთქდა, რასაც ასევე მოჰყვა სამგზავრო მატარებელში მსხდომთა შორის მსხვერპლი, რაზეც უკრაინის მხარეს პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა კიევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამავე 1 ივნისს ღამეს „სარკინიგზო ომის“ ფარგლებში, ოკუპირებულ მელიტოპოლთან ააფეთქეს რუსი ოკუპანტების სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც საწვავი და საბრძოლო მასალები გადაჰქონდა ანექსირებულ ყირიმში...
მარტო ეს თემებიც იქნებოდა იმისთვის საკმარისი, რომ ბლოგ „არსენალის“ ერთგული მკითხველისთვის გაგვეცნო თუ, რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში კვირა დღეს, მაგრამ...
მაგრამ ის, რომ 1 ივნისის შუადღის შემდეგ მოხდა და გრძელდება კიდევ (ამ სტატიის დაწერის დროსაც) გასაოცარი რამ,რაც ომების ისტორიებს არ ახსოვს და უფრო მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმებიდან ამოღებულს თუ ჰგავს...
არანაკლებ სამ რუსულ სამხედრო აეროდრომს, რომლებზეც ძირითადად რუსული სტრატეგიული დანიშნულებისა და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები ბაზირებენ, კამიკაძე-დრონებმა თითქმის ერთდროულად შეუტიეს...
ამაში რაიმე არაორდინალური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი-ეს რუსული აეროდრომები ერთმანეთისგან, ისევე როგორც უკრაინის საზღვრებიდან,რამდენიმე ათასი კმ-ით არიან დაშორებულნი...
ციმბირში,ირკუტსკის ოლქში მდებარე „ბელაიას“ სამხედრო აეროდრომი 4 900 კმ-ითაა დაშორებული უკრაინიდან და ამ მანძილზე მიღწევა ჯერჯერობით არცერთ უკრაინულ კამიკაძე-დრონს არ შეუძლია,თუმცა საჰაერო თავდასხმა მაინც მოხდა,ოღონდ კვადროკოპტერის კონსტრუქციის მცირე ზომის კამკაძე-დრონების მასიური შეტევით,რომლებიც ათასობით კმ-ს ნამდვილად ვერ გაიფრენდნენ...
როგორც ირკვევა უკრაინის უშიშროების სამსახურმა დღეს დილიდან დაიწყო სპეცოპერაციის,სახელწოდებით „ობობას ქსელი“-ის განხორციელება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით-ციმბირში, „ბელაიას“ რუსულ სამხედრო აეროდრომის, ისევე როგორც მურმანსკის ოლქის „ოლენიეს“ და რიაზანის „დიაგილევოს“ აეროდრომების სიახლოვეს გაჩერდნენ ტრაილერები და ამ „ფურების“ ბრეზენტის სახურავების შიგნიდან ერთმანეთის მიყოლებით ამოფრინდნენ კვადროკოპტერის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონები, რომლებმაც დაუყოვნებლივ შეუტიეს ამ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე მდგარ იმ რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს,რომლებიც სისტემატურად უშვებენ ფრთოსან რაკეტებს უკრაინული ქალაქებისკენ...
უკრაინის უშიშროების სამსახური სპეციალურად ავრცელებს ვიდეოკადრებს, გადაღებულს კამიკაძე-დრონების ვიდეოკამერებიდან, თუ როგორ ეჯახებიან ისინი აეროდრომზე მდგარ რუსულ სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს Ту-95МС-ებს და აფეთქებენ მათ-ასეთი ვიდეოკადრებს კომპიუტერულ თამაშებშიც კი ვერ იხილავთ...
უკრაინული მხარის განცხადებით, „ობობას ქსელის“ სპეცოპერაციის შედეგად რუსულ სამხედრო აეროდრომებზე დაზიანებული და განადგურებულია 40-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი,მათ შორის სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები Ту-95МС-ები და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები Ту-22М3,ასევე რუსული „ავაქსი“- А-50-იც, რაც საერთო ჯამში 2 მლრდ დოლარზე მეტის ზარალია რუსეთისთვის...
საგულისხმოა,რომ ერთი-ორი კვირით ადრე დასავლეთის თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოებზე დაფიქსირდა,რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა სწორედ ამ აეროდრომებს შორის ახდენდა თავისი სტრატეგიული ბომბდამშენების ხშირ გადაბაზირებას, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვას შეიძლება ჰქონოდა რაღაც წინასწარი ინფორმაცია მოსალოდნელ უკრაინულ სპეცოპერაციაზე, მაგრამ როგორც გამოჩნდა, ის თავიდან მაინც ვერ აიცილა...
უნიკალური უკრაინული სპეცოპერაციის „ობობას ქსელის“ საბოლოო შედეგი ჯერ ცნობილი არ არის(ბევრი რამ ნათელი გახდება დასავლური სადაზვერვო თანამგზავრების მიერ ამ რუსული სამხედრო აეროდრომების დღევანდელი ფოტოების გადაღების შემდეგ), მაგრამ თუკი უკრაინელებმა მართლაც მოახერხეს ამ ერთი ოპერაციის შედეგად 40 ერთეულზე მეტი რუსული სამხედრო თვითმფრინავის და მათ შორის რაკეტმზიდ-ბომბდამშენების მწყობრიდან გამოყვანა,ეს შეფასდება,როგორც აქამდე არნახული საბრძოლო წარმატება და არა მარტო რუსეთ-უკრაინის ომში...