რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში სენატორი სტივ დეინსი?!
ქვეყნის დამოუკიდებლობის 107-ე წელთან დაკავშირებით საქართველომ ვაშინგტონიდან ორი განსხვავებული შინაარსის მოლოცვა მიიღო - ექსპერტთა ნაწილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილისთვის პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა აშკარად პროტოკოლური ხასიათის იყო... აქვე უნდა ითქვას, რომ მისი ინგლისურენოვანი თარგმანი არც აშშ-ის საელჩოს საქართველოში და არც ყაველაშვილის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია. რაც შეეხება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, მისი მილოცვის ადრესატი ქართველი ხალხი უფრო იყო, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება. "ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება", - ვკითხულობთ მის წერილში. გასულ კვირასვე საქართველოს ესტუმრა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი, რომელიც შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. პლატფორმა X-ის მის ოფიციალურ ანგარიშზე პრემიერ კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, გამოქვეყნდა პოსტი: "სენატორი სტივ დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების საკითხები განეხილა. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით". სწორედ ამ ვიზიტზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან.
- ჩემი აზრით, მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, რა ითქვა საჯაროდ, არამედ იმას, რაც კონფიდენციალურად ილაპარაკეს და რა გზავნილებიც გადასცა ამერიკელმა სენატორმა ხელისუფლების წარმომადგენლებს. განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი არ აპირებს უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე სამხრეთ კავკასიასა და კონკრეტულად, საქართველოში. ჩემი პროგნოზით, სწორედ გაზაფხულზე მოიცლიდა ტრამპი ჩვენთვის, მაგრამ პროცესები უფრო ნელა მიდის, ვიდრე ველოდი. ვფიქრობ, ტრამპმა ჯერ კარგად ვერ მოიცალა საქართველოსთვის, ის გაჭედილია უკრაინაში და ვიდრე საბოლოოდ არ დარწმუნდება, რომ პუტინთან თანამშრომლობა შეუძლებელია და მასთან რაიმე შეთანხმებით მშვიდობას ვერ დაამყარებს, მანამდე ჩვენთვის საფუძვლიანად, ალბათ, ვერც მოიცლის. აი, როცა მოიცლის, ვფიქრობ, მაშინ გადადგამს ძალიან ხისტ ნაბიჯებს, თუ მანამდე არ შეიცვალა ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა.
საქმე ისაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები საქართველოში უფრო გაზრდილია. შესაბამისად, ვფიქრობ, იქნება უხისტესი ზეწოლა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე, რომ შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტოც.
საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება რეალურ პოლიტიკურ სიტუაციაზე. ახლანდელი პროცესები მხოლოდ დასაწყისია. ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ შედეგის მისაღწევად საჭირო იყო საქართველოს დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ურთიერთობა და დაიწყეს კონტაქტების აღდგენა. გზავნილი, რომელიც გადასცეს მთავრობას სენატორის პირით, ვფიქრობ, საკმაოდ კატეგორიული იქნებოდა. აშშ-ს ექნებოდა სერიოზული პრეტენზიები საქართველოს მთავრობასთან. წესით, სადღაც ერთ თვეში ვნახავთ, ვინ როგორ იმოქმედებს, ვგულისხმობ ტრამპის ადმინისტრაციასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას...
- ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან ორი განსხვავებული შინაარსის მოლოცვა მივიღეთ...
- მოდი, ვაღიაროთ, მარკო რუბიოს მილოცვაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას. არც ერთი სიტყვა ამ მილოცვაში არ არის საქართველოს მთავრობისთვის ნათქვამი. რაც შეეხება ტრამპის მოლოცვას, ჩემი აზრით, როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, მასაც ჰქონდა როგორც საჯარო, ისე კონფიდენციალური ნაწილი. მოკლედ, ისიც არ ვიცით ზუსტად, რა წერია ოფიციალურ წერილში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ტექსტის ნაწილის თარგმანი, ამიტომ ამაზე ბევრი ლაპარაკი არ გვინდა. ეს მილოცვები მიუთითებს იმაზეც, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გარკვეული ფორმით ჰქონდეს ურთიერთობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ნახევრად სასაცილო განცხადებები ამ მილოცვების შესახებ - თურმე რუბიო დიფ სთეითის წარმომადგენელი ყოფილა, რომელიც ტრამპს ებრძვის. გონიერმა ადამიანმა ეს როგორ უნდა დაიჯერო, თუმცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში უგონო ხალხიც ბლომად არის, მაგრამ არიან მოაზროვნენიც და, ალბათ, სიმწრით ეცინებათ ამ ყველაფერზე, მაგრამ მერკანტილური მიზნებით ისევ ამ პარტიის მხარდამჭერებად რჩებიან. ვიხვეწები რამდენი ხანია, ამიხსნას ვინმემ, რა არის ეს დიფ სთეითი. ამათ რომ უსმინო, მარკო რუბიო, ფაქტობრივად, ტრამპის მარჯვენა ხელი და მისი პოლიტიკის გამტარებელი, ყოფილა დიფ სთეითი.
- დამოუკიდებლობის აღნიშვნიდან ორ დღეში აშშ-ის საელჩომ საქართველოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, "სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა". ამის საპასუხოდ მალევე გავრცელდა ივანიშვილის განცხადება, რომელშიც მან დაადასტურა საკუთარი უარი, რაც ასე ახსნა: "გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის გამო შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემ მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იმავე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე", - წერს ივანიშვილი და დასძენს, რომ ამ ყველაფრის ფონზე "ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი" არასწორად მიაჩნია. ის კვლავ ახსენებს "კომპლექსს": "ასეთ დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებზე ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება თუნდაც განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდსა და საზოგადოებასთანაც", - წერს ის.
- ამ განცხადებაში ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის ფულს არა აქვს მნიშვნელობა, თუმცა მთელი ტექსტი სწორედ ფულზე საუბრით არის გაჟღენთილი. თავშივე ვთქვათ - ის არ არის ქვეყნის ფორმალური მმართველი, შესაბამისად, ჰქონდა ფუფუნება, რომ ელჩთან შეხვედრაზე ეთქვა უარი. ბიძინა ივანიშვილს რომ არ ამოძრავებდეს თავისი ფულის დაბრუნების სურვილი, მისი პოლიტიკა არ შეიცვლებოდა და არ გახდებოდა აშკარად ანტიამერიკული და ანტიევროპული, ანუ დარჩენილიყო კვლავ პროდასავლურად. მისი ლოგიკა ძალიან მარტივია, ის საკუთარ დავას კერძო სტრუქტურასთან წარმოაჩენს როგორც მთელი დასავლეთის მასთან ბრძოლას და ამის მერე ვინმე დაიჯერებს, რომ მისთვის ფული არაფერს ნიშნავს? მე თუ მკითხავთ, ამ განცხადებით მან ოპოზიციას მისცა საკმაოდ დიდი საფუძველი იმისთვის, რომ ამტკიცოს, ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესია ფული და არა ქვეყანაო. ვიმეორებ, ვინმე ივანიშვილს დავა აქვს კერძო ბანკთან, არა რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო რეზერვთან, ხაზინასთან, ადმინისტრაციასთან და ა.შ. რეალურად ასეთ ბანკებზე გავლენა დასავლურ მთავრობებს ოფიციალურად არა აქვთ. არადა, ამ დავის გამო ივანიშვილის უკმაყოფილება მისივე დიდი ზეგავლენით "ქართულმა ოცნებამ" სამთავრობო პოლიტიკად აქცია და ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეშინია, რომ პირადი და სახელმწიფო ინტერესები არ აურიოს ერთმანეთში.
- გასულ კვირას შს მინისტრის თანამდებობა დატოვა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა ამ წლების განმავლობაში. მოგეხსენებათ, ამ ცოტა ხნის წინ ღარიბაშვილი უკვე მეორედ წავიდა პოლიტიკიდან, ლილუაშვილმა კი სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა. ბევრი მითქმა-მოთქმაა იმაზე, თუ რატომ უშვებენ ხელისუფლებიდან, ერთი შეხედვით, ივანიშვილის ერთგულ კადრებს...
- ჩემი აზრით, ისეთი არაფერი ხდება, რაც ივანიშვილს აქამდეც არ გაუკეთებია. მის ტექნოლოგიად შეიძლება შევაფასოთ საკადრო პოლიტიკაში მუდმივი ცვლილებები და გადაადგილებები. მართალია, აქამდე გომელაური შეუცვლელად მიიჩნეოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მასაც დაუგროვდა ჩონჩხები კარადაში და ივანიშვილმა მისი გამოცვლა გადაწყვიტა. რა, დანარჩენი პრემიერ-მინისტრებიც არ იყვნენ ივანიშვილის გუნდიდან მოსული? მას უყვარს ადამიანებით ერთგვარი ჭადრაკის თამაში. ამ თვალსაზრისით მე და თქვენ ღამე არ უნდა გვეძინოს და უნდა გვადარდებდეს ირაკლი კობახიძის ბედი. ხუმრობა იქით იყოს და, დარწმუნებული ვარ, მაგის დროც დადგება, თუ მოესწრო და მანამდე არ მოუწია "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან წასვლამ.
მოკლედ, "ქართულ ოცნებაშიც" დუღილია, იქაც არის უკმაყოფილო ხალხი. "ქართული ოცნება" არ არის მონოლითი, ის ქართველებისგან შედგება, ქართველები კი ზოგადად არ არიან ყურმოჭრილი მონები და ზოგიერთი მაინც საკუთარ პიროვნულობას გამოაჩენს ხოლმე.
- ე.წ. ბიტკოინების საქმის ფიგურანტ გიორგი ბაჩიაშვილზე მინდა გკითხოთ. მოგეხსენებათ, მან მოახერხა გაქცევა ქვეყნიდან, თუმცა წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ დააკავეს, საქართველოში ჩამოიყვანეს. სუს-ის მტკიცებით, ის დააკავეს წითელი ხიდისა და სადახლოს შორის ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ, თუმცა ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის აბუ-დაბიდან ყოფნისას მოიტაცეს და თვითმფრინავით ჩამოიყვანეს საქართველოში.
- გაუგებარია სუს-ის განცხადება. რაში დასჭირდათ იმის მტკიცება, რომ სადღაც მწვანე ზონაში დააკავეს, დანარჩენი კი მარტივად გასაგებია, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ჩვენი მთავრობები საკმაოდ დაახლოებული არიან.
წესით, ეს უნდა გაეთვალისწინებინა ბატონ ბაჩიაშვილს, როცა ამ ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტა. რა ეგონა, რომ არ დააკავებდნენ? საამიროების სპეცსამსახურების ჩართულობისა და მათი პირდაპირი მონაწილეობის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ისმის კითხვა, რატომ არ მოხდა კანონიერად დაკავება და ექსტრადიცია? - საქმე ის არის, კანონის უზენაესობა საამიროებში ნაკლებად არის, ისევე, როგორც სხვა ხისტად ცენტრალიზებულ სახელმწიფოებში - ამირა იტყვის და ეს არის კანონი, ისევე, როგორც ჩვენთან კანონია ივანიშვილის სიტყვა, თუმცა ჩვენთან ფუთავენ ამ ყველაფერს, იქ კი ამასაც არ აკეთებენ.
- წულუკიანის კომისაზე მიუსვლელობის გამო პოლიტიკოსების დაკავება გრძელდება. პირველი იყო ოქრუაშვილი, შემდგომ ჯაფარიძე, გასულ კვირას დააკავეს ნიკა მელია. მისი დაკავება კიდევ უფრო უცნაურად მოხდა, მას თავისუფლება აღუკვეთეს გირაოს გადახდის ვადის ამოწურვასა და სასამართლოს მიერ ვერდიქტის გამოტანამდე.
- სიმართლე გითხრათ, ხელისუფლება თავისივე მიღებული კანონის ხაფანგში გაება. კომისიაზე მიუსვლელობისთვის ეს სასჯელები ხომ ახლახან მოიგონეს, ჰოდა, ამას ოპოზიცია მშვენივრად იყენებს. არ იხდიან გირაოს, ხელისუფლება კი იძულებულია ისინი დააკავოს, ამას კი მოჰყვება დიდი გამოხმაურება ქვეყნის გარედან, ამასთანავე, ქვეყანაში მინელებული საპროტესტო მუხტიც გაიზარდა. ვნახეთ ნიკა მელიას წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენი ადამიანი გავიდა ისევ ქუჩაში. არ ვიცი, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება. ერთი მიზანი შესაძლოა იყოს საზოგადოების დაშინება, მაგრამ არ შინდება ეს საზოგადოება, რით ვერ გაიგეს. გარდა ამისა, ამ პოლიტიკოსების რეიტინგიც იზრდება ამ პატიმრობის გამო. ამაზე დიდი სისულელე ძნელად წარმოსადგენია, რასაც "ქართული ოცნება" ამ დაკავებებით აკეთებს... თუმცა მე პოლიტიკური პატიმრები უფრო ის გოგონები მგონია, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის "მონის" დაძახების გამო რომ დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. გამკვირვებია ჩვენი იურისტების, მოსამართლეებისაც და ადვოკატებისაც... რა არის გინება? - ეს არის ადამიანის მორალური თვისებების დაკნინება, რაც შეურაცხყოფაა. სიტყვა "მონა" არ არის მორალური თვისებების დაკნინება, ეს არის სოციალური სტატუსი. როცა "მონას" გიწოდებ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მე შენ გაფასებ რამენაირად. ეს იგივეა ყოფილ პოლიციელს უთხრა, ყოფილი საჯარო მოხელე ხარო... სიტყვა "მონა" აღწერს სოციალურ სტატუსს. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს სიტყვის თავისუფლება და შემიძლია მივუთითო ადამიანს, რომელ სოციალურ სტატუსს ეკუთვნის. სასაცილოა, იმის მტკიცება, რომ თურმე სიტყვა "მონა" სალანძღავი სიტყვა ყოფილა.