„საქართველოში რომ იყოს სერიოზული კრიზისი, უკვე აისახებოდა ეკონომიკაზე“ - კვირის პალიტრა

„საქართველოში რომ იყოს სერიოზული კრიზისი, უკვე აისახებოდა ეკონომიკაზე“

ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. როგორ აისახება ის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რა მოლოდინები არსებობს სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.

- საკითხი მართლაც არ არის მარტივი, რადგან ძალიან ბევრი რამ, რაც ახლა ხდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, არის არა მარტო ქართული მხარის მიერ მოსაწესრიგებელი, არამედ თვითონ ამერიკის მხარეც უნდა გაერკვეს, თავად რა პოლიტიკას წარმართავს. ჯერ ერთი, ვიცით, რომ ე.წ. დიფ სთეითთან ბრძოლა ტრამპის ერთ-ერთი საჯაროდ აღიარებული ამოცანაა და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებიც გადადგა, როდესაც გააუქმა UშAID და NED - ანუ ამით მან და მისმა გუნდმა დაუფარავად გამოუცხადეს ბრძოლა დიფ სთეითს, მაგრამ ეს პრობლემები საბოლოოდ ამერიკაშიც არ არის გადაწყვეტილი - პრეზიდენტმა გააუქმა, სასამართლომ კი სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ, არაერთი საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. ამავე დროს ნუ დაგვავიწყდება, რომ მთავრობის ეფექტიანობის სპეციალური სტრუქტურაც შეიქმნა, რომელსაც სათავეში ილონ მასკი ჩაუდგა და ახლა მან თანამდებობდა დატოვა. ამიტომ ფაქტია, თავად აშშ-ში ძალიან ბევრი საკითხია პასუხგაუცემელი, ბუნდოვანი და ბუნებრივია, როდესაც ამერიკას ამა თუ იმ ქვეყანასთან აქვს ურთიერთობა, ეს ბუნდოვანება ამ ურთიერთობაზეც აისახება. კერძოდ, ეს აისახება საქართველოსთან ურთიერთობაშიც.

ქრონოლოგიურად თუ გადავხედავთ თარიღებს, ჯერ იყო 22 მაისით დათარიღებული ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რომელიც, ელჩის თქმით, არ შედგა. შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდის არცთუ სასიამოვნო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, ხოლო 27 მაისს უკვე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იღებს აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილს, სადაც ტრამპი გამოთქვამს იმედს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, ეკონომიკის, სავაჭრო სფეროში და ა.შ. 30 მაისს კი საქართველოში ჩამოდის სენატორი სტივ დეინსი და მიუხედავად ოპოზიციის განცხადებისა, რომ ის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვდებოდა, სინამდვილეში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რის შემდეგაც გააკეთა დამაიმედებელი განცხადება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესახებ. თანაც ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ქრონოლოგიას თუ შევხედავთ, ჩანს ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის მოწესრიგების დამაიმედებელი დინამიკა. იმავდროულად, ვხედავთ, რამხელა მერყეობაა პოზიციებს შორის. როგორც წესი, ხომ არ უნდა იყოს განსხვავებული პოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის? მით უმეტეს, სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ტრამპის გუნდიდან არის. ამიტომ, ის, რომ ამერიკაში ჯერ გაურკვევლობაა, აისახება ყველა მიმართულებით.

ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომ ერთ დღეში დაასრულებდა რუსეთის ომს უკრაინაში. ამაზე მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და მათ შორის, საქართველოსთვისაც, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მისი მოლოდინი არ გამართლდა, არ ჩანს, რომ ომის დასრულებას სასიკეთო პირი უჩანდეს. ისიც კი თქვა ამერიკის პრეზიდენტმა, რადგან საქმე ომის დასრულებისკენ არ თუ ვერ მიდის, ამერიკა საერთოდ გავა ამ სიტუაციიდან, განზე გადგებაო. განზე გადგომა კი ნიშნავს უკრაინის ჩაბარებას რუსეთისთვის, რაც ყველასთვის საკმაოდ რთული მოსასმენია და პირველ რიგში, უკრაინელებისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი ბუნდოვანი საკითხია, ბევრი გაურკვევლობა, და ვიდრე ვითარება თავად ამერიკაში არ დალაგდება, რთული იქნება საქართველოსთან პრობლემის მოგვარება.

- დამოუკიდებლობის დღის მილოცვა, რომელიც, როგორც წესი, ტრაფარეტული და რუტინული პროცედურაა, ვერ იქნება იმ წონის, რაც არის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, თუ ის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრაზე უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილი. ამ არეულ სიტუაციაში უფრო არ უნდა ცდილობდე, რომ შეხვდე და გაარკვიო? მით უმეტეს, არჩევნების წინ თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შეხვედრა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.

- მისალოცი მხოლოდ მისალოცია, მაგრამ იმ ურთიერთობაში, რაც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში თბილისსა და ვაშინგტონს შორის, ასეთ მისალოცს, როდესაც მას ხელს აწერს აშშ-ის პრეზიდენტი და მიმართავს მცირე ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, ამას განსაზღვრული პოლიტიკური და დიპლომატიური დატვირთვა აქვს და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება.

- ამას არავინ უგულებელყოფს. პრეზიდენტი არ არის გადაწყვეტილების მიმღები და ამიტომ მისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის მილოცვა ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც შეიძლება ამ კონკრეტულ სიტუაციაში ივანიშვილ-დანიგანის შეხვედრას მოეგვარებინა, მით უმეტეს, ამ არეულ სიტუაციაში, რაზეც თქვენც საუბრობდით, უფრო არ უნდა გინდოდეს, რომ შეხვდე და თუნდაც საკუთარ სანქციებზე ელაპარაკო?

- დიპლომატიურ სფეროში ყველაფერს შესაბამისი პროტოკოლი არეგულირებს. პირველ რიგში, საელჩოები უშუალოდ მუშაობენ საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, მთავრობის ხელმძღვანელსა და სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, და მერე თუნდაც მმართველ პარტიასთან. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ჩვენს სახელმწიფოს ჰყავს მეთაური - პრემიერ-მინისტრი. როდესაც ელჩი ითხოვდა შეხვედრას პარტიის დამფუძნებელთან, მის საპატიო თავმჯდომარესთან, ეს პრაქტიკულად იმის ირიბი აღიარება იყო ელჩის მხრიდან, მთავრობას რატომ ველაპარაკო, შენ ხარ გადამწყვეტი და შენთან უნდა მქონდეს ურთიერთობაო.

jobs-economic-growthsmall-1748788389.jpg

- ამას რა აღიარება უნდა, თავად ივანიშვილი სხვანაირად ფიქრობს? პრემიერ-მინისტრის დასახელების უფლება მხოლოდ მას აქვს და ამით არ არის ნათქვამი, რომ ფორმალურადაც არ არის ის მართვას ჩამოშორებული? ამიტომ ელაპარაკები იმას, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია, ხომ?

- იმას, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ელჩს არ შეხვდა, აქვს ახსნა - არის პრემიერი და მასთან ილაპარაკეთო. დანარჩენი დეტალები არ ვიცი.

- თუკი ამერიკა საბოლოოდ ხელს ჩაიქნევს საქართველოზე, მაშინ საქართველომ რა უნდა ქნას ამერიკის გარეშე, პირველ რიგში, საერთაშორისო პოლიტიკური და ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით?

- მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ საქართველოსთვის აშშ ძალიან სერიოზული პარტნიორია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საქართველო-ამერიკის ურთიერთობის დარეგულირების საკითხი მანამდე ვერ იქნება სრულად გადაწყვეტილი სათანადო დონეზე, სანამ თვითონ ამერიკაში არ გაირკვევა ის რთული ვითარება, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. პირველ რიგში თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ამცირებენ მთავრობას თუ არა, იხურება თუ არა ესა თუ ის ორგანიზაცია, საჭიროა თუ არა მასკისთანა კაცი კიდევ იყოს ადმინისტრაციაში და ა.შ. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და თუ არ იქნება პასუხები, ძნელია რამის რეალურად წარმოდგენა. ისე, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრიც, საგარეო საქმეთა მინისტრიც და "ქართული ოცნების" მეტ-ნაკლებად ყველა გამორჩეული ლიდერი ამბობს, რომ ამერიკასთან ურთიერთობა უნდა გადაიტვირთოს და ძნელია არ დაეთანხმო, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რადგან მარტო პირისპირ დარჩენა მოსკოვთან თბილისისთვის ძალიან ცუდი იქნება, მით უმეტეს იმ ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

- აშშ-ის მთავრობის ხარჯების მოცულობის ადმინისტრირებას მასკისთანა ვინმე მოახდენს თუ არა, რა კავშირშია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასთან? რომც გადაწყვიტონ, არც მთავრობას ამცირებენ და არც მასკისთანა სჭირდებათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, მაშინ რა უნდა მოვიმოქმედოთ? პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორ აისახება ეკონომიკურ დონეზე, რა ელოდება ქვეყანას, თუკი ასე გაგრძელდა?

- ლაპარაკი იმაზეა, რომ ეს საკითხები დღეს გადაწყვეტილი არ არის ამერიკაში და ვიდრე არ გადაწყდება ასე ან ისე, მანამდე საქართველოსთანაც ვერ გაირკვევა ურთიერთობა. რაც შეეხება ეკონომიკას, ეს კითხვები ყველას აწუხებს და არა მარტო ქართველებს. ეს კითხვები პროფესიულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც. ისინი, რა თქმა უნდა, სრულად ფლობენ სიტუაციას, რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში (არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურიც) და მათი პროგნოზები საქართველოს შესახებ (უწინარეს ყოვლისა ვგულისხმობ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს) დამაიმედებელია და მაღალ ეკონომიკურ ზრდას ადასტურებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ალბათობა, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თუნდაც 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდა, საკმაოდ მაღალია. თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომი და როგორ განვითარდება ვითარება თვით აშშ-ში, თავად ტრამპი რამდენად შეძლებს თავისი პოზიციების განმტკიცებას. დღეს არ შემიძლია ვთქვა, რომ მას თავის ქვეყანაში პოზიციები სრულად განმტკიცებული აქვს. ის საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობაშია. დაუკვირდით, რა ხშირად იცვლის პოზიციას, მოსაზრებებს. მისი სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა, თუ შევხედავთ კლასიკური ეკონომიკური თვალსაზრისით, კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან სავაჭრო ტარიფები არა მარტო მის მოწინააღმდეგეებს დააზიანებს, არამედ თვითონ აშშ-ის ეკონომიკასაც. ამაზე წერენ აშშ-ის წამყვანი ეკონომისტები, ნობელის პრემიის ლაურეატები. მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ტრამპი ამ ტარიფებს ძალიან ფრთხილად და ეშმაკურად იყენებს პოლიტიკური ვაჭრობისთვის. ვრცელდებოდა ინფორმაცია, როგორ ზრდიდნენ მორიგეობით ამ ტარიფებს ერთი მხრიდან ჩინეთი, ხოლო მეორე მხრიდან აშშ. მოუმატებდა ვაშინგტონი, უმატებდა პეკინიც, ერთმანეთს არ უთმობდნენ, მერე სამთავრობო წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს და გარკვეული დროით შეთანხმდნენ შედარებით დაბალ ტარიფზე, რომლის შემდეგ სავაჭრო ურთიერთობები ისევ უნდა გადაისინჯოს.

კიდევ ერთი მომენტი - ტარიფები შემოიღო მსოფლიოს ყველა ქვეყნის წინააღმდეგ, გარდა რუსეთისა, რადგან რუსეთი ამ ეტაპზე სანქცირებულია. საქართველოსთან რაც შემოიღო, არის საერთო, 10%-იანი.

ტრამპის დამოკიდებულება საქართველოსადმი ამითაც ჩანს - საქართველოსთვის, ისევე როგორც ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, მხოლოდ 10%-იანი სავაჭრო ბარიერი დააწესა. მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა უფრო მაღალი პროცენტი, თუკი საქართველოსთვის რაღაც დამსჯელი ღონისძიება ექნებოდა ჩაფიქრებული, მაგრამ დააწესა 10%-იანი ტარიფი, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის პრაქტიკულად მისაღებია.

- თვითონვე თქვა, რომ პროცენტები განსაზღვრა სავაჭრო სალდოს მიხედვით, ჩვენ კი აშშ-თან იმდენად უარყოფითი სალდო გვაქვს, ჩვენთვის სხვა ტარიფის დაწესება მის ამ პრინციპს ხომ დაარღვევდა?

- ტრამპი ამ ტარიფებს სავაჭროდ იყენებს. ჯერ დაუწესებს, მერე შეუმცირებს და ა.შ. - ტრამპი ამ ტარიფებით სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკურად ვაჭრობს.

- მარტში დიდი არაბული ინვესტიციის პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, მაგრამ დღეს მას აღარავინ ახსენებს. ასეთი პიარული ნაბიჯები, რასაც რეალურად შედეგი არ მოჰყვება, ქვეყნისთვის რას ნიშნავს, რა ვითარების გამომხატველია?

- არა ვარ საქმის კურსში, როდის რამდენი უნდა შემოვიდეს, მაგრამ არ თქმულა, რომ ერთბაშად უნდა შემოსულიყო 6 მილიარდი. ამიტომ ნამდვილად ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს.

- ეს ყველაფერი ქვეყნის მდგომარეობის რა სურათს ქმნის?

- რაც უფრო მეტი ბუნდოვანებაა, ცხადია, ეს ეკონომიკისთვის რისკებს ქმნის, მაგრამ გავიხსენოთ, საქართველოში ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით 2024 წლის გაზაფხულიდან, გამოსვლები რა მასშტაბური იყო, არჩევნების წინ ამ მუხტმა იკლო, მერე კი, 28 ნოემბრის შემდეგ, გამოსვლები უფრო გამძაფრდა, თუმცა ამას რეალური გავლენა არც 2024 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ჰქონია და არც საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს გადაუსინჯავს პოზიტიური პროგნოზები საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში.

- წლეულს ეს ოპტიმიზმი რას ეფუძნება, საიდან უნდა მოხდეს თუნდაც 6%-იანი ზრდა, რაც წეღან ახსენეთ?

- 6%-იანი ზრდა იმის საფუძველზეა, რომ ქვეყანაში დაცულია მესაკუთრეთა უფლებები, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარებისთვის მშვიდი გარემოა. რა თქმა უნდა, რყევები მოსალოდნელია, რადგან ჩვენ გარშემო არ არის მშვიდი სიტუაცია. სამწუხაროდ, ქვეყანაშიც გრძელდება დაძაბულობა. ამიტომ ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იქნება, ძნელია.

თუმცა გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე, ან თუნდაც წლევანდელი წლის ზამთარში როგორ აპოკალიფსურ სურათს ხატავდა ზოგიერთი. სამწუხაროდ მათთვის და საბედნიეროდ ჩვენთვის, მსგავსი არაფერი მომხდარა.

- ტურისტული კომპანიები ამბობენ, რომ არა აქვთ ჯავშნები, უძრავი ქონების გაყიდვებში პრობლემებია და ა.შ. ამ პრობლემების პირობებში რა პროგნოზების გაკეთებაა შესაძლებელი?

- ასე ამბობდნენ შარშანაც ტურისტულ სეზონზე, მაგრამ არ ჩავარდნილა. არის ადამიანთა განსაზღვრული ნაწილი, რომელთაც აპრიორი აქვთ ყველაფრის მიმართ უარყოფითი განწყობა, ასევე არიან ადამიანები, რომელთაც აპრიორი აქვთ პოზიტიური განწყობა. ნეგატიურად განწყობილთა მოსმენა ნაკლებად საინტერესოა, რადგან თუ რამის სჯერათ, ვერ გადაარწმუნებ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - სხვა თანაბარ პირობებში საქართველოს შეუძლია შეინარჩუნოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპი. სხვა სიტყვებით, დღევანდელი მდგომარეობა თუ გაგრძელდება, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალიზაცია შესაძლებელი იქნება.

სინამდვილეში როგორ გაგრძელდება, ამის თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ ვიმეორებ - თვითონ ამერიკაშია გაურკვეველი სიტუაცია და რუსეთ-უკრაინის ომიც ისეთ ფაზაშია შესული, მისი დასრულების იმედი, რომ საკითხი დადებითად გადაწყდებოდა და ადამიანების მსხვერპლი აღარ გაიზრდებოდა, სამწუხაროდ, იმედად რჩება. პრობლემა უფრო რთულია, ვიდრე ეს ტრამპსა და მის გუნდს წარმოედგინათ. რუსეთი თავის ამბიციებზე ადვილად უარს არ და ვერ იტყვის, მით უფრო, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები კონსტიტუციურად უკვე თავისად გამოაცხადა. ამიტომ

რუსეთის სათავეში გინდ პუტინი იყოს და გინდ ვინმე სხვა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს და რუსეთის ინტერესები შეზღუდოს.

ამ დროს კი უკრაინა ძალიან სერიოზულად იჭყლიტება, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩვენი მოძმე ერი...

- ქვეყანაში რა კეთდება ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით, რომ ასეთი ზრდა იყოს, ამ ზრდის რეალური საფუძველი რა იქნება? გასაგებია, რომ ორი და სამი წლის წინ ომის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან წამოსულ ხალხს მოჰყვა შემოსავლები. ცხადია, ეს სულ მცირდება და წლეულს აღარ იქნება ისეთი. ამიტომ არის საინტერესო, რა არის ქვეყანაში ისეთი, რაც უზრუნველყოს ეკონომიკურ ზრდას, მით უმეტეს, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც დღეს არსებობს?

- საერთოდ, მაღალი ეკონომიკური ზრდის დიდი ხნით შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ის რამდენიმე წელიწადს გრძელდება, მიაღწევს ზღვარს და მერე შემცირდება, მაგრამ, როდესაც 10%-იან ნიშნულამდე იყო ასული, მისი დაქვეითება თუნდაც 6%-მდე, ცხადია, ეკონომიკური ზრდის კლებაა, მაგრამ თავისთავად ეს 6%-ც საკმაოდ მაღალი ზრდაა. ხაზგასასმელია, რომ 2025 წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ დამაიმედებელია. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ამ პროგნოზებს არა იმდენად ჩვენი მთავრობა აკეთებს, რამდენადაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რაც ამ პროგნოზებს მეტ დამაჯერებლობას სძენს. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ეს ზრდა შენარჩუნდება, საკმაოდ მაღალია.

- საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების საფუძველი რა არის?

- საფუძველი ის არის, რომ საქართველო პრაქტიკულად არ არის მიერთებული სანქციებს, და ის, რომ საქართველოში ბიზნესისთვის მშვიდობა და სტაბილური გარემოა შენარჩუნებული.

- ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა რომ გრძელდება, ცალკეულ პირებზე დაწესებულია სანქციები, რა გავლენას ახდენს ამ სტაბილურობაზე და, ღმერთმა ნუ ქნას და, ქვეყანას რომ დაუწესონ სანქციები, მაშინ რა მოხდება?

- ეს რომ იყოს სერიოზული კრიზისი და სერიოზული დაპირისპირება, ამდენი ხანია ყოველდღიური აქციები იმართება (და არა უწყვეტი, როგორც ზოგიერთი მედიასაშუალება აცხადებს, არამედ ყოველდღიური), ამას რომ ჰქონდეს რეალური დესტრუქციული ძალა, უკვე აისახებოდა ეკონომიკაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ იმ ძალებს, რომლებიც ამ აქციებს მართავენ, საზოგადოებაში რა დონის მხარდაჭერა აქვთ. რა თქმა უნდა, არის მოსახლეობის ჯგუფი, რომელიც უკმაყოფილოა, მაგრამ იმ სიდიდის არ არის, რომ შეეძლოს სერიოზული გარდატეხის შეტანა. ამიტომ არის ის, რაც არის...

- საქართველოში რაიმე მიზეზის გამო ეკონომიკური კრიზისი რომ დაიწყოს, ვინ დაეხმარება, როცა ურთიერთობა გაფუჭებული გვაქვს ამერიკასთანაც და ევროკავშირთანაც?

- მე ნამდვილად არ მინდა ვიმსჯელო იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი განვითარდება. მოდი, ასე შევხედოთ და ცოტა უცნაურ კითხვას დავსვამ - ვინ ეხმარება რუსეთს? ძალიან ბევრი ვინმე. რუსეთს ეხმარება აშშ, ეხმარება ევროკავშირი. მაშინ, როდესაც სანქციების მე-17 პაკეტზეა საუბარი, ეს ხომ ნიშნავს, რომ ყველა წინა პაკეტი ხარვეზიანია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მე-12 პაკეტამდე დასავლეთი რუსეთისგან ალმასებს ყიდულობდა, ანუ ომს უფინანსებდა... ამავე დროს ნუ დაგვავიწყდება ჩინეთი და, განსაკუთრებით, ინდოეთი, რომელიც საერთოდ ორმაგ თამაშს თამაშობს - ყიდულობს რუსეთისგან ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ყიდის ამერიკაზე. ამერიკამ არ იცის, რომელი ნავთობიდან დამზადებულ ნავთობპროდუქტებს ყიდულობს ინდოეთში? უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი რომ ჩამოაგდეს და შიგთავსის 80%-ზე მეტი ამერიკული წარმოების აღმოჩნდა, საიდან გაჩნდა, ამერიკას ირანისთვის ხომ დიდი ხანია, სანქციები აქვს დაწესებული? ასე რომ, კაცმა არ იცის, ვინ ვის როგორ "ეხმარება" და ვინ რა ინტერესს ნახულობს. აქვე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ

გლობალური ომის პარტია არსებობს და მისი ლიდერია რუსეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, იმიტომ, რომ მასში შემავალი საწარმოები იარაღს აწარმოებენ და ეს იარაღი თუ არ გამოიყენე, ახლის წარმოებას აზრი არა აქვს. ამიტომ გლობალური ომის პარტიას ყოველთვის აწყობს ლოკალური, საშუალო თუ დიდი ომები.

ვიმეორებ, გლობალური ომის პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა რუსეთია, რომელიც ოკუპანტია და რომელმაც ეს იარაღი სადღაც უნდა გამოიყენოს. რუსეთის უკრაინაში ომის დროს ევროკავშირის ქვეყნებმა იარაღის საწყობები დაცალეს და ახალი იარაღი ვისგან უნდა იყიდონ (როცა თავად არ აწარმოებენ)? რეალურად ამერიკიდან. ასე რომ,

ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ამ ომში დიდ ხეირს ნახულობს. ეს ბიზნესის ნაირსახეობაა და ამაში უჩვეულო არაფერია. ამიტომ, ვინც ამ ომში მოგებას ნახულობს, ყველა გლობალური ომის პარტიის შეგნებული თუ შეუგნებელი მონაწილეა. ეს რეალობაა, სხვანაირად სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი თავს ვერ შეინახავს.

ნახეთ, რა საშიში სიტუაციაა - უკრაინაში ომი არ მთავრდება, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები არ მთავრდება, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კიდევ შეიძლება გამწვავდეს სიტუაცია და ამიტომ საომარი მოქმედებებით დაინტერესება ჩვეულებრივი ამბავია.

რუსა მაჩაიძე