„ოპოზიციამ საზოგადოების დაკვეთა ვერ შეასრულა“ - კვირის პალიტრა

„ოპოზიციამ საზოგადოების დაკვეთა ვერ შეასრულა“

"ერთი კოლექტიური ფოტო მაინც გადაიღონ და გვაჩვენონ, შეუძლიათ თუ არა ერთმანეთის ატანა და ერთმანეთ­თან საუბარი", - ასეთია "ჯეოქეისის" თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის ოპოზი­ციისთვის მიცემული რეკომენდაცია.

- ქვეყანაში გაბატონებული რეჟიმი სწრაფად იკრებს ძალას და გვაშორებს დემოკრატიულ პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და ევროპულ კურსს. ახლა მთავარი კითხვა ის არის, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პოლიტიკური ძალა და რა შეიძლება აღმოჩნდეს იმ პროცესის შემაკავებელი, რომელსაც ის ავითარებს.

დამოუკიდებლობის მიღების დღიდან მოყოლებული არაერთი პოლიტიკური ფორმაცია გამოვიცვალეთ, მაგრამ წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" იმით გამოირჩევა, რომ არა მხოლოდ არ ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს, არამედ მათ ხშირად იყენებს კონსპიროლოგიური თეორიების გასაღვივებლად. შედეგად, დღეს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ბირთვს სწორედ ეს კონსპიროლოგიური დისკურსი წარმოადგენს.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჩემი აზრით, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა­ არა აქვს. სისტემის პრინციპები ისეთია, რომ არ მოიაზრება ქცევის შეცვლა მხოლოდ ადამიანების გადანაცვლებით. ამ მიდგომის არსი ის არის, რომ ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც გააგრძელებს უკვე დამკვიდრებულ ხელწერას. სანამ ეს რეპრესიული სტილი უცვლელია, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება შს მინისტრი ან სუს-ის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" შიდა წრეებში ყოველთვის­ მოიძებნება ჯგუფი, რომელიც მზად იქნება­ ამ მავნე ხაზის გაგრძელებისთვის. ამ ფონზე სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, შეცვლიან თუ არა მმართველი პარტიის­ ლიდერები საკუთარ პოლიტიკას. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ მოიქცევა ის საზოგადოება, რომელიც არ ეთანხმება­ ამ მოცემულობას. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავუსვათ თავს კითხვა: რა შეგვიძლია ამ ვითარების შესაცვლელად? "ქართულმა ოცნებამ" ამ კითხვას უკვე გასცა პასუხი და ყოველდღიურად ამტკიცებს ამ პასუხის სიმტკიცეს.

- ამაზე პასუხისმგებლობა, ალბათ, უპირველესად ოპოზიციას ეკისრება. თქვენ როგორ შეაფასებთ ოპოზიციის მოქმედებებს?

- ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ ვპოულობ. ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიცია ეფექტიანად მოქმედებს, და რაც უფრო მტკივნეულია, ეს შთაბეჭდილება ყოველდღიურად მყარდება. როცა სახელმწიფოს ნორმალურობაზე ვსაუბრობთ, კითხვა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კი არ უნდა დავუსვათ, არამედ იმ სეგმენტსაც, ვინც ამ პარტიების მიღმა დგას.

თუ ვერ ვპოულობთ სათანადო რესურსს ოპოზიციაში, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, სად შეიძლება ამ რესურსის პოვნა? შესაძლებელია თუ არა მისი აღმოჩენა ოპოზიციური სპექტრის განახლების გზით? ამაზე პასუხები ვეძებოთ.

აქამდე თავს ვიკავებდით ამ თემებზე საუბრისგან, ჯერ საპარლამენტო პროცესების გამო, შემდეგ საპროტესტო აქციებზე მოლოდინის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში საზოგადოებაში ეს მოლოდინი სერიოზულად დაქვეითდა. პოლიტიკური ფორმაცია მხოლოდ მმართველი გუნდი არ არის - მთლიან სურათში უნდა შევაფასოთ მოცემულობა და ისე დავსვათ დიაგნოზი.

- თქვენი შეფასებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა რა არის?

- მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უფრო საკუთარ პოზიციებზე ზრუნავს, ვიდრე მთლიანად ოპოზიციური ველის გაჯანსაღებაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი­ - ოპოზიციონერობა დღევანდელ საქართ­ველოში სოციალური სტატუსი გახდა, ეს კი პოლიტიკოსის ფუნქციას არ შეესაბამება. სახელმწიფოებრივი აზროვნება და ეროვნული ხედვა ქართულ ოპოზიციაში თითქმის გაუჩინარდა. დღეს ჩვენ ვხედავთ წვრილფეხა პოლიტიკოსებს და ვგრძნობთ სახელმწიფო მოღვაწეების მწვავე დეფიციტს. საბოლოოდ კი ოპოზიციამ საზოგადოების დაკვეთა ვერ შეასრულა.

- რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ?

- იმ საინფორმაციო კამპანიის ფონზე, რასაც დღეს ოპოზიცია გვთავაზობს, რთულია თქმა, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად ახლა. ერთი ძალიან მარტივი თხოვნა მაინც მაქვს - ერთი საერთო ფოტო მაინც გადაიღონ და გვაჩვენონ, რომ ვნახოთ, შეუძლიათ თუ არა ერთმანეთის ატანა და ერთმანეთთან საუბარი. არის კიდევ ერთი, უფრო ღრმა პრობლემა - აქციიდან აქციამდე მუდმივად მიჩნდება განცდა, რომ საპროტესტო მუხტი ვერ გადადის რეალურ მოქმედებაში. აქედან იბადება კიდევ ერთი კითხვა: ეს პოლიტიკური პარტიები რეალურად პარტიებია თუ დახურული პოლიტიკური კლუბები?

- რას გულისხმობთ?

- განვმარტავ: ნუთუ ამ პარტიებს იმდენი წევრიც კი არა ჰყავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში პროტესტს მიაშველონ?­ ხშირად ვხედავთ, რომ პროტესტანტების რაოდენობა 100 კაცსაც არ აღემატება. ეს მიანიშნებს, რომ პარტიული სისტემა საქართველოში ჯერაც ჩამოუყალიბებელია და რაც ყველაზე პრობლემურია, დემოკრატია თავად პარტიებშიც არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ხნის განმავლობაში ახალ ლიდერებს ვნახავდით პოლიტიკაში. ხომ იცით, ტელევიზორს რომ უყურებ და უცებ კადრი გაიყინება - აი, ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია დღევანდელი ოპოზიციაც. ბევრი ბელეტრისტული შედარება შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ დასკვნა ერთია: პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან ერთი მტკივნეული კითხვა - ნამდვილად შეუძლიათ თუ არა პოლიტიკური ლიდერის ფუნქციის შესრულება და ნამდვილად მართებულია მათი პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლაზე? თუ ოპოზიციაში ყოფნის დროს ვერ ართმევენ თავს ყველაზე საბაზისო საკითხებს, მაშინ როგორღა გაუმკლავდებიან იმ უმძიმეს გამოწვევებს, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას დაეკისრებათ - დაწყებული საშინაო კრიზისებით და დამთავრებული საგარეო პოლიტიკის განსაზღვრით, მით უმეტეს, ასეთ რთულ ვითარებაში.

- დღეს ოპოზიციაში მთავარი დავის საგანია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.­ ერთ ნაწილს, მაგალითად, გახარიას პარტიასა და "ლელოს", მონაწილეობა სურს, სხვები კი ამას ღალატად მიიჩნევენ. თქვენ როგორ უყურებთ ამ დაპირისპირებას?

- ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არა მაქვს და აგიხსნით, რატომ. პოლიტიკოსისთვის წარმოუდგენელია არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, მაგრამ პარალელურად აუცილებელია გაანალიზება, თუ რა გარემოში აპირებ ბრძოლას. როცა გაშეშებული კადრი ვახსენე, სწორედ ამას ვგულისხმობდი - ოპოზიციაში მინიმალური დინამიკაც კი არ შეინიშნება. ახალი არჩევნები, წესით, შანსი უნდა იყოს რაღაც ახალს მისცეს სიცოცხლე, მაგრამ დღევანდელი საარჩევნო გარემო სრულიად არადემოკრატიულია. ასეთ პირობებში მონაწილეობა ნიშნავს მხოლოდ ერთს - წაგებას, ეს კი მხოლოდ ოპოზიციის წაგება კი არ იქნება, არამედ საბოლოო ლეგიტიმაცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის.

ხათუნა ბახტურიძე