ელიავას ბაზრობის უთქმელი სატკივარი - კვირის პალიტრა

ელიავას ბაზრობის უთქმელი სატკივარი

მაშინ, როცა კახეთს და რამდენიმე რეგიონს სტიქიამ გადაურა და ქვეყანა მილიონობით ლარით დააზარალა, მთავრობა ლამის სრული შემადგენლობით კახეთში იყო და ერთი რაიონიდან მეორეში გადაადგილდებოდა, დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს უკეთ ეცნობოდნენ... იმ დღეებში, ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა ინფორმაცია, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლებისთვის გადასახურავი მასალის ნაწილი ბაზრობიდან წაიღესო. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ინფორმაციას საზოგადოების ერთი ნაწილის ირონიული შეფასებები მოჰყვა, თუმცა სხვას ამბობდნენ ის ინდმეწარმეები, ვისაც ელიავას ბაზრობაზე მაღაზიები აქვთ გახსნილი და სამშენებლო მასალებს ჰყიდიან.

გადავწყვიტე, წავსულიყავი, რათა ადგილზე გამერკვია, სინამდვილეში რა მოხდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ გულს ადვილად არ გადამიშლიდნენ. "ჟურნალისტის" გაგონებაზე, ინდმეწარმეებსა და გამყიდველებს აგრესია შეეტყოთ, თუმცა, "პალიტრა მედიის" ხსენებაზე მათი დამოკიდებულება შეიცვალა. და მაინც, მოთხოვნა ანონიმურობაზე, უცვლელი დარჩა, - "შენ სახლში წახვალ, შვილო და შენი საქმის გაკეთებას შეუდგები, მე კი ხვალ აქ ვეღარ უნდა მოვიდე. ჩემისთანები დაუტოვებიათ მშრალზე?" - მეკითხება შეკითხვებით გაღიზიანებული შუახნის მამაკაცი და სამშენებლო მასალების მაღაზიის კარს ცხვირწინ მიხურავს.

გაცილებით თამამი და გახსნილია მეორე, მისივე ასაკის მამაკაცი, ჯუმბერ ვერძიშვილი.

- 60 წელს მიღწეული კაცი ვარ. 15 წელზე მეტია აქ ვმუშაობ და ბოლო დროს რაც ხდება, მსგავსი არ მახსოვს. მარტო კახეთის სტიქიის დროს კი არა, მანამდეც ბევრჯერ წაუღიათ, არც გვეუბნებოდნენ, სად მიჰქონდათ. გვეტყვიან, ვინც არიან და საიდანაც, ფულს რამდენიმე დღეში გადმოგირიცხავთო და მერე ვიღას ახსოვს... ეგ არ გამაღარიბებს და ყველაფერი ალალი იყოს მაგ დაზარალებულ ხალხზე, მეც კახელი ვარ, მაგრამ ჩვენი სახელი მაინც ახსენონ, თვითონ რომ იწერენ ქულებს.

- რას გეუბნებიან, საიდან ვართო?

- ხელისუფლებიდან, პირველად კი არ წაუღიათ ასე "ნისიად". ყოველ სტიქიურ უბედურებას მოსახლეობასთან ერთად ჩვენც შიშით ველოდებით, მაგრამ...

დაახლოებით მსგავს ამბავს მიყვება 50 წლის ქალბატონი, მაგრამ ვინაობას არ მიმხელს. თანდათან ჩემ გარშემო პატარა წრე იკვრება და მადაზე მოსული გამყიდველები და ინდმეწარმეები ერთმანეთის მსგავს ამბებს მიყვებიან, - 200 ცალი აგური წაიღეს, სახურავიც... საშენი მასალები და პლასტიკატი ჩატვირთეს მანქანაში... ფულს რამდენიმე დღეში გადმოგირიცხავთო... ხან ერთი და იგივე ადამიანები მოდიან, ხანაც - სხვები. ძირითადი სამიზნე შედარებით დიდი მოცულობის მაღაზიებია. ბოლო "სტუმრობისას" გერმანიიდან, სულ რამდენიმე დღის წინ შეკვეთით ჩამოტანილი ძვირიანი კრამიტი, მთლიანი ყუთებით ჩატვირთეს და წაიღეს, - ერთმანეთს უნდა დავეხმაროთო.

- რამდენი ყუთი წაიღეს? - ვეკითხები შეწუხებულ ქალს.

- საკმაოდ. მის გარდა სხვა რაღაცებიც წაიღეს, მაგრამ... - წინადადებას არ ამთავრებს, ვერ რისკავს, მის გვერდით გიგი უგულავას ახლობელს აქვს მაღაზია და ეშინია, მისი სიტყვები ხვალ და ზეგ წინ არ დახვდეს. - ორი სტუდენტი მყავს სახლში, - ამბობს დაბნეული.

- რატომ არ იჩივლეთ? რაღაც ფორმით მაინც გაგეპროტესტებინათ, - ვეკითხები ცოტა არ იყოს გაბრაზებული.

- რა ფორმით? - კითხვას მიბრუნებენ ისინი.

- ვისი რა საქმეა, მე ვის რას მივცემ, ჩემია და მინდა, ვაჩუქებ. თქვენ ჟურნალისტები ინტრიგანები ხართ. ერთია ფულის შოვნა და მეორეა ადამიანობა. რასაც გასცემ შენიაო, არ წაგიკითხავთ? - უკმაყოფილო ტონით ხმამაღლა მომმართავს წითური კაცი.

- რომელი ადამიანობა, ნოდარა, რომელი? - ეკითხებიან ჩემი თანამოსაუბრეები.

- რა გინდათ, ხალხო, რუსის უფროსობა მოგენატრათ? კი ვიცი, რომ გენატრებათ. აქ ბევრი სულს გაყიდის, ოღონდ ისევ საბჭოთა კავშირი დაბრუნდეს, - ირონიული ღიმილით ამბობს ნოდარა...

- ოქტომბრამდე როგორმე გავუძლებთ, - ლამის ერთხმად მპასუხობენ და თავიანთ მაღაზიებს უბრუნდებიან.

- მთელი ცხოვრება მოითმინეთ, ხალხო, მთელი! - ყვირის თავის "ტაჩკაზე" სულის მოსათქმელად ჩამომჯდარი "მეტაჩკე", - ვიცით, რომ საქართველო მიშასია, ვანოსი და გიგისი.

"პოლიტიკური დებატები" დასრულდა. სიცხით გათანგულს გამიმართლა და 122 ნომერი ყვითელი სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე. თავში "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერის სიტყვები მიტრიალებდა, - მოსახლეობაში  შიში დათრგუნულია!.. ნამდვილად არ არის ბატონებო ასე...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)