როგორ აღმოჩნდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფი ძებნილი ბაჩიაშვილი ისევ საქართველოს საზღვართან?!
გასულ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. უწყება ირწმუნებოდა, რომ 2025 წლის 26 მაისს ის ანონიმური შეტყობინებით წითელ ხიდსა და სადახლოს შორის ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.
სუს-ის ინფორმაცია თავდაყირა დააყენა თავად გიორგი ბაჩიაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა სკანდალური განცხადება გააკეთა: "დღეს კიდევ ერთი ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს, მე საზღვარგარეთიდან გამიტაცეს. თვალები ამიხვიეს. ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლისა და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ ჩამტენეს "აირზენას" თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით, ჩამომიყვანეს საქართველოში... წარმოდგენა არა მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედებები ჩემს წინააღმდეგ... საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა შეჩერებული იყო ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა სრულად პოლიტიკურია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამით დაარღვიეს არა მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა, ამასთან იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი ადვოკატის, დავით ჯანდიერის თქმით, ბაჩიაშვილი კონკრეტულ სახელსა და გვარს ასახელებს იმ პირებიდან, რომლებიც იმ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ, რომლითაც საქართველოში ჩამოიყვანეს. თუმცა ადვოკატი არ პასუხობს, არის თუ არა რომელიმე პოლიციის ან რომელიმე უწყების მაღალჩინოსანი. "ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა ერთი კონკრეტული პირი, საუბარია ადამიანთა ჯგუფზე... თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები", - აცხადებს ჯანდიერი.
როგორც ცნობილია, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენდირექტორი, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდადებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, რადგან ბაჩიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე მოახერხა საქართველოდან გაქცევა. ამასთან, ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს "მტკვარი ჰესის" საქმეზეც, სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ბიტკოინების, ისე "მტკვარი ჰესის" საქმეში მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია. ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 2.5 მილიონ-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო "მტკვარი ჰესის" საქმეზე - 50.000 ლარი. ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სს საქმე აღიძრა, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ეს ბრალდება 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბიტკოინების საქმეში პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი ბანკიდან ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიოჩანაწერებით, რომლებიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს... რაც შეეხება "მტკვარი ჰესის" საქმეს, ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც "მტკვარი ჰესი", რისთვისაც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. ბაჩიაშვილისა და მისი ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ ამ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია...
მართალია, ბაჩიაშვილი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში დააკავეს, თუმცა ბაჩიაშვილის მეგობრებმა პირველივე დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის აბუ-დაბიში აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად და ამ დროს ვესტიბიულში დააკავეს. როგორც ითქვა, გარიგება შედგა სახელმწიფოებს შორის ბაჩიაშვილის გადმოცემის სანაცვლოდ.
ჩვენ ამ საქმის შესაფასებლად ექსპერტ ანდრო გოცირიძეს დავუკავშირდით.
- ნაკლებად სავარაუდოა, ეს ღონისძიება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ქართულ სპეცსამსახურს ჩაეტარებინა. ალბათ, ადგილობრივი ქვეყნის სამართალდამცავებმა დააკავეს. არაბული ქვეყნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტით არ გამოირჩევიან და მნიშვნელოვანია, რის საფასურად შედგა თანამშრომლობა ქართულ და არაბულ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. ეს ექსტრადიცია არ ყოფილა.
- კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" მენეჯმენტი აცხადებს, რომ ავიაკომპანიას კანონი არ დაურღვევია. თუმცა დასძენს, რომ კერძო პირების ან ორგანიზაციების შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გაცემის უფლება არა აქვთ.
- ფაქტია, ბაჩიაშვილი იმ ქვეყნიდან, თვითმფრინავის გარდა, სხვა ტრანსპორტით ვერ ჩამოვიდოდა. რა იურიდიული საფუძვლით მოხდა ეს, ჯერ გაურკვეველია. არსებობს რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი პირი, მათ შორის ტვირთი, გაფორმებული უნდა იყოს, სანამ ის თვითმფრინავის ბორტზე მოხვდება.
- თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ჩავიდა. როცა ძებნილმა თავი შეაფარა ამ ქვეყანას, ექნებოდა იქ გარანტიები? თქვენი აზრით, რატომ აირჩია მან არაბული ქვეყანა თავშესაფრად?
- როგორც ვიცით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსული პასპორტით გავიდა საქართველოდან და ევროპასა და ამერიკაში შესაძლოა მას პრობლემა ჰქონოდა ამ პასპორტით გადაადგილებისას, ამიტომ აირჩია, ალბათ, არაბული ქვეყანა. იქ ბიუროკრატია ნაკლებად მუშაობს, დიდი ახსნა-განმარტება არ დასჭირდებოდა, მეტიც, ადვილად შეიძლებოდა მოეხერხებინა გარიგების საფუძველზე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მარტო ის არ ფიქრობს ასე. სახელმწიფოები ერთმანეთის თხოვნით მოქმედებენ ხოლმე და ყველგან არ მუშაობს ევროპული ბიუროკრატია კარგი გაგებით, სადაც ყველაფერი რეგლამენტირებული უნდა იყოს. ეს ვერ გათვალა ბაჩიაშვილმა. სახელმწიფოს მეტი ბერკეტი აღმოაჩნდა და აჯობა, თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება მას და მომჩივანს შორის გარიგებაც იყოს...
- როცა ბაჩიაშვილი ქვეყნიდან გავიდა, მაშინაც გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, მას მისცეს ქვეყნიდან გასვლის საშუალება.
- სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ მისი გასვლაც და შემოყვანაც ბუნდოვანებით მოცული ისტორიაა.
- ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ორი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით ამბობდა, ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო. იგივე თქვა ბაჩიაშვილმაც დაკავებამდე ინტერვიუში, რომელიც უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა. "ეს ბრძანება შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას "შეტენიან", მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს, ან ის უფრო მეტად წამოეგება ანკესზე", - უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას.
- ბაჩიაშვილი გამოცდილი ბიზნესმენია, კარგად იცის ტაქტიკაც და თავის დაცვის სხვადასხვა მეთოდიც. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, სახელმწიფომ რის საფუძველზე გააკეთა ეს, ხომ არ დათმეს ბაჩიაშვილის სანაცვლოდ სახელმწიფო ინტერესები. შესაძლოა განცხადებები და სტატიები ივანიშვილისთვის მესიჯის ან სხვისთვის ინფორმაციის გადაცემას ემსახურებოდეს.
- ითქვა, რომ ხელისუფლებამ სანაცვლოდ დათმო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის თანამდებობა. ამაზე ისაუბრა კიდეც პოლოლიკაშვილმა და ვნახეთ შედეგიც - ამ პოსტზე უკვე დაინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატი.
- აბსოლუტურად ლეგიტურია ეს ეჭვი, იმიტომ, რომ დროშიც დაემთხვა ერთმანეთს და ეს თითქოსდა წინასწარმეტყველებაც ახდა, მით უმეტეს, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას პოლოლიკაშვილთანაც ჰქონია პრეტენზია მისი ლოიალურობის გამო... თუმცა ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ ეს ყველაფერი გააკეთა სამართლის აღსრულების გამო, რაშიც ხელისუფლების დაძრახვა რთულია. ამ ყველაფერს კონტექსტი აქვს. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ პირი, რომელმაც ცინიკურად დატოვა საქართველოს საზღვრები, ჩამოიყვანეს და წარადგინეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, მაგრამ ბექგრაუნდი სულ სხვაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეს კერძო დავაა და ასეცაა - კერძო პირის, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის თანხების მითვისების საკითხზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მთავარია, ამ კერძო დავის გადაწყვეტაში რამდენად ერევიან სახელმწიფო სტრუქტურები. რეალურად ძებნილი პირი დააბრუნეს ქვეყანაში. რაში გაიცვალა, თუ გაიცვალა, უკვე სხვა საქმეა.
- როგორ ფიქრობთ, ემუქრება ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე?
- არა მგონია, ვინმეს მისი ლიკვიდაცია სურდეს. ვინმეში ვგულისხმობ მომჩივან მხარესა და სახელმწიფო სტრუქტურებს. ამის მოტივი არ არსებობს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ვიღაცამ ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინოს...