"მამის გარდაცვალების მერე, შვილებმა უარი ვთქვით წილზე, ახლა დედას სურს მხოლოდ ერთ შვილს მისცეს ქონება", "ვინ აანაზღაურებს ზიანს, თუ უცხოელმა მდგმურმა - კვირის პალიტრა

"მამის გარდაცვალების მერე, შვილებმა უარი ვთქვით წილზე, ახლა დედას სურს მხოლოდ ერთ შვილს მისცეს ქონება", "ვინ აანაზღაურებს ზიანს, თუ უცხოელმა მდგმურმა ბინაში ნივთები დაგიზიანათ..." - იურისტის პასუხები

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

nugbara-rostiashvil-1746959139.jpg

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა ჩემი სახლი სოფელში. როგორც აღმოჩნდა, ამზომველმა ერთ ეზოში არსებული მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა­ სხვადასხვა მიწად და მიანიჭა სათითაო კოდი. არადა, ეზოს აქვს ერთი მყარი ღობე, შიგნით კი მქონდა გაყოფილი ცალკე ღობით ბოსტანი და ცალკე ღობით ვენახი. ეს ცალ-ცალკე მიწად დაარეგისტრირა. იუსტიციის სახლს მივმართე და უარს მეუბნება გაერთიანებაზე. როგორ მოვიქცე? წლებია ამ მიწას ერთი კოდი აქვს.

- თუ მიწის ნაკვეთები, რომლებიც სისტემური წესით რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა, გაიყო და სხვადასხვა კოდები მიენიჭა, არის ერთი პირის საკუთრება, მაშინ შეგიძლიათ მოამზადოთ ახალი აზომვითი ნახაზი და საჯარო რეესტრში წარადგინოთ ნაკვეთების გაერთიანების მიზნით, ხოლო თუ ეს პროცედურა უკვე გააკეთეთ, მაშინ შეგიძლიათ საჯარო რეესტრის უარი გაასაჩივროთ.

როგორ ხდება მამობის დადგენა, როცა დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში ბიოლოგიური მამა არ ფიქსირდება და ბავშვის მამა გარდაცვლილია?

- როდესაც შეუძლებელია მშობელთა ერთობლივი განცხადების წარდგენა, ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით დედის განცხადების საფუძველზე. სასამართლო საკითხს გადაწყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

სამსახურიდან წამოსვლაზე მაქვს განცხადება დაწერილი. შემიძლია თუ არა კუთვნილი შვებულების გამოყენება?

- დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში, სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. ასევე, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში, სულ მცირე, 15 კალენდარული დღით. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. ამდენად, თუ თქვენ ხართ დასაქმებული 11 თვეზე მეტი ვადით და არა გაქვთ გამოყენებული კუთვნილი შვებულება, შეგიძლიათ ისარგებლოთ დარჩენილი შვებულებით.

მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მემკვიდრეობა დედამ გადაიფორმა. ჩვენ, შვილებმა, უარი ვთქვით ჩვენს წილზე, ახლა დედას სურს მხოლოდ ერთ შვილს მისცეს ქონება. აქვს თუ არა ამის უფლება?

- ვინაიდან შვილებმა უარი თქვით თქვენს წილზე, მემკვიდრეობა მიიღო დედამ, შესაბამისად, მას წარმოეშვა სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება, ანუ მის სახელზე დარეგისტრირდა ქონება. ამდენად, მას უფლება აქვს, ვისზეც უნდა იმაზე გაასხვისოს ქონება.

მამას სახელზე იყო კერძო სახლი, რომელშიც ცხოვრობს ჩემი გაუთხოვარი მამიდა. სახლი მათი მშობლების შეძენილია და მთელი ცხოვრება ცხოვრობდნენ იქ. დღეს ის მამაჩემის სახელზეა გაფორმებული. ახლა მამა გარდაიცვალა და ჩვენ ვაკეთებთ მემკვიდრეობას. დედამ შეიტანა ნოტარიუსთან განცხადება, შვილებს გვინდა ეს ქონება გავყიდოთ და ვთავაზობთ მამიდას ჩვენთან ცხოვრებას, მაგრამ ის უარს ამბობს. ამბობს, რომ მოითხოვს თავის წილს. აქვს თუ არა მას წილის მიღების უფლება?

- სამართლებრივად თქვენ სრული უფლება გაქვთ გაყიდოთ მამისგან მიღებული სამკვიდრო ქონება, თქვენ და დედათქვენი ხართ პირველი რიგის მემკვიდრეები და შესაბამისად მიღებულიც გაქვთ ქონება, ამიტომ მამიდას არა აქვს ქონების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. ასევე შეგიძლიათ სასამართლოში შეიტანოთ სარჩელი და მოითხოვოთ მამიდის გამოსახლება ანუ ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოცემა.

მყავს გათხოვილი დები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ოჯახები, აქვთ ბინები. თავის დროზე მშობლებმა რაც შეეძლოთ მისცეს მზითვის სახით, ფულითაც ხშირად ეხმარებოდნენ. სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ მე და დედა, დედას სახელზეა. მას სურს სახლის ჩემთვის გადმოფორმება, მაგრამ დები წინააღმდეგები არიან. რა გზით შეუძლია დედას სახლი ისე გადმომიფორმოს, რომ მათ არ მისცეს წილი?

- თუ სახლის მესაკუთრე არის დედა, მას არ დასჭირდება არავის თანხმობა მისი გასხვისებისთვის. ამდენად, შეგიძლიათ თქვენ და დედათქვენი წახვიდეთ საჯარო რეესტრში და თქვენ გადმოიფორმოთ უძრავი ნივთი.

ძალიან ახლობელს გავუკეთე განვადება,­ ძვირი ტელეფონი გამოვატანინე მაღაზიიდან და მეგონა, ფულს იხდიდა. მისი საკონტაქტო ნომერი იყო მითითებული და ამიტომ ახლა, როცა ანგარიშები დამიყადაღეს, გავარკვიე, რომ თურმე არ იხდიდა პროცენტებს. რა შეიძლება გავაკეთო?

- რადგან აღნიშნული ვალდებულება თქვენ აიღეთ, შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ თანხის გადახდა, როგორც ჩანს, უკვე დაწყებულია იძულებითი აღსრულება და ამ საფუძვლით დაგიყადაღეს ანგარიშებიც.

ვარ მარტოხელა დედა, მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ვცხოვრობ ნაქირავებში. მაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. მივმართე სასამართლოს და ჩემს ყოფილ ქმარს დაეკისრა ალიმენტი, რომელსაც ერთი წელია არ იხდის. არც ბავშვები უნახავს, მივმართე აღსრულებასაც, მაგრამ ვერც ისინი მეხმარებიან, რადგან მის სახელზე ქონება არ არის და ხელფასსაც ხელზე უხდიან. რა შეიძლება გავაკეთო?

- სამწუხაროდ, თქვენ უკვე მიმართეთ ყველა საშუალებას და ამოწურულია ყველა ის მექანიზმი, რის შესაძლებლობასაც კანონი იძლევა. თუ ყოფილი მეუღლის სახელზე აისახება რაიმე სახის ქონება ან ანგარიშებზე ჩაირიცხება თანხა, ის დაყადაღდება. ან თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ის მიზანმიმართულად არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა.

ვარ ადვოკატისგან დაზარალებული. მას გადავუხადე 2.000 დოლარი და ორი წელია საქმისთვის არაფერი გაუკეთებია, ფულის დაბრუნებაზე კი უარს ამბობჭს. რა შეიძლება გავაკეთო?

- შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, თუ არსებობს ადვოკატის დისციპლინური გადაცდომა.

მემკვიდრეობით მივიღე კერძო სახლის ნაწილი, სადაც არც ცხოვრების და არც შესვლის შესაძლებლობას არ მაძლევენ. როგორ მოვიქცე?

- სასამართლოს უნდა მიმართოთ სარჩელით ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოცემის თაობაზე, რაც გულისხმობს იმ პირის/პირების გამოსახლებას თქვენი საკუთრებიდან, ვინც არამართლზომიერად ფლობს თქვენს საკუთრებას.

ვცხოვრობ კორპუსის 8-სართულიან ქალაქური პროექტის ბინაში. რამდენიმე მეზობელს სადარბაზოში აქვს გამოყვანილი­ გამწოვის მილები. ახსნით ვერაფერი გავაგებინე, არადა, სადარბაზოში საშინელი სუნია, განსაკუთრებით ზამთარში, როცა გამათბობლები აქვთ ჩართული. რა შეიძლება გავაკეთო?

- კანონი ავალდებულებს უძრავი ქონების მესაკუთრეებს პატივი სცენ ერთმანეთს. ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ასევე, თუ თქვენ როგორც მესაკუთრე მოვალე ხართ ითმინოთ ასეთი ზემოქმედება, შეგიძლიათ ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოთ შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

წლების წინ დავიგირავე ბინა, დადებული იყო სესხის ხელშეკრულება, მაგრამ ბინის მეპატრონე არ მიბრუნებს თანხას. მე მომიწია ბინიდან გამოსვლამ ისე, რომ თანხა ვერ ავიღე. ორი წლის წინ განვაახლე ხელშეკრულება და ახლა მასაც გასდის ვადა. ეს ქონება იმ ქალის სახელზეა, ის კი ასაკოვანია. მეუბნება, რომ ინვესტორს ელოდება და ამის მერე დამიბრუნებს ჩემს კუთვნილ თანხას, სახლი უკვე ავარიულია და იქ ცხოვრებაც არ შეიძლება, თვითონაც გასულია ქირით, გამგეობამ გაიყვანა. გამოსავალი იქნებ მაპოვნინოთ.

- ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკის საგანი შეიძლება გასხვისდეს სპეციალისტის მეშვეობით აუქციონზე და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით მოხდეს ვალდებულების დაფარვა ან შეთანხმდეთ პირდაპირ ქონების რეალიზაციაზე. ასევე ვალდებულება შეიძლება შესრულდეს იპოთეკის საგნის პირდაპირ თქვენს საკუთრებაში გადმოსვლის გზით. თუ აღნიშნულის თაობაზე ვერ თანხმდებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სასამართლოს.

სესხი მქონდა აღებული და დამიყადაღეს ქონება. ფინანსურ ბიუროს ვთხოვე განაწილება და გადავიხდიდი, ოღონდ მოეხსნა ყადაღაც, რომ შევძლო ქონების რეალიზაცია. მთლიანი თანხის შეტანას მთხოვენ, რაც არ შემიძლია. მყიდველი რომ იგებს ყადაღა ადევს, ყველა უარს ამბობს ყიდვაზე. რაიმე გზა ხომ არ არსებობს ამ პრობლემას მოსაგვარებლად?

- საქმე უკვე იძულებით აღსრულებას ექვემდებარება, შესაბამისად, ფინბიურო არ აიღებს რისკს, რომ მოგიხსნათ ყადაღა, რადგან შესაძლოა თქვენ ყადაღის მოხსნის შემდგომ გაასხვისოთ ქონება და მათი მოთხოვნა დარჩეს უზრუნველყოფის გარეშე. ამიტომ როგორმე სრულად უნდა დაფაროთ თანხა ან განწილვადებით დაფაროთ ეტაპობრივად და ვალდებულების გასტუმრების შემდგომ მოგეხსნებათ ყადაღა და შეძლებთ ქონების გასხვისებას.

პირმა "კრედო ბანკიდან" გამოიტანა სესხი, იხდიდა ერთ წელი და მერე გარდაიცვალა. სესხი ჩამოიწერება?

- შესაძლოა პირს ჰქონოდა სიცოცხლის დაზღვევა, რის საფუძველზეც შეიძლება სესხი ჩამოეწეროს. პირის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდროს გახსნისას მისი მემკვიდრეები იღებენ როგორც აქტივებს, ასევე პასივებსაც, რაც ნიშნავს, რომ მემკვიდრეები იღებენ როგორც ქონებას, ასევე მამკვიდრებლის ვალდებულებებსაც, შესაბამისად, სესხის გადახდა მოუწევთ მის უფლებამონაცვლეებს (მემკვიდრეებს).

ორმა უცხოელმა მდგმურმა, რომლებიც მოიყვანა კომპანიამ და დადებული გვქონდა ხელშეკრულებაც, გამიფუჭა ბინაში ნივთები. ახლა ტელეფონზეც არ მპასუხობენ. შუამავალი კომპანია ამბობს, რომ არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. არადა,­ ბოლო თვის თანხა წაიღეს. როგორ მოვიქცე?­

- უნდა მიმართოთ სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით იმ პირისგან, ვისთანაც გქონდათ ხელშეკრულება დადებული. ასევე დაგჭირდებათ ზიანის შეფასება ექსპერტის მიერ, თუ რა სახის და ოდენობის ზიანი მოგადგათ. ასევე, გასათვალისწინებელია სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში რამდენად იქნება გადაწყვეტილება აღსრულებაუნარიანი, თუ მოპასუხეები უცხოეთის მოქალაქეები არიან და საქართველოში არ ერიცხებათ არანაირი ქონება.