პუტინის „ულტიმატუმი“ ანუ ფრთხილად, კარები იხურება?! - კვირის პალიტრა

პუტინის „ულტიმატუმი“ ანუ ფრთხილად, კარები იხურება?!

"მიგვაჩნია, რომ რუსეთის შეშფოთება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პერსპექტივით სრულიად დასაბუთებულია. მოსკოვი ამ საკითხს ყოველთვის დააყენებს. რუსები მხოლოდ უკრაინაზე არ ლაპარაკობენ, ისინი საქართველოსა და მოლდოვასაც ახსენებენ, და ჩვენ, ამერიკელები, მათ ვპასუხობთ - კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატოს რუსეთის საზღვრებამდე გაფართოების შეჩერება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს - უკრაინის ნატოში შესვლა დღის წესრიგში არ დგას, ნატოს 32 ქვეყნიდან, აშშ-ის გარდა, ალიანსის კიდევ ოთხი ქვეყანაა წინააღმდეგი, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდეს", - განაცხადა გასული კვირის მიწურულს გენერალმა კიტ კელოგმა, რომელიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი სპეციალური წარმომადგენელია უკრაინის საკითხებში.

ამ ამერიკელი გენერლის ეს განაცხადი, ბუნებრივია, ასახავს თავად პრეზიდენტ ტრამპის მთავარ პოზიციას: თუკი პუტინი უკრაინაში ომის შეჩერების სანაცვლოდ ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრებამდე გაფართოების შეჩერებას, ტრამპი ამას დათანხმდება!

Finita La Commedia! - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წამყვანი ძალის, აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა დაეთანხმოს კრემლის მრავალწლიან კატეგორიულ მოთხოვნას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების სრულ შეჩერებაზე! ეს კი წერტილს უსვამს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დიდი ხნის ოცნებას, გამხდარიყვნენ ალიანსის სრულუფლებიანი წევრები და თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ "ნატოს თავდაცვითი ქოლგის" ქვეშ...

და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მზადაა კრემლის ბინადარს დაუთმოს ქართველების, უკრაინელებისა და მოლდოველების მრავალწლიანი ოცნება... დიდი მადლობა პრეზიდენტ ტრამპს!

დიდი მადლობა კი იმიტომ, რომ ტრამპმა წერტილი დაუსვა იმ უდიდეს ტყუილს და ზღაპარს, რითაც ამერიკელი და ევროპელი პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები თუ კანცლერები ბოლო 17 წელი "გვკვებავდნენ" - ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის და ერთ მშვენიერ დღეს ალიანსის წევრები გახდებითო.

samx2-1748798379.jpg

17-წლიან დიდ ტყუილზე იქიდან გამომდინარე ვლაპარაკობთ, რომ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას "ისტორიული დაპირება" მოგვცეს ალიანსში მიღებაზე.

"ნატოს ღია კარზე" მანამდეც გვესმოდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მაცდუნებელი დაპირებები, იმ სიხშირითაც, რომ ამ საუკუნის დამდეგს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჩვეული გურული ენაკვიმატობით უპასუხა დასავლელ ლიდერებს, ეგ ნატოს კარი ძალიანაც არ გააღოთ, ქართველები ორპირ ქარში არ გაგვაცივოთო.

ორპირ ქარში გაცივების რა მოგახსენოთ, მაგრამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს დაპირება მტკნარი ტყუილი გამოდგა და მისი "ღია კარი" სინამდვილეში "მჭიდროდ ჩარაზული" აღმოჩნდა ჩვენთვის. სამაგიეროდ, ბუქარესტის სამიტზე ცრუ დანაპირებმა საქართველოსა და უკრაინას უდიდესი დათვური სამსახური გაუწია და აგრესორი რუსეთისთვის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად იქცა 2008 წლის აგვისტოში ჩვენთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინაში შესაჭრელად.

ბუქარესტის სამიტიდან გასული 17 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველა პრეზიდენტი: ჯორჯ ბუში-უმცროსი, ბარაქ ობამა, ტრამპი, პირველი პრეზიდენტობის პერიოდში, და ჯო ბაიდენი იმეორებდნენ ერთხელ დაზეპირებულ ფრაზას - ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის და ისინი გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც ამისთვის მზად იქნებიანო.

მათ კვერს უკრავდნენ ევროპიდან საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი, გერმანიის კანცლერი მერკელი თუ იტალიის პრეზიდენტი ბერლუსკონი, თუმცა წმინდა თვალთმაქცობა გახლდათ, რადგან სწორედ პუტინის "ევროპელი მეგობრები" - ბერლუსკონი, მერკელი და სარკოზი იყვნენ, რომლებმაც 2008 წლის აპრილის ბუქარესტის ნატოს სამიტის კულუარებში დაბლოკეს საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის (ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმა) მინიჭება ანუ საქვეყნოდ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნების ალიანსში შესვლას და ამასთან, მალულად პროცესი შეაჩერეს!

დაპირებების გამცემებმა მილიონობით ის ქართველი და უკრაინელი პატრიოტი მოქალაქე მოატყუეს, ვისაც მართლაც გულით სჯეროდა "ნატოს თავდაცვითი ქოლგის" ქვეშ აგრესორი რუსეთისგან დაცვის ზღაპრის.

იყო თუ არა საქართველო პოლიტიკურად, თავდაცვითა და ეკონომიკურად მზად, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მალევე მიეღოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად?

რა თქმა უნდა, არა. საქართველოზე ბევრად უარეს სიტუაციაში უკრაინა იყო, ჩვენ ლიდერის პოზიციაში ვიყავით და სიტყვაშეუბრუნებლად ვასრულებდით დასავლეთის ყველა თხოვნა-მოთხოვნას, მაგრამ მაინც არ მიგვიღეს. არადა, ამასობაში ნატოს სრულუფლებიანი წევრები გახდნენ: 2009 წელს ალბანეთი, 2017 წელს მონტენეგრო, 2020 წელს კი ჩრდილოეთი მაკედონია.

მათ ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ როგორ უნდა დაგვარწმუნოს ნატოს ხელმძღვანელობამ, რომ ალბანეთში უფრო მეტი დემოკრატიაა, ვიდრე საქართველოში? ან მონტენეგროს არმია უფრო შეესაბამება ალიანსის მოთხოვნებს, ვიდრე საქართველოს თავდაცვის ძალები, თუ ჩრდილოეთ მაკედონიას უფრო დიდი წვლილი შეუტანია ნატოს ერაყისა და ავღანეთის მისიებში, ვიდრე ქართველ სამხედროებს? მარტო ის, რაც ქართველმა სამხედროებმა 1999 წლიდან კოსოვოს, ერაყის, ავღანეთისა თუ აფრიკის მისიებში ნატოსთვის გააკეთეს, რად ღირს - ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში იყო პერიოდები, როდესაც ნატოს არაწევრ და წევრ ქვეყნებზე მეტი სამხედრო კონტინგენტი გვყავდა გაგზავნილი (2 ათასამდე სამხედრო) და ამ რიცხოვნობით მხოლოდ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს თუ ჩამოვრჩებოდით. შედეგად, ნატოს მისიებისთვის 33 ქართველი მეომრის სიცოცხლე გავიღეთ, 300-ზე მეტი კი დაგვეჭრა. ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური ხარკი, გაღებული ამ საუკუნეში საქართველოს სამივე ხელისუფლების მიერ, რათა ჩვენი ქვეყნის ნატოში შესვლა დაეჩქარებინათ, მაგრამ შედეგი?

დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ სწორედ მეზობელი აგრესორი რუსეთის ფაქტორია ის უმთავრესი დამაბრკოლებელი, რის გამოც ნატოს საქართველოსა და უკრაინისთვის დანაპირები "შეუსრულებელ მისიად" დარჩა თუ დაიტოვა, თორემ ალბანეთს, მონტენეგროს ან ჩრდილოეთ მაკედონიას რუსეთთან საერთო საზღვარი არა აქვთ.

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - 2008 წლის ნატოს სამიტს ბუქარესტში რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც კი ესწრებოდა, 4 აპრილის ერთ-ერთ სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა და ჯორჯ ბუში-უმცროსის, მერკელისა და სარკოზის წინაშე საქართველოს შესახებ განაცხადა: "ჩვენს ქართველ მეგობრებს იმედი აქვთ ნატოს საფარქვეშ აღიდგინონ ტერიტორიული მთლიანობა. ეს ასწლიანი ეთნიკური კონფლიქტებია ქართველებსა და აფხაზებს და ოსებს შორის. ამ პრობლემების გადასაწყვეტად ნატოში შესვლა კი არ არის საჭირო, არამედ მოთმინება და მცირე ეთნიკურ ჯგუფებთან დიალოგის გაბმა. სხვათა შორის, ჩვენ (რუსეთი) ვეხმარებით საქართველოს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მიუხედავად კოსოვოზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ჩვენ არ ვცნობთ ამ კვაზისახელმწიფოების (აფხაზებისა და ოსების) წარმონაქმნების დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ დიდი ხანია მოგვიწოდებენ. ამ საკითხს რუსეთი უდგება ძალზე შეწონილად და პასუხისმგებლობით და თქვენ, ნატოსაც, მოგიწოდებთ მოიქცეთ აკურატულად".

იყო თუ არა ეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისა და ნატოს პირდაპირი გაფრთხილება კრემლიდან?

თურმე იყო, რადგან ბუქარესტის ნატოს სამიტიდან ზუსტად ოთხ თვეში პუტინის არმია საქართველოში შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სრული ოკუპაცია მოახდინა, ექვს წელში უკრაინას ყირიმი "ჩამოაჭრა" და დონბასი "აუფეთქა", ხოლო 14 წელს კი უკრაინის სრული ოკუპაცია მოინდომა, რასაც დღემდე აგრძელებს.

იბადება რიტორიკული კითხვა: თუკი დასავლეთის იმდროინდელმა და მათმა შემდგომმა პოლიტიკოსმა ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინას ალიანსში მაინც არ მიიღებდნენ, რათა ჩვენ გამო არ დაპირისპირებოდნენ პუტინის რუსეთს, მაშინ რაღას გვერჩოდნენ, რატომ მიგვაგდეს "რუსი დათვის" საჯიჯგნად?

დღეს რიგი ევროპელი პოლიტიკოსი ლიდერები ხანდახან წამოგვაძახებენ, საქართველო ძველებურად აღარ აქტიურობს და არ გვთხოვს ნატოში მიღებასო.

რატომ და ვის უნდა ეხვეწო ის, რის შეუძლებლობაშიც თავად დაგვარწმუნეს 17-წლიანი მუდმივი ტყუილებითა და იმის მტკიცებით, თითქოს საქართველო ჯერ კიდევ არ იყო მზად, თუმცა ერაყსა და ავღანეთში ქართველი სამხედროების გვერდით დგომა რატომღაც სულ სურდათ ანუ ქართული არმია მზად იყო ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში (რომელთა სამართლებრივი სტატუსი და არსი დღემდე დიდ ეჭვს ტოვებს) სისხლი ეღვარა, ხოლო საქართველო კი არ იმსახურებდა ნატოს წევრობასა და კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების მოცემას ალიანსიდან.

სწორედ ის მთავარი მიზეზი, რასაც ერქვა ნატოსა და მთლიანად დასავლეთის პოლიტიკური ელიტის შიში კრემლის ბინადარი პუტინისადმი, იქცა იმის უმთავრეს მიზეზად, რის გამოც ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ვერ გახდნენ ალიანსის წევრები და უახლოეს მომავალში ვერც გახდებიან, რადგან ამისთვის ჩვენ კი არა, სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის მზად.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სურს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა წერილობითი პირობა დადონ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ალიანსში ოდესმე გაწევრებაზეც კი დასავლეთის ოფიციალური უარის აღიარების ტოლფასი იქნება.…