„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ ხალხის სიყვარულია“
ის პირველი კომპოზიტორი იყო, ვინც ქართული ოპერა და სიმღერა პირველად გაიტანა უცხოეთში. დირიჟორობდა ბავარიის, ლონდონის სიმფონიურ, პარიზის რადიოს, მილანის ლა-სკალას, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს. ბატონ ჯანსუღ კახიძეს 26 მაისს 90 წელი შეუსრულდებოდა. კონცერტი მისივე დაარსებულ კულტურის ცენტრში გაიმართა. მაესტროს გარდაცვალებიდან 23 წლის შემდეგ მის საქმეს სათავეში მისივე შვილი, კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე ჩაუდგა.
- ბატონ ჯანოს დღეს რომ ენახა ეს ყველაფერი, რას იტყოდა?
- რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმე ასე რომ გრძელდება და უფრო ვითარდება, ძალიან გაიხარებდა, რადგან აგურ-აგურ ააშენა ეს ცენტრი. მამაჩემი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო და ყველა დეტალს აქცევდა ყურადღებას. მეც ამ გზას მივყვები, მაგრამ ამას ემატება ჩემი კომპოზიტორობა, რომელიც ძალიან მეხმარება ამა თუ იმ ნაწარმოების შინაარსის განსხვავებულად წაკითხვაში. თითქმის ყველა ნაწარმოებში არის ფარული¬ხმათა სვლა ან ნაკლებად გამოკვეთილი ჰარმონიული პლასტი, რასაც დირიჟორმა შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება, კომპოზიტორი კი აუცილებლად მიაქცევს და თუკი დირიჟორი განათლებით კომპოზიტორია, შეეცდება ეს დეტალები მეტად თვალსაჩინო გახადოს. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ ამა თუ იმ ნაწარმოების შესრულებისას სულ სხვა ხმები გაიგონეს, რაც ადრე არ ესმოდათ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძალიან ძნელია საათ-ნახევარში ასეთი კაცის ცხოვრება ჩაატიო, ვისაც ამდენი რამე აქვს გაკეთებული, მაგრამ ვიდეოკლიპების, მისი ზოგიერთი ახალი სიმღერის წარდგენის საშუალებით, აი, ასეთი სცენარი შევკარით და მგონი, გამოვიდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ ხალხის სიყვარულია. აი, ეს სიყვარული ვიგრძენი გუშინაც და დღესაც.
- ყოველდღიურობაში როგორი იყო?
- ძალიან ბევრი რამ იყო სასაცილოც, უცნაურიც... ერთხელ ავსტრალიაში ჩავედით, 24 საათი ვიმგზავრეთ, დაღლილები ვართ. მე მწეველი ვარ, ის არა და ამიტომ სხვადასხვა ნომერში დაგვაბინავეს. მე ბოლო სართულზე გამამწესეს და დავთქვით, რომ ერთ საათში ფოიეში შევხვდებოდით. ამ ერთი საათის განმავლობაში მომიკაკუნეს კარზე და ჯერ შამპანური მომართვეს, მერე ხილი. მამასთან ვრეკავ, შენთან მოაქვთ რამე-მეთქი? არა, არაფერიო. მოკლედ, მესამეჯერ რომ მომიტანეს მოსაწვევი ვიპ-სტუმრებისთვის, მივხვდი, რაც ხდებოდა, და ამ დროს მამა მირეკავს სიცილით: გამოდი მაგ ნომრიდან, არაა ეგ შენი ნომერი, ჩემიაო... ვმეგობრობდით, ბევრ რამეზე გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. მამა ძალიან ფეთქებადი იყო, მაგრამ მალევე წყნარდებოდა. მომთხოვნიც იყო და ამიტომაც ამბობდნენ, მასთან მუშაობა არ შეიძლებაო. ბევრი ვერ უძლებდა, მაგრამ მერე ყველაფერში მართალი აღმოჩნდა - ვინც უნიჭო იყო, უნიჭოდ დარჩა, ვინც ნიჭიერი, ნიჭიერად... ყველასგან პროფესიონალიზმსა და დისციპლინას ითხოვდა. მეც ასეთი ვარ, პასუხისმგებლობა და შრომისუნარიანობა უპირველესია.
- სახლში როგორი იყო ბატონი ჯანო?
- ძალიან თბილი და ტკბილი. უბრალოდ, შინ იშვიათად იყო - ან საზღვარგარეთ იყო, ან რეპეტიციებზე... მისი წასვლით მე ერთდროულად დავკარგე მეგობარი, კოლეგა, მამა. 12-13 წლამდე მამა კარგად არ მახსოვს, იმიტომ, რომ როგორც გითხარით, იშვიათად იყო შინ... თან მაშინ ქეიფის გაცდენა როგორ შეიძლებოდა? მაშინდელი ქეიფი შეჯიბრება იყო ნიჭიერებაში. აი, ქეიფთან დაკავშირებით გამახსენდა: 14 წლის ვარ და სოხუმში ზურაბ სოტკილავას დაბადების დღეზე დაგვპატიჟეს. ისე დაემთხვა, ანსამბლი "რუსთავიც" სოხუმში იყო. მახსოვს საოცარი პურმარილი და ქეიფი, მეორე დილით ზღვაში შესვლა 6 საათზე... ჩვენ ბიჭვინთაში ვცხოვრობდით, სადაც ჩვენი ორკესტრი თვე-ნახევრის განმავლობაში მართავდა კონცერტებს ბიჭვინთასა და გაგრაში. მოკლედ, დასაბრუნებელი ვართ ბიჭვინთაში. საათ-ნახევრის გზაა და ასე 6 საათზე გავედით სოხუმიდან. მე კი ვიცოდი მანქანის ტარება, მაგრამ ვინ დამსვამდა საჭესთან? თვითონ უნდა დამჯდარიყო. ჩემი ამოცანა ის იყო, რომ არ ჩასძინებოდა გზაში. გაგონილი მქონდა, ასეთ დროს მძღოლს უნდა ელაპარაკოო, მე კი ამის ნაცვლად, საათ-ნახევარი ვმღეროდი, თან მისწორებდა და მასწავლიდა რაღაცებს. ისე გამოვიდა, რომ მუსიკალური მასტერკლასი მივიღე "ჟიგული-03"-ში.
ომის დროს ბაბუაჩემი საბჭოთა მეურნეობის დირექტორი იყო და ბევრისთვის ეს გადარჩენის საშუალება გახდა - ბაბუას თბილისიდან არტისტები ჩაჰყავდა ბოლნისში კონცერტების ჩასატარებლად და დასაპურებლად, სანოვაგესაც ხშირად გაატანდა ხოლმე. ამიტომ ერთხანს ბოლნისში ცხოვრობდა. იქ ისწავლა ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. არაჩვეულებრივად უკრავდა ფანდურს, აკორდეონს. მუსიკის სიყვარული იქიდან გამოჰყვა. ამას ემატებოდა ისიც, რომ კახიძეების ოჯახი ძალიან მუსიკალური იყო. მამა ნამდვილი პროფესიონალი იყო ყველაფერში - დირიჟორობაშიც, სიმღერაშიც, ვოკალური მონაცემებიც უწყობდა ხელს.
მამას სიმღერების ტექსტების დიდი უმრავლესობა ბატონი პეტრე გრუზინსკის დაწერილია. მახსოვს, ბატონი პეტრე მოვიდოდა, დაუჯდებოდა გვერდით, დახუჭავდა თვალებს და მოისმენდა მუსიკას. მერე რაღაცას ჩაიწერდა, მეორე დღეს კი მოდიოდა არაჩვეულებრივი ლექსით. იცით, როგორი პოეტი იყო? სულ არ სჭირდება მუსიკა მის ლექსებს, მაგრამ როცა მუსიკაც ეხმარება, ღვთაებრივი ხდება.
- ბატონ ჯანოს მუსიკა და სიმღერები ფილმებისთვისაც აქვს შექმნილი...
- დიახ, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც ფილმში არ შესულა. ზოგი მუსიკალური ფილმისთვის დაიწერა. მაგალითად დევი აბაშიძის მუსიკალური ფილმი "გამოაღეთ ფანჯრები". დიდი მადლობა მას, რომ დააწერინა მამას რამდენიმე არაჩვეულებრივი სიმღერა და ხალხი მათ როგორც ხალხურს, ისე მღერის. დაახლოებით 100-ზე მეტი სიმღერა აქვს შექმნილი, მაგრამ სპეციალურად არასოდეს დამჯდარა დასაწერად. ყოველთვის რაღაც საჭიროება გამოჩნდებოდა ხოლმე - ან სპექტაკლს აფორმებდა, ან კინოფილმისთვის წერდა.
- როგორც კომპოზიტორმა, კომპოზიტორზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა...
- ალბათ, მართალი იყო, როცა თავს კომპოზიტორად არ მიიჩნევდა. იტყოდა ხოლმე, კომპოზიტორი ვაგნერიაო, ალბათ, იმ გაგებით, ის დიდ ნაწარმოებებს, ოპერას, სიმფონიებს რომ ქმნიდა. ალბათ, მართალიც იყო, მაგრამ რომ მოენდომებინა, მაგასაც შექმნიდა. მთელი ცხოვრება დირიჟორობას მიუძღვნა, მაგრამ ის, რაც შექმნა, თავისი სასიმღერო, ასე ვთქვათ, პლასტი, აბსოლუტურად არავის და არაფერს არ ჰგავს. სიმღერა ძალიან მოკლე და პატარა მუსიკალური ფორმაა და 3 წუთში მოახერხო ასეთი ხასიათის, განწყობის შექმნა, ძალიან ცოტას თუ შეუძლია.
- მამას შემდეგ როგორ მიდის ცხოვრება?
- გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ვნახე, არაფერი მიანიშნებდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო. სტუდიაში ვიყავი და ჩემმა დამ დამირეკა, რომ იტყვიან, ბოლო წუთებში... იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. მისი სიკვდილის შემდგომ მე ავიღე ორკესტრზე პასუხისმგებლობა. 23 წელი გავიდა და ამასობაში მეც ვისწავლე რაღაცები...
რუსუდან შაიშმელაშვილი