"ვაჟა-ფშა­ველას­ შვილი 90 წლისა გარდაიცვალა და ერთხელ არ იყო ნამყოფი მამის საფლავზე - "სხვას ვატყუებ, რომ მინახავს, ამბობენ კლდოვანშიაო" - რატომ არ და - კვირის პალიტრა

"ვაჟა-ფშა­ველას­ შვილი 90 წლისა გარდაიცვალა და ერთხელ არ იყო ნამყოფი მამის საფლავზე - "სხვას ვატყუებ, რომ მინახავს, ამბობენ კლდოვანშიაო" - რატომ არ დადიოდა გულქან რაზიკაშვილი მამის საფლავზე?

"ბედმა ისეთ ბუმბერაზ პიროვნებებთან ურთიერთობის და მეგობრობის ბედნიერება დამაბერტყა, სხვებს შესახვედრად და შესახედად ენატრებოდნენ. ისეთი­ ცხოვრება გამოვლილები, ისეთი მდიდარი სულის პატრონები... საგონებელში ჩამაგდეთ, რომელი ერთი გავიხსენო? იმდენი საოცარი ამბავი მაქვს მოსმენილი, მათგან რომელი ავირჩიო?" - ეთერ თათარაიძე­ რუბრი­კაში "არასდროს დამავიწყდება" გამორჩეულად საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

გულქან რაზიკაშვილი

- გულქან რაზიკაშვილს ვერ დავივი­წყებ. უფლის საჩუქარი იყო, ვაჟა-ფშა­ველას­ შვილთან­ დღეები გამეტარებინა და გამეგო ის, რაც ბევრი ვინმესთვის გამხელილიც კი არ ჰქონდა. როცა მის გვერდით იყავი, უნდა დადუმებულიყავი და გესმინა - ისეთი მეტყველი, სიტყვაში მამამისის ისეთი მემკვიდრე იყო, მაკვირვებდა ნიჭიერებით. ჩამოთვლიდა თავის გამორჩეულ ბიძებს. ადამიანი ძოწს (თუშები მძივს ვეძახით) რომ აასხამს, ისე აწყობდა სიტყვებს.

- მისი მონათხრობიდან გამორჩეულად რა გახსოვთ?

- ვხვდებოდი, რომ გულქანს მამის საფლავი ნანახი არ ჰქონდა. ერთ დღეს ვუთხარი, - ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და გამიმხილე, მამის საფლავი გინახავს?­ ხმას დაუწია, დაიჩურჩულა: ეთერო, ჩემის ლამაზის მამის სულს გეფიცები, მე მამაის საფლავი არ მინახავს, სხვას ვატყუებ, რომ მინახავს, ამბობენ კლდოვანშიაო...

ახლა ნარიყალაზე ვცხოვრობ, აქ მანქანა არ ამოდის, მე და ამირანი ახალგაზრდები ვიყავით, ეს ადგილი საცხოვრებლად რომ ავირჩიეთ, შეცდომა დავუშვით­, ახლა ადვილად ვეღარ მოვდივართ, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, პირველად რომ ამოვედით, ხედმა დიდი შთაბეჭდილება მოხდინა. აქედან მთაწმინდა კარგად სჩანს. ერთხელ ამირანმა თქვა: როგორი­ თავხედური ხედიაო. გავყურებ ხოლმე პანთეონს და სულ გულქანის სიტყვები მახსენდება: "ამბობენ კლდოვანშიაო"... 90 წლის გარდაიცვალა და ერთხელ არ იყო ნამყოფი მამის საფლავზე.

gulqani-1748800502.jpg

- მიზეზი არ გიკითხავთ?

- მითხრა, არ შემიძლია ის წარმოვი­დგინო, რომ იქ მამაის ძვლებია, ვინც მიყვარს იმის საფლავს რა მანახებს, იქავ გავთავდებიო. სხვაგვარად მგრძნობიარე ადამიანი იყო. მეტყვიან, მსოფლიოს შენ მამაის სადარი მწერალი არა ჰყავ, ბუნების­ მგოსანიო. ამბობდა, მე და მამას ბედისწერით ერთ "კალაპოტში" გვედგა ფეხებიო. ორივეს ცხოვრება მძიმე იყო.

იცით გულქანი როგორ დაიმარხა? ვაჟა-ფშაველას უკანასკნელი ქალიშვილის დაკრძალვაზე მხოლოდ 47 ადამიანი ვიყავით.­ იმ დროს მწერალთა კავშირში­ 800 კაცი იყო, როგორც ჩანს, იქ მოსასვლ­ელად არ ეცალათ. არ ვართ მარ­თლები... მაშინ კარლო კობერიძე ჩამო­ვიდა­ თელავიდან და თქვა, როგორც დღეს ვაჟას­ შვილი იმარხება, ასე ჩვენთან­ სულ რომ არავინ ჰყავს­, ასეთ მიცვალებულსაც კი არ დამარხავს სოფელიო.

- ვაჟა როგორი მამა იყოო, ამის შესახებ რა გიამბოთ?

- გულქანს მამა ძალიან უყვარდა, ამბობდა, რომ ცოტათი ფიცხი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ არაჩვეულებრივი მამა იყო. ყველაზე ახლოს გულქანთან ყოფილა, რომ ვიცოდი, წერა უყვარდა, ღამეებს­ ათენებდა, მის საამებლად არყის ხის ანაძრობ კანს (კვარს) მოვიტანდი ტყიდან, ჭიქაში იებს ჩავუდგამდიო. პირველი გაზაფხული რომ მოვიდოდა, მეტყოდა, გულქან, იები მოვიდა, სტაქანი დადგი ფანჯრის რაფაზე და იები ჩააწყვეო.

გულქანის ცხოვრება ტრაგიკული იყო. ის თურმანაულის კაცზე იყო გათხოვილი, არ ვიცი, იმ კაცის მეტსახელი იყო თუ მე ვერ გამაგებინა, როდესაც სახელი ვკითხე, მითხრა: მე კი მარტო "უგემური" ვიცოდი მისი სახელიო. გულქანს ის კაცი უყვარდა, მაგრამ მერე გაიგო, რომ ღალატობდა და მისი სახლიდან წამოსულა, ბავშვიც თან წამოუყვანია. ბიჭს გიორგი ერქვა, მაგრამ მალე მოუკვდა, ღვთის რჩეული იყო.

- ეგ რას ნიშნავს?

- ღამით აკვნიდან სინათლე გადმოდიოდა, აშუქებდა. ჯერ ისევ ძუძუს სწოვდა, რომ გარდაიცვალა. გულქანი მამის სახლში იყო, მდინარის ნაპირზე ნარიყი შეშის ამოსატანად ჩასულა. შინ რომ მოვედი "ჩაქარსული" დამხვდა, ტირილისგან ხმა აღარ ჰქონდაო...

გულქანმა თავად მიამბო, შვილი დიდხანს არ გვიჩნდებოდა, ერთ დღეს მესიზმრა, ზეციდან წმინდა გიორგი მოდიოდა, მისი ცხენი ფეხებს მოჰკეცდა, მე და უგემური ცხენებით სადღაც მივდიოდით, წმინდა გიორგი დაბლა ჩამოვიდა, გვითხრა, შეჩერდითო! ხელიდან ბეჭედი წაიძრო და მე გამიკეთა, ნიშანი მომცა, რომ შვილი მეყოლებოდა, ბიჭის დედა გავხდებოდი და გიორგის დავარქმევდიო. მართლაც მალე დაფეხმძიმდა და გააჩინა ბიჭი, რომელიც ღვთიური ნიშნით დაიბადა. ღვთის რჩეულობის თემა ფოლკლორში ძალიან დიდია, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. ქართულ ფოლკლორზე მდიდარი არაფერი გაგვაჩნია და სათანადოდ სკოლებშიც კი არ ისწავლება...

ივანე წიკლაური

- ჩემ თვალწინ ორი დი­დ­ი­ სახალხო მთქმელი ტრიალებდა­: ივანე­ წიკლაური ავტორი ლექსისა "რამ დამა­ბერა­"­ და იოსებ­ ბაიაშვილი - ფი­ლოს­ოფიური ლექსების დიდოსტატი. ორივე­ უდიდესი განძის შემქმნელი და დამტოვებელი.

ივანე წიკლაურმა "რამ დამაბერა"­ თავის სწორფერ ლელა გაბურს მიუძღვნა,­ რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.

"ვერ მიცნა, ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა: / რამ დაგაბერა?­ - ის მკითხა: ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა? / ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცისამა, / სამოც-სამოცჯერ მოსვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა, / ოცდაერთათას ცხრაასჯერ ცაზედ ამოსვლამ მზისამა, / გაფრენამ სიზმარივითა შვიდას ოცისა თვისამა..."

ძალიან დიდი ლექსია, შენ 18 წლის მოკვდი და მე 60 წლის გავხდი, ამიტომ ვეღარ მიცანიო.

ამ ამბავს ბოლომდე მივყევი. ერთ დღეს ჩემს ნათლულს, მანანა გაბურს ვკითხე, ლექსის ადრესატის შესახებ რა იცოდა? მითხრა, რომ ლელა გაბური მისი მამიდა­ იყო. მანანამ მიამბო, ეს ლექსი როგორ დაიწერა, წინ რა ამბავი უძღვოდა. თურმე ძია ივანე ლელა გაბურის ოჯახში, მისი გარდაცვალების შემდეგ ხშირად მიდიოდა, ყველანი პატივს სცემდნენ, მოსწონდათ და უყვარდათ თავის წესიერებით. ზოგჯერ მათთან ღამეც რჩებოდა. ერთხელ დილაადრიან ამდგარა და მანანას დედას უკითხავს, ივანე, ასე ადრე რატომ ადექიო? ლელა მესიზმრა და ვეღარ დავიძინე, მკითხა, ბიჭო, საცნობ აღარ ხარ, რამ დაგაბერაო? ამის შემდეგ დაიწერა ეს ლექსი - შედევრი.

ეს ლექსი მთავრდება სიტყვებით: "კელაპტარივით ჩაქრობამ ჭრელების თვალებისამა, ბარუქას დაბინავებამ, გაწირვამ არხოტისამა". სულ ვფიქრობდი, ბარუქა რა იყო? გუმანით ვხვდებოდი, შეიძლებოდა სასაფლაო ყოფილიყო. ერთხელ სვანეთში ყოფნისას ძია ვანოს ვკითხე, ბარუქა რა არის-მეთქი? შემომხედა, ძალიან მტკივნეულად ჩაიცინა და დამიდასტურა ის, რასაც გუმანით ვხვდებოდი...

დედუა

- წლების განმავლობაში, ამბების უამრავ მთქმელს და თავად იმ ამბებში მყოფებს შევხვედრივარ. არასდროს დამავიწყდება, სოფელ ჯუთაში მცხოვრები არაბულების რძალი დედუა, რომელსაც ქმარი ქისტებმა მოუკლეს, ცხედარიც არ გამოატანეს. დედუამ კაცებს არაფერი უთხრა, იცოდა ქისტების ამ სოფლამდე როგორ უნდა მისულიყო, გადაიპარა, თავის ქმრის ძვლები მოაგროვა და წინსაფრის კალთით გადმოიტანა. დედუას ფანტასტიკური გონება ჰქონდა, "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა.

- ამ ამბავზე არაფერი ჰკითხეთ?

- მითხრა, მძიმე იყო, მაგის გახსენება არ მწადიანო, უთქმელი იყო ქვასავით...

აღათო

ყველამ მაპატიოს, ვინც დღეს ვერ გავიხსენე, თითოეული მათგანი ჩემს გულშია. არასდროს დამავიწყდება დანოელი (დანო სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში) აღათოს ამბავი. მან თავი მოიკლა, ჩემს სოფელში მე და ამირანმა საფლავის ქვა ვიპოვეთ, გავწმინდეთ და წავიკითხეთ: "19 წლის გარდავიცვალე, მე აღათო ლაზარეს ასული, წამკითხველნო, გთხოვთ შენდობას!"

სამარებიდან სოფელში რომ ჩამოვედით, დედას ვკითხე, აღათო ვინ იყო-მეთქი? მითხრა, მას დედა თათარაიძე ჰყავდა, მამიდად გერგებოდა, თავი მოიკლა, ალაზანში გადავარდაო. ეს ამბავი წლობით ვეღარ ამოვიღე ვერც გულიდან და ვერც გონებიდან. აღათოს თავი სიყვარულის გამო მოუკლია, მეორე ასეთი პიროვნება გახლდათ ასმათ თავბერიძე და მე დავიწყე სიყვარულისთვის თავმოკლულ ქალებზე ფიქრი. ეს ვრცელი თემაა...

ვერასდროს დავასრულებ ლაპარაკს ვახუშტი კოტეტიშვილზე, თენგიზ მირზაშვილზე, როგორ შემიცვალეს ცხოვრება. ჩუბჩიკა ჩემი ლექსების ყველაზე დიდი პატრონი და ყველაზე დიდი გამგები იყო. თუშური დიალექტი ისწავლა. რომ გარდაიცვალა, მეგონა, ჩემი ლექსებისთვის სამყარო დაიხურა.

თამუნა კვინიკაძე