"ჩემი მოტვლეპილი თავი ჩემი სავიზიტო ბარათია. დიდი ტკივილიც გადამიტანია და ღალატის სიმწარეც" - კვირის პალიტრა

"ჩემი მოტვლეპილი თავი ჩემი სავიზიტო ბარათია. დიდი ტკივილიც გადამიტანია და ღალატის სიმწარეც"

"სისხლისღვრას სიკეთე არასდროს მოაქვს, კაცობრიობამ ეს რატომ ვერ ისწავლა?!", - ამბობს მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი.­ რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რა ვერ გაბედა დღემდე და სად მიიღო პირველი აპლოდისმენტები? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1963 წლის 13 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...­

- მხატვარი. სულ ვხატავდი, მაგრამ ეს უნარი ვეღარ­ განვავითარე. მემუარების დაწერის დრო რომ მოვა, შეიძლება ჩემი მხატვრობით გავაფორმო.

- ჩემზე ამბობენ...

- სამართლიანი და კეთილიაო. მე დავამატებდი, რომ ძალიან მიმნდობი ვარ.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ეს იყო რუსთაველის თეატრში მოხვე­დრა, რაზეც იმ დროს ყველა მსახიობი­ ოცნებობდა. მით უმეტეს, ისეთ მაგარ რეჟისორთან მუშაობა, როგორიც რობერტ­ სტურუაა. მას ყოველთვის გულისყურით­ ვუსმენდი, ვცდილობდი, ყველაფერი ღრუბელივით შემეწოვა. პედაგოგებშიც ძალიან გამიმართლა. უნივერსიტეტში გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში მოვხვდი. მასწავლიდნენ გიზო ჟორდანია, გურამ საღარაძე, ლეილა კაპანაძე, სანდრო მრევლიშვილი...­ გიგა ლორთქიფანიძე ლექციებზე საოცარ ამბებს­ გვიყვებოდა... გვაყვარებდა­ სამშობლოს, ერთმანეთს, სულ გვეუბნებოდა,­ შეიძლება ყველანი კარგი მსახიობი ვერ გამოხვიდეთ, მაგრამ უნდა იყოთ კარგი მოქალაქეები, უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, ადამიანი უნდა გიყვარდეთო! ასეთი დამოკიდებულება იყო მაშინ უნივერსიტეტში.

deda-1748800501.jpg

- პირველი აპლოდისმენტები...

- მისი "გემო" ჯერ კიდევ სტუდენტო­ბისას გავიგე. კინოთეატრი "სპარტაკი" გადაკეთდა, სცენა მოეწყო, სადაც სპექტაკლები იდგმებოდა. იქ ვეზიარეთ პირველ აპლ­ო­დისმენტებს, ავტოგრაფებს...

- მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლი...

- ხალხის სიყვარულია. გულწრფელობა­ უმთავრესია, მაყურებელს ვერასდროს მოატყუებ, ის ყოველთვის ხვდება შენს ინტელექტს, გემოვნებას, მსოფლმხედველობას. იღბლიანი მსახიობი ვარ, სცენის ჯადოქრებთან მომიწია არა მხოლოდ თამაშმა, არამედ მეგობრობამ. დღეს ძალიან სევდიანია, როდესაც თეატრში შევდივარ და ამდენი ადამიანი აღარ მხვდება, გული მეკუმშება, მათი ღიმილი, შეხვედრები, მანერები, დამოკიდებულება ძალიან მენატრება.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- მყავს ოჯახი, 3 შვილი, 2 შვილიშვილი, ყველანი ჯანმრთელად და კარგად არიან. უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, დედა და მეგობრები ცოცხლები რომ მყავდნენ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ჩემი მოტვლეპილი თავი.

meugle-1748800501.jpg

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- მხარში ამოვუდგე ადამიანებს. ჩვენს საზოგადოებაში იყოს დიდი სიყვარული და გვქონდეს თანადგომის განცდა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ძალიან ბევრი რამ. აუცილებელია საკუთარი ქცევები გააანალიზო და გამოასწორო. ისეთი შეცდომაც დამიშვია, რომელსაც მერე დავუთრგუნივარ, ფსიქოლოგიურად ძალიან უმოქმედია, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნა არ მჩვევია. ჩემი თავის მკურნალი ვარ, კარგად ვფლობ ემოციებს, საკუთარი თავი კარგად მყავს შესწავლილი, ვიცი რა მაქვს უარყოფითი, რა - დადებითი.

- პატიება შემიძლია თუ...

- არ მიღალატე. ჰოროსკოპით ლომი ვარ, ამ ნიშნის თვისებები მაქვს, მაგრამ პატივმ­ოყვარეობა და განდიდების მანია არასდროს მქონია.

- ვიბნევი...

- ქათინაურებს რომ მეუბნებიან, ვწითლდები. უთქვამთ, სიწითლე გულწრფე­ლობის, შინაგანი სისუფთავის დასტურიაო.

- წონასწორობიდან გამოვყავარ...

- უსამართლობას, ცილისწამებას - შეიძლება გავგიჟდე, გავაფრინო.

uprosi-shvili-da-shvilishvili-1748800501.jpg

- ამ დროს, საკუთარ თავს შორიდან რომ შეხედოთ, როგორია მალხაზ ქვრივიშვილი?

- საკუთარ თავს შორიდან ადრე ვუყურებდი, მაგრამ მითხრეს, ეს შენს პროფესიაში ხელის შემშლელიაო და გადავეჩვიე. როდესაც თავს აკონტროლებ, თავისუფლებას კარგავ და ამას მაყურებელი გრძნობს.

- სიყვარული ეს...

- სიცოცხლეა, ყველაფერია, ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ასე მწამს, სიყვარული თუ არ იქნება, აღარაფერი აღარ იარსებებს. ბავშვობიდან მქონდა ეს განცდა, რაღაცას რომ გრძნობ და არ იცი, რა არის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- გული ყელიდან ამომივიდა, მივხვდი, ჩემს თავს რაღაც საოცრება ხდებოდა, ბედნიერი ვიყავი, მინდოდა, მეფრინა, საოცარი შეგრძნება იყო, ზუსტად ვერც ვხსნი, რა მჭირდა. მერე, წლების განმავლობაში, ბევრი ემოცია დაგროვდა...

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- კარგმა ამბავმა, სპექტაკლის წარმატებამ, ჩემი შვილების, მეუღლის წარმატებამ. მაყუ­რებელი რომ ტაშს გიკრავს, ეს იმის ნიშანია, რაღაც გამოგივიდა და ეს განწყობაზე ყოველთვის აისახება. ახლობელი რომ დაგირეკავს და გეტყვის, სასიხარულო ამბავი უნდა გითხრაო, ასეთი ამბებიც სიცოცხლეს მიხანგრძლივებს.

- მაკვირვებს...

- ამდენი ადამიანი რატომ ცდილობს, გვერდით მყოფს ბოროტება გაუკეთოს? ან ამდენი იარაღი რა საჭიროა? ამდენი ხოცვა-ჟლეტა რისთვის ხდება, როცა შესაძლებელია თანხა, რაც მსოფლიო მასშტაბით შეიარაღებაში იხარჯება, ადამიანების კეთილდღეობას მოხმარდეს. სისხლისღვრას სიკეთე არასდროს მოაქვს, საუკუნეების მანძილზე კაცობრიობამ ეს რატომ ვერ ისწავლა?

- ვიტყუები, როცა...

- არ ვიტყუები, რაში მჭირდება?

- მეშინია...

- მეშინოდა სიბერის და სიკვდილის, ახლა რატომღაც შევეგუე. ზოგჯერ უცნაურობა მემართება, მინდა დავურეკო ადამიანს, რაღაც ვუთხრა და მახსენდება, რომ ის აღარ არის... ბევრი ძალიან ახალგაზრდა ახლობელი წავიდა... ახლა დროს სხვაგვარად ვაფასებ, სხვაგვარად ვაფასებ იმ ადამიანებს, ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს. ალბათ, ეს ყველაფერი ასაკმა მოიტანა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ადამიანებს ადვილად ნუ ენდობიო, ასეთი ვარ და რა ვქნა? ამის გამო იმედგაცრუება მქონია, დიდი ტკივილიც გადამიტანია და ღალატის სიმწარეც.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- საზღვარგარეთ წასვლა. რომ გამერისკა, შეიძლებოდა, უკეთესი ცხოვრება მიმეღო, მაგრამ ადამიანი შენს თავზე მაღლა ვერ ახტები. ბავშვების, მეუღლის, დედის გამო რაღაც ნაბიჯები ვერ გადავდგი, არადა მქონდა შემოთავაზებები ქვეყნის გარეთ საქმიანობაზე.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ბავშვებს კარგ განათლებას მივცემდი, ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. ერთ სოფელს ძალიან კარგად ავაშენებდი, მოვუვლიდი, ისეთ სოფელს გავაკეთებდი, სადაც ცხოვრება ყველას ენდომებოდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ბრძოლისუნარიანი ვხდები. ფარ-ხმალს არ ვყრი, პესიმიზმი არ მიპყრობს,­ ცოტა დრო მჭირდება და მერე გადავდივარ­ მოქმედებაზე. ეს დროთა განმავლობაში ვისწავლე, საკუთარი თავი აღვზარდე.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- დედა ხშირად მარიგებდა, ის ჩემი მეგობარი იყო, ხშირად გვქონდა გულახდილი საუბრები. დღეს რამეს თუ წარმოვადგენ, ეს დედის დამსახურებაა. როცა ვეწინააღმდეგებოდი, მეუბნებოდა, დაიმახსოვრე, შენც გეყოლება შვილები და მერე მიხვდები, შვილი რა არის. გაიგონე რასაც გეტყვი,­ შენ სხვა ამას ვერ გეტყვისო. დედა 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, სულ მაკონტროლებდა - რა დავლიე, რა შევჭამე, სად ვიყავი? ვეუბნებოდი, უკვე დიდი ვარ, შვილები, შვილიშვილები მყავს და კიდევ უნდა მაკონტროლო? უკვე მე გივლი და პატარა შენ გამოდიხარ, ახლა შენ ხარ ჩემი შვილი და დამიჯერე-მეთქი.

- დაბოლოს გეტყვით...

- ერთმანეთს ძალიან მკაცრად ნუ განვსჯით, ნუ განვიკითხავთ, იქ, სადაც ყველანი წავალთ, ჩვენი ცოდვები ისედაც მოგვეკითხება. მინდა, გულებში სითბო და სიყვა­რული დავიბრუნოთ!

თამუნა კვინიკაძე