"300 მეტრის უღელტეხილიდან ავტომანქანით რომ გადაფრინდები, იქ ხომ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს! ცოდვიანთხევში უამრავი მძღოლ-მანქანაა ჩანთქმული"
შიში და ადრენალინი! ალბათ, არ მოიძებნება თუშეთის გზაზე მიმავალი ორი მგზავრი, რომლებიც თუშეთის გზის ექსტრიმს ერთნაირი სიტყვებით აღწერენ. გზა სახიფათოა, ამბობენ, რომ იქ შემდგარს გული გამალებით გიბაგუნებს, მაგრამ გარშემო სილამაზეს შეხედავ და სხვა სივრცეებში გადიხარ, პრაქტიკულად, პარალელურ სამყაროში, სადაც, ალბათ, ის სულები ცხოვრობენ, რომლებიც თუშეთის სილამაზეს მფარველობენ. ამასობაში იქნებ ისიც იფიქრო, რომ შიში მხოლოდ წარმოსახვაა, როდესაც 3000-მეტრიან ციცაბოზე, შენ წინაც და უკანაც, ათასობით კაცი მიდი-მოდის და არ ეშინიათ! არადა, მოდი, ნუ შეგეშინდება, თუშეთის გზა ხომ მსოფლიოს 10 ექსტრემალური გზის სიაშია. გოჩა ბედოიძე 11 წელიწადია თუშეთის გზაზე გიდად მუშაობს და სეზონზე 30-ჯერაც ადის.
- საინტერესოა, როდესაც თუშეთში გზა არ იყო, თუშები როგორ დადიოდნენ 3000 მეტრი სიმაღლის უღელტეხილზე და რამდენი თუში ცხოვრობდა იქ?
- თუშები ჩრდილოეთით საქართველოს საზღვრებს იცავდნენ. სწორედ თუშეთის მხრიდან შეიძლებოდა რომელიმე ჩრდილოური ტომი შემოვარდნილიყო და დედაბუდიანად აეკაფა აქაურობა. ასეთი წესით ფხიზლობდა ეს ხალხი, ბევრნი იყვნენ და მტრისგან თავის დაცვაც არ ეძნელებოდათ. 4500 კაციც კი ცხოვრობდა ერთ დროს თუშეთის სოფლებშიD და კიდევ ცდილობდნენ ბევრი შვილი ჰყოლოდათ. ეგეც ქვეყნის დაცვის მთავარი პირობა იყო. არ არსებობდა თუში, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახი არ ჰყავდა. ხნავდნენ, თესავდნენ, ქსოვდნენ, თიბავდნენ და კლდეებზე მფრინავ ბავშვებს ზრდიდნენ... რუსებმა კი ეს ყველაფერი შეცვალეს. თუშეთში გზა რამდენიმე ათეული წელია რაც გაიყვანეს, მანამდე თუში კახეთში ცხენებით ჩადიოდა და თან ცხვარიც მიჰყავდა. სოფლებში ქალები რჩებოდნენ. ამიტომ თუშ ქალს ძალიან დიდი ფუნქცია ჰქონდა, ხშირად სათიბსაც ქალი თიბავდა, საქართველოში ცელს მხოლოდ თუში ქალები იქნევდნენ. ხშირად სამსჯავროს მოსამართლეც ქალი იყო. დღეს რომ დართლოში უცხოელები ამყავს, დართლოს სამსჯავროს 12 ქვას ვაჩვენებ. აქ მოსამართლე ქალი მე-12 საუკუნეში იჯდა და განაჩენი გამოჰქონდა-მეთქი, რომ ვეტყვი, გაკვირვებული მიყურებენ, ქალიო?! თანაც ვეუბნები, ჩვენს სასამართლოს სიკვდილის განაჩენის გამოტანის უფლება არ ჰქონდა, ამბობდნენ, ღვთის გაჩენილი ადამიანი სხვა ადამიანმა როგორ მოკლასო, და ეგ ძალიან უკვირთ. თუმცა ყველაზე დიდ დამნაშავეებს სოფლიდან წასვლას უსჯიდნენ - ეს ყველაზე დიდი სასჯელი იყო.
- ამ სილამაზის მოშორება ტურისტს უჭირს და აქ დაბადებულს როგორ არ გაუჭირდებოდა. ახლა ის მითხარით, გზის შიშის დასაძლევად, რას ურჩევთ ტურისტებს?
- პირველ რიგში, გაჰყვნენ იმ გიდებს, რომლებსაც თუშეთის გზაზე სიარულის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. სინამდვილეში თუშეთის გზებზე სიკვდილის მიზეზი არა თავად გზა, არამედ დაუდევრობაა. რაც აქ უბედურება მომხდარა, ყველა იმ მიზეზით, რომ ზოგიერთი მძღოლისთვის ეს გზა ექსტრიმია, აზარტი... უცხოელების დაღუპვის შემთხვევებიც არაერთია თუშეთის გზაზე. პრაქტიკულად ყველა შემთხვევა გარდაუვალი სიკვდილია - 300 მეტრის უღელტეხილიდან რომ ავტომანქანით გადაფრინდები, იქ ხომ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს! ცოდვიანთხევში უამრავი მძღოლ-მანქანაა ჩანთქმული.
მთავარია, გზამდე მიხვიდე. ვინც ამის მერე აქაურობას შეხედავს, ამ სილამაზეს, გზაზე დადგომაზე უარს ვიღა იტყვის?! არ მქონია ეგეთი შემთხვევა. უფრო მეტიც, უკან წამოსვლისას ყველა გაიძახის, ინტერნეტიდან რა საშიში მეჩვენებოდა ეს გზა და თურმე სულაც არ ყოფილა ასეო. არც ის გამიგონია, აწი ამ გზაზე ჩემი ფეხი აღარ იქნებაო. განსაკუთრებით უცხოელები ბრუნდებიან თუშეთში ხშირ-ხშირად. თუშეთში ამსვლელებში უცხოელთა წილი ყოველთვის მეტია.
- ამიტომაც ღირს, ალბათ, თუშეთში ასვლა საქართველოში ყველა მარშრუტზე ძვირი.
- ასეა. ძალიან ლამაზია თუშეთი, ყველაზე ლამაზი კი შემოდგომაზეა. სექტემბრის ბოლომდე შეიძლება აქ ასვლა, ოქტომბერშიც, მაგრამ ამ დროს შეიძლება თოვლი გამოგყვეს უკან. ისეთი ხალხიც მინახავს, ვინც თუშეთის სილამაზეს დაუმუნჯებია და მთელ გზაზე ხმა ვერ ამოუღია.