„გთხოვთ მიშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან...“
არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან გასული ემიგრანტების რაოდენობამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა. მათგან ნაწილი აღარ დაბრუნდება - უცხოეთში მტკივნეული ადაპტაციის შემდეგ სამშობლოს სიძნელეებთან კვლავ გამკლავების ენერგიას ყველას ვერ მოსთხოვ. თუმცა ემიგრანტების ნაწილს დაბრუნება სურს; ფიქრობს, სამშობლოში ფეხი როგორ მოიკიდოს და რაც მთავარია, რა არგოს მიტოვებულ სამშობლოს. ბევრი მათ შორის ჩვენც გვთხოვს დახმარებას, რადგან დიდი სირთულეები და ბიუროკრატიული ბარიერები ხვდებათ. მათ შორის არის ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ემიგრაციაში გარკვეული სახსარი დააგროვა და სურს სამშობლოში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დაეხმაროს. ქალბატონი, რომლის სურვილით მის ვინაობას არ ვამხელთ, აი, რას გვწერს:
"ძვირფასო რედაქცია, არ მოგმართავდით დასახმარებლად, რომ არ ვიცოდე, მუდამ პატრიოტული საქმეების გვერდით ხართ, რაშიც მე ჩვენი სახელმწიფოს თანადგომას ვერ მივაღწიე. გთხოვთ მიშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან, რომ ამ კეთილი საქმის გაკეთებაში გვერდით დამიდგნენ. მათ პროექტის დაფინანსებას არ ვთხოვ, მხოლოდ ბარიერების მოხსნას პროექტის განხორციელებაში და საწარმოს ფართის გამოყოფას დროებით, თუნდაც მიტოვებულ შენობასა და რაიონში, მანამდე, ვიდრე ჩვენი საწარმო თავად დადგება ფეხზე. წლების წინ პროექტი პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყანაში განხორციელდა და რა გახდა ასეთი, რომ ჩვენი ქვეყანა ჰკრავს ხელს? პატივისცემით, ანა"
სიამოვნებით გამოვეხმაურეთ ჩვენს რესპონდენტს.
- ქალბატონო ანა, გვწერთ, რომ ბავშვთა სახლში გაზრდილი ბავშვების დასახმარებლად პროექტი გაქვთ. რა გიშლით ხელს მის განხორციელებაში?
- სოციალურად შეჭირვებული ბავშვების დახმარების სურვილი მუდამ მქონდა და ამას მიზეზი აქვს. არა მხოლოდ ბავშვთა სახლში გაზრდილი ბავშვების დახმარება მსურს, არამედ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისაც, რომელთაც მატერიალურად უჭირთ. მსგავსი პროექტები განხორციელდა ევროპის ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდები სწორედ ასეთი საწარმოებით გაჰყავთ ცხოვრების გზაზე. ასწავლიან შრომას, რაშიც ხელფასს იღებენ და წელში იმართებიან. იგივე მინდა გავაკეთო ჩვენთანაც, რადგან ბავშვთა სახლებში გაზრდილმა ბავშვებმა ისიც კი არ იციან, სად იცხოვრონ მას შემდეგ, რაც 18 წელი შეუსრულდებათ. აი, ამისთვის ვაგროვებდი ფინანსებს ემიგრაციაში, საწარმოსთვის შევიძინე მანქანა-დანადგარები. თუმცა ვერ მივაღწიე სახელმწიფოსთან საწარმოსთვის ფართობის გამოყოფაზე შეთანხმებას. უამრავი ბარიერი შემიქმნეს და სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ. მე ხომ მათ ფულს არ ვთხოვ, მხოლოდ ფართობის გამოყოფას ვითხოვ, ისიც დროებით, სანამ ფეხზე დავდგებით მე და ბავშვები, რომლებმაც მინდა ჩემთან ერთად იცხოვრონ და თან იშრომონ ისევ სახელმწიფოს მეთვალყურეობით.
მინდა ჩვენს საწარმოში არა მხოლოდ 18 წელს მიღწეულმა მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა იშრომონ. ევროპული კონვენციით, ბავშვთა მსუბუქი შრომა 15 წლის ასაკიდან არის დაშვებული და თუკი სოციალურად დაუცველი 15 წლის ბავშვი ხელფასს აიღებს, ოჯახს და საკუთარ თავს დაეხმარება, ამაში ცუდი რა არის?
- ალბათ, უამრავი პროექტი გექნებათ ჩაფიქრებული, რაც ამ საწარმოში უნდა გაკეთდეს.
- არაერთი, თუმცა მინდა ჯერ გრავიოლას ნატურალური პროდუქციის წარმოებით დავიწყო. მცირე ნაწილი წლების წინ შემოვიტანე ჩვენს ქვეყანაში. გრავიოლა უძვირფასესი მცენარეა, რომლის პროდუქციის დამზადების ტექნოლოგია ევროპაში შევისწავლე.
ეს პროექტი ერთადერთი არ იქნება, რასაც საწარმოში გავაკეთებთ. ყველა საჭირო ტექნოლოგია მაქვს, გარდა ფართობისა, რომელსაც, ალბათ, საკუთარი სახსრით დიდხანს ვერ ვიყიდი. ამასობაში ჩემი ტექნოლოგიებიც საწყობში დალპება.
პ.ს. ხელოვნური ბარიერები მსგავს პროექტებზე მხოლოდ ქალბატონ ანას როდი შეექმნა. აქვე დავძენთ, რომ წერილის მომზადებისას გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივა, რომელიც ემიგრანტებს მოუწოდებს მსგავსი წინადადებები გააცნონ, რათა განხორციელებაში შეძლებისდაგვარად დაეხმარონ. იმედია, სიტყვა სიტყვად არ დარჩება და მსგავსი პროექტების განხორციელება დროულად დაიწყება.