"ხალხს თითქოს ხმა ჩაუწყდა... იმ დღიდან ნაზი შამანაური გაქრა" - როგორ დააპატიმრეს ჟურნალისტი, რომელსაც ზვიად გამსახურდიამ სამასმეერთე არაგველი უწოდა - კვირის პალიტრა

"ხალხს თითქოს ხმა ჩაუწყდა... იმ დღიდან ნაზი შამანაური გაქრა" - როგორ დააპატიმრეს ჟურნალისტი, რომელსაც ზვიად გამსახურდიამ სამასმეერთე არაგველი უწოდა

"სასტიკი სისულელეების კეთება ყოველთვის შეუძლია ხელისუფლებას, ასე ჰგონიათ, მუდამ ექნებათ სკამი, მერე კი ძალიან გვიანია იმ წყევლა-კრულვის გამოსწორება, რასაც ხალხისგან მათი შთამომავლობა იღებს"

დრო ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი თავისუფლების დაკარგვას მხოლოდ დროებით ეგუება, საჭირო მომენტში კი განახლებული ენერგიით იწყებს მის დასაბრუნებლად ბრძოლას. არის ხალხი, რომელთა ბრძოლის მაგალითი თავისუფლების სიმბოლოდ იქცევა და კლასიკურად ერგება ყველა ეპოქას. მათ შორის არის ჟურნალისტი ნაზი შამანაური - ახალგაზრდა, მშვენიერი ქალი, რომელსაც პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სამასმეერთე არაგველი უწოდა. ის სწორედ საჯარო ადგილას და ისეთ სიტუაციაში აიყვანეს, რომ დღევანდელობასთან უამრავი პარალელის გავლება შეიძლება.­ ეს იყო 1982 წელს, როდესაც ჩარგალში ვაჟაობაზე შეკრებილი ხალხი საბჭოთა რეჟიმის პირობებშიც კი შოკირებული დარჩა ახალგაზრდა ქალისა და მისი ხანში შესული დედის საჯაროდ დაპატიმრებით.

იმ დღეს ამ ამბის შემსწრე ხევსური გოგი ჭინჭარაული ამ ისტორიას ჩვენთვის მოწერილ წერილში ამ კითხვით იხსენებს: "ვინც ნაზი შამანაურის დაპატიმრების ეს ამბავი მოამზადა, იქნებ ისიც ნაზი შამანაურივით რეჟიმის მსხვერპლი იყო?" - და იქვე პასუხობს: "შესაძლოა, მსხვერპლი იყო, მაგრამ ყველა ადამიანი თავად ირჩევს თავის ცხოვრების გზას და მასზე პასუხს თავადვე აგებს!"

ბატონ გოგის კი ეს ამბავი მოვაყოლეთ.

- ბატონო გოგი, როგორი იყო ის დღე, როდესაც ეს მოხდა?

- ჩარგალში ვაჟაობის ზეიმი იყო და უამრავი ხალხი ესწრებოდა. თავადაც იქ ვიყავი ფოტოაპარატით, მაგრამ ფოტოაპარატის გამოყენების საშუალება იმ დღეს არ მომეცა.

მსგავსი დღესასწაულები მაშინაც ხელისუფლებისთვის თავის მოსაწონებელი საშუალება გახლდათ. გამოვიდა რეჟიმის არაერთი წარმომადგენელი და მოჰყვა თავის ქებას, საცაა სანეტარო კომუნიზმში შევალთ, სულ ახლოა და გასაღები ჩვენს ხელთააო. მათმა გამოსვლებმა, როგორც ჩანს, გააღიზიანა ნაზი შამანაური, ბოლოს მოთმინების ძაფი გაუწყდა და სცენაზე ავარდა, მიკროფონი მიიწია და ხმამაღლა და მკაფიოდ გვკითხა: "ხალხო,­ რა გვეზეიმება, როდესაც ირგვლივ ამდენი გაჭირვებაა?!" - ეს იყო და ეს, ნაზის სიტყვის გაგრძელება აღარ დააცალეს, სტაცეს ხელი და ჯიკავით ავტომობილისკენ წაიყვანეს, რომელიც სპეციალურად ჰყავდათ ალბათ მოყვანილი, თანაც მარტო­ კი არა, დედამისთან ერთად, რომელსაც სიტყვაც კი არ უთქვამს საწინააღმდეგო.

ხალხს თითქოს ხმა ჩაუწყდა. ამ დროს ისედაც დაუშვებელი იყო პოლიციელის შეპასუხება. თუმცა შინაგანმა რისხვამ იმდენად ამომატრიალა, პირდაპირ იმ მილიციელთან მივედი, რომელმაც ნაზი აიყვანა, და ვკითხე, რატომ აპატიმრებთ, მას ხომ არაფერი დაუშავებია-მეთქი. მან შემომიბღვირა და მითხრა, გაჩუმდი, ბალღო, თორემ შენც ამას მიგაყოლებო. ის დღეს იყო და ის დღე, იმ დღიდან ნაზი შამანაური გაქრა. საბჭოთა ციხეში ისე აწამეს, ვერ გაუძლო და მალევე გარდაიცვალა.

- წარმომიდგენია, დღემდე ხევსურეთში რა აუგად იხსენებენ იმ ხალხს, ვინც ეს გააკეთა.

- საშვილიშვილოდ ასე იქნება. ნაზი შამანაურის დაპატიმრებას ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. მაშინ რაიკომის მდივანი იყო კერესელიძე (და არა შადური, როგორც დღემდე თვლიან), აღმასკომის თავმჯდომარე კი წიკლაური. არა მგონია, მათი საქმე მას შემდეგ კარგად იყოს და ვინმე ვარდ-ყვავილით იხსენიებდეს.

სასტიკი სისულელეების კეთება ყოველთვის შეუძლია ხელისუფლებას, ასე ჰგონიათ, მუდამ ექნებათ სკამი, მერე კი ძალიან გვიანია იმ წყევლა-კრულვის გამოსწორება, რასაც ხალხისგან მათი შთამომავლობა იღებს. მაგალითად, მაშინ ჩვენს ხალხს ხევსურეთში ვინმე­ ფშენინმა პირუტყვის საძოვარზე გარეკვა აუკრძალა, იქ ფიჭვები დარგო და ხალხს რომელიმეს დაზიანებისთვის უზარმაზარ ჯარიმას ახდევინებდა.A არც ფიჭვმა იხეირა და ხალხი დღემდე წყევლა-კრულვას უთვლის. ხშირად შეუზღუდავია ხელისუფლების ძალა და ვაი მას, ვინც ვერ მოთოკავს თავს და ხალხს დააზარალებს. ეს გაუკეთეს ნაზი შამანაურსაც, რაც ჩემი თვალით ვიხილე. ხშირად იმაზეც მიფიქრია, რომ რეჟიმის, დიქტატურის მომსახურე ხალხი თავად არის მსხვერპლი. როდესაც მატერიალურ სატყუარას ადამიანი უსამართლო გზით მიჰყავს, ეს მისთვის კარგად არასოდეს მთავრდება, რადგან ცხოვრების კანონია, - რასაც გასცემ, იმას მიიღებ. ამის უამრავი მაგალითი ვიცით!