"პანკისელი ქისტებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი ყოველივე რუსულის მიმართ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ცდილობდა ვაინახების სახით მოენახა მოკავშირე და ხევსურეთის ამბოხების დროს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა პირიქითა ქისტებთან" - ლეგენდად ქცეული ქართველი და პანკისელი ქისტების მეგობრობის ნამდვილი ამბები
პანკისის ხეობა, რომელიც დღესაც ხშირად მხოლოდ პრობლემის კონტექსტში მოიხსენიება, სინამდვილეში ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია მტკიცე ეთნიკური თანაცხოვრებისა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ქართველებისა და ქისტების ურთიერთობა გადადიოდა სამეზობლოდან ძმობასა და ერთობლივ ბრძოლამდე. ქისტები იმ იშვიათ გამონაკლისებს შორის არიან, რომლებმაც ქართულ სტუმართმოყვარეობას ღირსების კოდექსით, სტუმრის, მიწისა და სიტყვის პატივისცემით უპასუხეს. ქართველებისთვის პანკისელი ქისტის სიტყვა ძმობის ტოლფასი იყო - გულწრფელი, უხმაურო, მაგრამ უტეხი. დღესაც, მიუხედავად შეცვლილი გეოპოლიტიკური კონტურებისა, ეს ურთიერთობა რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ხიდად მთისა და ბარის, ტრადიციისა და თანამედროვეობის, მუსლიმანსა და ქრისტიანს შორის. მკვლევარი მექა ხანგოშვილი დაგვეხმარა, რომ ქართულ-ვაინახური ურთიერთობის შესახებ გიამბოთ, როგორც ცნობილი ისტორიები განსხვავებული რაკურსით, ასევე უცნობი - მთის ხალხში ლეგენდად ქცეული ნამდვილი ამბები.
ქართველებისა და ქისტების საერთო მტერი
- ჩეჩნეთ-ინგუშეთში, ასევე საქართველოში, პანკისელი ქისტებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი ყოველივე რუსულის მიმართ. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ გავლენა იქონია პანკისელ ქისტებზეც. დუისში შეიქმნა მენშევიკების გვარდია, ისახებოდა გზები და საშუალებები დამოუკიდებელი საქართველოს ნათელი მომავლისათვის. სამი წლის განმავლობაში რევოლუციური განწყობა სუფევდა ქისტ მოსახლეობაში, მაგრამ ბოლშევიკების განთქმულმა მე-11 არმიამ პანკისამდეც შემოაღწია, ჯარისკაცების წოწოლა წითელვარსკვლავიანი ქუდები კარგად დაამახსოვრდა მოსახლეობას. ,,ბალშენიკების" მცირე ხნით ყოფნამაც კი შემოინახა მათზე ზიზღიანი მოგონება. როგორც ცნობილი ქისტი მწერალი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და პედაგოგი მათე ალბუთაშვილი თავის მოგონებებში წერს, "სოფელში იმართებოდა მიტინგები, ადგენდნენ გვარდიას, დუის სოფელში შედგა მენშევიკების გვარდია, ერთ ზაფხულს კი ქართული სალდათის "ატრიადაც" იდგა სოფელ ჯოყოლოში, ეს ატრიადა ჩქარა მოხსნეს, რის შემდეგაც გავრცელდა ხმები ბოლშევიკების შემოსვლაზე".
ბოლშევიკების პანკისის ხეობაში შემოსვლის შემდეგ გვარდიელი ქისტები აბრაგად გავარდნენ. დუისელი აბდულა დუიშვილი, ბეისარ ბაღაკაშვილი და წოვენარგ გაურგაშვილი, ჯოყოლოელი ჰასეი აჭიშვილი, ომალოელი დათიკო ფარეულიძე, უსუფ გორნაკაშვილი და ზაქრო ანდალაშვილი, ხალაწნელი ბათაყა და ქილაი ცათიაშვილები და ბევრი სხვა, პირადად იცნობდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომელიც მე-11 წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და მენშევიკური მთავრობის საზღვარგარეთ ემიგრაციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ბოლშევიკების წინააღმდეგ მენშევიკურ გვარდიაში ქისტებიც აქტიურად იბრძოდნენ. მათ ბრძოლა არც მე-11 არმიის გამარჯვებისა და მენშევიკური საქართველოს მთავრობის საზღვარგარეთ გადახვეწის შემდეგ შეუწყვეტიათ. ბევრი მათგანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმს შეუერთდა და 1922-1924 წლებში თავდადებით იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ახმეტაში გაზრდილი ქაქუცა კარგად იცნობდა პანკისის ხეობასა და ქისტ მოსახლეობას. მათი ძმადნაფიცობის, ერთსულოვანი ბრძოლისა და თავდადების შედეგად ბევრი მწარე დღე გაუთენდათ ბოლშევიკებს.
შეფიცულები
შეფიცულებმა თავდაპირველად ყველაზე საიმედო ადგილად პანკისის ხეობა აირჩიეს. ქაქუცას ერთ-ერთი მოადგილე, ალექსანდრე სულხანიშვილი, აღტაცებით აღწერდა პანკისის ხეობისა და იქ მოსახლე ქისტების ერთგულების შესახებ: ,,იშვიათად ლამაზია პანკისის ხეობა, იმ მიდამოებში ქისტების რამდენიმე სოფელია. ისინი დიდ დახმარებას გვიწევდნენ და ყველანაირად გვეხმარებოდნენ".
ქაქუცა ჩოლოყაშვილი ცდილობდა რუსებთან ბრძოლაში ვაინახების სახით მოენახა მოკავშირე და ხევსურეთის ამბოხების (1922წ.) დროს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა პირიქითა ქისტებთან. ხევსურები და ქისტები შეთანხმდნენ, ერთად ებრძოლათ საერთო მტრის წინააღმდეგ. აი, რას წერდა ალექსანდრე სულხანიშვილი ქისტების ერთგულების შესახებ: ,,ქისტებმა გადაწყვიტეს, რაც შეიძლება მალე გაეწიათ დახმარება ხევსურებისათვის, იქვე დანიშნეს ჯარეგოში, ჯარის შეკრების დრო შატილში გასამგზავრებლად, საიდანაც პირიქით ხევსურეთისკენ გააგრძელებდნენ გზას... ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ ქისტები ასეთი პატივით მოგვეპყრნენ".
ქისტების შემწეობით პანკისის ხეობა გახდა თავდაპირველი ბაზა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმისა. ათი-თორმეტი ქისტი გამუდმებით თან ახლდა ქაქუცას, სადაც არ უნდა დასხმოდა თავს ბოლშევიკებს, ქიზიყში, თიანეთში, დუშეთსა თუ ხევსურეთში.
ერთხელ მატანში "...ქაქუცას ადგილსამყოფელი გაიგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მილიციის დიდმა ძალებმა ალყა შემოარტყეს მღვდლის ოჯახს. ამ დროს პანკისიდან ჩამოსული რამოდენიმე შეიარაღებული ქაქუცას რაზმელი ქისტი ცხენოსანი ალექსი ფეიქრიშვილის ოჯახში იმყოფებოდა. როცა მილიციელთა განზრახვა გაიგეს მატნელებმა, ქისტებმა და ფშავლებმა ალყა გაარღვიეს და მთავრობის ხელიდან დახსნილი ქაქუცა პანკისამდე მიაცილეს", - წერს მუჰმად ალდამოვი. 1923 წელს, ხევსურეთის აჯანყების დროს, ქაქუცას გაჰყვნენ პანკისელი ქისტები ომალოდან, ჯოყოლოდან და დუისიდან. აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩეჩნეთში გადადის. ბათაყა ცათიაშვილი, იმ დროისთვის საკმაოდ განათლებული (გადმოცემით ქაქუცასთან ერთად ჰქონდა გიმნაზია დამთავრებული) პიროვნება, ქაქუცას თანამებრძოლი, ხშირად მოგზაურობდა ჩეჩნეთში ქაქუცას დავალებით. ერთ-ერთი ასეთი მისიის დროს ითუმ-ხალში ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ჩეჩნეთში.

სამშობლოში გაგრძელებული ბრძოლა
1924 წლის 3 აგვისტოს ანტიბოლშევიკური აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცას შეფიცულთა რაზმის ქისტი წევრები პანკისში დაბრუნდნენ. ქაქუცამ სხვა თანამებრძოლებთან ერთად ქისტებს სთხოვა, ემიგრაციაში თან გაჰყოლოდნენ, მაგრამ მხოლოდ დუისელი წოვინარგ გაურგაშვილი და ბირკიანელი გათუშებული ქისტი დაითანხმა. როგორც ფშაველმა პოეტმა მიხა ხელაშვილმა არჩია სამშობლოში აბრაგული ცხოვრება, \ქისტებიც (ჰასეი აჭიშვილი, აბდულ დუიშვილი, ჰაასა ალხანაშვილი, ბააცა ღანიშაშვილი, ლევან, ღანიშ და დათიკო ფარეულიძეები, ქოსა იმედაშვილი, უსუფ გორნაკაშვილი, ექა და ზაქრო ანდალაშვილები, ბათირა და მიხაკო მუთოშვილები, მიტო წინწალაშვილიდა სხვ.) დარჩნენ, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტიათ.
ქისტი აბრაგები მილიციელების გამოჩენისთანავე ტყეში იხიზნებოდნენ. ერთხელ ზაქრო ანდალაშვილი, დათიკო და ლევან ფარეულიძეები უიარაღოდ გადაეყარნენ მილიციის რაზმს და ისინი შეიპყრეს. ჯერ ახმეტაში ჩაიყვანეს, შემდეგ ორი მილიციელის თანხლებით თიანეთის გზას გაუყენეს. ჩაჩხრიალასთან, "ქისტის წყაროსთან" (ქისტ ბეშქას გამოყვანილი) დათიკომ წყლის დალევის უფლება ითხოვა, მილიციელებს უთხრა, ხელები გამიხსენით, ხომ უნდა დავიხარო წყლის დასალევადო. მილიციელები შეცდნენ: ხელებგახსნილი დათიკო ეძგერა მილიციელებს, ამხანაგებიც მიეხმარნენ და მცველები ხეზე მიაბეს, თავად კი პანკისს მიაშურეს.
ჩეკისტები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ აბრაგების გასანადგურებლად. ზაქრო ყოველთვის უვნებლად უსხლტებოდა მტერს, ჰაასას ალაზნის ხიდთან ჩაუსაფრდნენ, მაგრამ სროლით დააღწია თავი, მეორედ კი ბააცა ღანიშაშვილთან ერთად სოფელ დუმასტურის შესასვლელთან ჩასაფრებულ მილიციონერებს ვეღარ გადაურჩა. დაჭრილი აბრაგები თელავში ჩაიყვანეს, შემდეგ გიგოს გორაზე დახვრიტეს.
ლევან ფარეულიძეს ღამით მძინარეს თავს დაადგნენ და შეიპყრეს, თელავში ჩაიყვანეს და ისიც დასახვრეტად გიგოს გორაზე გაიყვანეს. განაჩენი სისრულეში ორ მილიციონერს უნდა მოეყვანა. თეთრი პერანგის ამარა ორმოს პირას დააყენეს აბრაგი. ლევანმა სროლას წამით დაასწრო, გვერდზე გადახტა და გაიქცა. მილიციონერებმა სროლა ატეხეს, მაგრამ ლევანმა შამბნარში შეასწრო, ტალახიან ღრმულში ჩახტა, პირაღმა ამოტრიალდა, პირში ჩალის ღერო დაიჭირა და ჭაობში ჩაყვინთა. მილიციონერებმა იფიქრეს, მაინც სადმე ჩაძაღლდება დაჭრილიო და წავიდნენ. ლევანი ამოვიდა ჭაობიდან და ღამე იარა სოფელ ვარდისუბნამდე. სოფლის შესასვლელთან ორი ხარ-კამეჩის ურემი იდგა ღვინიანი კასრებით დატვირთული. მგზავრ მეურმეებს ცეცხლი დაენთოთ და ვახშმობდნენ. ტალახში მთლიანად ამოვლებული ლევანი მიესალმა მეურმეებს და სთხოვა, რომ თოკით შეკრული ხელები გაეხსნათ, მაგრამ მათ უარი უთხრეს, ყაჩაღი ჩანხარ და შენი გულისთვის ჩვენ გაგვაციმბირებენო. მაშინ ლევანმა შებოჭილი ხელები ცეცხლს მიუფიცხა, თოკი დაიწვა და ხელებიც გაითავისუფლა! იმავე ღამეს სოფელ ალავერდში მეგობრის ოჯახს მიადგა. მეორე ღამეს ომალოში, თავის ოჯახში მივიდა. როცა გაიგო, რომ ზაქრო ბაწარაში იყო, სასწრაფოდ ბაწარაში წავიდა და მის ჯგუფს შეუერთდა.
ბიძაშვილის დაჭერა ძალიან განიცადა ღანიშამ, ომალოში ჩავიდა და ცდილობდა დაედგინა ლევანის გზა-კვალი, მაგრამ თავად ჩავარდა საფრთხეში: მილიციელთა ალყაში მოქცეულმა მსწრაფლ იარაღი იძრო. მილიციონერებმა იცოდნენ, რომ ცოცხალი თავით ტყვედ არ ჩავარდებოდა და ტყვია დაუშინეს. დაჭრილი აბრაგი შურისუძიებლად არ წავიდა ამ ქვეყნიდან - ერთი მილიციელი მოკლა და ერთიც დაჭრა.
დათიკო ფარეულიძე ღალატის მსხვერპლი გახდა. ერთ სოფელში ქეიფის დროს დაადგნენ თავზე და დააპატიმრეს. ვერავინ გაიგო, სად გააქრეს ჩეკისტებმა.
ბოლოს მთავრობამ "შეიწყალა" აბრაგები, შერიგებული ზაქრო უცნაურ ვითარებაში მოკლეს რუისპირის რიყეში. მილიციონერებს უთქვამთ, ფაეტონში იჯდა, თოფზე თავდაყრდნობილს ეძინა, ფაეტონის ჯაყჯაყში თოფი გაუვარდა და ტყვიამ თავი გაუხვრიტაო. სხვა ვერსიით, ზაქროს მოკლული მილიციონერის ქალიშვილმა ესროლა, მაგრამ ყველაზე სავარაუდოა, რომ თავად ჩეკისტებმა მოკლეს.
ექა ანდალაშვილმა ტყეში ცხოვრება არჩია. ერთხელ მილიციელებმა ალყაში მოაქციეს, აბრაგმა ალყა გაარღვია, რიყე გადაკვეთა, ალაზანზე გადებული საცალფეხო ხიდი გადაირბინა, მდინარის ნაპირს აუყვა, უნდოდა მუწუსხევის წყალში გასულიყო და ტყეს შეჰფარებოდა. მაგრამ ტყვია დაეწია.
ძმობაშეწირულები
როგორც ქისტები ჰყვებიან, ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის და-ძმებს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ პანკისის ხეობის ქისტ გლეხებთან, განსაკუთრებით დუისში მცხოვრებ ძმებთან, ბაისარ და ჯანო ბაღაკაშვილების ოჯახებთან. ქაქუცამ უცხოეთში გამგზავრება რომ გადაწყვიტა, სწორედ ბაისარმა დააკავშირა ჩეჩნებს და თავისივე ოჯახიდან გააცილა ჩეჩნეთში. ბაისარს მისთვის მეგზურებად ომალოელი ძმები ალხანაშვილებიც გაუყოლებია, რომლებსაც ქაქუცა და მისი ორი მეგობარი თუშეთის მთების გავლით გადაუყვანიათ ჩეჩნეთში და სოფელ ათაღის მკვიდრის, შუაიფ მოლას ოჯახში დაუმალავთ. იქ რამდენიმე თვე დაჰყო ქაქუცამ, მაგრამ ამ ამბავს ბოლშევიკების აგენტურამდე მიუღწევია და იძულებული გამხდარა ჩეჩნეთიდან წასულიყო, შუაიფ მოლა კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მასპინძლობისთვის =დაუხვრეტიათ.
პროფესორი ბელა შავხელიშვილის მოგონებებიდან: "ქართველი თავადები ძალიან აფასებდნენ ქისტების ვაჟკაცობას, პრინციპულობას, ერთგულებას, გახსნილობას და უკომპრომისობას. მაგალითად, ჩემი ბებია ძააძეი ბაღაკაშვილი ჰყვებოდა ხოლმე, თუ რა ხშირად სტუმრობდა მის ოჯახს თავადი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მას ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებდა მამამისთან, ბაისარ ბაღაკაშვილთან. ბაისარ ბაღაკაშვილი ერთ-ერთ შეძლებულ, ხეობაში გავლენიან, სანდო და ერთგულ პიროვნებად იყო ცნობილი. მას შეეძლო ღირსეულად მიეღო ნებისმიერი რანგის სტუმარი, დახმარება გაეწია ნებისმიერ საკითხში. ასეთებზე ქისტები ამბობდნენ, "უეზდ საგ ვა" (ღირსეული კაციაო). მათი მეგობრობა გაგრძელდა მანამ, სანამ ქაქუცამ არ დატოვა საქართველო.
ბაისარსა და ქაქუცას ოჯახური შეხვედრები იმართებოდა როგორც პანკისში, ისე მატანში - ჩოლოყაშვილების სასახლეში, და ეს შეხვედრები ისე ხშირი ყოფილა, რომ ბებიაჩემმა ძააძეიმ ქართულიც ისწავლა და მეგობრობდა ქაიხოსროს დებთან. ჩემს ოჯახში დღემდე ინახება საშაქრე და სამოვარი, რომელიც ბააის (ქისტურად ბებია) ჩოლოყაშვილებმა აჩუქეს სამზითვოდ. აი, ერთი ეპიზოდი ბებიას მოგონებებიდან, ეს იყო 1921 წ.: "ერთ დღეს ჩვენთან მოვიდნენ კაცები, რომლებიც აბრაგებს ჰგავდნენ... მე ვერც ვიცანი - ერთი მათგანი ქაქუცა ყოფილიყო; მამაჩემმა იმწუთასვე დაკლა ცხვრები და ჩვენ, ქალებს, გვითხრა - აბა, ახლა დროზე დატრიალდითო... მე კი გამიკვირდა - რა საჭირო იყო ამდენი ცხვრის დაკვლა ერთი სადილისთვის-მეთქი, მაგრამ აქ საქმე სხვაგვარად იყო - ქაქუცა სხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდა და რადგან წინ დიდი გზა ჰქონდა, საგზალიც საკმარისი სჭირდებოდა. ერთი დღე და ღამე გაჩერდა ჩვენთან; სანამ ჩვენ საჭმელ-სანოვაგეს ვამზადებდით, ქაქუცას მალავდნენ... გაირკვა, რომ მას მთავრობის ხალხი დასდევდა დასაჭერად და ამიტომ მამაჩემი მას გარეთ არ უშვებდა. გამთენიისას გაემგზავრნენ. რაც თან წასაღები იყო, ყველაფერი ჩვენთან გამზადდა... ძალიან დაღონებული იყო. არასდროს დამავიწყდება სიტყვები, რომლებიც ქაქუცამ მამაჩემს უთხრა: - მე კი მივდივარ, მაგრამ არ გავჩერდები დიდხანს, მალე გინახულებთო... არ უნდოდა წასვლა. კარგი ხალხი იყვნენ ძალიან... ჩვენი ხალხიც უყვარდათ...". აქვე დავძენ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს ახლდნენ ყველაზე ერთგული მეგობრები და ერთი მათგანი იყო ჩემი დიდი ბაბუა, ბაისარ ბაღაკაშვილი. ბაისარმა ქაქუცა ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვრამდე მიაცილა, შემდეგ მისი პატრონობა დაავალა ძმადნაფიც ძმებს, ალხანაშვილებს, ქაქუცას ორ-სამ ქართველ მეგობარს და დამშვიდებული დაბრუნდა სახლში.
ვისერგი გორნაკაშვილის მოგონებებიდან (ქაქუცას ქისტი მოკავშირის უსუბ გორნაკაშვილის ძმისშვილი): "ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით ასულა ომალოში და ტყეში დაბანაკებულან. მათ კვებას და ჩაცმა-დახურვას ორგანიზებას უწევდა დათიკო ფარეულიძე, გამორჩეული ვაჟკაცი ქისტებში. როგორც ლაზარე იხსენებდა, ქაქუცას აზიაცკები ეცვა და სიარული უჭირდა, მას შეუთავაზებია ქაქუცასთვის, ქალამნებს მოგიწნავო, ქაქუცას უპასუხია, ერთი ბრმა ტყვია რომ მომხვდეს და გამაგორონ, ჩემს გვამს ქალამნებიანს ვერ ვათრევინებ, სახელს ვერ შევარცხვენინებო. დათიკოს ჰყავდა ალალი დედისძმისშვილები აბდულა და მაზი ჩოფანიშვილები, რომლებსაც საგზალი აჰქონდათ ქაქუცას რაზმისთვის ტყეში. ამ პერიოდში ომალოში, ამოსულა თვით ბერია, რომელიც იმჟამად "ყაჩაღების" წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის უფროსი ყოფილა და დათიკო ფარეულიძესთან პირისპირ შეხვედრა მოუთხოვია. დათიკო კბილებამდე შეიარაღებული მოსულა, ბერიას უთხოვია, ქაქუცა ცოცხალი უნდა ჩაგვიგდო ხელშიო, ამაზე დათიკოს გულიანად გაუცინია და უთქვამს, ამისთვის თუ მოსულხართ, ტყუილად გარჯილხართო, მთელი ხეობაც რომ ამოწყვიტოთ, ღალატი არ იქნებაო. როგორც ამბობენ, უკან გაბრუნებისას ქისტების ვაჟკაცობით აღფრთოვანებულ ბერიას ოქროს საათი უსახსოვრებია დათიკოსთვის, თუმცა დათიკოს საჩუქარზე უარი უთქვამს.
ნათელა ცათიაშვილის მოგონებებიდან: "ბებიას საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული ხის ორნამენტიანი ჭურჭელი, რომელიც მისთვის ქაქუცას ოჯახს უსახსოვრებია. სულ მაინტერესებდა, რატომ არ ხმარობდა ბებია ამ ჭურჭელს და ერთხელ ვკითხე, ასე განსაკუთრებით რატომ უფრთხილდები-მეთქი? ბებიამ მიამბო, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს ფიც-ვერცხლით და-ძმობა ჰქონია შეფიცული ხაზო ბაღაკაშვილთან. ქაქუცა და მისი და-ძმები ბეისარ და ჯანო ბაღაკაშვილების ხშირი სტუმრები ყოფილან. ქაქუცას ულამაზესი ქისტის ქალი დეში მარგოშვილი შეჰყვარებია, მაგრამ სხვადასხვა აღმსარებლობის გამო ქალის მშობლები მათ ქორწინებას არ დათანხმებიან. შემდეგ უკვე, როცა ქაქუცამ სხვა ქალთან ერთად გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, მომავალი მეუღლის სანახავად ფაეტონით თან წაუყვანია თავისი დადნაფიცი ხაზო და მისი ბიძაშვილი ძააძი ბაღაკაშვილი - ბებიაჩემი. სხვა ახლობელ ქისტებთან ერთად ქაქუცას ისინი ნიშნობასა და ქორწილშიც გვერდით ჰყოლია. ბებიაჩემის თქმით, ქაქუცა თავისი ცოლ-შვილით თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობდა, მოჰქონდათ საჩუქრები და ისინიც, თავის მხრივ, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებოდნენ. როდესაც ქაქუცამ საქართველო დატოვა, მან თავისი კუთვნილი მამულები, რომლებიც ალაზნის პირას, დუისის გაღმა ჰქონდა, ქისტებს დაუტოვა, მათ შორის, ბაღაკაშვილების ოჯახსაც.
ხათუნა ბახტურიძე