„ორჯერ გავხდი სუროგატი დედა და ორივეჯერ ვთქვი, რომ ახალშობილი გარდაიცვალა“ - მძიმე ინტერვიუ, რომელიც ბევრს დააფიქრებს
"სუროგატი დედა" - ეს ორი სიტყვა იდუმალებითაა მოცული. ზოგს ჰგონია, ასეთი დედები ერთეულები არიან, მაგრამ მათი რაოდენობა ბოლო წლების საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. ეს ქალები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, შესაძლოა ყოველდღე ვხვდებით და ვესალმებით, მაგრამ მათ პრობლემებზე ერთხელაც არ დავფიქრებულვართ.
თეა ნ. სუროგატი დედაა. რა თქმა უნდა, თავისი ვინაობის გამხელა არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლემ კარგად იცის, რა სახსრებით ინახავს თეა ოჯახსა და შვილებს. ამბობს, რომ მისი ცხოვრება ბანალურად დაიწყო, მაგრამ მერე უცნაურად წარიმართა:
- ჩემი ამბავი ძალიან ბევრი ქალის ამბავს ჰგავს: ბანკეტიდან გავიპარე სკოლის ყველაზე სიმპათიურ ბიჭთან ერთად, რომელიც ბოლო კლასებში მიყვარდა და მეგონა, კარგად ვიცნობდი. დღემდე ერთად ვართ. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ჩვენს ოჯახში მარჩენალის ფუნქცია მე ვიკისრე. არ იფიქროთ, რომ ჩემი მეუღლე ლოთი ან ნარკომანია, მაგრამ მისი შემოსავალი არასტაბილურია და ჩემს ოჯახს ერთ კვირასაც ვერ ჰყოფნის. ორი გოგონას დედა ვარ, უფროსი 15 წლისაა, ხოლო უმცროსი - 10-ის. როგორც ყველა დედა, მეც ვნატრობ, რომ მათ საუკეთესო მომავალი ჰქონდეთ. ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ორი გზა მქონდა დარჩენილი - ან უცხოეთში გადავხვეწილიყავი და ჩემი შვილები წლობით არ მენახა, ან სიღატაკეს შევგუებოდი. არც ერთი მსურდა და არც მეორე, ამიტომ ისეთი ნაბიჯი გადავდგი, ადრე რომ ვერც წარმომედგინა - 8 წლის წინ ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი განცხადებას, რომ ერთ-ერთ კლინიკას სუროგატი დედები სჭირდებოდა. კლინიკაში მივედი და ანაზღაურება იმდენად მომეწონა, რომ საკმაოდ სარისკო წინადადადებას დავთანხმდი: 15 ათას დოლარად ინდოელი წყვილისთვის შვილი უნდა გამეჩინა. რა თქმა უნდა, ბავშვის ბიოლოგიური მშობელი მე არ ვიქნებოდი. მეუღლეს ჯერ არ ვუმხელდი, მაგრამ რომ ვუთხარი, დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ალბათ, ყველამ არ იცის, ვინ არიან სუროგატი დედები: სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების გზით აჩენს და ამას ანაზღაურების სანაცვლოდ აკეთებს. ზოგიერთი მათგანი მარტოხელაა, მაგრამ უმეტესობას მეუღლეც ჰყავს და შვილებიც.
- შენი დაკვირვებით, რატომ შეიძლება გახდეს ქმრიანი ქალი სუროგატი დედა?
- მთავარი მიზეზი ფინანსური პრობლემებია. მთავარი პირველი ნაბიჯია, თორემ მერე ათასგვარ მიზეზს ეძებ შენი გადაწყვეტილების გასამართლებლად: ფიქრობ, რომ უშვილო წყვილს ეხმარები, რომ დიდ სიკეთეს სჩადიხარ, მით უმეტეს, როცა მიღებული თანხით შეგიძლია შენს შვილებს ნორმალური პირობები შეუქმნა, განათლება მისცე და გზაზე დააყენო. თანაც, სუროგატი დედების ანაზღაურება ცოტა ნამდვილად არ არის და წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. ამიტომ ამ რისკზე ბევრი მიდის. ალბათ, მკითხავთ, რა რისკზე ვლაპარაკობ: ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჩვენ მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება აქვს, ბევრის აზრით, სუროგატი დედა საკუთარ შვილს ყიდის და ეს სამარცხვინო ნაბიჯია. საზოგადოებრივ წნეხს ისიც ემატება, რომ ორსულობის პირველ თვეებში ბევრ მედიკამენტს ვსვამთ, რომ ემბრიონი გადარჩეს და სიცოცხლე შეინარჩუნოს. ამის გამო თავს ცუდად გრძნობ და ძალიან სუსტად ხარ. მე ვიცნობ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს, მეორის გაჩენაც უნდოდა, მაგრამ სუროგაციის შემდეგ ორსულობა გაურთულდა, საკეისრო კვეთა დასჭირდა და საშვილოსნო დაკარგა. ბუნებრივია, მეორე შვილს ვეღარ გააჩენს. სუროგატი დედების ხვედრი არ არის ადვილი - წამლები, ნემსები, ნერვიულობა - ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქიკაზეც მოქმედებს და მის ჯანმრთელობაზეც.
- რა თვისებები უნდა ჰქონდეს სუროგატ დედას?
- ქალი, რომელსაც სურს სუროგატი დედა გახდეს, ყველანაირად ჯანმრთელი უნდა იყოს. დასაშვები ასაკი 20 წლიდან იწყება და 40-ს არ უნდა აღემატებოდეს. სუროგატებს ყველა სახის სამედიცინო გამოკვლევას უტარებენ, რაც ორსულობის კარგად წარმართვისთვის აუცილებელია. ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია კლინიკაშია დაცული და კონფიდენციალურია. ცუდი ის არის, რომ 2024 წლის იანვრიდან სუროგაციის სერვისები მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი, არადა, უცხოელები უფრო მეტ თანხას იხდიდნენ. სუროგატი დედის ანაზღაურება ამჟამად 10.000-დან 20.000 აშშ დოლარამდე მერყეობს, ამას ემატება ჯიბის ფული, რომელსაც მომავალი მშობლები გვიხდიან. გაცილებით მარტივია კვერცხუჯრედის დონორობა: ამ დროს კლინიკაში ოთხჯერ მიდიან და ანაზღაურებაც ნაკლებია: 1.000-დან 3.000 დოლარამდე. მას შემდეგ, რაც წყვილი სუროგატ დედას შეარჩევს, მასთან ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, რომელიც ორივე მხარის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
- ვინმემ თუ იცოდა შენი საქმიანობის შესახებ?
- არა, რასაკვირველია. ორჯერ გავხდი სუროგატი დედა და ორივეჯერ ვთქვი, რომ ახალშობილი გარდაიცვალა.
სუროგატი დედები ცდილობენ ახალშობილი არ ნახონ, რომ მისი სიყვარული არ გაუჩნდეთ. თუმცა, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ის არსება, რომელსაც 9 თვე მუცლით ატარებ? უბრალოდ, ყველა სუროგატმა დედამ იცის, რომ ეს სხვისი შვილია, რომ მისი ბიოლოგიური მშობლები სულ სხვა ადამიანები არიან.
- რა განცდაა, როდესაც ბავშვი ბიოლოგიურ მშობლებს მიჰყავთ?
- ამ დროს საშინელი სიცარიელის გრძნობა გეუფლება, მაგრამ ამას გიმსუბუქებს განცდა, რომ უბედური ადამიანები გაახარე და შენს ოჯახსაც დაეხმარე. კარგად ვიცი, რომ ეკლესია სუროგაციის წინააღმდეგია, მაგრამ თუ ადამიანს სხვა გზა არა აქვს? თუ ხედავს, რომ მის შვილებს ყველაფერი აკლიათ და მათი მომავლის უზრუნველყოფა სურს? კარგად ვიცი, რომ სუროგატ დედებს ბევრი განიკითხავს. ასეთი ხალხის გასაგონად მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - ვინც უცოდველია, პირველი ქვა მან მესროლოს და ხმას არ ამოვიღებ!
საქართველოში პირველი ბავშვი სუროგაციის პროგრამით 2007 წელს დაიბადა. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 3 ათასზე მეტი სუროგატი დედა. 2023 წელს სუროგაციის გზით ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა, კერძოდ, 933, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 838-ს შეადგენდა. სუროგაციას საქართველოს კანონმდებლობაც აღიარებს, როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთ ფორმას.
ხათუნა ჩიგოგიძე