რუსული "პერლ-ჰარბორი“ და "ტროას ცხენი" პუტინისთვის - მსოფლიოში უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები ანუ როგორ მოვკლათ რუსული დათვი - კვირის პალიტრა

რუსული "პერლ-ჰარბორი“ და "ტროას ცხენი" პუტინისთვის - მსოფლიოში უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები ანუ როგორ მოვკლათ "რუსული დათვი"

„რუსული პერლ-ჰარბორი“-ნატო უკრაინას უნდა უმადლოდეს რუსული სტრატეგიული ავიაციის „შემცირების“ გამო...

მსოფლიოს ომების ისტორიაში 2025 წლის 1 ივნისი ჩაიწერა, როგორც ახალი ფურცელი, რის შესახებაც ამ ბლოგის გუშინდელ სტატიაში -„მეგადარტყმა რუსულ აეროდრომებზე - უნიკალური უკრაინული სპეცოპერაცია „ობობის ქსელი“, „ფურებიდან“ აფრენილი კამიკაძე-დრონების შესრულებით...“, მაგრამ მისი დაწერის მომენტში უკრაინელების ეს უნიკალური გლობალური საჰაერო დივერსია ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და ბევრი დეტალი გაურკვევლი რჩებოდა... 2 ივნისის დილისთვის კი ბევრი რამ გაირკვა და დაზუსტდა:

უკრაინის უშიშროების სამსახური - „ეს-ბე-უ“, თურმე, 18 თვის განმავლობაში სრულიად საიდუმლოდ ამზადებდა ამ მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომ მიწვდომოდა უკრაინიდან ძალზე დაშორებულ იმ რუსულ სამხედრო აეროდრომებს, საიდანაც აფრენილი რუსული ბომბდამშენები უკრაინის ქალაქებისკენ სისტემატურად უშვებენ ფრთოსან რაკეტებს.

1-shet-1748843516.png
უკრაინული კამიკაძე-დრონის მიერ „ჩაჭერილი“ სტრატეგიული რაკეტმზიდი-ბომბდამშენი Ту-95МС, წამიც და 185 ტ-იანი „რუსული დათვი“ აგიზგიზდება...

უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე ათასი კმ-ით დაშორებულ ამ რუსულ აეროდრომებამდე მისაფრენად უკრაინულ, თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონებს 10-12 სთ მაინც სჭირდებოდათ (ციმბირამდე მაინც ვერ ჩააღწევდნენ), რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მათი ჩამოგდების ალბათობას რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიერ და ამიტომაც არჩეული იქნა კამიკაძე-დრონების გამოყენების სხვა ტაქტიკა - მათი გაშვება უშუალოდ ამ რუსული სამხედრო აეროდრომების სიახლოვიდან, რაც რუს მეზენიტეებს მათი აღმოჩენისა და ჩამოგდებისთვის დროს აღარ დაუტოვებდა.

ამის განხორცილება შეიძლებოდა კვადროკოპტერის სქემის იმ FPV-დრონების საშუალებით, რომლებსაც ორივე მხარე ყოველდღიურად ათასობით იყენებს უკრაინის ფრონტზე, მაგრამ საჭირო იყო მათი რამენაირად მიტანა რუსულ აეროდრომებთან, რამდენიმე კმ-ში და მათი მასობრივი სტარტის უზრუნველყოფა დისტანციურად.

უკრაინელმა მზვერავებმა გამოიჩინეს დიდი სამხედრო ეშმაკობა და მოხერხებულება და თანამედროვე „ტროას ცხენები“ შექმნეს თავად რუსეთის ტერიტორიაზე - ჩელიაბინსკში დაიქირავეს შენობა, თანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის -„ეფ-ეს-ბეს“ რეგიონული ოფისის სიახლოვეს, სადაც გადასატანი ხის სახლების სახურავებში მოათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი კამიკაძე-დრონები.

ხის სახლები დატვირთვეს ტრაილერებზე და მძღოლებს (რომლებმაც არაფერი იცოდნენ, რომ სინამდვილეში უკრაინული კამიკაძე-დრონები გადაჰქონდათ) შეკვეთა მისცეს, ამ ტვირთის გარკვეულ მისამართებზე მიტანისა და იქ დალოდების - ეს ადგილები რუსული სამხედრო აეროდრომების სიახლოვეს იყო.

2-shet-1748843735.jpg
ჩელიაბინსკის ერთ-ერთ შენობაში უკრაინული „ტროას ცხენების“ დამზადების „ტექნოლოგია“- მობილური ხის სახლების სახურავებში კამიკაძე-დრონებს მალავენ, უნიკალური სპეცოპერაციის „ობობის ქსელის“ განსახორციელებლად...

1 ივნისს თითქმის ერთდროულად ამ ტრაილერებზე განთავსებული მობილური სახლების სახურავები გადაიხსნა (სავარაუდოდ, დისტანციურად) და იქიდან „ფუტკრებივით “დაიწყეს ამოფრენა კამიკაძე-დრონებმა, რომლებიც მაშინვე რამდენიმე კმ-ით დაშორებული რუსული სამხედრო აეროდრომებისკენ გაფრინდნენ.

კამიკაძე-დრონების მართვა, სავარაუდოდ, ადგილობრივი რუსული ინტერნეტკავშირის გამოყენებით იმ ოპერატორების მიერ ხდებოდა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებოდნენ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს კამიკაძე-დრონები ასევე იყვნენ აღჭურვილნი ე.წ. მანქანური ხედვის სისტემითაც, როდესაც მათი მართვის კომპიუტერში წინასწარ იყო შეტანილი რუსული ბომბდამშენების სხვადასხვა რაკურსის ფოტოები და დრონის ვიდოკამერის მიერ აღმოჩენილი სამიზნის კონფიგურაცია თუკი ემთხვეოდა „რუსული დათვის“(ასე მოიხსენიებენ დასავლეთში საბჭოთა/რუსულ სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს Ту-95МС-ებს) წინასწარ ჩაწერილ ფოტოებს, მაშინ კამიკაძე-დრონი ავტომატურ რეჟიმში მას ამოიღებდა სამიზნედ.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, საერთო ჯამში, მათ გამოიყენეს 117 კამიკაძე-დრონი, რუსეთის ხუთი სამხედრო აეროდრომის მიმართულებით და დააზიანეს-გაანადგურეს 41 ერთეული რუსული სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის - სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС-ები და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3, ასევე, რუსული „ავაქსი“ - А-50-იც, რაც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის 34%-ის დანაკლისია და, საერთო ჯამში, 7 მლრდ დოლარზე მეტის ზარალია რუსეთისთვის...

3-shet-1748843790.jpg
რუსულ აეროდრომებზე უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევების მომენტები...

2 ივნისის დილისთვის არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის - „ობობას ქსელის“ განხორციელება ხდებოდა რუსეთის ხუთი სამხედრო აეროდრომის - „ბელაიას“ (ირკუტსკის ოლქი), „ივანოვოს“ (ივანოვოს ოლქი), „უკრაინკას“ (ამურის ოლქი), „ოლენიას“ (მურმანსკის ოლქი), „დიაგილევოს“ (რიაზანის ოლქი) - მიმართულებით, ამ ეტაპზე არსებობს ობიექტური კონტროლის მონაცემები მხოლოდ „ბელაიას“ და „ოლენიას“ აეროდრომებზე თავდასხმის შედეგების შესახებ.

ციმბირში, უკრაინიდან 4 900 კმ-ზე მდებარე „ბელაიას“ სამხედრო აეროდრომზე, უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის შედეგად, განადგურებულია ერთი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი - Ту-95МС და ორი, შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3-ი.

რუსეთის ჩრდილოეთით, მურმანსკის ოლქის „ოლენიას“ ავიაბაზაზე, განადგურებულია არანაკლებ სამი Ту-95МС და ერთი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-12БТ.

უკვე ცნობილია, რომ იმ ტრაილერზე,რომელიც ამურის ოლქში „უკრაინკას“ ავიაბაზას მიუახლოვდა, რატომღაც აალდა ერთ-ერთი ხის სახლი და მასში მძღოლის ასვლის დროს მოხდა აფეთქება (როგორც ეს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს), შესაბამისად, „უკრაინკას“ აეროდრომზე უკრაინული კამიკაძე-დრონების ზემოხსენებული სქემით შეტევა ვერ განხორციელდა.

4-shet-1748843827.jpg
რუსეთის ირკუტსკის ოლქის „ბელაიას“ სამხედრო აეროდრომისთვის თანამგზავრიდან გადაღებული რადიოლოკაციური სურათი, რომელზეც მოჩანს დამწვარი რუსული ბომბდამშენების კვალი...

კიევის განცხადება 117 კამიკაძე-დრონის გამოყენებაზე და მხოლოდ ათიოდე რუსული თვითმფრინავის განადგურება, ერთი შეხედვით, არცთუ დიდ წარმატებად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ აქ მთავარი ის გახლავთ, რომ უკრაინელებმა შეძლეს ასეთი წერტილოვანი დარტყმების მიყენება რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეში და, ამასთან, გაანადგურეს იმ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების ნაწილი, რომლებიც ომის დაწყებიდან, მეოთხე წელია, სისტემატურად უშვებენ ფრთოსან რაკეტებს უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მათი განადგურება სხვანაირად შეუძლებელი იყო, რადგან რაკეტების გაშვებისას ეს რუსული ბომბდამშენები რამდენიმე ასეულ კმ-ზე ახლოს არ უახლოვდებიან უკრაინის საზღვრებს, შესაბამისად, მათი ჩამოგდება ყველაზე შორსმფრენი საზენიტო რაკეტებითაც კი შეუძლებელია.

რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფმა უკრაინამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა მოხერხებულება და აგრესორ რუსეთს მორიგი, ძალიან მტკივნეული დარტყმა მიაყენა, თუმცა, წესით, კიევზე არანაკლებ, ეს ნატოში უნდა უხაროდეთ, რადგან უკრაინელებმა ერთი ხელის მოსმით შეამცირეს რუსეთის ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის - სტრატეგიული ავიაციის რიცხოვნობა, შესაბამისად, პუტინს უფრო ნაკლები საშუალება დარჩება, დასავლეთისკენ ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად...