"საშიში სიყვარული" ანუ სტალინის "მოწაფე" პუტინი - რატომ უფრთხის დიდი ბრიტანეთი რუსეთში "დიდი ბელადის" პოპულარიზაციას?!
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 31 მაისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ვლადიმერ პუტინის სიყვარული იოსებ სტალინის მიმართ ყველასათვის საშიში უნდა იყოს“ (ავტორი - ივანა სტრედნერი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის პრეზიდენტის პოზიტიური დამოკიდებულება საბჭოთა დიქტატორის მიმართ, მისი განდიდებისაკენ მიმართული კრემლის პროპაგანდა და ამ ფონზე გაკეთებულია დასკვნა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს დიდმა ბრიტანეთმა კრემლის აგიტაციის გასანეიტრალებლად: „სტალინი სუსტ პიროვნებად უნდა წარმოაჩინოს“.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
როცა 2017 წელს დიდ ბრიტანეთში შოტლანდიელმა რეჟისორმა არმანდო იანუჩიმ პოლიტიკურ-სატირული ფილმი - „სტალინის სიკვდილი“ გადაიღო, რუსეთმა დიდი ბრიტანეთის მთავრობა სინამდვილის დამახინჯებასა და ფსიქოლოგიური ომის წარმოებაში დაადანაშაულა - თითქოსდა, ლონდონი ამ ფილმის ჩვენებით რუსეთის (სსრ კავშირის) ისტორიის გაყალბებასა და სტალინის პიროვნების შეურაცხყოფას ცდილობსო - და რუსეთის კინოთეატრების ეკრანებზე მისი გაშვება აკრძალა. ბედის ირონიით, ახლა თვითონ კრემლი ეწევა ფსიქოლოგიურ კამპანიას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ამისათვის იოსებ სტალინის მემკვიდრეობას იყენებს - როგორც თვითონ სურს, ისეთნაირად ცდილობს საბჭოთა ბელადის მოღვაწეობის, ასევე, მისი რეპრესიული ორგანოების საქმიანობის წარმოჩენას.
რუსეთის მთავრობის მიერ უკვე დიდი ხანია, დასრულებულია წინა პერიოდში დაწყებული საბჭოთა რეპრესიული ორგანოების „გათეთრების“ პროცესი - კრემლმა ჯერ კიდევ 2015 წელს შეცვალა „გულაგის“ უკანასკნელი მემორიალური კომპლექსის - „პერმი-36“-ის სტატუსი და მისი წვლილი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საქმეში „უმნიშვნელოვანესად“ შეაფასა.
თურმე პატიმართა ბანაკის -„პერმი-36“-ის პერსონალი, საბჭოთა გუშაგების ჩათვლით, რეკორდულად მუშაობდა ხე-ტყის დამზადების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგში და მესამე რაიხზე გამარჯვებას აახლოვებდა. დღეს „პერმი-36“ სახელმწიფო მუზეუმად არის გადაქცეული და დამთვალიერებლებს მის გმირულ ისტორიას აცნობს.
2020 წლიდან მოსკოვის სამართლადამცავმა ორგანოებმა დაბრკოლების შექმნა დაიწყეს „სტალინური ტერორის“ მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონტრაციების გამართვის წინააღმდეგ, ამჟამად კი მათი ჩატარება აკრძალულია.
2021 წელს რუსეთის მთავრობამ დახურა ცნობილი ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელიც დოკუმენტურად აღრიცხავდა ადამიანის უფლებების დარღვევას (რეპრესიებს) საბჭოთა კავშირში, სტალინის მმართველობის პერიოდის ჩათვლით. კრემლის მტკიცებით, „მემორიალი“ ამახინჯებს და აყალბებს ჩვენს ისტორიას... ამით გვაიძულებს, რომ ჩვენი წინაპრების გმირული საქმეების შეურაცხყოფისათვის ზომები მივიღოთ“.
2023 წელს ვლადიმერ პუტინმა შემოიღო ისტორიის ახალი სავალდებულო სასწავლო სახელმძღვანელო უფროსკლასელთათვის, რომელშიც ფაქტობრივად იოსებ სტალინს მოხსნილი აქვს ბრალდება რეპრესიებისათვის და პოზიტიურად არის შეფასებული საბჭოთა დიქტატორის მოღვაწეობა. კრემლი სტალინურად მუშაობს: როგორც ბელადი ამბობდა, „ცოდნა-განათლება ისეთი იარაღია, რომლის ეფექტიანობა მფლობელზეა დამოკიდებული - როგორც მას სურს, ისე გამოიყენებს“.
2024 წელს რუსეთის ხელისუფლებამ იმ სიმბოლურ-გამამართლებელი განაჩენების გაუქმება დაიწყო, რომლებიც მიხეილ გორბაჩოვის დროს იქნა გამოტანილი, უსამართლოდ რეპრესირებული მილიონობით საბჭოთა მოქალაქის მიმართ, რომლებსაც სტალინური რეჟიმი აწამებდა და კლავდა.
ამგვარი ნაბიჯების ერთობლიობა აჩვენებს კრემლის რეჟიმის სწრაფვას - რეაბილიტაცია მოახდინოს იმ ავტოკრატი და ტოტალიტარი დიქტატორისა, რომელიც დაკავებული იყო თავისი მოქალაქეების დახვრეტით, გადასახლებით და შიმშილის წინასწარგანზრახული მოწყობით (მხედველობაშია უკრაინის „გოლოდომორი“) და რომლის წითელმა არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი სიმხეცე ჩაიდინა ოკუპირებულ ქვეყნებში. ახლა კი კრემლი ცდილობს, სტალინი ეროვნულ გმირად აღიაროს.
ამგვარ კურსს ვლადიმერ პუტინისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს - მას იოსებ სტალინის პოპულარიზებით და მისი როლის პოზიტიურად შეფასებით, საკუთარი თავისთვისაც სარგებელი მოაქვს: ამართლებს თავის იმპერიულ ამბიციებს უკრაინისადმი.
ორ ლიდერს ბევრი რამ აქვს საერთო: ორივეს საშინელი სამხედრო დანაშაულები აქვთ ჩადენილი; ორივე უკრაინის დიდების მოწინააღმდეგეა (სტალინი წარსულში, პუტინი კი - დღეს); სტალინიც დაუნდობლად ებრძოდა შინაურ ოპოზიციას და პუტინიც ასევე აკეთებს; სტალინიც აბსოლუტურად აკონტროლებდა იმდროინდელ მასმედიას და პუტინიც მთლიანად ფლობს რუსეთის საინფორმაციო სივრცეს; სტალინიც მანიპულირებდა ადამიანებით და პუტინიც მის მსგავსად იქცევა.
ეს მსგავსება შემთხვევითი არ არის. ვლადიმერ პუტინმა თავისი მმართველობის სისტემა იოსებ სტალინის მმართველობის შესაბამისად შექმნა და ამიტომ მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სტალინის განდიდებით მან თავისი მმართველობა განამტკიცოს, საზოგადოებრივი აზრი არსებული სისტემის მიმართ კეთილად განაწყოს. როგორც ჩანს, კრემლის აგიტაცია შედეგს იძლევა: რუსეთში 2021 წელს მოსახლეობის 70%-ის მიერ იოსებ სტალინი „ყველა დროისა და ეპოქის უდიდეს და გამოჩენილ ფიგურად“ იქნა შერაცხული.
რა უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის რეჟისურაზე ეფექტიანი რეაგირებისათვის? ბრიტანეთი წინ უნდა აღუდგეს რუსული საზოგადოებრივი აზრის რეალიებს, მისი შეცვლის მიზნით. დღეს რუსებს დასავლური დემოკრატიის სიკეთის შესახებ რამდენიც უნდა ველაპარაკო, მათ პოზიციას მაინც ვერ შევცვლით. ამის ნაცვლად ლონდონმა რუსულ ნაციონალიზმს უნდა დაარტყას, რუსი ლიდერები და ბელადები სუსტებად უნდა წარმოაჩინოს, რაც თავის მხრივ, რუსეთის დიდებას დაამსხვრევს უკრაინასთან ომში.
სანამ კრემლი ამასწინანდელი გამარჯვების დღის ზეიმის სხივებში „ბანაობს“, დიდმა ბრიტანეთმა უნდა განაახლოს და ააღორძინოს სატირულ-იუმორისტული დამოკიდებულება სტალინის მიმართ, გაიხსენოს ძველი ხუმრობები [და ანეგდოტები] სტალინის შესახებ, დაამციროს მისი როლი, რათა ამით რუსეთის ხელისუფლებას და მის ისტორიულ ლეგიტიმაციას ჩრდილი მიადგეს ანუ გაანეიტრალოს ის, რასაც პუტინი ცდილობს.
გარდა ამისა, თანამედროვე ეფექტიანი საინფორმაციო შეტევებით რუსები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე გარიყული და სახელგატეხილი, პრესტიჟდაკარგულია. დიდმა ბრიტანეთმა რუსებს უნდა ჩაუნერგოს აზრი, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთს „ძველ დიდებას კი არ უბრუნებს“, არამედ პირიქით - ის რუსეთს ასუსტებს.