უხილავი ფრონტის უხილავი მეომრები ანუ სამსახური, რომლის შეცდომამ შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს
პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში გადადის და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად: ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ უნდა ჩამოყალიბდეს. ამ, არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოზიტიური და ნეგატიური შედეგები ღრმა ანალიზს საჭიროებს. ზოგადად კი ჯერ ისაა გასარკვევი საქართველოს საგარეო დაზვერვა მითია თუ რეალობა?
სანამ ამ საჭირბოროტო საკითხზე დავიწყებ საუბარს, მინდა ავღნიშნო 1 ივნისს უკრაინის სპეცსამსახურებისა და სამხედრო დანაყოფების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ერთობლივად დაგეგმილ/ჩატარებული წარმატებული სადაზვერვო–დივერსიული სპეცოპერაციის შესახებ. ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურების კლასიკური ფუნქცია–დანიშნულებაც სწორედ ეს არის: მიაყენოს მტერს მტკივნეული დარტყმა მისსავე ტერიტორიაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, როდესაც „დავითი გოლიათს ებრძვის“, უკრაინის სპეცსამსახურებმა სუპერორიგინალური ოპერაცია დაგეგმეს და რაც მთავარია – განახორციელეს. ალბათ მომავალში უფრო დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ამავე დროს არსებობს რეალური საფრთხეც: „დრონებით“ შეტევის ეს მეთოდი, რომლისგანაც დაცვა ფაქტიურად შეუძლებელია, შესაძლოა საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციებმაც გამოიყენონ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ ან მასობრივი პოლიტიკური, თუ სპორტულ–კულტურული ღონისძიებების დროს. წარმოიდგინეთ თუ რა მძიმე ლეტალური შედეგები შეიძლება ჰქონდეს ავტომობილების საბარგულებიდან ან „მარშრუტკებიდან“ ერთდროულად გამოფრენილი „დრონით“ განხორციელებული ტერაქტებს.
შეგახსენებთ, რომ სადაზვერვო საქმიანობა ადამიანთა მოდგმის ისეთივე უძველესი ხელობაა, როგორც პროსტიტუცია, პოლიტიკა და ვაჭრობა. მათ მარტო ისტორიული სიძველე როდი აკავშირებთ. მიზნის მისაღწევად ყველა ხერხისა და მეთოდის ამოქმედება, ადამიანური სისუსტეების: შიშის, სიხარბის, პატივმოყვარეობის, შურის და ა.შ., გამოყენება და რაც მთავარია, – ტყუილის, როგორც საქმიანობის ძირითად იარაღად მომარჯვება – ეს ყველაფერი ამ ოთხ უძველეს პროფესიას ოდითგანვე საერთო ჰქონდა და აქვს.
სახელმწიფოს, როგორც ადამიანთა თანაცხოვრების ორგანიზაციული ფორმის წარმოქმნის პირველივე დღიდანვე დაზვერვა/მსტოვრობის სამსახურის შექმნა გარდაუვალი გახდა, რადგანაც ყველა მმართველი რეჟიმისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა რეალური მდგომარეობის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს მიღმაც. უფრო მეტიც: სწორედ სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური და ა.შ. ინფორმაციის წინმსწრები ფლობა და დროული რეაგირება იყო და არის ამა თუ იმ ხელისუფლების ეფექტიანი ფუნქციონირების საწინდარი. პოლიტიკური ხელმძღვანელობა, კანონმდებლობის ფარგლებში, საგარეო დაზვერვას ოთხ ძირითად ამოცანას უნდა უსახავდეს:
1. პოლიტიკური დაზვერვა (პოლიტიკური ინფორმაციის მოპოვება და აქტიური მონაწილეობა საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზაციაში);
2. ეკონომიკური დაზვერვა (ობიექტური ინფორმაციის მოპოვება ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების, – ფირმების და ორგანიზაციების, საიმედობის შესახებ; ასევე მსოფლიოში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური პროცესების წინმსწრები ანალიზი, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და სხვ.);
3. სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვა (მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში უახლესი მიღწევების შესახებ ინფორმაციის მოპოვება). საგარეო დაზვერვა ყოველთვის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეა ორიენტირებული და როგორც წესი ამას „ტექნოლოგიური ჯაშუშობის“ ფორმა აქვს. აქ კლასიკურ მაგალითად საბჭოთა იმპერიის სპეცსამსახურების ოპერაციები შეიძლება დავასახელოთ. ცნობილია, რომ 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირში თითქმის არ შექმნილა სამხედრო ან მშვიდობიანი დანიშნულების რაიმე მნიშვნელოვანი პროდუქცია (ატომური იარაღით დაწყებული და საკერავი მანქანებით დამთავრებული), რომლის წარმოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიები, საპროექტო დოკუმენტაცია, ნედლეული და ა.შ. სრულად ან მნიშვნელოვანწილად სხვა ქვეყნებიდან საბჭოთა დაზვერვის მიერ არ იყო არალეგალურად “მოპოვებული” ანუ მოპარული;
4. სამხედრო დაზვერვა.
მისი მთავარი სპეციფიკა ვიწრო სპეციალიზაციაში გამოიხატება: ეს სტრუქტურა იქმნება სამხედრო და პოლიტიკურ სფეროებში შემდეგი ძირითადი ამოცანების შესასრულებლად:
ა. სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციის მოპოვება;
ბ. ინფორმაციის პირველადი დამუშავება, ანალიზი და შეფასება;
გ. კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისათვის.
დ. საბრძოლო ოპერაციების წინ ტაქტიკური და სტრატეგიული ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, შეფასება და მისი გამოყენება საბრძოლო გეგმაში;
ე. მოწინააღმდეგის ზურგში სადაზვერვო–დივერსიული ოპერაციების ჩატარება.
საგარეო დაზვერვის კლასიკური აგენტურულ–ოპერატიული საქმიანობა სამ ძირითად, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ მიმართულებას მოიცავს, ესაა:
1. ინფორმაციის მოპოვება;
2. მისი ანალიზი, შეფასება და შესაბამისი ოპერაციების დაგეგმვა;
3. ოპერაციების რეალიზაცია.
ზემოაღნიშნული თითოეული ეტაპი უმნიშვნელოვანესია დასახული ამოცანის შესასრულებლად. აგენტურული გზითა და ტექნიკური საშუალებებით მოპოვებულ საიდუმლო ინფორმაციას მაღალი დონის ობიექტური ანალიზი/შეფასება სჭირდება, რის საფუძველზეც მუშავდება ოპერატიულ მოქმედებათა გეგმა. ბოლო, მესამე ეტაპზე კი ეს, „ქაღალდზე“ დასახული ღონისძიებები, პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა ზემოაღნიშნული სამი ძირითადი მიმართულების შესაბამისადაა აგებული.
საგარეო დაზვერვას უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აკისრია სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ერთიან სისტემაში. ამ სპეცსამსახურს მართებულად მიიჩნევენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის პირველ ზღუდედ. მტერს უცილობლად დაამარცხებ, თუ მისი განზრახვის შესახებ ადრევე შეიტყობ და მოემზადები. თუ მოწინააღმდეგემ გაჯობა, დეზინფორმაცია შემოგაჩეჩა ან სულაც შენი საიდუმლო გეგმები შეიტყო, მაშინ მისი მოქმედება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდება შენთვის, მტერი გაიმარჯვებს და ისე “გადაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს”. ამავე დროს მტრის განზრახვა ‘შინაც” უნდა შეიტყო და “გარეთაც”. ამიტომ “კონტრდაზვერვა” (ქვეყნის შიგნით მოქმედება მოწინააღმდეგის მიერ შენი საიდუმლოების შეტყობის აღსაკვეთად) და “დაზვერვა” (ქვეყნის გარეთ მოქმედება სხვისი საიდუმლოების შესატყობად) „ ტყუპი ძმები“ არიან და მუდმივად უნდა ვითარდებოდნენ. თუცა საკამათო სწორედ ისაა „ოჯახის“ სიმტკიცისთვის, ეს „ტყუპები“ ერთი სახურავის ქვეშ უნდა იყვნენ, თუ დამოუკიდებლად და კოორდინირებულად ებრძოდნენ მოწინააღმდეგეს?
საკამათო არაა, რომ: სუსტი დაზვერვა = სუსტ სახელმწიფოს.
ალენ დალესი
აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ლეგენდარული შეფი ალენ დალესი (1893–1969) აღნიშნავდა, რომ სპეცსამსახურის ჩავარდნა მხოლოდ ამ სამსახურის მოქმედებებისა და შესაძლებლობების მასშტაბს გვიჩვენებს, ხოლო სერიოზული სპეცსამსახურები არასდროს ამხელენ წარმატებებსო.
სპეცსამსახურების, მათ შორის საგარეო დაზვერვის, მუშაობის ეფექტიანობა არა მარტო ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დასახული საშინაო და საგარეო პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ა.შ. ინფორმაციის ღია და ფარული მეთოდებით მოპოვებასა და მაღალი დონის რეკომენდაციების მომზადებაზეა დამოკიდებული. საბოლოო წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ითვალისწინებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება დაზვერვის სტრუქტურებიდან მიწოდებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს. ასე, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ ძლიერი დაზვერვა გვყავდეს, ასევე აუცილებელია, რომ ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებსაც ესმოდეთ საგარეო დაზვერვის გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა გლობალურ მსოფლიოში.
საგარეო დაზვერვა, ერთის მხრივ უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებულ კონკრეტულ შეკვეთებს უნდა ასრულებდეს, ხოლო მეორეს მხრივ თავადვე უნდა წარუდგენდეს წინმსწრებ სადაზვერვო ინფორმაციას და რეკომენდაციებს საგარეო და საშინაო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, ეკოლოგიური და სხვ. გადაწყვეტილებების მიღების წინ. ინფორმაციის მოპოვება უნდა
მოხდეს, ძირითადად აგენტურული, ტექნიკური შეღწევის და “ღია” მეთოდებით. იდეალურია ისეთი მდგომარეობა, როდესაც რეალურ ამოცანებს, ეფექტიანი “სადაზვერვო პროდუქტი” მოჰყვება, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება საგარეო და საშინაო პოლიტიკური პროცესების მართვისთვის გამოიყენებს. ამ შემთხვევაში კი დადებითი შედეგი, რაც არ უნდა მალო, მაინც არ დაიმალება.
უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სამხედრო დაზვერვა სამართლიანად ითვლებოდა ერთ-ერთ უძლიერეს სპეცსამსახურად მსოფლიოში. ეს კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმითაც იყო განპირობებული, რომ საბჭოთა დიქტატორ იოსებ სატალინს კარგად ესმოდა დაზვერვის მნიშვნელობა და ეფექტიანადაც იყენებდა დაზვერვის მთელ “სიკეთეს”. საქართველოს დაზვერვის სისტემაც, გვსიამოვნებს ეს თუ არა, ათწლეულების მანძილზე სტალინის მიერ შექმნილი სპეცსამსახურების საბჭოთა მოდელზე იყო აგებული.
ცნობილია, რომ სტალინი ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო კონსპირაციულ ცხოვრებაში და ისეთი სპეციფიკური თემები, როგორიცაა: დაზვერვა, კონტრდაზვერვა, აგენტის გადაბირება, დეზინფორმაცია და ა.შ. მისთვის უცხო ნამდვილად არ იყო. შემდგომ წლებში სტალინი პირადად აკონტროლებდა საბჭოთა სპეცსამსახურების მუშაობას და სისტემატურად ეცნობოდა უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურების ისტორიულ გამოცდილებასა და მიმდინარე საიდუმლო ოპერაციების ანალიზს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ორ საიდუმლო დოკუმენტს სტალინის პირადი არქივიდან, რომელიც ნათლად ადასტურებს ზემოთქმულს.
#579/ს საიდუმლო
ვ კ პ (ბ) ც კ
ამხ. სტალინს
თქვენი მთითების თანახმად სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელთა კოლექტივმა მოამზადა რიგი სტატიები, რომლებიც უცხოეთის ჯაშუშობის ორგანიზაციასა და მუშაობის ზოგიერთ მეთოდს ახასიათებენ. შვიდი სტატია, რომლებიც წინასწარ წაიკითხეს ამხ. ვოროშილოვმა და ამხ. ეჟოვმა, უკვე გამოქვეყნდა ცენტრალურ პრესაში (გაზეთებს თან ვურთავ). ხუთი სტატია, რომლებსაც ამჟამად თქვენ წამოგიდგენთ, დაიბეჭდება, თუ თქვენი თანხმობა იქნება.
გარდა ამისა კიდევ ხუთი სტატია, უცხოეთის დაზვერვის მუშაობის სახვადასხვა მეთოდების შესახებ, მზადების პროცესშია. 1937 წლის 25 აპრილს თქვენი პირადი მითითების თანახმად, ჩემს მიერ, სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, მზადდება დიდი სტატია “პრავდისთვის” – “გადმობირების მეთოდებისა და ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართვის შესახებ”. ამ სტატიას უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ.
მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სადაზვერვო
სამმართველოს უფროსი – კომკორი ს. ურიცკი
26.04. 1937წ.
სემიონ ურიცკი (1895–1938)
წითელი არმიის სადაზვერვო სამმართველოს (იგივე საბჭოთა სამხედრო დაზვერვის) მიერ სტალინისათვის მომზადებული მასალები ძალზე მრავალფეროვანი იყო და ეხებოდა: “საიდუმლო სამსახურის დანიშნულებასა და მიზნებს”, “ფრიდრიჰ II ჯაშუშურ ქსელს”, “საიდუმლო სამხედრო აგენტურის ისტორიას”, ”პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის აგენტურულ დაზვერვას”, ამავე პერიოდში “ ავსტრია-გერმანიის ჯაშუშურ საქმიანობას”, “საბჭოთა შორეულ აღმოსავლეთში უცხოეთის ჯაშუშობას”, “რუსეთ-იაპონიის ომის დროს იაპონიის დაზვერვის მოქმედებებს”, “გერმანიის საიდუმლო სამხედრო დაზვერვას”, “იაპონიის სადაზვერვო და დივერსიულ მოქმედებებს ჩინეთში” და ა.შ. მკითხველი ადვილად შეამჩნევს, რომ სტალინის დავალებით მომზადებული ანალიტიკური მასალები უპირველესად გერმანიისა და იაპონიის სპეცსამსახურების მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს შეეხებოდა. ეს გარემოება გასაგებია, რადგანაც 1937 წლის გაზაფხულზე ახალი მსოფლიო ომის საფრთხე უკვე რეალური ხდებოდა.. ამ ომში კი, სტალინის გათვლებით, საბჭოთა კავშირის მთავარი მოწინააღმდეგები გერმანია და იაპონია იქნებოდნენ. საბჭოთა დიქტატორისთვის მომზადებული ანალიტიკური მასალებიდან, რომლებიც მის მიერ მოწონებისა და სტილისტური შესწორებების შემდეგ საბჭოთა ცენტრალურ პრესაში იბეჭდებოდა, ერთია განსაკუთრებით საინტერესო.
ჩანს რომ სტატია, რომელიც უცხოეთის დაზვერვის მიერ ჯაშუშის გადაბირების მეთოდებს ეხება, სტალინს ყურადღებით წაუკითხავს და ლურჯი ფანქრით მინაწერიც გაუკეთებია. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ საიდუმლო დოკუმენტიდან.
პოლკოვნიკი ალფრედ რედლი (1864–1913)
“უცხოეთის სადაზვერვო სამსახურები ჯაშუშთა გადასაბირებლად იყენებენ ყოველგვარ ხერხსა და ეშმაკობას, უკან არ იხევენ მუქარისა და შანტაჟისაგანაც. . . ეს რთული და “დელიკატური” გადაბირების პროცესი ეყრდნობა ადამიანების შეცდომების, დანაშაულისა და სისუსტეების გამოყენებას. ასე მაგალითად, 1903-1913 წლებში მეფის დაზვერვამ გადაიბირა ავსტრიის გენშტაბის ოფიცერი რედლი, რომელიც წლების მანძილზე ავსტრიის დაზვერვის უფროსი იყო. . . .
უცხოეთის დაზვერვის სამსახურები მუდმივ თვალთვალს აწარმოებდნენ რედლიზე და სწავლობდნენ მის პირად ცხოვრებას. მათ დაადგინეს ის, რაც რედლის ხელმძღვანელებმაც არ იცოდნენ. კერძოდ ის, რომ რედლი ჰომოსექსუალი იყო. ამის გახმაურება რედლის სამსახურსა და მუნდირს შეიწირავდა, რედლის ეს მანკი გამოიყენა მეფის დაზვერვამ და შანტაჟის გზით გადაიბირა ის”.
ძნელია იმის თქმა ამ ინფორმაციამ რატომ გამოიწვია ბელადის განსაკუთრებული დაინტერესება, თუმცა ფაქტია, რომ ტექსტის გვერდზე ლურჯი ფანქრით მიაწერა: “მადლობა. ვინაა ავტორი?”. თავად კომკორ სემიონ ურიცკის დიდხანს არ ეწერა “შემოქმედებითი თანამშრომლობა” დიქტატორთან. 1937 წლის ივნისში ის მნიშვნელოვნად ჩამოაქვეითეს, ხუთი თვის შემდეგ კი სწორედ გერმანია–იაპონიის სასარგებლოდ ჯაშუშობის (!!!) მოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს და 1938 წლის აგვისტოში კი დახვრიტეს.
(პირველი ნაწილის დასასრული)