"ერთი კოლექტიური ფოტო მაინც გადაიღონ და გვაჩვენონ, შეუძლიათ თუ არა ერთმანეთის ატანა" - რას ურჩევს ვიქტორ ყიფიანი ოპოზიციას?!
"ერთი კოლექტიური ფოტო მაინც გადაიღონ და გვაჩვენონ, შეუძლიათ თუ არა ერთმანეთის ატანა და ერთმანეთთან საუბარი", - ასეთია "ჯეოქეისის" თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის ოპოზიციისთვის მიცემული რეკომენდაცია.
- ქვეყანაში გაბატონებული რეჟიმი სწრაფად იკრებს ძალას და გვაშორებს დემოკრატიულ პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და ევროპულ კურსს. ახლა მთავარი კითხვა ის არის, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პოლიტიკური ძალა და რა შეიძლება აღმოჩნდეს იმ პროცესის შემაკავებელი, რომელსაც ის ავითარებს.
დამოუკიდებლობის მიღების დღიდან მოყოლებული არაერთი პოლიტიკური ფორმაცია გამოვიცვალეთ, მაგრამ წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" იმით გამოირჩევა, რომ არა მხოლოდ არ ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს, არამედ მათ ხშირად იყენებს კონსპიროლოგიური თეორიების გასაღვივებლად. შედეგად, დღეს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ბირთვს სწორედ ეს კონსპიროლოგიური დისკურსი წარმოადგენს.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჩემი აზრით, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. სისტემის პრინციპები ისეთია, რომ არ მოიაზრება ქცევის შეცვლა მხოლოდ ადამიანების გადანაცვლებით. ამ მიდგომის არსი ის არის, რომ ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც გააგრძელებს უკვე დამკვიდრებულ ხელწერას. სანამ ეს რეპრესიული სტილი უცვლელია, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება შს მინისტრი ან სუს-ის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" შიდა წრეებში ყოველთვის მოიძებნება ჯგუფი, რომელიც მზად იქნება ამ მავნე ხაზის გაგრძელებისთვის. ამ ფონზე სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, შეცვლიან თუ არა მმართველი პარტიის ლიდერები საკუთარ პოლიტიკას. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ მოიქცევა ის საზოგადოება, რომელიც არ ეთანხმება ამ მოცემულობას. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავუსვათ თავს კითხვა: რა შეგვიძლია ამ ვითარების შესაცვლელად? "ქართულმა ოცნებამ" ამ კითხვას უკვე გასცა პასუხი და ყოველდღიურად ამტკიცებს ამ პასუხის სიმტკიცეს.
- ამაზე პასუხისმგებლობა, ალბათ, უპირველესად ოპოზიციას ეკისრება. თქვენ როგორ შეაფასებთ ოპოზიციის მოქმედებებს?
- ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ ვპოულობ. ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიცია ეფექტიანად მოქმედებს, და რაც უფრო მტკივნეულია, ეს შთაბეჭდილება ყოველდღიურად მყარდება.
როცა სახელმწიფოს ნორმალურობაზე ვსაუბრობთ, კითხვა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კი არ უნდა დავუსვათ, არამედ იმ სეგმენტსაც, ვინც ამ პარტიების მიღმა დგას.
თუ ვერ ვპოულობთ სათანადო რესურსს ოპოზიციაში, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, სად შეიძლება ამ რესურსის პოვნა? შესაძლებელია თუ არა მისი აღმოჩენა ოპოზიციური სპექტრის განახლების გზით? ამაზე პასუხები ვეძებოთ.
აქამდე თავს ვიკავებდით ამ თემებზე საუბრისგან, ჯერ საპარლამენტო პროცესების გამო, შემდეგ საპროტესტო აქციებზე მოლოდინის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში საზოგადოებაში ეს მოლოდინი სერიოზულად დაქვეითდა. პოლიტიკური ფორმაცია მხოლოდ მმართველი გუნდი არ არის - მთლიან სურათში უნდა შევაფასოთ მოცემულობა და ისე დავსვათ დიაგნოზი.
- თქვენი შეფასებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა რა არის?
- მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უფრო საკუთარ პოზიციებზე ზრუნავს, ვიდრე მთლიანად ოპოზიციური ველის გაჯანსაღებაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ოპოზიციონერობა დღევანდელ საქართველოში სოციალური სტატუსი გახდა, ეს კი პოლიტიკოსის ფუნქციას არ შეესაბამება.
სახელმწიფოებრივი აზროვნება და ეროვნული ხედვა ქართულ ოპოზიციაში თითქმის გაუჩინარდა. დღეს ჩვენ ვხედავთ წვრილფეხა პოლიტიკოსებს და ვგრძნობთ სახელმწიფო მოღვაწეების მწვავე დეფიციტს. საბოლოოდ კი ოპოზიციამ საზოგადოების დაკვეთა ვერ შეასრულა.
- რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ?
- იმ საინფორმაციო კამპანიის ფონზე, რასაც დღეს ოპოზიცია გვთავაზობს, რთულია თქმა, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად ახლა. ერთი ძალიან მარტივი თხოვნა მაინც მაქვს - ერთი საერთო ფოტო მაინც გადაიღონ და გვაჩვენონ, რომ ვნახოთ, შეუძლიათ თუ არა ერთმანეთის ატანა და ერთმანეთთან საუბარი. არის კიდევ ერთი, უფრო ღრმა პრობლემა - აქციიდან აქციამდე მუდმივად მიჩნდება განცდა, რომ საპროტესტო მუხტი ვერ გადადის რეალურ მოქმედებაში. აქედან იბადება კიდევ ერთი კითხვა: ეს პოლიტიკური პარტიები რეალურად პარტიებია თუ დახურული პოლიტიკური კლუბები?