გამოიკვეთა რუსული საზაფხულო შეტევის ერთ-ერთი მიზანი - ქალაქ სუმიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს . - კვირის პალიტრა

გამოიკვეთა რუსული საზაფხულო შეტევის ერთ-ერთი მიზანი - ქალაქ სუმიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს .

გამოიკვეთა რუსული საზაფხულო შეტევის ერთ-ერთი მიზანი-სუმზე ხელმეორედ შეტევა...

რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლის ზაფხულისთვის პუტინის არმია, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ისევ გააქტიურდა (თუმცა, კრემლს უკრაინაზე შეტევების ტემპი არც ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში შეუნელებია ძალიან), რაც უკვე იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა ამ გახანგრძლივებულ ომში მეოთხე საზაფხულო შეტევითი კამპანია წამოიწყო...

რუსული შეტევების მიმართულებები ტრადიციულად მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე შესაჭრელად, სამხრეთის ფრონტზე ზაპოროჟიეს ოლქის ახალი მიწების დასაპყრობად და ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუპიანსკის დასაპყრობად...

მაგრამ, გასული წლების საზაფხულო შეტევითი ოპერაციებისგან განსხვავებით,ამჯერად რუსეთი ხსნის ახალ, ჩრდილოეთის ფრონტსაც უკრაინული ქალაქის სუმის დასაპყრობად...

1-suumi-1748939462.jpg
ჯერ კიდევ 1652 წელს დაარსებულ ამ ლამაზ უკრაინულ ქალაქ სუმში დღეს 268 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ უკვე დაწყებულია მათი ევაკუაცია, რადგან პუტინის აგრესორ არმიას ამჯერად ამ ქალაქის დაპყრობა ანუ მისი სრული განადგურება აქვს განზრახული...

ქალაქი სუმი წარმოადგენს სუმის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს და ის უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან სულ რაღაც 30-იოდე კმ-ში მდებარეობს, რაც ზრდის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მისი დაპყრობის საშიშროებას...

2022 წლის 24 თებერვლიდან ანუ უკრაინაზე რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდანვე, სუმი აღმოჩნდა რუსი ოკუპანტების ფაქტობრივ ალყაში, თუმცა 6 აპრილამდე პუტინის არმიამ ვერ შეძლო უკრაინული სუმის დაპყრობა და უკან დაიხია და საერთოდ დატოვა უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილი.

სამი წლის შემდეგ კი რუსეთის გენერალიტეტი ახალ შეტევით ოპერაციას იწყებს იმავე სუმის მიმართულებით - რუსეთ-უკრაინის საზღვარი უკვე გადალახული აქვს რუსეთის არმიის საბრძოლო დანაყოფებს და დაიკავეს საზღვრისპირა რამდენიმე უკრაინული სოფელი - ქალაქ სუმამდე პირდაპირი ხაზით 25 კმ-ი დარჩა, რაც რუსეთის შორსმსროლელ არტილერიას საშუალებას აძლევს 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების უმართავი რაკეტები სუმის ჩრდილოეთ ნაწილის საცხოვრებელ კორპუსებამდეც მიაღწიონ...

ცალკე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ რუსული FPV-დრონები (მათ შორის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელებით მართვადი), რომელთა მასიური გამოყენების დაწყების შემთხვევაში სუმის მშვიდობიან მოსახლეობას ძალიან დიდი საფრთხე დაემუქრება - სამი წლის წინ,სუმის 40 დღიანი ნახევრადალყის დროს რუსეთმა 2022 წლის 13 აპრილს ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და ქალაქ სუმის ცენტრისკენ „ისკანდერის“ ტიპის ორი აერობალისტიკური რაკეტა გაუშვა (ისევე როგორც აგვისტოს ომის დროს ქართული გორის ცენტრისკენ) ,რასაც 35 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა და 129 ადამიანის დაჭრა მოჰყვა...

2-sumi-1748939461.png
უკრაინული ინტერნეტრესურსის DeepStateMap-ის რუკაზე გამოსახულია 2025 წლის 3 ივნისისთვის შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა ახალგახსნილ ჩრდილოეთის ფრონტზე - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოახერხეს რამდენიმე საზღვრისპირა უკრაინული სოფლის დაპყრობა(მონიშნულია ყავისფრად) და ქალაქ სუმისკენ გაჭრას ცდილობენ (რუკაზე მწვანედ მონიშნული სუმის ოლქის ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა 2022 წლის 24 თებერვლიდან 8 აპრილის ჩათვლით)

მაშინ, სამი წლის წინაც, რუსეთის საოკუპაციო არმია, რომლის ორი სატანკო დივიზია და ორი მოტომსროლელი ბრიგადა საზღვრიდან შეიჭრა სუმის ოლქში, ალბათ შეძლებდა ქალაქ სუმის მთლიანად დაპყრობას, მაგრამ იმ მომენტში პუტინის დავალებით რუსეთის არმია ბლიცკრიგის ოპერაციას ახორციელებდა და მთავარ მიზანს უკრაინის დედაქალაქის - კიევის რამდენიმე დღეში სრული დაპყრობა და უკრაინის ხელისუფლების სასწრაფო ჩანაცვლება წარმოადგენდა -ამიტომაც ქალაქ სუმს რუსულმა სატანკო არმადებმა „ტრანზიტით“ ჩაუარეს და კიევისკენ აიღეს გეზი...

3-sumi-1748939461.png
2022 წლის 13 აპრილს ქალაქ სუმის ცენტრში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის შედეგი, როდესაც პუტინის არმიამ ამ უკრაინული ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას „ისკანდერის“ ორი აერობალისტიკური რაკეტა ესროლა - ამჟამინდელი რუსული საზაფხულო შეტევა კი ეტყობა კიდევ უფრო სისხლისმღვრელი იქნება, რადგან ამ ისედაც საშინელი ომის მეოთხე წელს კრემლი კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა...

ამჯერად კი ეტყობა სულ სხვანაირად იქნება - რუსეთის საოკუპაციო ძალებს დიდი ხანია შეცვლილი აქვთ შეტევების ტაქტიკა და ჯავშანსატანკო კოლონებით ასფალტირებულ გზებზე სწრაფი სვლის ნაცვლად იყენებენ ნელი ტემპითა და მრავალრიცხოვანი მცირე მოიერიშე ჯგუფებით (რომლებიც ტანკების მხარდაჭერის გარეშე, ჩვეულებრივი ავტომობილებითა და მოტოციკლეტებით გადადიან იერიშებზე) ფართო ფრონტით შეტევის ტაქტიკას...

ასე ხდება უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე და ეტყობა ასევე გაგრძელდება ახალგახსნილ ჩრდილოეთ ფრონტზეც, მითუმეტეს, რომ სტეპებიანი დონბასიდან განსხვავებით, უკრაინის სუმისა და ხარკოვის ოლქები ხშირი ტყეებითა დაფარული და ზაფხულის გაფოთვლის შემდეგ, ტყის მასივებში რუსული ქვეითი მოიერიშე ჯგუფების ფარული წინსვლა უფრო გაადვილებული ხდება...