"გამოაქვეყნეს კობახიძის ვიდეო ჩანაწერი" - აფხაზეთიდან გააძევეს ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე - რისთვის მოუწია ოთარ კობახიძეს აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდა?
აფხაზეთიდან გააძევეს რუსეთის მოქალაქე ოთარ კობახიძე, ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა. აფხაზური უწყების ინფორმაციით, კობახიძე თავის ქალიშვილთან ერთად ეწვია სოხუმს და ვიდეოში განაცხადა, რომ "33 წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში".
ვიდეომ "ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი" გამოიწვია, განაცხადეს უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც ჩავიდნენ გაგრის რაიონში, დააკავეს კობახიძე და შემდგომ გააძევეს აფხაზეთიდან. ასევე, გამოაქვეყნეს კობახიძის ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ის ბოდიშს იხდის "აფხაზი ხალხის წინაშე იმის გამო, რომ ასე მოხდა".