დიდი სომხური სკანდალი: ფაშინიანი VS გარეგინ მეორე - რატომ დაინტერესდა პრემიერი სომეხთა კათოლიკოსის პირადი ცხოვრებით?! - კვირის პალიტრა

დიდი სომხური სკანდალი: ფაშინიანი VS გარეგინ მეორე - რატომ დაინტერესდა პრემიერი სომეხთა კათოლიკოსის პირადი ცხოვრებით?!

სომხეთში დიდი სკანდალია. პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი ადგილობრიც სამოციქულო ეკლესიას დაუპირისპირდნენ. "ცეცხლი" პირველმა ფაშინიანმა გახსნა.

კერძოდ, 29 მაისს გამართული მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სომხური ეკლესია დაემსგავსა „საკუჭნაოს, სადაც ნაგავი ინახება". ამას სასულიერო პირებისა და მრევლის აღშფოთება მოჰყვა. მათ ფაშინიანი სომხური ეკლესიის მიზანმიმართულად დასუსტების მცდელობაში და ლამის აზერბაიჯანის მოკავშირეობაში დაადანაშაულეს.

საპასუხოდ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოქვეყნა:

"თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია დაუქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი.

ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისადმი სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს არ შეუძლია ასეთი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. ამ საკითხს ვსვამ როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, რადგან სულიერი უსაფრთხოების საკითხს ვხედავ და ამაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ვსაუბრობ. ვხედავ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს. წმინდა ეჩმიაძინმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გამოხატოს, რის შემდეგაც საკითხის დამატებითი განმარტება მოხდება", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

2 ივნისს წმინდა ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ხელმძღვანელობით უმაღლესი სასულიერო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ფაშინიანს უპასუხეს.

"სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანია დაიწყო - სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ენით, შეურაცხყოფითა და ბრალდებებით და საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებით. უცენზურო ენით სავსე პუბლიკაციები მოკლებულია ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და უხეშად შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს. ეს პოზიცია აშკარად პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი და წარმოადგენს სომხური ეკლესიისა და მისი სასულიერო პირების ავტორიტეტის დაკნინების მცდელობას, რომლებიც პატივისცემით სარგებლობენ ერში ცხოვრებაში და საერთაშორისო წრეებში. მას სურს ეკლესიის ხმის ჩახშობა და მისი სოციალური გავლენის შემცირება.

მთავრობის მეთაურის ანტიეკლესიური ქცევა, ეროვნული ღირებულებებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები სავსეა დამანგრეველი შედეგებით და საფრთხეს უქმნის სომხურ სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ხალხის ერთიანობას როგორც სამშობლოში, ასევე დიასპორაში. სომხური ეკლესია ურყევად გააგრძელებს ერის ერთიანობის შენარჩუნების მისიას, წინააღმდეგობას გაუწევს დესტრუქციულ პროცესებს“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საკითხიც - ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის კათოლიკოსის არჩევისას სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა. სომხეთის უმაღლესი სასულიერო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეკლესიის საკითხები წყდება ეკლესიის კანონების შესაბამისად“:

„ეკლესიის საკითხები წყდება ეკლესიის კანონების შესაბამისად და არ შედის მთავრობისა და პოლიტიკური ფიგურების იურისდიქციაში. სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია თავისი მორწმუნეებითა და სასულიერო პირებით ერთიანია, რომელსაც სათავეში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი უდგას... ამ ახალი გამოწვევის წინაშე, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენი წმინდა ეკლესიის მორწმუნეებს, გაერთიანდნენ და არ დაუშვან ეროვნული საფუძვლების შერყევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განსაკუთრებით სკანდალური იყო შირაქის ეპარქიის ეპისკოპოსის მიქაელ აჯაპიანის განცხადება:

"დაინტერესდით ამ ადამიანის (ფაშინიანის) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობით, უმკურნალეთ მას და წამლების დალევისას არ მისცეთ უფლება, რომ ალკოჰოლი მიიღოს".

ფაშინიანის რეაქცია მწვავე იყო. მან ამ განცხადებებს რამდენიმე პოსტით უპასუხა, მათ შორის უცენზუროთიც.

"გააგრძელე საკუთარი ბიძის ცოლის ტ...ნა, ჩემთან რა საქმე გაქვს".

"უნდა ვიკითხოთ, რამდენი ჩვენი ეპისკოპოსი იცავს დაუქორწინებლობის აღთქმას?"

"ზოგიერთები შეშფოთებულები არიან, რომ მე ოფიციალურად არ ვარ დაქორწინებული. ასეთ სიტუაციაშია ჩვენი სასულიერო პირების ნახევარი და ზოგიერთს ეს არ აშფოთებს".

პრემიერის განცხადებებს ღიად უჭერს მხარს მისი მეუღლეც, ანა აკოფიანი, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე საკმაოდ კრიტიკულ პოსტს აქვეყებს:

„ქვეყნის მთავარი პედოფილები აღშფოთდნენ, რომ ეკლესია საკუჭნაოს შევადარეთ. რა თქმა უნდა, ასე უნდა მომხდარიყო, რადგან „საკუჭნაო" ხომ მანიაკების ცხოვრების ბნელი კუთხეებია. სწორედ ასეთ „საკუჭნაოებში" ხდებოდა გარყვნილება, რომელიც უკვე მორწმუნე ერის მრისხანებასაც კი აღარ იმსახურებს. მორწმუნე ერი, უკვე კარგა ხანია შეეგუა ამ ფაქტს და უკვე კარგა ხანია მხრებით მიათრევს ქვეყნის მთავარ მანიაკ-გარყვნილებს", - დაწერა ფაშინიანის მეუღლემ, ანა აკოფიანმა სოციალურ ქსელში.

ფაშიანის განცხადების გამო გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია. საინიციატივო ჯგუფმა ეკლესიასაც მიმართა, რომ სომხეთის პრემიერი ანათემისთვის გადაეცათ...

სკანდალი გრძელდება და ვნახოთ, როგორ დასრულდება ფაშინიანისა და გარეგინ მეორის ომი.

(სპეციალურად საიტისთვის)