ყირიმის ხიდი-აფეთქება ნომერი სამი... ამჯერად წყალქვეშ... - კვირის პალიტრა

ყირიმის ხიდი-აფეთქება ნომერი სამი... ამჯერად წყალქვეშ...

უკრაინასთან დიდი ომის მეოთხე წელში ჩაფლულ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს რუსულ სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული მინიატურული კამიკაძე-დრონებით უზარმაზარი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენების აფეთქება ჯერ ვერ მოენელებინა, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა ახალი სიურპრიზი შესთავაზეს და 3 ივნისის გამთენიისას ისევ აუფეთქეს კრემლის მხცოვანი ბინადარის საყვარელი „სიამაყე“-ყირიმის ხიდი...

ისევ აუფეთქეს იმიტომ, რომ ეს ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ააგო, ორჯერ უკვე გახდა უკრაინელების უნიკალური დივერსიული ოპერაციების სამიზნე სამი და ორი წლის წინ,თუმცა ამჯერად ყირიმის ხიდზე თავდასხმა მაინც განსხვავებული გახლდათ,რადგან ის წყალქვეშა შეტევით განხორციელდა...

2022 წლის 8 ოქტომბრის გამთენიისას (პუტინის დაბადების დღის შემდეგ) ყირიმის ხიდზე აფეთქდა ტრაილერი-ფურა, რომელიც 21 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო ფარულად დატვირთული, რის შედეგადაც ზღვაში ჩაიშალა საავტომობილო ხიდის სამი ნაწილი,ხოლო გვერდზე გამავალ სარკინიგზო ხიდზე კი ხანძარი გაუჩნდა საწვავით დატვირთულ შვიდ ვაგონ-ცისტერნას.საავტომობილო ხიდი ორი თვით გამოვიდა მწყობრიდან.

2023 წლის 17 ივლისს (მალაიზიური სამგზავრო „ბოინგის“ რუსული საზენიტო „ბუკით“ დონეცკის ოლქის თავზე ჩამოგდებიდან 9 წლის თავზე) ყირიმის ხიდზე მეორე თავდასხმა განხორციელდა, ამჯერად ორი კატარღა-კამიკაძეს გამოყენებით-უკრაინული წყალზედა კამიკაძე-კატარღები Sea Baby-ები დაეჯახნენ ყირიმის ხიდის ბურჯებს და მძლავრი აფეთქებების შედეგად ისინი დააზიანეს, რის შედეგად ჩამოიშალა საავტომობილო ხიდის ნაწილი.საავტომობილო მოძრაობა ხიდზე მხოლოდ სამი თვის შემდეგ აღსდგა.

xidi-2-1748971389.png
ყირიმის ხიდის ერთ-ერთი ბურჯის წყალქვეშა ნაწილზე მომხდარი ძლიერი აფეთქების მომენტი...

წინა ორი დივერსიული ოპერაციისგან განსხვავებით, როდესაც უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ერთხელ დანაღმული ტრაილერი, მეორედ კი წყალზედა კატარღა-კამიკაძეები გამოიყენეს, ყირიმის ხიდის ჩამოშლის მესამე მცდელობა დღეს დილას უკვე წყალქვეშა აფეთქებით შესრულდა...

თავად უკრაინის უშიშროების სამსახურის-„ეს-ბე-უ“-ს განცხადებით მათი აგენტები, როგორც მუშები, მონაწილეობდნენ ყირიმის ხიდის ბურჯების გარემონტებაში, რის შემდეგაც ხიდის ერთ-ერთი საყრდენი ბურჯის წყალქვეშა ნაწილზე დეტონირდა 1 100 კგ ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება, რამაც ხიდის ბურჯის წყალქვეშა ნაწილი,რომელიც ზღვის ფსკერზე ჩადის სერიოზულად დააზიანაო...

თუმცა, არსებობს სხვა ვერსიაც-უკრაინის სპეცსამსახურებმა პირველად გამოიყენეს წყალქვეშა კამიკაძე-დრონი, სახელად Марічка, რომლის სიგრძე ექვს მეტრამდეა,დიამეტრი კი ერთ მეტრს შეადგენს და მას ათას კმ-ზე ერთტონიანი ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანა შეუძლია...

თუკი ასეთმა ძლიერმა აფეთქებამ ყირიმის ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დააზიანა და თანაც ამ ბურჯის წყალქვეშა ნაწილი, მაშინ ხიდის გამოყენება საშიში ხდება, დაზიანებული ბურჯის წყალქვეშა შესწავლის გარეშე, რის გამოც ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებას დამატებითი პრობლემები შეექმნება, თუმცა არა კრიტიკული, რადგან რუსეთმა შეძლო დონის როსტოვიდან ოკუპირებული მარიუპოლისა და მელიტოპოლის გავლით სარკინიგზო დერეფნის ამოქმედება ყირიმამდე და საწვავისა და საბრძოლო მასალების დიდ ნაწილის ტრანსპორტირებას სწორედ ამ გზით, ყირიმის ხიდის გვერდის ავლით ახორციელებს.

თუმცა ეს შემოვლითი სარკინიგზო ხაზი ასიოდე კმ-ში გადის ზაპოროჟიეს ფრონტიდან და 1 ივნისის გამთენიისას,სანამ რუსულ სამხედრო აეროდრომებს უკრაინული კამიკაძე-დრონები „კრაზანებივით“ შეესეოდნენ,უკრაინელებმა შეძლეს ოკუპირებულ მელიტოპოლთან რუსული სარკინიგზო შემადგენლობის აფეთქება, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა ყირიმისკენ...

xidi3-1748971442.png
აფეთქების ტალღამ დააზიანა ყირიმის საავტომობილო ხიდის ნაწილიც...

ყირიმის ხიდზე მესამე თავდასხმამაც ვერ მოახდინა მისი ნაწილის სრული ჩამოშლა (ისე,პირველი დივერსიის დროს,21 ტონა ჰექსოგენითა და ტროტილით დანაღმული ტრაილერის დეტონირება რამდენიმე წამით გვიან რომ მომხდარიყო, ეს „ფურა“ მოასწრებდა ყირიმის ხიდის მთავარ ადგილას-საავტომობილო და სარკინიგზო არკებამდე დარჩენილი 750 მ-ის გავლას, ხოლო ასეთი ძლიერი აფეთქება აუცილებლად ჩამოშლიდა ყირიმის ხიდის იმ ორივე არკას,რომლის ქვეშაც გემები გადიან...) და ეტყობა არც უკრაინელები მოიშლიან დივერსიებს, სანამ ბოლომდე არ დაანგრევენ უკრაინის ყირიმის ანექსიისა და პუტინის პირადი „სიამაყის“ ამ სიმბოლოს,მაგრამ გაოცებას იცით რა იწვევს?

xidi4-1748971528.png

უკრაინული მორიგი „ნოუ-ჰაუ“- წყალქვეშა კამიკაძე-ტორპედო Марічка, რომელიც სავარაუდოდ გამოყენებული იქნა 2025 წლის 3 ივნიის ყირიმის ხიდზე მესამე თავდასხმის დროს-სხვათაშორის, ყირიმის ხიდზე მეორე შეტევის შემდეგ, ამავე ბლოგში გამოვთქვით ვარაუდი,რომ მესამე თავდასხმა ამ ხიდზე,ალბათ უკვე წყალქვეშ იქნება მიმართული-თქო...

ყირიმის ხიდზე განხორციელებული სამივე დივერსიული ოპერაციის ვიდეოკადრები მოეპოვებათ უკრაინის სპეცსამსახურებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი „ლაივ“ რეჟიმში აკონტროლებენ ყირიმის ხიდზე რუსი ოკუპანტების მიმოსვლას და არცაა გასაკვირი, რომ ასე წარმატებით გეგმავენ და ახორციელებენ დივერსიულ აქტებს რუსეთის სპეცსამსახურების, მეზღვაურებისა და მეზენიტეების მიერ ყველაზე მეტად დაცულ სტრატეგიულ ობიექტზე-ყირიმის ხიდზე...

ვიდეო - 2025 წლის 3 ივნისს ყირიმის ხიდის ბურჯზე მომხდარი ძლიერი წყალქვეშა აფეთქების ვიდეოკადრები...