რა წერია წერილში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის გაუგზავნა?! - კვირის პალიტრა

რა წერია წერილში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის გაუგზავნა?!

ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს - დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის მიმართავს.

შალვა პაპუაშვილი წერილს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და განმარტავს, რომ რამდენიმე დღის წინ განმეორებითი წერილით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, სადაც კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება“. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დიპლომატს მიმდინარე წლის 30 მაისს მიმართა.

„მინდა გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ.

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მისიის უმოქმედობა, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ, ქმნის იმგვარ გარემოს, რომელიც ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ზიზღის, ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციისათვის.

"ინტერპრესნიუსი"