"რუსეთმა კონფედერაციის იდეა შემოაგდო, ასლან ბჟანიას გუნდი ამას შეგუებულიც იყო და კულუარული კონტაქტებიც ჰქონდათ თბილისთან" - მამუკა არეშიძის სკანდალურ - კვირის პალიტრა

"რუსეთმა კონფედერაციის იდეა შემოაგდო, ასლან ბჟანიას გუნდი ამას შეგუებულიც იყო და კულუარული კონტაქტებიც ჰქონდათ თბილისთან" - მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება

დაბრუნდა თუ არა დღის წესრიგში აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი, ეს არის თემა, რომელიც აფხაზურ მედიაში გააქტიურდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს ბიზნესასოციაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, სადაც­ განიხილეს სავაჭრო ბრუნვის გაფართოების საკითხი, ითქვა, რომ ლარსის საბაჟოზე მუდმივი რიგებია, ეს პრობლემაა და რუსეთ-საქართველოს სატვირთო რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობაზეც ილაპარაკეს... დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხების ცნობით, "აფხაზეთისთვის შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება", ოპოზიციური მედია კი წერდა, რომ ეკონომიკურად რკინიგზის ამოქმედება სასარგებლოა, თუმცა სოხუმისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, რა სტატუსი ექნება აფხაზეთს. ტვირთების გატარებისას საბუთებზე დაირტყმება თუ არა აფხაზური შტამპი.

ცნობისთვის: მოსკოვში შეხვედრა 14 მაისს გაიმართა. ქართულ მხარეს წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ნიშნიანიძე, რუსულს - ასოციაციის გენერალური დირექტორი მარატ შაიდაევი.

მამუკა არეშიძე, „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი: - რუსეთისთვის სამხრეთით მიმავალი დამატებითი სარკინიგზო ხაზი აუცილებელია. სხვა სარკინიგზო ხაზი, რომელიც მის მთავარ პროექტს, ჩრდილო-სამხრეთის მაგისტრალს ავსებს, ეს არის აზერბაიჯანზე გამავალი სარკინიგზო ხაზი. რუსეთისთვის ჩრდილო-სამხრეთის სავაჭრო გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მას პეტერბურგი-მუმბაის გზა ჰქვია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინდოეთისთვის, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ირანის ერთ-ერთი პორტი ხანგრძლივი არენდით აიღო ინდოეთმა სწორედ იმიტომ, რომ ამ გზით წამოსული ტვირთები მიიღოს ირანის პორტში და შემდეგ ზღვით პაკისტანის გვერდის ავლით წაიღოს ინდოეთში. ასეთივე მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისა და ირანისთვისაც, მაგრამ არის ერთი საკითხი - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ხელი აქვს მოწერილი აზერბაიჯანთან სამეგობრო ხელშეკრულებაზე, ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი თურქეთის გავლენაშია და დღეისთვის თურქეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენა მაქსიმალურად შესუსტებულიყო. მოსკოვი ფიქრობს, რა იქნება ხვალ და ფიქრობს, რომ საჭიროა დივერსიფიცირებული მეორე გზა. ამიტომ მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც უნდა გაიაროს ამ გზამ იმისთვის, რომ სომხეთის რკინიგზას შეუერთდეს და შემდეგ ირანიდან გაგრძელდეს. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზა რუსეთის საკუთრებაა და მას სრულად ვერ იყენებს, იმიტომ, რომ რკინიგზა არსად არ მიდის. ამ მეორე სარკინიგზო ხაზის ამუშავებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის და შემდეგ სომხეთის ტერიტორიაზე, მოსკოვი რამდენიმე კურდღელს დაიჭერს: ერთი, რომ ეს შექმნის დივერსიფიცირებულ გზას, აზერბაიჯანის ალტერნატიულ გზას და მეორე - თავის წარმომადგენლობასა და გავლენას გაზრდის როგორც საქართველოს, ასე სომხეთის ტერიტორიაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ გზამ უნდა გადაკვეთოს ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, აქედან გამომდინარე, ეს დერეფანიც ნაწილობრივ რუსეთის კონტროლში მოექცევა.

მოკლედ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გზა ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რომ როდესაც აფხაზეთის რკინიგზის საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდა, გაჩნდა ახალი პროექტი, რომ ინგუშეთიდან შემოეყვანათ გზა საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა ინგუშეთიდან ამ გზის გამოყვანას, მგონი, რუსეთის მთელი ბიუჯეტი დასჭირდება.

ეს კარგად ესმით მოსკოვში, მაგრამ მაინც იმდენად საჭიროა, ამ საკითხსაც ააქტიურებენ. აფხაზეთის რკინიგზის ამუშავება კი ბევრად უფრო მარტივია, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოზიციაზე. თუ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არ შეიცვალა და არ დაუბრუნდა ქართულ სახელმწიფოს, ეს რკინიგზა ვერ ამუშავდება.

- შესაძლებელია კულუარულად, ბიზნესწრეების მეშვეობით განიხილებოდეს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა?

- რკინიგზის აღდგენის საკითხი კულუარულად ერთ წელზე მეტია განიხილება. მე კარგად ვიცნობ ზაზა ნიშნიანიძეს, ვინც მოსკოვში ამ შეხვედრაზე იყო და როგორც ჩანს, ეს მოთელვა იყო. ამ ტიპის­ ბიზნესწრეებით არ ხდება რუსეთ-საქართველოს შორის ასეთი სერიოზული პოლიტიკური თემების განხილვა. ასეთ საკითხებს სხვა ტიპის ხალხი აგვარებს, თუმცა არ შემიძლია დავასახელო ის ფორმატები. მე წელიწადზე მეტია ვიცი და შეიძლება უფრო ადრეც დაიწყო, მაგრამ ყოველთვის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გამო მუხრუჭდება. შარშან სწორედ ამიტომ შემოაგდო რუსეთმა კონფედერაციის იდეა. ეს არ იყო ოფიციალური განცხადება, მაგრამ სერიოზულად განიხილებოდა. სხვათა შორის, აფხაზეთში ეს ბევრად აქტიურად მუსირებდა. ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიას პოლიტიკური გუნდი ამ თემას უკვე შეგუებულიც იყო და კულუარული კონტაქტებიც ჰქონდათ ქართულ მხარესთან. თუმცა კონფედერაციის ფორმატი ქართულ მხარეს არ აწყობს, რადგან ის გულისხმობს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და შემდეგ სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას, საიდანაც გასვლა აფხაზებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. აფხაზეთში შიდაარეულობის გამო ეს თემა ცოტა ხნით ჩაცხრა, თუმცა ახლა კვლავ გაცოცხლდა. ბადრა გუნბას "პრეზიდენტად" მოყვანით რუსეთმა აფხაზეთში პოზიცია გაიმყარა და თავის გეგმების შესრულებას აქტიურად დაიწყებს, მოსკოვის ერთ-ერთი გეგმა კი ამ რკინიგზის ამუშავებაა. ჯერ რუსეთი ცდილობს აფხაზების წინააღმდეგობა გატეხოს, რომ მიდგომები შეიცვალოს. უნდა გვქონდეს თუ არა იმედი, რომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი ჩვენთვის სასარგებლოდ შეიცვლება? ეს მარტივი არ არის. როგორც ჩანს, მოსკოვი ამის სანაცვლოდ რაღაცის დათმობას მოგვთხოვს. სავაჭრო თემაა.

წაიკითხე ვრცლად