"ეს არის კითხვა მილიონ დოლარად" ანუ რას გეგმავენ ამერიკელები თბილისზე ზეწოლისთვის?! - მირიან მირიანაშვილის ანალიზი
"მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსის უგულებელყოფა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს კი არა, შეიძლება მთელ ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდეს", - განაცხადა პოლიტიკის ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა მას შემდეგ, რაც ცნობილი შეიქნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა შეხვედროდა აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს, რომელსაც მასთან ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი მიჰქონდა. ანალიტიკოსმა ორიოდ დღის წინ საქართველოში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ სტივ დეინსის ჩამოსვლაზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმილი არ იყო... რა გზავნილი ჩამოიტანა სენატორმა დეინსიმ საქართველოში, ვისი წინადადება უგულებელყო ივანიშვილმა და როგორია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი გვესაუბრა.
- სენატორი დეინსი ამიერკავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი მისიით იყო ჩამოსული - სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების საკითხზე იყო ორიენტირებული და ალიევსა და ფაშინიანთან ვიზიტებისას მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ახლდა. დეინსიმ ტრამპის გზავნილი ჩამოიტანა იმის შესახებ, რომ მზად არის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ხელის მოწერის პროცესს პირადად დაესწროს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ამიერკავკასია აღარ მოიაზრება პოსტსაბჭოთა სივრცის ნარჩენად და რეგიონს ახალი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება, რაც ახალ რეალობას ქმნის ყველასთვის, უპირველესად კი საქართველოსთვის. ამ დროს კი რა ხდება საქართველოში?
ბოლო პერიოდში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის შესაძლო განვითარებაზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის სამი სხვადასხვა გზავნილი: მარკო რუბიოს ნეგატიური წერილი - დამოუკიდებლობის დღის მილოცვა ქართველი ხალხისთვის, რომელშიც ხელისუფლება ნახსენები არც იყო; დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე; აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე... სამივე გზავნილი ერთი და იმავე ეპიცენტრიდანაა და ის მარკო რუბიოს "საუფლო ტერიტორიაა".
ტრამპის წერილი კონტექსტურად გაცდენილია ზოგად მოცემულობას და წარმოადგენს სიგნალს გარემომცველი სივრცისთვის, რომ საქართველო კვლავაც ამერიკელების ინტერესის საგანია. მეორე მხრივ, ამერიკელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ერთგვაროვანი არ არის, მათ შორის არც ამერიკულ ელიტაში. მაგალითად, ტრამპის ოჯახი ბიძინა ივანიშვილს ნეგატიურად არ უყურებს. მეტიც, ივანიშვილს ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის გარემოცვაში ჰყავს ლობისტები. სავარაუდოდ, მისალოცი წერილიც კუშნერების მუშაობის შედეგია.
- შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს საკითხზე?
- პოლიტიკურ დონეზე ტრამპის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილებები დიდი ხნის წინ არის მიღებული. ჯერ კიდევ ნოემბრის მიწურულს, სანამ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია საბოლოოდ დაკომპლექტდებოდა, ტრამპმა რესპუბლიკელებთან შეთანხმებას მიაღწია რუბიოს თანამდებობის საკითხზე. ამ გარიგების ჩაშლა გამორიცხულია, რადგან ტრამპს რესპუბლიკური პარტიის გადაკიდება არ აწყობს. მასკის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაც ამის დასტურია. სხვათა შორის, რუბიოსა და მასკის დაპირისპირების ინიციატორი თავად ტრამპი იყო - მას მარკ რუბიო და ლინდსი გრემი ილონ მასკის საპირწონედ ჰყავდა ხელისუფლებაში.
ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა და მისი რეიტინგი კამალა ჰარისის რეიტინგს ჩამორჩებოდა, რესპუბლიკურ პარტიასთან ჩვენთვის ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდა - ეს იყო ამიერკავკასია.
ამ შეთანხმებით გადაწყდა, რომ ეს რეგიონი რუბიოსა და გრემის გავლენაში მოექცეოდა. შეიძლება ითქვას, ტრამპმა დიდი დათმობების შედეგად მოიპოვა რესპუბლიკელების მხარდაჭერა. თებერვლის მიწურულიდან რუბიოს გარემოცვა, ლინდსი გრემი და სხვა სენატორები, საქართველოს საკითხში აქტიურ პოლიტიკაზე გადავიდნენ. იმ პერიოდს ვგულისხმობ, როცა გრემის ოფისში "მეგობარი აქტის" რეზოლუციის საფუძველზე კანონპროექტი მომზადდა. შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციაში ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ პოლიტიკის კონტურები ერთგვაროვანია. "ქართულ ოცნებაში" უნდა ესმოდეთ, რომ ტრამპი საქართველოს გულისთვის რუბიოსა და გრემის ჯგუფს არ დაუპირისპირდება.
- როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარი სანქციებს უკავშირდება...
- ჩემი აზრით, გზავნილი, რომელიც ივანიშვილს უნდა მიეღო, მარკო რუბიოს პოზიციას ასახავდა. მოგვწონს თუ არა, რუბიო დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსია და მისი უგულებელყოფა არაპრაგმატული ნაბიჯია. ივანიშვილს, სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია გზავნილის შინაარსის შესახებ. შესაბამისად, ის არჩევანის წინაშე დადგა - შეხვედროდა ელჩს და პირადად მიეღო გზავნილი, რაც რუბიოს მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას დაადასტურებდა, ან უარი ეთქვა შეხვედრაზე და ამ გზით თავიდან აერიდებინა მისთვის არასასურველი პოლიტიკური ვალდებულება. შეხვედრაზე უარის თქმით, მან, ერთი მხრივ, დრო მოიგო და გზავნილის მიღება ფორმალურად აირიდა. მეორე მხრივ, პროცესები ისე წარმართა, რომ პოლიტიკურ ველზე კობახიძის გაძლიერება დააჩქარა. ამით მან ამერიკულ მხარეს შეტყობინება გაუგზავნა, რომ თითქოს თავად ჩამოშორდა ხელისუფლებას და მასზე აღარაფერია დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ დეკორაციას ამერიკელები სერიოზულად არ მიიღებენ. ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ ივანიშვილი კვლავ ხელისუფლების ცენტრია, რაც ნიშნავს, რომ მასზე ზეწოლა გაგრძელდება.
რაც შეეხება რუბიოსა და ლინდსი გრემის გზავნილს, დიდი ალბათობით, ისინი საქართველოსგან ელიან რუსეთთან მკაფიო და სერიოზულ წინააღმდეგობას, ივანიშვილი კი ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ არის.
მისი მოქმედებები აჩვენებს, რომ ის დროის მოგებას ცდილობს, სანამ არ დარწმუნდება, რომ ამერიკელები რუსებთან უკრაინაში ზავით რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრციდან განდევნიან და რუსეთს მანევრის შესაძლებლობა უკიდურესად შეეზღუდება.
- კობახიძის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება ივანიშვილს გარკვეული საფრთხის წინაშე ხომ არ აყენებს?
- რისკი ნამდვილად არსებობს. ქართული პოლიტიკური სისტემა სამ ძირითად ბერკეტზეა დაფუძნებული: შსს-ზე, სუს-სა და პარტაქტივზე. ბიძინა ივანიშვილმა სუს-ისა და უსაფრთხოების სტრუქტურების მმართველობა უკვე გადააბარა კობახიძეს, თუმცა პარლამენტში ძალთა განლაგება უცვლელია. გასაგებია, რომ მხოლოდ სუს-სა და შსს-ში ძალთა ბალანსის გადანაწილება რეალურ გადაბარებად ვერ აღიქმება და ეს დიდწილად პოლიტიკური დეკორაციაა, თუმცა ამ დეკორაციასაც ახლავს რისკები. ივანიშვილს კარგად ესმის, რომ უახლოეს მომავალში ამერიკული მხარე მისგან კონკრეტულ ანტირუსულ ნაბიჯებს მოითხოვს. სწორედ ამას მიიჩნევს ის თავისთვის ყველაზე სარისკო სცენარად და ამიტომაც მიმართავს მსგავს პოლიტიკურ სპექტაკლს - თითქოს ძალაუფლება გადააბარა. ამ ამბავში მთავარი ინტრიგა იმაშია, რომ ამერიკელები ივანიშვილს არ შეეშვებიან, ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ პროცესები ესკალაციის გზით წავა. პრობლემა იმ პოლიტიკურ და დიპლომატიურ რეალობაშია, რომელიც საქართველოს გარშემო ყალიბდება.
რუსეთს სურს საქართველოს საკითხი ამერიკასთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის გზით გადაწყვიტოს, რადგან პუტინი ჩვენს ქვეყანას საკუთარი გავლენის ზონად მიიჩნევს. ამერიკა, თავის მხრივ, არც წარსულში აღიარებდა და არც დღეს აღიარებს ამ ზონალურ დაყოფას.
ვაშინგტონის მიზანი არ შეცვლილა: მათ სურთ რუსეთის გავლენა საქართველოში ქართველების ხელით დაირღვეს, ივანიშვილს კი არ სურს ამ კონფლიქტის ეპიცენტრში ყოფნა. მისთვის მნიშვნელოვანია როგორმე აირიდოს ეს როლი, მაგრამ ამერიკული მხარე ამის საშუალებას არ აძლევს.
- ამ კონტექსტში საინტერესოა ივანიშვილის განცხადება, რომ ის ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვით იმდენად იყო დაინტერესებული, ამერიკულ მხარეს ისიც კი აცნობა, დაბლოკილ თანხას არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დახარჯავდა.
- ეს პირდაპირ ასე იშიფრება: "რადგან ფულს მაინც ვერ ვიღებ, მზად ვარ თქვენთვის სასურველი მიზნებისთვის დავხარჯო".
- რატომ აღმოჩნდა ამერიკელებისთვის ეს ინიციატივა მიუღებელი?
- იმიტომ, რომ ამერიკელები არ აპირებენ ხელი გაუშვან იმ ფინანსურ ბერკეტებს, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ აქვთ. თუკი ფულის დახარჯვის უფლებას მისცემდნენ, თუნდაც ამერიკის ინტერესების სასარგებლოდ, ეს ავტომატურად შეამცირებდა ზეწოლის ინსტრუმენტებს როგორც დაყადაღებულ, ასევე დასაყადაღებელ ფინანსურ რესურსებზე. დაფინანსების დაშვებით ივანიშვილი შეძლებდა მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და თავის დანარჩენ აქტივებს დაიცავდა, ეს კი ვაშინგტონისთვის მიუღებელია. მათთვის ივანიშვილის ფული პოლიტიკური კომუნიკაციის ბერკეტია.
- რა სახის შეიძლება იყოს ამერიკული ზეწოლა ივანიშვილზე?
- ეს არის კითხვა მილიონ დოლარად. ამაზე პასუხი ძალიან აინტერესებთ ხელისუფლებაში, განსაკუთრებით თავად ბიძინა ივანიშვილს.