ყვავილები მოყვარულ მემცენარეებს ცხოვრებას ულამაზებს - კვირის პალიტრა

ყვავილები მოყვარულ მემცენარეებს ცხოვრებას ულამაზებს

"ქიმიკოსი ვარ, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე კი დავამთავრე, თემაზეც ვმუშაობდი, მაგრამ ამჟამად დიასახლისი ვარ, ბავშვების აღზრდას დავუთმე დრო", - ასე გაგვეცნო ლელა გრძელიშვილი, ქალბატონი, რომელსაც ვაკეში ერთ-ერთ სახლის მესამე სართულის აივანზე ნამდვილი ბაღნარი აქვს შექმნილი. ასევე ქიმიკოს და ინჟინერ მეუღლესთან, ზურაბ გველესიანთან ერთად წლებია აივნის გამწვანებითაა დაკავებული. მათ ეს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. ცნობისთვის: ისინი ქართველი ფეხბურთელის, საქართველოს ნაკრების წევრის, გიორგი გველესიანის მშობლები არიან.

ლელა გრძელიშვილი:

- ძალიან პატარა აივანი გვქონდა, სადაც შეუძლებელი იყო რამის წამოწყება. ადრე აივნების მიშენება რომ დაიწყო, ჩვენც მივაშენეთ და შემდეგ მის ნელ-ნელა გამწვანებას შევუდექით. ჩემს მეუღლეს ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. რომ ვიტყვი, ეს გადავრგოთ, ამას სხვა ქოთანი უნდა-მეთქი, სიტყვა დასრულებული არა მაქვს, რომ მიწა უკვე გაშლილია. ვეცნობი ლიტერატურას, საიდანაც რჩევებს ვიღებ და მეუღლესაც ვუზიარებ. ყვავილს თუ რამე ავადმყოფობა გაუჩნდება, ამაზე დაკვირვება უკვე ჩემი პრეროგატივაა. თავდაპირველად ბევრი მცენარე გაგვიფუჭდა. მარტო წყლის დასხმა არაფერია, თუ დაავადება არ დაადგინე, არ შეწამლე, გაფუჭდება. ყველას სხვადასხვა ბუნება აქვს, ზოგს ჩრდილი უნდა, ზოგს მზე, ზოგს მეტი წყალი ან პირიქით. გამორჩეულად მიყვარს ბალბები, საოცარ გარემოს ქმნიან და სულ ღაჟღაჟებენ, მთელ წელიწადს ყვავიან. ზამთარში, თუ ყინვა არ არის, შინ არ შემომაქვს, რადგან ოთახის პირობები დიდად არ უყვართ.

ბალბა ბევრნაირი ფერის მაქვს. ადვილი მოსავლელი მცენარეა, ის ყველა აივანზე უნდა იყოს. უყვარს მზიანი მხარე, ჩრდილს ვერ იტანს. ვისაც აივანზე ჩრდილი არა აქვს, ისინი ბალბით არ უნდა დაინტერესდნენ. ჩვენს აივანს მზე აღმოსავლეთიდან აცხუნებს და ტოტს ვერ ნახავთ, ორი-სამი კვირტი არ ჰქონდეს ერთდროულად. ყველა ერთად რომ აყვავდება, სასწაულ გარემოს ქმნიან. ზამთარშიც ყვავის, მაგრამ ეს სასურველი არ არის და ტოტებს ზოგჯერ ვატეხ, რომ დაისვენოს. ყოფილა შემთხვევა, ბევრი რომ უყვავილია, ვეღარ გაუძლია და დაღუპულა.

4ffa6963-d448-4d69-9774-040d26a04299-1749060405.jpg

- წყალი ზომიერად უყვარს, ხომ?

- კი, ასეა... მოკლედ, მოყვარულ მემცენარეებს აივანსაც ულამაზებს და ხასიათსაც. ფერად-ფერად ყვავილებს რომ უყურებ, თუ მცენარე გიყვარს, ეს დიდად გახარებს. ყვავილები ძალიან მიყვარს, ოღონდ მოწყვეტილი არა, როცა მომართმევენ, ვფიქრობ, რამდენიმე დღეში რომ უნდა გახმეს და არ მსიამოვნებს.

- ბალბას საზამთროდ, მგონი, ტოტებს აცლიან...

- როცა შევატყობ, რომ გადაბერებული ტოტები აქვს, ზედა ნაწილში ვჭრი, რადგან ძალა აღარ აქვს. საღ ტოტს პირდაპირ მიწაში ვრგავ. ფხვიერი მიწა უნდა, უკეთესია, თუ სილანარევიც იქნება. გაზაფხულსა და შემოდგომაზე მათი ასე განახლებაა შესაძლებელი, ზაფხულში კი კალამს გახარება ცოტა გაუჭირდება.

- მცენარეებს რა ნიშნით არჩევთ?

- მოყვავილეები გვიყვარს. ჩინური ვარდიც გვაქვს, კარგად ყვავილობს, მაგრამ ერთ დღეში სცვივა და გული მწყდება... მიყვარს, როცა ყველაფერი დიდხანს ყვავილობს. ბევრი გვაქვს არამოყვავილე მცენარეც, მაგალითად, სამნაირი დრაცენა, საკმაოდ დიდები. ზამთარში ოთახში შემომაქვს, შვილივით ვუვლი მათაც. პელარგონიას, რომელიც ბალბის "ბიძაშვილია" - გამოყვანილი ჯიშია, მეტად სათუთია და ძალიან ვუფრთხილდები, რომ ზამთარში არ გამიფუჭდეს... სინათლე, სითბო, წყალი - ყველაფერი უნდა დააბალანსო.

5e07bb6f-e42a-49df-8ae0-262abdf262f3-1749060405.jpg

- აივანზე განთავსებული პირველი ყვავილებიდან თუ შემოგრჩათ რომელიმე?

- ასეთია კრასულა, "ფულის ხეს" რომ ეძახიან, და საკმაოდ დიდი ხნისაა. რამდენჯერმე იყვავილა. სხვათა შორის, იმ წელიწადს, როცა ყვავილობდა, კარგი წელი გვქონდა, კარგი რაღაცები მოხდა... ნოემბერში პატარა წანაზარდებს იკეთებს და მერე ყვავის. რამდენიმე ქოთანში მაქვს, ერთნაირად ვუვლი ყველას, გვერდიგვერდ აწყვია, მაგრამ შეიძლება ერთი აყვავდეს, ან ისიც არა.

- კრასულას ყვავილობა იშვიათია.

- გიორგი ნაკრებში რომ მიიწვიეს, იმ წელს აყვავდა... ზამთარში ყვავის და ახალ წელს ყველა ტოტზე გადაპენტილია. ყვავილებს თეთრი, ოდნავ ღია ვარდისფერი გადაჰკრავს. ყვავილობა ორ თვემდე გრძელდება.

- გიორგის უყვარს მცენარეები?

- წავკისში ახალი სახლი რომ გააკეთა, დაინტერესდა. ეზოში ხეები ჩარგო, მაგრამ მოსავლელად არ სცალია, თანაც აქ არ არის. რომ დაბრუნდება, მწვანე გარემოს ინტერესი, ალბათ, მეტად გაუჩნდება. მის მეუღლეს უფრო აინტერესებს და ეზოს ერთად გაამწვანებენ...

ჩემი საყვარელი მცენარე კიდევ ბეგონიაა, ოღონდ ცოტა ძნელი მოსავლელია, ძალიან ჭირვეულია. მიუხედავად ამისა, ვცდილობ გავახარო. ბეგონიის ბოლქვები გერმანიიდან ჩამოვიტანე და ბევრმა გაამართლა.

ბოლო წლებში სუკულენტებიც მოვამრავლე. მაქვს შეფლერა, ძალიან მიყვარს ასევე სხვადასხვა ფერის კალანხოები, რომლებიც ზამთარშიც ყვავის... ჯუჯა ალოეებიც მშვენივრად გრძნობენ თავს. ახალი ჩარგული მაქვს "სამეფო გვირგვინი" და არ ვიცი, აივანზე თუ გაიხარებს. გერმანიიდან ჩამომიტანეს, მაღალი იზრდება და ზემოდან გვირგვინივით ვარდისფერ თავს იკეთებს, ულამაზესია.

პეტუნიებიც მიყვარს და ყოველ წელს სხვადასხვა ფერისას ვყიდულობ, ხან მიმართლებს, ხან არა.

d0bf0425-6bb9-41d0-8376-766f1c0c83da-1749060404.jpg

- რას გულისხმობთ?

- რაღაც წებოვანი დაავადება უჩნდება ხოლმე. პირველად რომ ვიყიდე, აივანი აგვიყვავილეს, ტევა არ იყო, იმდენი გვქონდა, თან ისეთია, შემოდგომის ჩათვლით ყვავის. მცენარეები კედლებზეც კი გვაქვს ჩამოკიდებული, ჩემი მეუღლე თაროებსაც უკეთებს...ზაფხულობით სტუმარი რომ მოდის, აუცილებლად აივანზე ვსვამთ, ყველას სიამოვნებს იქ ყოფნა, სიჩუმე და სიწყნარეა, დილას ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკი ისმის... კუმკვატიც მაქვს, ლიმონს რომ ჰგავს პატარა ნარინჯისფერი ნაყოფით. ეგ გარეთ ხარობს და შინ შემოტანა არ უნდა.

2a51c372-792d-418e-8adb-84d209ca9878-1749060404.jpg

- დღის განმავლობაში ეს მცენარეები რა დროს იკავებს?

- ყოველდღიურად სჭირდება მოვლა, ჩემი მეუღლე დილას მცენარეებს გადახედავს, წყალს დაასხამს, დაათვალიერებს, მერე მე მივხედავ. ქარის დროს შემთხვევით რომ არ გადავარდეს, ქოთნები დაბმულია. ეს ყველაფერი ადვილი არ არის, მათი ყურება რომ არ მსიამოვნებდეს, შეუძლებელია ეს გავაკეთო. კარგ განწყობას გვიქმნის, გვახალისებს. მომსვლელებს რომ მოსწონთ, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. მეუღლეს სტუმარი პირველად აივანზე გაჰყავს. დილას დამიძახებს, ყავა მზად არისო, გავდივარ და ვსვამთ ყავას. ზაფხულში, ფაქტობრივად, სულ აივანზე ვართ. ფარდებიც გვაქვს, რომ არ დააცხუნოს მცენარეებს.

ვისაც სურს აივანი გაამწვანოს, ვურჩევდი, ბალბებით დაიწყოს. ბალბები მწვანე სამყაროს ისე შეაყვარებს, რომ მერე სხვა მცენარეც მოუნდება, მაგრამ ჯობს, ჯერ ადვილად მოსავლელით დაიწყოს.