უკრაინული ჯიშის თხები გომბორშიც კარგად იწველებიან
ჩვენში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ალბათ, ხშირად გაიგონებთ კითხვას, შესაძლებელია თუ არა ასეთ გარემოში ოჯახისთვის საარსებო თანხის გამომუშავება? სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, პასუხი უარყოფითია, რაც უცხოეთში სამუშაოდ წასვლასა და ოჯახის გაყოფას იწვევს. საბედნიეროდ, ისეთი პასუხებიც არსებობს, რაც ამ არასასიამოვნო პერსპექტივებს გვაშორებს. ამგვარ პასუხს ნანა გოგუამ თხუთმეტიოდე წლის წინ მიაგნო, როდესაც მეუღლესთან ერთად "ქუდი დაიხურა" და დედაქალაქიდან გომბორის ქედის ერთ-ერთ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. თუ რატომ აირჩია გომბორი, ამაზე ქალბატონ ნანას ასეთი პასუხი აქვს: "თხების მოშენებას ვაპირებდი, რისთვისაც გომბორზე უნიკალური პირობებია. თხას მთაგორიანი, სუფთა ადგილები უყვარს და არა ზაფხულის მაღალი სიცხე, რომელიც მის წველადობაზეც მოქმედებს. თხის ყველი და რძე კი მუდამ პოპულარული იყო და იქნება საქართველოში".
- ქალბატონო ნანა, სხვებისთვის სტიმულის მიმცემია, როცა ადამიანი დედაქალაქის კომფორტს ტოვებს ოჯახის სხვა საჭიროებისთვის, ეს ადვილი არ არის, ცხოვრების ახალ წესზე გადაწყობას მოითხოვს, უფრო მეტად კი ფიზიკურ შრომას. არის შემთხვევებიც, როცა ზოგჯერ მიუჩვეველ შრომას ვერ უძლებენ.
- ვერაფერს გაუსაძლისს ვერ ვხედავ იმაში, რომ შენი ოჯახის გამო შენივე ქვეყანაში ერთი ადგილიდან მეორეგან გადახვიდე საცხოვრებლად, თანაც ისეთ ადგილას, სადაც დილით იღვიძებ და გხვდება კამკამა ჰაერი და ბუნების სიმშვიდე. ერთი ეს იყო, როცა გომბორზე გადავედით საცხოვრებლად მე და ჩემი მეუღლე, არც წყალი გვქონდა და არც გზა. წყალს ასეულობით მეტრიდან ვეზიდებოდით, მათ შორის სასმელსაც. იყო მხოლოდ შუქი, მაგრამ ჩვენთვის ესეც საყრდენი იყო. წუწუნი რა საჭირო იყო, როდესაც გომბორზე საცხოვრებლად მიწა ვიყიდეთ, ხომ ვიცოდით, სად მივდიოდით. შევიძინეთ უკრაინული თხები და შევუდექით ჩვეულებრივად შრომას. დავიწყეთ თხების ტყეში გარეკვა და მორიგეობით მათი მწყემსვა. ტყეში თხას რომ არ გავყვეთ, მგელი შეჭამს და ზარალისთვის ხომ არ ვშრომობთ ამდენს. 15 წელიწადია ასე ვცხოვრობთ და ამასობაში რამდენიმე ათეული თხა გავამრავლეთ. ამჟამად 40 სული გვყავს, რომელთაგან ნახევარი იწველება. მეტიც გვყოლია, თუმცა ნამატს დროდადრო ვყიდით.

- ერთი შეხედვით, რა მარტივად მოჰყევით, მაგრამ რამდენი შრომა ჩანს ამ მონაყოლში. რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც უკრაინული თხების მომრავლება, რით განსხვავდება სხვა ჯიშებისგან?
- უპირველესად იმით, რომ ადგილობრივ პირობებთან საუკეთესოდ შემგუებელია და თანაც, კარგად მეწველი ჯიშია. ოთხ ლიტრ რძეზეც კი ადის, რაც თხისთვის ცოტა არა არის, მით უფრო, რომ თხების ნაწველს ერთმანეთს ვურევთ და საბოლოოდ დღეში 60 ლიტრ რძეს მაინც ვწველით, საიდანაც დღის ბოლოს დაახლოებით რვა კილოგრამი ყველი ამოგვყავს. ზოგჯერ უფრო მეტი წველადობაც გვაქვს. ამას გარდა, ვყიდით რძეს, მაწონს, ხაჭოს. იმის მიხედვით, რას გვიკვეთენ. ჩვენს მეურნეობას ბევრი უკვე კარგად ცნობს. ვინც გომბორზე შემთხვევით მოხვდება, როცა გაიგებს, ახლომახლო თხის ყველს ყიდიანო, ისიც ცდილობს შინ თხის ყველი წაიღოს. კილოგრამი თხის ყველი ზაფხულში 35 ლარი ღირდა, ზამთარში - 40. თუმცა საქართველოში ყველამ იცის, თხის ყველს რა ფასეულობაც აქვს. დედის რძეს თავისუფლად ანაცვლებს. წარსულში, როდესაც იმპორტირებული საკვები არ გვქონდა, ჩვენი წინაპრები სწორედ თხის რძით ზრდიდნენ ჩვილებს, როცა დედას რძე გაუშრებოდა.
- თქვენი მონა-მორჩილიც თხის რძით არის გაზრდილი და ჯანმრთელობას მართლაც არ ვუჩივი... როგორც ვიცი, ძვირია თხის რძეც და მისგან დამზადებული მაწონიც.
- ლიტრი თხის რძე 8 ლარია. მაწონი ცოტა უფრო ძვირი ღირს. თუმცა მაწონს ნაკლებად ვამზადებთ, ხაჭოს დამზადებაზე კი უარს არ ვამბობთ, ან რატომ უნდა ვთქვათ... ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი შრატიც ასევე უნიკალური პროდუქტია. კლიენტის დეფიციტს არ ვუჩივი, თუმცა ყველი მაინც დაგვრჩა გაუყიდავი, წათხში საზამთროდ ვინახავთ. ასეთი გამკვრივებული ყველი ზოგს ჭყინტ ყველს ურჩევნია. ჭყინტ ყველზე მეტიც ღირს.
- ასეთი შრომით ნამდვილად იმსახურებთ შემოსავალს, თუმცა ის თქვენს შრომასთან შედარებით, ალბათ, მაინც დაბალია.
- ჩვენს შრომას რომ უცხო ადამიანმა უყუროს, ალბათ, გაოცდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერც ვჯდებით, სულ ფეხზე ვართ, მაგრამ უცხოეთში წასვლას მაინც სჯობს. შრომის სიმძიმე არც მახსენდება, როდესაც ვიცი, რომ შვილებთან ახლოს ვარ... შემოსავლის ნაწილი თხის საკვების, თივა-ქერის შეძენას ხმარდება. მართალია, თხა ზამთრობითაც დაგვყავს ტყეში, სადაც საკვებს ასეთ სეზონზეც კი პოულობს, ნეკერს ჭამს, თუმცა ზამთრობით თხას თივისა და ქერის გარეშე მაინც ვერ გააჩერებ. თუ არადა, არც რძეს მოგცემს, მისი ნებაა. ან რატომ უნდა დატოვო პირუტყვი საკვების გარეშე, როცა შენთვის, ადამიანისთვის, ასე სასარგებლოა?
- უცნობ სამეზობლოს როგორ შეეგუეთ?
- საქართველოში შენიანებთან შეჩვევას რა განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. ყველანი კარგები არიან. ერთი ეგ არის, ხშირად ვერ ვახერხებთ ერთმანეთში მეზობლურ მისვლა-მოსვლას, რადგან თავადაც თავდადებულად მუშაობენ. სამაგიეროდ, დაღლილებს უძილობა ნამდვილად არ გვაწუხებს, დილით კი ჩვენს სახლში ყველაფერი ისევ თავიდან იწყება - თხის რძის ახალ-ახალი პროდუქციის დამზადებით.