პუტინი დიდი შურისძიებისთვის ემზადება - რუსული სტრატეგიული ბობდამშენებისთვის „პერლ - ჰარბორის“ მოწყობის საპასუხოდ... - კვირის პალიტრა

პუტინი დიდი შურისძიებისთვის ემზადება - რუსული სტრატეგიული ბობდამშენებისთვის „პერლ - ჰარბორის“ მოწყობის საპასუხოდ...

“რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა და ამავდროულად საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე, მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?” - განაცხადა პუტინმა 4 ივნისის საღამოს,მაგრამ რა იგულისხმა კრემლის უხუცესმა ბინადარმა ამ ტერორისტულ აქტებში?

თქვენ წარმოიდგინეთ, არა ის, რომ მის ასე ნაქები რუსული „ბირთვული ტრიადის“ სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები, როგორც ტირში, ისე დაუცხრილეს უკრაინულმა მინიატურულმა კამიკაძე-დრონებმა მთელი რუსეთის მასშტაბით 1 ივნისს, არამედ ამავე დღეს რუსეთის ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში სარკინიგზო ხიდების აფეთქებები, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა მატარებლის მგზავრებს შორის...

ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ რუსეთის მთავარი საგამომძიებლო კომიტეტი თავიდან ამ ხიდების ჩამოშლას, აფეთქებებს არ აბრალებდა და საქმე ჰქონდა აღძრული, სხვა სტატიით, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი ხიდი, რომლის ქვეშაც სარკინიგზო ლიანდაგები გადიოდა, მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მასზე მძიმეწონიანი ტრაილერი შედგა, ხოლო უკვე ჩამოშლილი ხიდის ნანგრევებს სამგზავრო მატარებელი მოგვიანებით მას შემდეგ დაეჯახა,რაც მემანქანეებმა ვერ მოასწრეს ავარიული დამუხრუჭება...

blogi-1749062012.png
აი, რას დაამგვანეს რუსული აეროდრომები უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა-ასეთ „პერლ - ჰარბორს“ გამძვინვარებული პუტინი კიევს არ აპატიებს და სავარაუდოდ მალევე, 4-5 ივნისის ღამეს უკრაინაზე სერიოზულ შურისძიებას განახორციელებს, მაგრამ რით? ნუთუ კრემლის ბოლო არგუმენტით-ბირთვული იარაღით?

ასეა თუ ისე, ომის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს (მიუხედავად იმისა,რომ კრემლში ამ ომს დიდი სიჯიუტით მაინც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებენ) მეთაურს არ უნდა უკვირდეს, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეშიც, მოწინააღმდეგე ყოველთვის შეეცდება სტრატეგიულ ობიექტებზე აფეთქებების მოწყობას, რასაც დივერსიის კვალიფიკაცია ეძლევა და არა ტერორისტული აქტის, რადგან სწორედ ამ რკინიგზას იყენებს რუსეთის არმია უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების გადასასროლად და უკრაინის სუმის მიმართულებზე შეტევაზე გადასული რუსული საოკუპაციო ძალების შენაერთების მოსამარაგებლად...

თუმცა, 4 ივნისის საღამოს პუტინი მაინც ვერ ასცდა თანამედროვე „პერლ-ჰარბორის“ კომენტირებას (რაზეც მას კრინტიც კი არ დაუძრავს განვლილი სამი დღის განმავლობაში), რომელიც უკრაინული „ობობას ქსელის“ სპეცოპერაციამ მოუწყო კრემლს...

“ახლა დავასრულე ტელეფონით საუბარი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან. ზარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის თვითმფრინავებზე თავდასხმა, და ასევე სხვა განსხვავებული თავდასხმები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ორივე მხარის მიერ. ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ ისეთი საუბარი არა, რომელიც დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, და ძალიან ძლიერად, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა“-გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა და ამით კიევი ღიად გააფრთხილა-პუტინი გამძვინვარებულია და ძლიერ საპასუხო დარტყმას ამზადებს უკრაინაზე,მაგრამ ჩემი დახმარების იმედი არ გქონდეთ,პუტინს ამ შურისძიებისგან ვერ შევაჩერებო...

putinisphoto-1749060810.jpg

მაინც, რა ისეთი რამე უნდა გამოიყენოს პუტინმა,რაც ამ საშინელი,თითქმის 1 200 დღე-ღამიანი ომის განმავლობაში არ უსვრია უკრაინის ქალაქებისკენ?

„ისკანდერი“, კინჟალი“, „კალიბრი“ და თვით „ორეშნიკიც“ კი უკვე გავლილი თემებია და მათმა გამოყენებამ რუსეთს უკრაინაზე გამარჯვება დღემდე ვერ მოუტანა და ვერც მოუტანს...

ერთადერთი, რაც რჩება პუტინის არსენალში...ეს ბირთვული იარაღია!

კრემლის მხცოვან და გამძვინვარებულ ბინადარს მართლაც შეუძლია ერთი ან რამდენიმე ტაქტიკური თერმობირთვული მუხტის გამოყენება უკრაინის ფრონტის რომელიმე უბანზე ან სულაც უკრაინული ქალაქების და თვით დედაქალაქის-კიევის წინააღმდეგ, მაგრამ ეს პუტინის რუსეთის დასარულის დასაწყისი გახდება...