„ვისაც ტბორები აქვს, გამოიყენოს ეს და იხვი გააშენოს“ - კვირის პალიტრა

„ვისაც ტბორები აქვს, გამოიყენოს ეს და იხვი გააშენოს“

შვიდი წლის წინ ეს ბიზნესი ექსპერიმენტულად დაიწყეს, სურვილი მაინცდამაინც არ ჰქონიათ, თუმცა ძალა მოსინჯეს - თავდაპირველად, 30-40 იხვით. დღეს სამტრედიაში უკვე წიწილებისა და იხვების საკმაოდ მოზრდილი ფერმა აქვთ. ფერმერი ზვიად მუმლაძე ამბობს, რომ საოჯახო მეურნეობის საზღვრებს უკვე გასცდნენ. ყველაზე მეტად მათთან ჩუმმა იხვებმა დაგვაინტერესა.

ზვიად მუმლაძე:

- მეურნეობა შვიდი წლის წინ ექსპერიმენტი იყო, ბევრ რამეს მოვედეთ, მაგრამ საბოლოოდ მეფრინველეობამ გაამართლა. მყავს არა მარტო იხვები, არამედ რუსული ჯიშის ბატები, ციცრები, ინდაურები, ქათმები... ჯამში საკმაოდ დიდი მეურნეობა გამოგვივიდა. გვაქვს საინკუბაციო კამერები და ვჩეკთ დიდი რაოდენობით ბროილერს, იხვს... ცოცხლადაც ვყიდით და დაკლულსაც. ძირითადად, მეხორცულ მიმართულებას მივყვებით, მეკვერცხული მომგებიანი არ არის.

- ესე იგი, ბევრმა ფიქრმა და შრომამ ნაყოფი გამოიღო და საქმე არცთუ ურიგოდაა.. მოდი, იხვებზე მეტად ვისაუბროთ.

- სახლის წინ დიდი ტბა გვაქვს და ეს ფრინველი თავიდან ამიტომ შევარჩიეთ. მოგეხსენებათ, იხვს წყალი უყვარს და სულ უნდა ჰქონდეს საჭყუმპალაოდ. თავიდან ბაზარს რომ გადავხედეთ, ერთდღიანი იხვის ერთი ფრთა 2,50 ლარი ღირდა. ახლა ფასმა მოიმატა, 3 ლარი გახდა. თუ კარგი ჩეკა იქნება, ერთი იხვი წელიწადში 150 კვერცხს დებს. აქედან გამომდინარე რომ დავთვალოთ, არ არის ცუდი შედეგი. ბევრი წვალება კი უნდა, მაგრამ ღირს.

dc07aaf3-c014-43d1-92fe-c45eb063a394-1749061304.jpg

- ჩეკა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს?

- წელიწადში ორ-სამ თვეს ისვენებენ - სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში და დეკემბრიდან კვლავ ვაახლებთ. საერთოდ, ჩვენკენ იხვი პოპულარული ფრინველია, მისი კერძები აქ უყვართ.

რასაც იხვს ვეძახით და რაც საქართველოშია გავრცელებული, ეს არის ხაზარულა და პეკინური - თეთრ იხვსაც ეძახიან, არის კიდევ მუშკის იხვი.

მუშკის იხვს ჩუმ იხვს ეძახიან. რაიმე გამორჩეული თვისებები არა აქვს. ხაზარულასა და პეკინურს ხმაურიან იხვებს ეძახიან, ჩუმი იხვი კი არ ვახვახებს, თითქმის არ გამოსცემს ხმას, ძალიან ყრუდ სისინებსავით, ვერც გაიგებ. თვითონ დამალავს ხოლმე კვერცხებს, სადღაც შეძვრება, მერე კი იხვები გამოჰყავს. მოკლედ, თავისით მრავლდება.

- რას ითხოვს ჩუმი იხვი, როგორი მოვლა უნდა?

- ვისაც სახლთან ახლოს აქვს წყალი - ტბა, მდინარე ან რამე წყალი ჩამოუდის, მისთვის ეს ხელსაყრელი ამბავია, იხვებს იმ წყალზე გაუშვებს. ტბაში მყოფი იხვები საკვებს დიდად არ მოითხოვენ.

იმ ადგილებში, სადაც წყლის ნაკლებობაა, დღეში 200 გრამი საკვები სჭირდებათ, ტბასთან მობინადრეებს 100 გრამი საკვებიც აკმაყოფილებთ - ტბაში, ტბორში ლიფსიტებითა და სხვადასხვა მწერით იკვებებიან, წვიმაში კი მეტი საკვები აქვთ.

თუ გარშემო დიდი რაოდენობით წყალი არ არის, პატარა წყლის გუბე მაინც უნდა ჰქონდეთ. ეს მათთვის აუცილებელია.

ვისაც უნდა იხვებს მაღალი კვერცხდება ჰქონდეთ, ამისთვის შესაბამის საკვებსაც აძლევენ. ვისაც ტბა არა აქვს, არსებობს სპეციალური საკვები, რომელიც ზრდაში ეხმარება.

- საკვები რისგან შედგება?

- მარცვლეულისგან - სიმინდი, ქერი, სოია, ყველაფერი ერთადაა, მას კოპტონსაც ეძახიან, რომელსაც ზეთიც ერევა. დღეში ორჯერ იკვებებიან - დილას მარცვლეულის ფორმით აძლევენ საკვებს და საღამოს დაღერღილი სახით. ჩვენ ამ საკვებს არ ვხმარობთ, ძირითადად, ტბაზე არიან. მეგობარს აქვს მეფრინველეობა ზესტაფონში, ის იყენებს ამ საკვებს და ძალიან კმაყოფილია.

- როგორც მივხვდი, თქვენი ჩუმი იხვები დიდ ყურადღებას მაინცდამაინც არ ითხოვენ...

- საღამოს რომ დავაბინავებ, მაინც წყლისკენ იქაჩებიან, რათა რაც შეიძლება მალე გავუშვათ, რომ წყალში ითამაშონ და საკვებიც მოიპოვონ. თუმცა ცოტა საჭმელი მაინც უნდა მისცე - თუ დილას უჭმელს გაუშვებ, წავლენ, იბანავებენ ტბაში და უკან მოგიბრუნდებიან, მაჭამეო. კუჭის "ყივილი" აქვთ...

- როგორც შევიტყვე, ფერად იხვებზე დიდი მოთხოვნაა.

- მომხმარებელი ფერადებს ითხოვს. ვისაც სარესტორნედ უნდა ან დასაკლავად მაღაზიებისთვის, თეთრი იხვი მიჰყავს. თუ ეზოში სურს ჰყავდეს, უფრო ფერადი აინტერესებს. ლამაზია, თვალს უხარია.

ixvis-wuwulebi-1749061303.jpg

- ოჯახი კი ხართ ამ საქმეში ჩართული, მაგრამ, ალბათ, დამხმარეებიც გყავთ...

- კი, აყვანილი გვყავს ხალხი, საჭიროების მიხედვით კიდევ ვიხმართ. საქმეა ისეთი, ვერსად გადიხარ, ყურადღებასაც მოითხოვს და სანერვიულოც არის. საინკუბაციო პერიოდები საფრთხილო და საპასუხისმგებლოა. იხვის ინკუბაცია 28 დღეს მოითხოვს. შემდეგ საჩეკში გადაგვყავს­ გამოჩეკა-გამოშუშებისთვის. ამისთვის მარტ-აპრილია ყველაზე კარგი პერიოდი. შრომა დიდია, თუმცა შემოსავალიც მოაქვს. იხვებს ერთი კვირიდან ზემოთ, ერთ თვემდე ვყიდით, დასაკლავები მიჰყავთ.

- აცრა არ სჭირდებათ?

- იხვებს ნაკლებად სჭირდებათ აცრა. ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, რასაც ქათმის წიწილებზე ვერ ვიტყვით. მათთვის აცრა მნიშვნელოვანია.

გვყავს ჩალისფერი ინდაურებიც. მათ კვერცხს სოფელში თითოს 3 ლარად ვყიდულობთ.

ინდაურების გაზრდა გაიოლდა, სპეციალური გრანულირებული საკვები შემოვიდა. ადრე ჭინჭარს ვაჭმევდით და სულ დასუსხული გვქონდა ხელები, ბარდებში დავძვრებოდით.

სადედე ინდაურები არა გვყავს, მაგრამ ერთ გამოჩეკაზე ახლა 200 გამოიჩეკა ინკუბატორში. ამ საქმეში მთავარია რეჟიმის დაცვა. დღე-ღამეში კარგად უნდა გაკონტროლდეს ჰაერი, ტემპერატურის ცვლილება, სითბო უნდა არეგულირო. შენობაში, სადაც ფრინველია, სარკმელი აქვთ და ჰაერის მიწოდებასაც უნდა დაკვირვება, რომ არ ჩაიხუთონ. ასევეა საინკუბაციო კამერებშიც. ახლა ზაფხული რომ მოდის, ტემპერატურა იმატებს და ყურადღებაა საჭირო.

4a431920-1bc8-4bdd-a071-4dd8a5ec4ce6-1749061512.jpg

- მითხარით, ჩვენთან სუფრაზე იხვი ძალიან პოპულარული საკვებიაო. როგორ ამზადებთ მას?

- განსაკუთრებით მოსწონთ იხვი ტყემალში. რაც შეიძლება ახალი უნდა იყოს, თვე-ნახევრის. დაკვლის შემდეგ კარგად უნდა გასუფთავდეს და ღუმელში შეიწვას. შემდეგ დაიჭრას და ახალგაკეთებული ტყემალი ზემოდან მოესხას. შეწვისას კოვზით თავისი ცხიმი უნდა ვასხათ პერიოდულად, როგორც კი გამოუვა, იმ წვენს ტყემალსაც ვურევთ და მერე მოვასხამთ შემწვარ და დაჭრილ იხვს. ძალიან გემრიელია.

სხვანაირადაც მზადდება. უფრო დიდებისგან საუკეთესო ხარჩო გამოდის. უნდა დაიჭრას და ხახვთან ერთად მოიშუშოს, მერე დაემატება ცოტა ტომატი, გატარებული ნიგოზი, ნიორი და სუნელები. მისი ცხიმი ნიგოზში უნდა გადაერიოს, რაც ხარჩოს კიდევ მეტად აგემრიელებს.

- ვისაც ჩუმი იხვის მოშენება სურს, რას ურჩევთ?

- ვისაც ტბორები აქვს, უნდა გამოიყენოს ეს მდებარეობა და გააშენოს. სამეზობლოშიც მოვაშენებინეთ ხალხს და ახლა კვერცხი მათგანაც მოგვაქვს, ვატანთ იხვებს, უვლიან და სეზონის ბოლომდე კვერცხს ვიბარებთ. კლიენტებს, ძირითადად, ინტერნეტით ვპოულობთ. დიდი შრომა გვიწევს, მაგრამ ეს ვარჩიეთ სადმე გადახვეწას.