სასუფრე ყურძნის ჯიშები მთელი მსოფლიოდან - კვირის პალიტრა

სასუფრე ყურძნის ჯიშები მთელი მსოფლიოდან

"ყველაზე ძვირად ღირებული ყურძენი მსოფლიოში, რომლის ერთი მტევანი 12 ათას დოლარად გაიყიდა, გახლავთ "რუბი რომანი", რომელიც თავის დროზე იაპონიაში გამოიყვანეს. ტაჯიკეთიდან სამი ჯიში გამოვიწერე - "რუბი რომანი", "შაინ მუსკატი" და "არა-29", - ამბობს შალვა კაციაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ გავაზიდან, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ის მსოფლიოში პოპულარული სუფრის ყურძნის ჯიშებს აშენებს.

- ოთხი წლის წინ სახლთან ახლოს რქაწითლის ჯიშის ვენახი შევიძინე. ვენახში რამდენიმე ვაზი გაცდენილი იყო. ვიფიქრე, რადგან ახლოს არის, სუფრის ჯიშებით შევავსებ-მეთქი. სწორედ იმ პერიოდში ინტერნეტში შემხვდა სხვადასხვა ჯიშის სუფრის ყურძნები და ხუთი ჯიში შევიძინე. ყველა გავახარე და სანამ ნაყოფს მოისხამდნენ, ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის მოძიება, მაინტერესებდა, როგორი ნაყოფი ექნებოდათ.

- რომელი ჯიშები იყო?

- თავდაპირველად "რიზამატი", "რედ გლობი", "ალვიკა", "ველიკა" და "ბაიკანური" შევარჩიე. ნერგები არც იყო, მხოლოდ ლერწები. გამოცდილება მქონდა, როგორ გამეხარებინა ლერწები და გაბედულად ვიყიდე. ყველა გავახარე, თუმცა შეცდომებიც დავუშვი და პირველ წელს ისეთი ძლიერი ვერ გავზარდე, როგორიც უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ ყველამ გაიხარა.

შემდეგ "იუთუბზე" ამ ჯიშებზე ინფორმაციის მოძიება დავიწყე, ვიდეოაღწერებს ვუსმენდი და ამ ძიებაში სხვა უამრავი გამორჩეული ჯიშიც შემხვდა.

462615959-3873530459585553-6845742413855808060-n-1749061304.jpg

- ბიოლოგი ხართ, ეს ცოდნა დაგეხმარათ?

- სიმართლე გითხრათ, იმ ეტაპზე პროფესია ვერ მეხმარებოდა, თუმცა მეხმარება ახლა - მე თვითონ უნდა გამოვიყვანო ახალი ჯიშის ვაზები...

- შემდეგ რომელი ჯიშები მოაშენეთ?

- მომდევნო წელს დავამატე "სენსაცია", "დაშუნია", "მალინოვი სუპერი", "გოლდ ფინგერი", "ველესი", "დუბოვსკი როზოვი", "სიცილია", "ევერესტი", "დიკსონი", "როშფორი", "მანიკიურ ფინგერი", "ჰუსეინ კელინ ბარმაკი" და სხვა. დავიწყე ჩვენთან გავრცელებული სუფრის ჯიშების მოძიება-გახარებაც და სულ სხვა სამყარო აღმოვაჩინე. მანამდე მეგონა, ჩვენთან მხოლოდ რქაწითელი და საფერავი არსებობდა.

საქართველოს ბაზარზე ეს ჯიშები არ არსებობდა და მათი დაგემოვნების ერთად­ერთი გზა ნერგის შეძენა იყო.

- ყველა გაახარეთ?

- არ მახსოვს, ვაზის ნერგი დამერგოს და არ ეხაროს. მოვლაშია განსხვავება, ზოგ ჯიშს მეტად სჭირდება შეწამვლა, ზოგს ნაკლებად... გავიცანი სხვა ქართველი კოლექციონერები, რომლებთანაც ჯიშები გავცვალე.

- რას გვეტყვით ქართულ სასუფრე ჯიშებზე?

- ქართველებს სუფრის ჯიშები თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს. მაგალითად, მე მაქვს "საამო" და წითელი ბუდეშური. როდესაც ვიდეოს ან პოსტს დავდებ ინტერნეტში, სულ მაგას მიწერენ, ქართული მოამრავლეო. კი ბატონო, გემრიელი ჯიშებია, მაგრამ ვიზუალურად შედარებაც არ შეიძლება უცხოურებთან. უცხოურები უგემრიელესია. ყველას თავისებური, განსხვავებული არომატი აქვს: ანანასის, ნესვის, ბანანის, ვაშლის, ბლისა და სხვა ხილის... რაც შეეხება ქართული ჯიშის სასუფრე ყურძნის ნერგების შეძენას, ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც აქვთ საღვინე ჯიშების კოლექცია და მასში რამდენიმე სუფრის ჯიშიც იყო. იქიდან წამოღებული ლერწები გავახარე... მოკლედ, არის, მაგრამ ცოტა. ჩვენი სუფრის ჯიშები მხოლოდ საკოლექციოდ შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, კომერციული თვალსაზრისით არა აქვთ გაშენებული.

- რეკორდულად ძვირად ღირებულ ჯიშის ყურძენზე რას იტყვით?

- თავიდან მეც ინტერნეტში შემხვდა ძვირიანი ჯიშები და მათი ჩემთან დანერგვისას ვნახე სხვებიც. მქონდა რამდენიმე უშედეგო ცდაც - ვიყიდე როგორც "რუბი რომანი" და სხვა ჯიში გამოდგა. კიდევ შევიძინე, მაგრამ ახლაც არა ვარ დარწმუნებული, ზუსტად ეს ჯიში იქნება თუ არა. თუმცა გამოცდილება მივიღე, ვისწავლე, როგორი მოვლა სჭირდება "რუბი რომანს". რაკი ამ ჯიშს ვუვლიდი, სპეციალური ინსტრუქცია წავიკითხე და ყველა საჭირო ოპერაცია ჩავუტარე. მტევნები ზედვე ჩამოჭკნა, ველოდებოდი, როდის დაიმსხვილებდა მარცვალს და წითელ ფერს მიიღებდა. საბოლოოდ, თეთრი ყურძენი გამოდგა. რამდენიმე ხელში გაიარა ნერგმა, სანამ ჩემამდე მოხვდებოდა და ვისი ბრალია, არ ვიცი. სრულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, არავის ვადანაშაულებ. მაგალითად, მე ყველას ვეპატიჟები ჩემს კოლექციაში, შეუძლიათ ადგილზე იგემონ ნებისმიერი ჯიში და წლები არ ელოდონ, როდის მოისხამს ნამდვილად იმ ნაყოფს. როცა ადამიანს თვითონ აქვს ჯიში, რომელსაც ყიდის, რა თქმა უნდა, მყიდველი დაზღვეულია, რომ წლობით გახარების შემდეგ სხვა ჯიში არ შერჩება ხელთ. მეც ამ კრიტერიუმით ვეძებ.

- ძვირი დაგიჯდათ "რუბი რომანის" ნერგი?

- ძვირი არ დამჯდომია, მაგ რეკორდულად ძვირი ყურძნის ლერწზე გაცილებით მეტი თანხა სხვა ჯიშის ლერწში მაქვს გადახდილი - ახალი გამოყვანილი ჯიშია, უკურკო, და ძალიან ლამაზი წითელი ფერი აქვს. სუფრის ვაზის ნერგში ყველაზე ძვირი 250 ლარი მაქვს გადახდილი, ხოლო ყველაზე ძვირი ნაყოფში - 2,50 ლარი კილოგრამში.

აქამდე 100 ჯიშზე მეტი მქონდა, წლეულს 50-მდე დავამატე. ყოველთვის ვამბობ, მეტს აღარ დავამატებ-მეთქი, მაგრამ ახალ-ახალ ჯიშებს რომ ვხედავ, მაინც ვყიდულობ.

- თქვენი გამოცდილებიდან რას ურჩევთ დამწყებს?

- ვისაც დიდ ფართობზე სურს სუფრის ყურძნის გაშენება, მაშინ მართლაც უნდა აინტერესებდეს და არა სამოყვარულო დონეზე. თუმცა ეზოში ყველას შეუძლია რამდენიმე ძირის გახარება.