„ახლა მე ვასწავლი ჩემს შვილს პატიოსან თევზაობას“
ალბათ, მართლაც ცოტაა საშუალება, რომელიც ადამიანს ბუნებასთან ისეთ ჰარმონიას აგრძნობინებს, როგორც თევზაობა. თუმცა, მეორე მხრივ, ნამდვილ, ბუნების მოყვარულ მეთევზედ ყველა ვერ შედგება. სიხარბე უამრავ ადამიანს უბიძგებს ბრაკონიერობისაკენ, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს წყლებში კვლავაც ხშირია აკრძალვების მიუხედავად. თევზაობის სეზონზე, ჩვენი წყლების სიმდიდრეზე, მის საფრთხეებსა და ნამდვილ მეთევზეებზე საუბარი მეთევზე ჯემო ჭეიშვილს ვთხოვეთ.
- შემიმჩნევია, რომ მეთევზეებთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა, ბუნებასთან განუწყვეტელი კავშირი იგრძნობა. ამბობენ, რომ მონადირეთა რაოდენობამ მოიკლო, მეთევზეობას კვლავ ტრადიციული მიზიდულობა აქვს?- მონადირეების რაოდენობამ მოიკლო ჩვენი სოფლების დაცარიელებისა და სანადირო საშუალებების სიძვირის გამო. არ მიმაჩნია სწორად, რომ სამონადირეო საქმეს საჭიროდ არ მიიჩნევენ. ადამიანსაც და ცხოველსაც ბუნების ჯაჭვში საკუთარი ადგილი აქვს; თუკი არსებობს ცხოველი, მონადირეც უნდა არსებობდეს ბუნების წონასწორობისთვის. იცით, რომ მგელს არა ჰყავს ბუნებრივი ბიოლოგიური მტერი, გარდა მონადირისა? როცა მგლები ლამის სოფლებს შემოესივნენ, როგორ ფიქრობთ, მონადირე არ არის საჭირო და ხალხი მგლებმა უნდა დაჭამონ? რაც შეეხება მეთევზეობას, ზღვაში მეთევზეობა ცალკე თემაა, ჩვენი მდინარეებისა და ტბების შესახებ კი, ბატონო, გეტყვით.
ჯემო ჭეიშვილი:
- საქართველოში დაახლოებით 100 000 აქტიური მეთევზეა, ამაზე 3-4-ჯერ მეტი - მოყვარულები. ამის საფუძველი ის არის, რომ ბევრად მარტივი და დამამშვიდებელია, ვიდრე ნადირობა. წყალიც გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე სამონადირეო ადგილები. სამოყვარულო-სათევზაო საშუალებებიც უფრო იაფი ღირს, გვაქვს მრავალგვარი - სპინინგით დაწყებული, ბადით დამთავრებული, თუმცა ამ შემთხვევაში სიიაფითა და სიმარტივით უფრო ანკესს ვგულისხმობ, რომელიც ნამდვილად სიამოვნებაა და არც ისე ძვირი ღირს.
ანკესის დაჭერა და თევზაობა პატარა ბიჭებსაც შეუძლიათ. სხვათა შორის, თევზაობის აზარტს ჩვენშიც უკვე დაემატა ე.წ. სპორტული თევზაობა, რაც თანამედროვე მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ამ სახეობაში ხალხი მხოლოდ სიამოვნებისთვის თევზაობს, ერთმანეთს ეჯიბრება და ბოლოს დაჭერილ თევზს ისევ წყალში უშვებენ. ამას რა სჯობს! ისე კი თევზი ადამიანის სარჩო იყო და იქნება ყოველთვის. მეთევზეს რომ შინ მდინარიდან თავისი დაჭერილი თევზი მიაქვს, ამას რა შეედრება! ერთი ეგ არის, რომ იმ ადამიანს, ვინც ხელში დინამიტს დაიჭერს და თევზს ლიფსიტებიანად ამოხოცავს, სამუდამოდ უნდა აეკრძალოს თევზაობა. სამწუხაროდ ეს ამბავი იმ დონეზე არ კონტროლდება, როგორც უნდა კონტროლდებოდეს. არაერთ მსგავს "მეთევზეს" დაინახავთ მდინარეებზე. ამ დროს სულ მინდა ყველა გავაფრთხილო, ხალხო, თუ თქვენ ამ სურათის მოწმე გახდებით, გულგრილად ნუ ჩაუვლით და გამოიძახეთ პოლიცია. ბუნების მოვლით თქვენს შვილებსაც გაუწევთ სამსახურს.

- ბრაკონიერებს პირველ რიგში ის ნამდვილი მეთევზეები ებრძვიან, მართლაც ვინც იცის თევზაობის ფასი.
- კი, ვისაც შეგნებული აქვს, რა ფასი აქვს ჩვენს წყალში თევზს, რა არის თევზაობა და თევზის მოფრთხილება. ვისი ტვინიც ხვდება, რომ თუ დღეს თევზს ააფეთქებს ან უზომოდ დაიჭერს, მეორე დღეს იმავე ადგილას თევზი აღარ იქნება, ან ძალიან ცოტა იქნება. ეს ხომ მაინც უნდა გვესმოდეს! თუ არადა, თევზის რომელიმე სახეობა შეიძლება ჩვენვე გავაქროთ და ასეც მოვექეცით, მაგალითად, ნაკადულის კალმახს - იმ დონემდე დავიყვანეთ, რომ ერთი ცალის დაჭერაც კი დანაშაულად ითვლება, წითელ წიგნშია და გადაშენების პირასაა მისული. ეს ვინ გააკეთა? ისევ ჩვენმა უხეირო "მეთევზეებმა", რომლებსაც ბრაკონიერობა პროფესიად აქვთ ქცეული.
- ცნობილია, რომ ნაკადულის კალმახის დაჭერა წლებია, ანკესითაც კი აკრძალულია. თუმცა მის გამრავლებას, ჯერჯერობით ესეც ვერ შველის.
- კი, ნამდვილად ასეა. სხვა შემთხვევაში ანკესით თევზაობა ჩვენში ქვირითობის დროსაც კი ნებადართულია, რასაც მარტივი მიზეზი აქვს: ანკესით რამდენიც არ უნდა ითევზაო, ვერასოდეს დაიჭერ იმდენს, რომ თევზის გამრავლებას ზარალი მიაყენოს.
- როგორც ცნობილია, ქვირითობის სეზონი ლამის მთელ მსოფლიოში ერთნაირად არის აღიარებული და მოიცავს პერიოდს აპრილის დასაწყისიდან თითქმის ივნისის დასასრულამდე. თუმცა ხომ არიან თევზები, რომლებიც სხვა პერიოდში ქვირითობენ?
- რა თქმა უნდა. მაგალითად, კალმახი ზამთარში ქვირითობს. ამიტომ მთელ მსოფლიოში კონკრეტულ თევზის სახეობებზე კონკრეტული აკრძალვებია დაწესებული. სხვათა შორის, ჩვენში თევზჭერის პერიოდს თავად ხალხი, ხალხური სიბრძნე არეგულირებდა. ჩვენი მამა-პაპა ამბობდა და ბევრი ახლაც ამბობს, რომ თევზი იჭმება მხოლოდ იმ თვეებში, რომელთა სახელწოდებაში ასო "რ" არის გარეული. ეს ნიშნავდა, რომ მაისიდან სექტემბრის ჩათვლით თევზი არ უნდა დაეჭირათ და ქვირითობა მოელიათ.
- ჩვენმა ხალხმა სამეურნეო საქმიანობის ათასწლეულები გამოიარა და ამ სიბრძნესაც შეიმუშავებდა დაკვირვებით. კარგია, რომ ხარვეზების მიუხედავად, თევზაობის კანონები მაინც მოქმედებს. ახლა რა მდგომარეობაა მდინარეებში, თევზმა მოიმატა თუ მოიკლო?
- მეც დაგეთანხმებით, რომ ხარვეზების მიუხედავად, კანონი მაინც მოქმედებს და ბრაკონიერები აშკარად ვერ ბედავენ თარეშს. მე დასავლეთ საქართველოში ვცხოვრობ და ვხედავ, რომ თევზი რიონში უკეთესად არის, ვიდრე ჩემს ბავშვობაში, არც ისე დიდი ხნის წინ იყო. როდესაც მე და მამა დავდიოდით სათევზაოდ, მამა სულ შემცირებულ თევზზე წუხდა. ახლა მე ვასწავლი ჩემს შვილს პატიოსან თევზაობას. კი, თევზი შედარებით მეტია, თუმცა ამაშიც არის განსხვავება. როდესაც მდინარე დაცულ ტერიტორიებზეა, იქ ბრაკონიერები ვერ შედიან. თუ არადა, საუბედუროდ, ღამით შეესევიან ხოლმე ელექტროშოკებით ან სახლართი ბადეებით. ზოგადად კი თევზს ყველაზე მეტად, ცხადია, კერძო მეურნეობები ამრავლებენ და ყიდიან.
- მინდა ესეც გკითხოთ - სულ არის დავა, რომელი თევზი უნდა გამრავლდეს ხელოვნურ ტბებში. მტაცებელი თევზი, მართალია, უხვად მრავლდება, მაგრამ არის შიში, რომ დანარჩენ თევზებს გაანადგურებს. ასეა?
- მე ის ვიცი, რომ მტაცებელი თევზი, მაგალითად, პალიასტომის ტბაზე და ბევრგან ყოველთვის იყო, მაგრამ მას არავინ გაუნადგურებია და რატომ: მაგალითად, ქარიყლაპიას აქტიურობის ორი პერიოდი აქვს - გაზაფხული და შემოდგომა, მაგრამ ზამთარში, სიცივეში, ასევე ზაფხულში, სიცხეში ქარიყლაპია პასიურია და ძალიან ცოტას ჭამს. ის ამ პერიოდში დაავადებული და მომაკვდავი თევზებით იკვებება, რადგან ჯანსაღის დევნის თავი არა აქვს, ასე ვთქვათ. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ბუნება თავად არეგულირებს თევზის თანაფარდობას წყალში. ბუნება ამას მშვიდობიანად გადაწყვეტს ხოლმე და ჩვენ რატომ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ასეთი ძვირფასი საკვები თევზი თუნდაც მტაცებლის გამრავლებით მოვიპოვოთ? თუ დაგვჭირდა, რაც არა მგონია მოხდეს, გამრავლებული თევზის შემცირებას რა დიდი ამბავი სჭირდება, საჭირო თუ გახდება, შემცირებას წინ რა უდგას?! ქონების გამრავლებაა ძნელი, თორემ ჭარბ ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემებს როგორმე მოვუვლით.