პამიდვრის ჩითილების მეურნეობა საოკუპაციო ხაზთან
სოსო ქოქოშვილი ფერმერია ქარელის რაიონიდან. სამედიცინო განათლება აქვს, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავის პროფესიას აღარ გაჰყოლია. "ჩვენი ოჯახი ყოველთვის მისდევდა მეურნეობას, მამასაც ჰქონდა ვაშლის ბაღები, მცირე მეურნეობა, ასევე პაპას. საერთოდ, ოჯახს ფერმერული საქმიანობის ტრადიცია ჰქონდა. შესაბამისად, მეც გავაგრძელე. ჩვენი სოფელი დვანი საზღვრისპირაა, საოკუპაციო ზოლთან ვართ. ერთ-ერთი ნაკვეთი უშუალოდ მაგ ხაზთანაა", - გვეუბნება სოსო ქოქოშვილი, რომელსაც ამჟამად ვარდისფერი პამიდვრის ჩითილები გამოჰყავს და ჩვენი საუბარიც დიდწილად სწორედ ამ თემას დავუთმეთ.
სოსო ქოქოშვილი:
- დვანის მიწების დიდი ფართობი ოკუპირებულია, სახნავი მიწების, ალბათ, 40 ჰექტარი ე.წ. საზღვრის იქითაა მოქცეული, სადაც სამხედროები დგანან. ჩვენი ოჯახის ნაკვეთიც დაიკარგა, სადღაც 3000 კვადრატული.
- ახლა მიწის რა ფართობი გაქვთ?
- დაახლოებით 3 ჰექტარი, რაც განაწილებულია მარცვლეულისთვის, ბოსტნეული კულტურებისთვის და 40/100 ვაშლის ბაღისთვის. ამ საქმეს ბევრი რისკი ახლავს, ხელის შემშლელი ფაქტორებიც საკმარისადაა. მთავარი მაინც ის არის, რომ არასტაბილური ბაზარი გვაქვს, სისტემა არ არის დალაგებული. მოსავალი რომ მოიყვანო, გარანტირებული უნდა იყო, რომ გაყიდი... ამასთან, ბევრი რამ ყოველთვის არ ამართლებს.

- თქვენი ვარდისფერი პამიდვრის ჩითილები ადგილობრივი ჯიშებია?
- ძირითადად, ჰიბრიდული ჯიშებია, ადგილობრივი შეიძლება მცირე რაოდენობით დავრგოთ და მოვიყვანოთ. გასაყიდად ჰიბრიდული ჯიშები იმით ამართლებს, რომ გარემო პირობებისადმი უფრო მედეგია, ჭარბმოსავლიანია, შენახვის პირობებითაც გამოირჩევა. ამიტომ ბაზარი ამას უფრო ითხოვს, ვიდრე ადგილობრივს. რასაც ვაწარმოებ, თითქმის 99% იმ ძველი ქართული ჯიშების ანალოგია თუნდაც გემოვანი თვისებებით, შესახედადაც ვერ გაარჩევთ, ერთი-ერთში იმეორებს ძველ ქართულ პამიდორს. დიდიც იზრდება, თითო 300-400 გრამია.
- დაჩითილებისთვის რა ეტაპებია გასავლელი?
- რამდენიმე ეტაპად ვთესავთ. ერთს ნაადრევს ვეძახით, მეორეს - შუალედურს, ხოლო მესამეს - ნაგვიანევს. ნაადრევი ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე შესაბამის დროს უნდა დაითესოს. სითბო ჩვენკენ გვიან შემოდის - მთიან ზონაში ვართ. ამიტომ ჩითილი სასათბურე პირობებში გამოგვყავს. დაახლოებით მარტის დამდეგს ვთესავთ და 20 აპრილისთვის გადასარგავი ხდება. 40-45 დღე უნდა.

- ეს ყველაფერი სად ითესება?
- სპეციალურ დანაყოფებიან კასეტებში... მოკლედ, როცა საადრეოდ გვინდა, პატარა სათბურში კასეტებში დათესილი გამოგვყავს. მერე ხელოვნურ გათბობას ვამონტაჟებ, რომ სითბოში თესლი კარგად აღმოცენდეს. გარდამავალი პერიოდისას შუალედურს ვუწოდებთ, მაგრამ მაგ დროს ჯერ კიდევ ცივა და იმავეს ვაკეთებ, რასაც საადრეოს დროს. გვიან როცა ვთესავთ, სათბური აღარ სჭირდება, რადგან უკვე სითბოა და გარეთ, მზეზე შეიძლება დალაგდეს და ასე ამოვიდეს.
- ამჟამად მომხმარებელს რა ჩითილებსაც სთავაზობთ, შუალედურია?
- შუალედურია, ნაადრევი უკვე გაიყიდა და ღია გრუნტშიც დარგეს... ადრე დიდი მეურნეობა გვქონდა, ჩემს გამოყვანილ ჩითილს ღია გრუნტში ვრგავდი და პამიდორი დიდ ფართობებზე, ერთი-ორ ჰექტარზე მომყავდა. შემდეგ შევამცირე. შარშან ჩემთვის ცოტა მოვიყვანე, მერე ჩითილი დამრჩა და გავყიდე. წლეულს მოვინდომე მეტის დათესვა და გადავწყვიტე, გასაყიდად ჩითილები მეწარმოებინა.
- რა სასუქს იყენებთ?
- მე ორგანულ ნივთიერებებზე დამზადებულს ვიყენებ. ჩითილი ისეთ ეტაპებს გადის, რომ გადამწვარი ნაკელი არ სჭირდება. ის მაშინაა საჭირო, როცა დაირგვება. ჩითილებს რომ წაიღებენ, სასურველია, მაშინვე დარგონ. სიმაღლეში წასული ჩითილი რისკია. მერე ძალიან ღრმად უნდა ჩაიდგას მიწაში, რომ ძირი მყარად ჰქონდეს, თუ არადა, პრობლემები მოსდევს.
პირველი ეტაპის დარგვა 20 აპრილის შემდეგაა, რომელიც დაახლოებით 20-25 ივლისისთვის უნდა მოვიდეს და იქიდან მოყოლებული 10 სექტემბრამდე - ორ თვეს მუშაობს. შესაბამისად, მომდევნოებს გვიან გადავრგავთ, რაც გვიანობამდე მუშაობს, ნაგვიანევს კი ყინვა უსწრებს.
- დამწიფებას ვერ ასწრებს და მკვახე (მწვანე) პამიდორს ყიდით?
- როდესაც ყინვაა მოსალოდნელი, მწვანე პამიდორს ვკრეფთ.
- მომხმარებელს, ვისაც თქვენი ჩითილები მიაქვს, რა რეკომენდაციებს აძლევთ?
- ხშირად მეკითხებიან და ვცდილობ ყველაფერი დეტალურად ავუხსნა. მცენარეს რომელ ეტაპზე რა სჭირდება, გადარგვიდან რამდენ ხანში უნდა ნაკელი თუ მინერალური სასუქი. იმ ჯიშს, რაც მაქვს, აუცილებლად სარი უნდა, ან რაღაც უნდა მოიფიქრონ, რათა ზემოთ აუშვან ისე, როგორც სათბურებშია ხოლმე. ამის გარეშე ნაყოფი მიწაზე მოხვდება, რაც მას აფუჭებს, მით უფრო, ეს პამიდორი ძალიან თხელკანიანია და მაშინვე სკდება.
- თქვენი მოწეული პამიდვრის მომხმარებელი ვინ არის?
- შეიძლება რესტორანი იყოს, საბითუმოდაც ყიდულობენ, პროდუქტების ბაზარშიც მიგვაქვს. არის მაქსიმუმ ათდღიანი პერიოდი, როცა აქაური მოსახლეობაც მოდის და სახლისთვის რამდენიმე ყუთს საკონსერვოდ ყიდულობს, დანარჩენი გადამყიდველებს მიაქვთ.
ჩვენს რაიონში პამიდვრის მოყვანა-რეალიზაციით ბევრია დაკავებული. ზოგჯერ ჩითილის აღმოცენების პრობლემა ექმნებათ. ამ საქმესაც ცოდნა უნდა. შესაბამის პირობებში უნდა მოთავსდეს, დროულად უნდა მორწყო. პირველ ეტაპზე, სანამ აღმოცენდება, მასალა ტორფში ითესება, შეგვიძლია მიწაშიც დავთესოთ, მაგრამ ტორფი ბიოლოგიური პროდუქტია. ტორფს სისველე სულ უნდა ჰქონდეს. ნიადაგიც თბილი უნდა იყოს, რომ გაღვივებას ხელი არ შეეშალოს. ერთი თუ გაღვივდა, უკვე ნაკლებად საშიშია. აღმოცენების შემდეგ მორწყვა მუდმივად უნდა, არ უნდა გაშრეს და სასუქსაც საჭიროებს.
- ეს საქმე რა არის თქვენთვის?
- ამ ყველაფრის კეთება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამას თუ ისიც ემატება, რომ წლის მოსავალმა გაამართლა, არ გაგვიფუჭდა, იმ წელს კარგი ბაზარი იყო, ეს მოტივაციას გვიზრდის და უფრო მეტი ენთუზიაზმით ვუდგებით მომდევნო წლის საქმეს, შრომას.
- დამწყები ფერმერები თავიდან რაღაცებს არ ითვალისწინებენ და საქმეში წარმატებაც გვიან მოდის...
- კარგად უნდა გააცნობიერონ, რასთან აქვთ საქმე, რომ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს. მზად უნდა იყვნენ პატარ-პატარა იმედგაცრუებისთვის, მაგრამ ამან არ უნდა შეაშინოთ. ჩვენს სახელმწიფოს აქვს კარგი საგრანტო პროგრამები, შეღავათიანი აგროკრედიტები, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა კიდევ გასათვალისწინებელი. პირველ რიგში აუცილებელია გასაღების ბაზრის დარეგულირება - ეს არის უმნიშვნელოვანესი, დანარჩენს გარისკავ, კრედიტს აიღებ, მოსავალს მოიყვან, დააზღვევ კიდეც. კარგი სადაზღვევო პაკეტებია, მაგრამ ყველაზე მთავარი პროდუქტის რეალიზაციაა.
შხამქიმიკატების ხარისხსაც უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. ჩვენთან დაბალი ხარისხის წამლები შემოდის. ამ ყველაფერს რაც მალე მოევლება, მით გაადვილდება ფერმერის შრომა.