"მისი ცხოვრების არევას არ ვაპირებ... მეშინია, რომ ერთ დღეს ჩემი ძმისშვილი შეიძლება ჩემს შვილს შეხვდეს" - ნანუკა გულუა წლების წინ გაშვილებულ ძმას კვლავ ეძებს
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" გულწრფელად საუბრობს პირად დრამაზე, რომელიც წლებია, არ ასვენებს;
ის ეძებს გაშვილებულ ძმას, რომლის პოვნაშიც, მისი თქმით, მიზანმიმართულად უშლიან ხელს."ეს თემა ჩემი ყოველწამიერი საფიქრალი და სატკივარია; უძველესი ისტორიაა. მამაჩემი მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო, ის ქალბატონიც – დაახლოებით 17–18-ის. მათ ზუგდიდში შვილი ეყოლათ, თუმცა არ შეუღლებიან. ბავშვი ქალის დედამ გააშვილა. ეს ქალბატონი ქართველი არ არის. არავის ცხოვრების არევა არ მინდა, მაგრამ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მძიმედ მხდის ის ფაქტი, რომ სადღაც დადის მისი შვილი – ჩემი ძმა – და შესაძლოა, მე მას შემხვდე, თუმცა ვერ ვიცნო“, – ამბობს გულუა.
მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ პირადი დრამაა, არამედ შემაშფოთებელი რეალობაც, რადგან პატარა ქვეყანაში უეცარი და ტრაგიკული გადაკვეთის საშიშროებაა:"სამი დები ვართ, ყველას სხვადასხვა ასაკის შვილი გვყავს. მეშინია, რომ ერთ დღეს ჩემი ძმისშვილი შეიძლება ჩემს შვილს შეხვდეს ან ჩემს დისშვილს – და არც ერთმა არ იცოდეს, ვინ ვინ არის. ამიტომ, უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი ძმა. ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი. არც მისი ცხოვრების არევას ვაპირებ“.
გულუა ამბობს, რომ ამ ამბის ერთადერთი ცოცხალი მოწმე სწორედ ძმის დედაა:
"ამ ქალბატონის მესმის – ტრაგიკული ისტორია აქვს, რომელიც დაივიწყა; ახალი ცხოვრება დაიწყო, შვილებიც ჰყავს. სავარაუდოდ, მას პირველი შვილის გაშვილების შესახებ არც კი უკითხავთ. მასთან ვერ მივდივარ – არ მიშვებს; მეუბნება, რომ არ სურს, სიბერე აირიოს. მეც არ მინდა, მაგრამ ერთადერთი რამ მინდა – შევევედრო, მითხრას, რამდენი წლისაა ჩემი ძმა და სად გააშვილეს“.
ძმის ძიებას ართულებს ის გარემოებაც, რომ ბავშვი საავადმყოფოდან წაიყვანეს და რამდენიმე დღის შემდეგ გააშვილეს – კლინიკიდან არ გაუშვილებიათ, რაც საქმეს ამძიმებს, რადგან დოკუმენტებზე კვალის მიყოლა შეუძლებელია.