"მოსკოვსა და პეტერბურგში ღამით უკვე აღარ სძინავთ და..." - ქართველი გენერალ-მაიორის ანალიზი: რა ხდება ფრონტზე
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების მანძილზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. მერცის თქმით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია თავი დაიცვას, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით, მცირე გამონაკლისების გარდა. გაჩნდა მოლოდინი, რომ მერცს გადაწყვეტილი აქვს შეასრულოს დაპირება და კიევს გადასცეს დიდი ხნის ნანატრი TAURUS-ები - ფრთოსანი რაკეტები. თუკი რუსეთ-უკრაინის ომში გერმანული TAURUS-ები ჩაერთვებიან, ექსპერტების შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება კიევისთვის - რუსეთთან ომში უკრაინას დღემდე არ ჰქონია 500-კმ-ზე მოქმედი მძლავრი და სიზუსტით გამორჩეული ფრთოსანი რაკეტები. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მომავალზე და მასთან დაკავშირებით დასავლეთის სტრატეგია-ტაქტიკაზე გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება:
- ჩემი ვარაუდით, ამ წლის ბოლომდე იქნება მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტაზე, შეწყდება საომარი მოქმედებები, რაც იმ მომენტში ნულოვან ხაზზე იქნება დაფიქსირებული - არც უკრაინას დაუბრუნებენ ტერიტორიებს და არც რუსებს მისცემენ მოთხოვნილს. ეს ესმით კრემლში და ამიტომ ცდილობენ მაქსიმალურად დროის გაყვანას, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ისინი ბომბავენ ქალაქებს, მიიწევენ წინ, შეტევაში აქტიურობენ და თუ უკრაინა არ დათმობს, დიდი პრობლემები შეექმნება. ბოლო მომენტში უკრაინამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მომხრეა, რომ მემორანდუმი გადაცემული აქვთ რუსებისთვისაც და რუსებისგანაც ელოდებიან. რუსები უკრაინელებს ჰპირდებოდნენ, რომ ეს ტყვეების გაცვლის შემდეგ მოხდებოდა. გაიცვალა ტყვეები, მაგრამ არაფერი. გასაგებია, რომ დონეცკის საზღვარზე სურთ გასვლა.
- გავრცელდა ხმები, რომ პუტინი დიდი საზაფხულო შეტევისთვის ემზადება. ბოლო დღეებია, რუსული სამხედრო ძალები შეტევაზე არიან გადასული სუმის ოლქის მიმართულებაზე. შეტევას წინ უძღოდა პუტინის განცხადებები ამ ოლქის დაკავების მნიშვნელობაზე და ე.წ. ბუფერული ზონის შექმნის აუცილებლობაზე. შეძლებენ თუ არა რუსები სუმის დაკავებას?
- ეს მაინც უფრო დამხმარე მიმართულებაა, სადაც რუსები ცდილობენ ბუფერულ ზონას მიაღწიონ. ესეც მათ გეგმაშია, მაგრამ მაინც მიმართულია იქით, რომ უკრაინელებს გაუწელონ დაცვის ხაზი და იქით გადაასროლინონ ძალები (მთავარი მიმართულებაა პოკროვსკი). არის 4 ქვემიმართულება: კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი და დრუჟკოვკა, ეს არის ძირითადი დარტყმის მიმართულება - უკრაინელების თავდაცვის რაიონები და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტები - რუსებმა ამ მიმართულებით გაააქტიურეს შეტევა, აქ პოკროვსკის მიმართულებაზე ორჯერ მეტი ეტევაა, ვიდრე სხვა მიმართულებით. არის კიდევ ერთი საკითხი - ამ მიმართულებებზე რუსების შეტევები ვერ მიდის იმ ტემპით, როგორითაც სურთ და მეეჭვება, ეს ამოცანა წლის ბოლომდე შეასრულონ. ძალიან მცირე ტაქტიკური წარმატებების მიუხედავად, უკრაინელები აგრძელებენ რუსების შევიწროებას თუნდაც რუსეთის ტერიტორიაზე. რუსებმა, ფაქტია, კურსკი ჯერ კიდევ ვერ გაათავისუფლეს. ამავე დროს, ახლა აღმოჩნდა, რომ ბრიანსკის ოლქში სადღაც 90კმ-მდე უკრაინელების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი აღმოაჩინეს და რუსები მის ბლოკირებას აპირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბრიანსკის ტყეები ის ადგილია, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის მთელი პარტიზანული არმია იმალებოდა და გერმანელებმა მათ ვერაფერი უქნეს - ანუ ის გეოგრაფიულად მცირერიცხოვანი სპეცდანიშნულების თუ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფების მოქმედებისთვის ძალიან კარგი არეალია და უკრაინელები ეფექტურად იყენებენ.
ამას გარდა, რუსები ძალიან მტკივნეულ და არაჰუმანურ დარტყმებს აყენებენ უკრაინის დასახლებულ პუნქტებს, რა დროსაც ძირითადად მოსახლეობა ზარალდება. თუმცა უკრაინელები მათ სარკისებურად პასუხობენ - რამდენიმე ღამეა რუსებს ძილი დაუფრთხათ სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვშიც კი, სადაც უკრაინელებმა რამდენიმე ქარხანა ააფეთქეს. ამ ქარხნებში დრონებს აწყობდნენ და მისთვის საჭირო დეტალები მზადდებოდა. უკრაინელების შეტევას, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე კოლაფსი ავიაფრენებში, ავიაგადაზიდვებში, რაც ასევე მტკივნეულია რუსეთისთვის. ჩვენ ინერციით კი ვიყენებთ ტერმინებს - საზაფხულო შეტევა, ზამთრის კამპანია, გაზაფხულის კამპანია, რაც უფრო ძველი პერიოდიდან მოდის, როდესაც, მაგალითად, ზამთარში ე.წ. ზამთრის სახლებს, ყაზარმებს უბრუნდებოდა ჯარი და გაზაფხულისთვის აახლებდა საბრძოლო მოქმედებას. ამჯერად რუსებს არ შეუწყვეტიათ საომარი მოქმედებები, არ დაუსვენიათ. ახლა ვინაიდან მიწა გაშრა, მზიანი ამინდებია, დრონებისა და ტექნიკისთვის მოქმედება უფრო ადვილია. ეს რუსებმა მოქმედების გააქტიურებისთვის გამოიყენეს - სუმზე შეტევას ახალ შეტევად ვერ ჩავთვლით, ეს არის იმავე მიმართულებებზე შეტევა და დაწოლის გაძლიერება.
- მერცი აცხადებს, რომ მოხსნეს უკრაინისთვის იარაღზე დაწესებული შეზღუდვები. რა შედეგის მომტანი იქნება ეს?
- გერმანია და ევროპა უკან აღარ დაიხევენ. უკრაინა მიიღებს იმდენ იარაღს, რომ არ დამარცხდეს და რუსეთმა არ გაიმარჯვოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და უკრაინული ჯარი კრემლში შევა.
უკრაინას ერთხანს მარაგები შეუმცირდა, უფრო საჰაერო დაცვის საშუალებები. ახლა ეს დეფიციტი თანდათან შეივსება, რადგან დასავლეთის გადაწყვეტილება ძალიან რეალურია. ჯერ თვითონ ევროპა ძლიერდება და მეორეც - მაგალითად, გერმანია იწყებს უკრაინაში სარაკეტო მრეწველობაში ერთობლივ წარმოებას - "რაინმეტალი" აპირებს სარაკეტო მრეწველობაში ჩაერთოს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას მალე თავისი ბალისტიკური რაკეტები ექნება. უკრაინელებიც არ სხედან გულხელდაკრეფილი და რუსების მიერ ბოჭკოვანი დრონების გამოყენების საპირწონედ უკვე დაიწყეს მრავალფუნქციური დრონის წარმოება, რომელშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი. მსგავსი მსოფლიოში არ არის, ეს არის "დედა-დრონი" (Mather Drone), რომელსაც თავად გადააქვს FPV დრონები - მცირე ზომის დრონები, რომლებიც წინასწარ შეტანილი მონაცემების შესაბამისად, თვითონ უშვებენ დრონებს სხვადასხვა მიმართულებით. ამ დრონის სახელია gogol M. უმოკლეს ვადაში უკრაინელები გეგმავენ აწარმოონ თვეში 50 ასეთი დრონი თავისი 400 მცირე დრონით.