"სიკვდილის ბუზი" რუსებისთვის ანუ სინამდვილეში რამდენი რუსული ბომბდამშენი „გაება“ უკრაინული „ობობას ქსელში“?! - კვირის პალიტრა

"სიკვდილის ბუზი" რუსებისთვის ანუ სინამდვილეში რამდენი რუსული ბომბდამშენი „გაება“ უკრაინულ „ობობას ქსელში“?!

1 ივნისს რუსეთის ხუთი სამხედრო აეროდრომის წინააღმდეგ განხორციელებული უკრაინული მასშტაბური სადივერსიო სპეცოპერაციის „ობობას ქსელის“ შედეგები ნელ-ნელა ხდება ცნობილი და ის ჯერჯერობით განსხვავებული რჩება მონაცემებისგან, რაც თავად უკრაინის მხარემ გაასაჯაროვა ამ სპეცოპერაციის დასრულებისთანავე...

ჯერ კიდევ 1 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი თავისი სპეცსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ „ობობას ქსელის“ ფარგლებში გამოყენებული იქნა 117 უკრაინული კამიკაძე - დრონი, რომლებმაც რუსულ აეროდრომებზე 41 ერთეული ბომბდამშენი და სხვა სამხედრო თვითმფრინავი ააფეთქეს, რაც რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 35%-ის მწყობრიდან გამოყვანის ტოლფასიაო...

არაოფიციალურმა უკრაინულმა წყაროებმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ„ობობას ქსელის“ სპეცოპერაციის განსახორციელებლად გამზადებული იყო 150 ერთეული კამიკაძე-დრონი და მათზე დასამაგრებელი(თითოზე ორი) 300 საბრძოლო ქობინი.

1-dab-1749114465.jpg
ეს რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС, სახელწოდებით „ვორონეჟი“ ვეღარ აფრინდება, რადგან ბოლოს უკრაინული კამიკაძე-დრონის ვიდეოკამერამ გადაიღო ორიოდე მეტრის სიახლოვედან...

როგორც ჩანს ყველა კამიკაძე-დრონის საბრძოლო გამოყენება ვერ მოხერხდა, რაზეც მიუთითებს ის ვიდეოკადრებიც,როდესაც რუსეთის ამურის ოლქში „უკრაინკას“ სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს გაჩერებულ ტრაილერზე დადებულ მობილურ ხის სახლს(რომლის სახურავქვეშაც იყო ფარულად ჩაწყობილი ეს კამიკაძე-დრონები) ცეცხლი უკიდია და მასში ადამიანის შესვლის შემდეგ ხდება აფეთქება-ამიტომაც ამ რუსულ აეროდრომზე საჰაერო დარტყმა ვეღარ განხორციელდა.

117 უკრაინული კამიკაძე-დრონით 41 რუსული სამხედრო თვითმფრინავის და მათ შორის სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენების დაზიანება და მითუმეტეს აფეთქება, ცუდ საბრძოლო შედეგად ნამდვილად არ ჩაითვლება (ამიტომაც მოინათლა ეს სპეცოპერაცია „რუსულ პერლ-ჰარბორად“), იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრ რუსულ თვითმფრინავზე უკრაინელი ოპერატორები ორ კამიკაძე-დრონსაც კი მიმართავდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ სამიზნის სრულ განადგურებაში.

2-dabo-1749114465.png
აი, რატომ მიიღო უკრაინულმა სპეცოპერაციამ „ობობას ქსელმა“ მეორე სახელი -„რუსული პერლ-ჰარბორი“...

ამის შემდეგ განვლილ ოთხ დღეში ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ბევრად მეტი ობიექტური მასალა, როგორც თავად უკრაინული კამიკაძე-დრონების ვიდოკამერებით გადაღებული შეტევების ბოლო წამების ამსახველი, ისე კომერციული თანამგზავრების მიერ შეტევაგანხორციელებული რუსული აეროდრომების კოსმოსური ფოტოები.

5 ივნისის დილისთვის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის სპეცოპერაციის „ობობას ქსელის“ შედეგად რუსულ აეროდრომებზე განადგურებულია 8 სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС, 12 შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3 , 2 ერთეული შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვთმფრინავი А-50, ერთი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-12 და სავარაუდოდ, ასევე ერთი საჰაერო ტანკერი Ил-78М.

საერთო ჯამში გამოდის 25 ერთეულამდე განადგურებული რუსული სამხედრო, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავი - ეს ციფრი ჩამოუვარდება უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაცხადებულ 41 განადგურებულ რუსულ თვითმფრინავს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სხვა დაზიანებული რუსული ბომბდამშენების თანამგზავრული ფოტოები ჯერ კიდევ დაიდება.

3-dab-1749114466.png
ცნობილი ქართული ხალხური ანდაზის - „ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებსო“ საუკეთესო მტკიცებულება - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი რუს ობივატელს ამშვიდებს - უკრაინულებმა ამ თავდასხმების შედეგად სტრატეგიული ბომდამშენები კი არ გაგვინადგურეს, არამედ მხოლოდ დაგვიზიანეს და ჩვენ მათ აუცილებლად აღვადგენთო. თუ როგორ აღადგენენ რუსები ამავე ფოტოზე გამოსახულ დაფერფლილ ას მილიონ დოლარიან Ту-95МС-ს მალევე გამოჩნდება, თუმცა აბა სხვა რა უნდა ეთქვა მსოფლიოში ცნობილი „პირველი ცრუპენტელას“- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილეს?

აეროდრომზე თვითმფრინავის დაზიანების ფაქტის დადგენა მარტო თანამგზავრული ფოტოებით (რაც არ უნდა მაღალი ხარისხის არ უნდა იყოს ისინი) არცთუ ისე მარტივია, რადგან აფეთქებისას გატყორცნილმა ნამსხვრევებმა რამდენიმე ათეულ მეტრშიც შეიძლება ისა დააზიანონ თვითმფრინავის დურალუმინის გარსი და თვითმფრინავის შიგნით განთავსებული მოწყობილობები, რომ თავად თვითმფრინავს არც ცეცხლი წაეკიდოს და არც აფეთქდეს. კოსმოსიდან კი თვითმფრინავის ფიუზელაჟზე თუ ფრთაზე გაჩენილი ერთ-ორ სანტიმეტრის დიამეტრის ნახვრეტები არ გამოჩნდება, თუმცა ვეღარც ეს თვითმფრინავი აფრინდება კაპიტალური რემონტის გარეშე...

ასევე ყურადსაღებია, რომ იმ რიგი თვითმფრინავებიდან, რომლებსაც უკრაინული კამიკაძე-დრონები „შეასკდნენ“, ნაწილი არასაფრენ მდგომარეობაში იყო, რაზეც მიუთითებს მოხსნილი ძრავები და ამ თვითმფრინავების გარეგანი იერსახე. iვანოვოს ოლქის სამხედრო აეროდრომზე მდგარი ორი რუსული „ავაქსი“-А-50, რომელთა უზარმაზარ რადიოლოკაციურ ანტენებზე უკრაინული დრონები „დასხდნენ“, შესაძლოა აღარც დაფრინავდნენ, რისი ეჭვიც ჩნდება ამავე დრონების მიერ გადაღებული ვიდეოკადრების გაანალიზებისას...

4-dab-1749114466.png
„ობობას ქსელის“ გმირები-უკრაინული კამიკაძე-დრონები...

მიუხედავად ყველაფერ ამისა, უკრაინის ეს სპეცოპერაცია „ობობას ქსელი“, ნამდვილად შევა მსოფლიო ომების ისტორიაში - ამ სტატიის ავტორს თავის დროზე,ასე მეოთხედი საუკუნის წინ, მიეცა საშუალება ახლოდან დაეთვალიერებინა რუსული Ту-95МС, Ту-160, Ту-22М3, А-50, Ил-78М თუ Ан-12 (ამ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით არაერთხელ უფრენია,მათ შორის ეკიპაჟის კაბინაში და თანაც ისე, რომ...თავად ეკიპაჟი უკანა კაბინაში იყო გასული კახური ჭაჭის გასასინჯად - რას ვიზამთ, ასეც ხდებოდა...) და ადვილად წარმოუდგენია თუ რამხელა სამხედრო, ეკონომიკური (ზემოთხსენებული თვითმფრინავებიდან რუსეთი არც ერთს აღარ აწარმოებს, სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76МД-90А-ს გარდა, რომლის ბაზაზეც შეუძლია ახალი საჰაერო ტანკერების აგება) და რაც მთავარია - მორალური და იმიჯური დარტყმა მიიღო კრემლმა და პირადად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა,რომელიც დიდი შურისძიებისთვის მეხუთე დღეა გამალებით ემზადება...