"შე უმადურო შენა!...შე შეშლილო, შენი Tesla არავის სჭირდება!.." - რატომ დასცხეს ერთმანეთს ტრამპმა და მასკმა?! - კვირის პალიტრა

"შე უმადურო შენა!...შე შეშლილო, შენი Tesla არავის სჭირდება!.." - რატომ დასცხეს ერთმანეთს ტრამპმა და მასკმა?!

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა და მასკმა ერთმანეთი გალანძღეს: პრეზიდენტმა მილიარდერს შეშლილი უწოდა, მილიარდერმა კი პრეზიდენტი უმადურობაში ამხილა“. პუბლიკაციაში განხილულია მსოფლიოს ორი ყველაზე ცნობილი პიროვნების ურთიერთდამოკიდებულების გაუარესების მიზეზები და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი საინტერესო მომენტი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც ილონ მასკი დაკავებული თანამდებობიდან - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) თავმჯდომარის პოსტიდან წავიდა, მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკანონმდებლო საქმიანობის კრიტიკა დაიწყო - კერძოდ, ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა ძირითადი საბიუჯეტო კანონპროექტის მიმართ („გადასახადებისა და ასიგნებების შესახებ“), რაც, რასაკვირველია, დონალდ ტრამპს არ ესიამოვნა: როგორც პრეზიდენტმა განაცხადა თეთრ სახლში ჟურნალისტების წინაშე, იგი „ძალზე გაკვირვებული და იმედგაცრუებულია“ ილონ მასკის კრიტიკული დამოკიდებულებით კანონპროექტისადმი.

თავის მხრივ, ილონ მასკმა - პლანეტის უმდიდრესმა პიროვნებამ - აღნიშნა, რომ იგი აღშფოთებულია პრეზიდენტის „უმადურობითა და დაუნახაობით“ და განაცხადა, რომ მისი დახმარების გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს ვერ მოიგებდა და პრეზიდენტი ვერ გახდებოდა (ილონ მასკმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის სასარგებლოდ 250 მილიონი დახარჯა).

„ჩვენ საუკეთესო ურთიერთობები გვქონდა. ახლა კი აღარ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ მსგავსი დამოკიდებულება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა თეთრ სახლში ხუთშაბათს, 5 ივნისს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას - მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა (და კიდევ რამდენიმე ცნობილმა რესპუბლიკელმა) დონალდ ტრამპის მიერ „მშვენიერ კანონპროექტად“ შეფასებულ დოკუმენტს „საზიზღარი და საძაგელი“ უწოდა.

სხვათა შორის, ამ შეხლა-შემოხლის შედეგად ილონ მასკის კომპანიის Tesla-ს აქციები ფასი 15%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი დაცემაა ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ილონ მასკი - კონგრესმენებს: „სირცხვილი თქვენ!“

როგორც ცნობილია, ილონ მასკმა თავისი თანამდებობა - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი 129 დღის საქმიანობის შემდეგ დატოვა, თანაც საკმაოდ ამაღლებულ ნოტაზე: დონალდ ტრამპმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე მას მადლობა გადაუხადა დაუღალავი მუშაობისათვის და საზეიმოდ გადასცა სიმბოლური ჯილდო - „ოქროს გასაღები“. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ილონ მასკმა მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტის ზემოთ ხსენებული კანონპროექტი, რომლის განხილვა კონგრესში დასასრულს უახლოვდება და სოციალურ ქსელში დაწერა: „სირცხვილი თქვენ, ვინც ხმა მიეცით ასეთ საზიზღარ კანონპროექტს: გახსოვდეთ, რომ თქვენ არასწორად მოიქეცით“.

კანონპროექტი გადასახადებისა და ასიგნებების შესახებ უკვე მიიღო წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკური უმრავლესობის მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები (და ზოგიერთი რესპუბლიკელიც) ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი. ეკონომისტების შეფასებით, დონალდ ტრამპის „დიდი და მშვენიერი კანონი“, თუ მასში შესწორებები არ იქნა შეტანილი, დღევანდელი სახით აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს კიდევ 600 მილიარდი დოლარით გაზრდის.

დონალდ ტრამპი: „ვატყობ, ილონ მასკი ჩემს კრიტიკასაც დაიწყებს!“

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ილონ მასკი კანონპროექტის მიმართ გამოხატული კრიტიკული დამოკიდებულების გამო: „მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკის მოქმედებით. იმიტომ, რომ მან ყველაზე კარგად იცის ამ დოკუმენტის შემუშავების შიდა სამზარეულო... და უცებ პრეტენზიები გაუჩნდა. მართალია, მას ჩემზე ჯერ-ჯერობით ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი მომდევნო ნაბიჯი სწორედ [ჩემდამი კრიტიკა] იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის განმარტებით, ილონ მასკი „ამ მშვენიერი და ლამაზი კანონპროექტის“ წინააღმდეგ იმიტომ გამოდის, რომ მასში შეტანილია დებულება ელექტრომობილებზე საგადასახადო შეღავათების გაუქმების შესახებ.

ილონ მასკმა, რომელიც ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორია, სწრაფად გაუკეთა კომენტარი პრეზიდენტის ნათქვამს: „კი ბატონო, შეამცირეთ კანონპროექტით სუბსიდიები ელექტრომობილებზე და მზის ენერგიის ბატარეებზე... მაგრამ რატომ არ ამცირებთ ასევე ნავთობ-გაზზე? რატომ არის ხელშეუხებელი მათი შემცირება? ეს უპატიოსნობაა! ამოიღეთ მაშინ თქვენი საზიზღრობაც კანონპროექტიდან! (ილონ მასკი გულისხმობს ბიუჯეტის ისეთ ხარჯვას, რომლის ლობირებას ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ასევე ამომრჩეველთა მხოლოდ დაინტერესებული წრე ახდენს).

„თქვენ საბოლოოდ „დიდი და მახინჯი“ კანონპროექტი გამოგივათ, მაგრამ თუ შეასწორებთ, მართლაც ლამაზი იქნება“, - ხაზი გაუსვა მილიარდერმა. ილონ მასკმა უარყო დონალდ ტრამპის მტკიცება, რომ თითქოსდა მან კარგად იცის შიდა სამზარეულო, თუ როგორი შინაარსი უნდა ჰქონოდა კანონპროექტს და რომ ამიტომ პრეზიდენტისათვის მისი საჯარო კრიტიკა მოულოდნელი აღმოჩნდა: „ტყუილია. კანონპროექტი ჩემთვის არავის არასდროს არ უჩვენებია. ის შუაღამისას მიიღეს და თანაც ისე სწრაფად, რომ კონგრესში მისი წაკითხვა ვერავინ მოასწრო!“, - დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში.

„შენი ელექტრომობილები არავის არ ჭირდება!“

თავის მხრივ, დონალდ ტრამპი Truth Social-ში ღიად წერს, რომ ეს ყველაფერი ელექტრომობილებთან დაკავშირებით არის გამოწვეული: „ილონი ზღვარზე იდგა... მე მას ვთხოვე, რომ წასულიყო, გავაუქმე მისი მანდატი ელექტრომობილებზე, რომლითაც ყველას აძალებდა იმ მანქანების შეძენას, რომლებიც არავის არ ჭირდება. მან კარგად იცოდა, რომ ასე გავაკეთებდი და ვუთხარი კიდეც რამდენიმე თვის წინ! მან ვერ მოითმინა და ნერვები მოეშალა, ჭკუიდან შეიშალა!“, - ასეთი ვერსია დაწერა დონალდ ტრამპმა და დაამატა, რომ ბიუჯეტში მილიარდობით დოლარების ხარჯვის შემცირების საუკეთესო წესი ის იქნება, თუ ილონ მასკის ყველა კონტრაქტი და სუბსიდიები გაუქმდება: „მე ყოველთვის მიკვირდა, თუ რატომ არ გააკეთა ეს ჯო ბაიდენმა“.

ილონ მასკი დონალდ ტრამპის გადადგომას მხარს უჭერს!?

აშშ-ის პრეზიდენტსა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მიმდინარე დავა იმით გაგრძელდა, რომ ილონ მასკმა პირობა დადო - „პრეზიდენტის განცხადების ფონზე, რომ იგი სახელმწიფო კონტრაქტებს გააუქმებს, მე დაუყონებლივ შევწყვეტ კოსმონავტების მიყვანას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩემი Dragon-ის ხომალდებით“.

გარდა ამისა, ილონ მასკმა თავის გვერდზე დადო ერთ-ერთი მხარდამჭერის პოსტი, რომელშიც დონალდ ტრამპის გადადგომაა მოწოდებული. მასში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას მისი მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი შეასრულებს.

ილონ მასკი და DOGE

პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, რომელიც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) თავმჯდომარედ დაინიშნა, სახელმწიფო ხარჯების რადიკალური შემცირების მიზნით, სამსახურებიდან მასობრივი გათავისუფლებებისა და ისეთი უწყებების გაუქმების ინიცირება მოახდინა, როგორიცაა, მაგალითად, „საერთაშორისო განვითარების ამერიკული სააგენტო - „იუსაიდი“ (USAID). DOGE-ს თანამშრომელთა მტკიცებით, მათ მოახერხეს და სახელმწიფოს 180 მილიარდამდე დოლარი დაუზოგეს, თუმცა ბევრად ნაკლებია ილონ მასკის წინასწარ გაცხადებულ მიზანზე - ხარჯების 2 ტრილიონი დოლარით შემცირებაზე.

„ფედერალურ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული სიტუაცია უფრო უარესი გამოდგა, ვიდრე მე ვფიქრობდი“, - აღნიშნა ილონ მასკმა, როცა გადადგომა გამოაცხადა, - „ვიცოდი, რომ პრობლემები იქნებოდა, მაგრამ რბილად რომ ვთქვა, ვაშინგტონში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება ძალიან რთული ამოცანა ყოფილა“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ასევე დაგაინტერესებთ სტატია: "საქართველოში ამერიკის ელჩად მარკო რუბიოს პროტეჟე დაინიშნება..." - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: რატომ გავიდა ნაადრევ პენსიაზე რობინ დანიგანი?!

გაგიჟებულმა პუტინმა "დიდი შურისძიება" დაიწყო?! - უკრაინელებმა კი ენგელსის ბაზა ააგიზგიზეს