ტაბუდადებული თემა ანუ ქართული სპეცსამსახურების ისტორია - დავით აღმაშენებლიდან ერეკლე მეფემდე - კვირის პალიტრა

ტაბუდადებული თემა ანუ ქართული სპეცსამსახურების ისტორია - დავით აღმაშენებლიდან ერეკლე მეფემდე

საქართველოს სპეცსამსახურების ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი საკითხია, რასაც მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ეს თემატიკა საქართველოში ტაბუდადებული იყო და არის. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ქმნიდნენ მითს საბჭოთა სპეცსამსახურების (რომლის განუყოფელი ნაწილიც იყო საქართველოს სსრ კა–გე–ბე ) უძლეველობის შესახებ, ხოლო ჩავარდნებსა და მარცხს საგულდაგულოდ მალავდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს თემატიკა საზოგადოებისთვის კვლავ დახურული დარჩა, რასაც არანაირი გამართლება არა აქვს.

საქართველოს შორეული წარსულის შესახებ შემორჩენილი წერილობითი წყაროების სიმცირე და მათი გადმოცემის ლაკონური წესი, უზომოდ ართულებს მსტოვრობის საკმაოდ სპეციფიკური თემის კვლევას. ცნობების სიმწირის გამო, ხშირად მემატიანეთა ლაკონური თხრობის და, რაც მთავარია, ცალკეული ისტორიული მოვლენის შედეგების ანალიზის მიღმა უნდა დავინახოთ მსტოვარ-აეშაგთა და ჯაშუშთა სახეები და საქმეები, მათი “მგეშავ-მწვრთნელების” მიზნები.

კოლხთა მეფე აიეტიდან მოყოლებული, ვახტანგ გორგასალი, გიორგი I, დავით აღმაშენებელი, გიორგი III, თამარ მეფე, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ერეკლე II და ბოლოს, გიორგი XIII - უცხო თუ შინაური მსტოვარ-ჯაშუშებით იყვნენ გარშემორტყმულნი. თავადაც მიუჩენდნენ ხოლმე მსტოვრებს ურჩ დიდგვაროვანებსა და თავადებს. ქვეყნის საჭიროებისა გამო ფარული დავალებებით თვითონაც მიავლენდნენ საბერძნეთს, რომს, სპარსეთს, ბიზანტიას, ოსმალეთსა და რუსეთს ერთგულ მზვერავებს. ასე რომ, საქართველოში უძველესი დროიდან საშინაო და საგარეო დაზვერვას შეძლებისდაგვარი ყურადღება ექცეოდა. ბრძოლასა და ომს დაზვერვა რომ იგებს, ესეც კარგად სცოდნიათ ჩვენ დიდ წინაპრებს. ამიტომ სამხედრო დაზვერვაც (დღევანდელი ტერმინოლოგიით) მეტნაკლები წარმატებით ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოში მსტოვრობის ინსტიტუტის შექმნა–გაძლიერება დავით აღმაშენებელის მეფობის პერიოდიდან იწყება. ქართული და უცხოური წყაროები ადასტურებენ, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სიძლიერის სხვა მახასიათებლებთან ერთად მზვერავ-მსტოვრობის ინსტიტუტის მეტ-ნაკლებად ხეირიან მოწყობასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

დავით IV-ს მეფობის ამსახველი უცნობი მემატიანის “ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი” ჯერ–ჯერობით ერთადერთი სანდო ქართული წყაროა. ეს თხზულება ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კუთხით ქართველ ისტორიკოსთა არაერთმა თაობამ შეისწავლა. სწორედ მათი გამოკვლევები უნდა დავიხმაროთ მემატიანის ძუნწ სტრიქონებს შორის ალაგ-ალაგ მიმობნეული მსტოვართა საქმიანობის ამსახველი უნიკალური ცნობების გაშიფრვაში.

ამ წყაროდან ირკვევა, რომ დავით მეფეს მსტოვრები დროულად აწვდიდნენ ცნობებს და უკვე იმ პერიოდში დავითი ხშირად და წარმატებით იყენებდა, მომავალში სპეცსამსახურების ერთ-ერთ სერიოზულ იარაღს - დეზინფორმაციას და მტრის შეცდომაში შეყვანის ტაკტიკას. უდავოა, რომ „მსტოვართა ინსტიტუტმა“ დიდად შეუწყო ხელი, როგორც გარეშე მტრის დამარცხებას, ასევე მოღალატე მთავართა მზაკვრობის გამოცნობას და მათ დასჯას, ხოლო სამეფოში წესრიგის დამყარება ერთიანი ქართული სახელმწიფოს ძლიერების საწინდარი გახდა.

კონკრეტულად ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს 2021 წლის 28 სექტემბრეს „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული ბლოგის ტექსტს: „დავით აღმაშენებლის აღმოსავლელი მასწავლებლები: ვისგან ისწავლა დავით IV-მ მსტოვრობის ხელოვნება?“

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რუსეთში სპეცსამსახურის (უპირველესად დაზვერვის) რამდენადმე ერთიანი სტრუქტურა მხოლოდ მე-XVI საუკუნის მეორე ნახევარში (ივანე მრისხანეს მეფობის პერიოდში) შეიქმნა.

davit-agmashenebeli-1749192078.jpg

დავით აღმაშენებელი

თამარის მეფობის პერიოდში მეტ–ნაკლები წარმატებით გრძელდებოდა „მსტოვართა ინსტიტუტის“ ოპერაციები, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველომ თანდათან დაკარგა ადრინდელი სამხდრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერება. მრავალ სხვა საკითხთან ერთად, სერიოზული ყურადღება აღარ ექცეოდა “მსტოვართაAორგანიზაციასაც”. თუ რაოდენ იყო მოშლილი დიდი დავით მეფის მიერ შექმნილი “სპეცსამსახურის“ მუშაობა, მრავალიდან, რამდენიმე ფაქტიც მეტყველებს. თამარის შვილებმა - საქართველოს მომავალმა მეფეებმა: ლაშა-გიორგიმ და განსაკუთრებით რუსუდანმა, ჯეროვნად ვერ შეაფასეს ის დიდი საფრთხე, რასაც საქართველოს საზღვრებთან ახალი დამპყრობლების - მონღოლების გამოჩენა მოასწავებდა. დაზვერვისადმი უდარდელმა და უგულისყურო დამოკიდებულებამ მალევე გამოიღო დამღუპველი შედეგები. ახალი მტრის რეალურ სამხედრო ძალაზე შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაციის უქონლობის გამო, ქართველებმა არ მოახდინეს საბრძოლო რესურსების სრული მობილიზაცია...

შუა საუკუნეებში საქართველოს სახელმწიფოს პატარ-პატარა სამთავროებად დაშლამ “მსტოვართა ერთიანი ორგანიზაციის” მოშლა-დაკნინებაც გამოიწვია. 1584 წელს, როდესაც ქართლს დასაპყრობად რეზვენ ფაშას სარდლობით ოსმალოთა ოციათასიანი ჯარი მოადგა, მტრის ბანაკში დასაზვერად, რომელიმე ქართველი მზვერავი (“მსტოვარ-აეშაგი” - სულხან-საბას განმარტებით) კი არ შეიპარა, არამედ თავად სვიმონ მეფემ, ვითომ “სვიმონ მეფის ელჩმა და მოციქულმა”, პირადად იტვირთა ეს მეტად სახიფათო მისია. მან რეზვენ ფაშასთან ერთად “მიიარ-მოიარა” ბანაკი, ახლოდან შეათვალიერა მტერი და უკან მშვიდობით დაბრუნდა.

svimon-i-1749192168.png

სვიმონ I

ადვილი წარმოსადგენია, ოსმალოთაგან ვინმეს, რომ ეცნო სვიმონ მეფე მას დაატყვევებდნენ და ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა. რამდენად გამართლებული იყო ეს რისკი? სვიმონ მეფეს ხომ შეეძლო მართლაცდა მსტოვარ-ელჩნი გაეგზავნა მოლაპარაკებებზე და მათგან მიღებულ ცნობებს დაყრდნობოდა? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ერთ-ერთი გონიერი მეფე გამოცდილ მსტოვართა ნაკლებობამ აიძულა თავად წასულიყო უდიდეს რისკზე.

1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ბრძოლის წაგების ერთ–ერთი მთავარი მიზეზიც ქართველ მსტოვარ-მზვერავთა უსუსურობა იყო. მათ ვერ აღმოაჩინეს ქართველთა ჯარის ზურგში არტილერიითა და მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი სპარსელების საკმაოდ დიდი დაჯგუფება, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ზურგიდან დაარტყა ჩვენს ჯარს და ბრძოლის ბედიც სპარსელთა სასარგებლოდ გადაწყდა.

ერეკლე II, როგორც დიდი მხედართმთავარს შეეფერება, საკმაოდ წარმატებით იყენებდა დაზვერვას და “დივერსიულ მეთოდებს”. ასე იყო მაგალითად 1770 წელს ასპინძის ბრძოლის წინ, როცა ერეკლე II-ის მიერ გაგზავნილმა მეომრებმა (“დივერსანტებმა” _ დღევანდელი გაგებით) ღამით თურქი გუშაგნი სრულად ამოწყვიტეს და ასპინძის ხიდი მოდიდებულ მტკვარზე აჰყარეს, რითაც მტერს მაშველი ძალის მისახმარებელი გზები მოუჭრეს.

ამავე დროს ქართლ-კახეთის მეფეს ბევრჯერ გამოეპარა სასახლის კარის ინტრიგები და “საქმე ქმნილი და სიტყვა თქმული ბოროტად”. ერთგული და გამოცდილი მსტოვრების არყოლის გამო ერეკლე II ვერ აკონტროლებდა მეფის კარზე ხშირად არაქართული საქმის მკეთებელი უცხო ეროვნების მრჩევლების მოქმედებებს. საგარეო დაზვერვის, რომლის ფუნქციებსაც იმ საუკუნეებში არსებული პრაქტიკით დიპლომატები, ვაჭრები, მისიონერები და მოგზაურები ასრულებდნენ, არქონის გამო კი, “პატარა კახმა” ვერ ამოიცნო რუსეთის ნამდვილი გეგმები. შინააშლილობამ და უფლისწულებს შორის სამეფო ტახტისთვის დაუნდობელმა ბრძოლებმა, XIX-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთს “მშვენიერი” საბაბი მისცა გაეუქმებინა ჯერ ქართლ-კახეთის სამეფო, ხოლო შემდეგ მთლიანად საქართველო დაეპყრო.

erekle-meore-1749192191.jpg

ერეკლე მეორე

ჟამთა სიავეს გადარჩენილი ისტორიული ფოლიანტები და სიგელ-გუჯრები უფრო ამყარებენ ვარაუდებს, რომ საქართველო ოდითგან იყო მტერ-მოყვარეთა მზვერავ-ჯაშუშების გამოწვლითი შესწავლის ობიექტი და სამიზნე. ამიტომაც ღიად თუ ფარულად:

სწავლობდნენ ქართველი ხალხის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ადათ-ჩვევებს (მაგ. თემურ-ლენგმა და შაჰ-აბასმა რომ შეიტყვეს, ეს დაუმორჩილებელი ქართველები ოდითგან ღვინის და ხილის გარეშე პურს არ ტეხენო, მსწრაფლ ვენახების და ბაღების გაკაფვა-განადგურება უბრძანეს ჯარს. ამ გზით ქართველების ბრძოლისუნარიანობის დასუსტების იმედი ჰქონდათ მტარვალებს);

kartl-kaxetis-maoxari-shah-abas-i-1571-1829-1749192208.jpg

ქართლ–კახეთის მაოხარი შაჰ-აბას I (1571–1829)

იკვლევდნენ საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალსა (შაჰ-აბასმა კახეთში თუთის ხეები გააკაფინა _ აბრეშუმს ვეღარ დაამზადებენ და სპარსეთის მეაბრეშუმეობას მძლავრი მეტოქე მოაკლდებაო) და წიაღისეულ სიმდიდრეებს (1800 წელს, რუსეთის იმპერიის ჯაშუშმა და იმავდროულად ქიმიკოს-მინეროლოგმა აპოლოს მუსინ-პუშკინმა, საქართველოს წიაღისეულის შესწავლის შემდეგ, იმპერატორ პავლე I “ნაყოფიერი და ყველაფრით მდიდარი” ქვეყნის შეძენა-შემოერთება ურჩია და თან გესლიანად დასძინა – ამჟამად ეს ფრიად ადვილი და იაფიაო. სიმბოლურია, რომ ის 1805 წელს ტიფლისში გარდაიცვალა უშვილძიროდ);

apolos-musin-pushkini-1749192239.png

აპოლოს მუსინ-პუშკინი (1760–1805)

ადგენდნენ საქართველოს გზებისა და უღელტეხილების დაწვრილებით რუკებს (ვახუშტი ბატონიშვილმა XVIII საუკუნის შუა წლებში, რუსეთის ხელისუფლების დაფინანსებით, შექმნა საქართველოსა და კავკასიის ზუსტი რუკები, რამაც შემდგომში რუსეთის იმპერიას მეტად გაუადვილა ამ რეგიონის დაპყრობის მზაკვრული გეგმების აღსრულება);

შეფარვით ზვერავდნენ სამხედრო ფორტიფიკაციებს- ციხე-ქალაქებს, ციხესიმაგრეებს, გალავნებსა და ცად აზიდულ კოშკებს, მათზე იოლად მისასვლელ ბილიკებსა და გვირაბებს (XV-XVIII საუკუნეებში რუსეთის ელჩ-რეზიდენტები დაწვრილებით აღწერდნენ საქართველოს ფორტიფიკაციებს და მათ ზუსტ ნახაზებს ადგენდნენ).

ყოველივე ამის შესასწავლ-დასაზვერად სპეციალური დავალებით აგზავნიდნენ ვაჭრებს, ექიმებს, მოგზაურებს, მღვდელ-მისიონერებს, პილიგრიმებს და ელჩ-დიპლომატებს.

ქართველი მეფენიც ცდილობდნენ მსტოვრების გამოყენებას საგარეო და საშინაო პრობლემების მოგვარებისას. თავადაც სურდათ სხვა ქვეყნების იდუმალი გეგმების შეტყობა. სამწუხაროდ, მრავალ მიზეზთა გამო, სურვილი, შესაძლებლობები და შედეგები არ ემთხვეოდა ყოველთვის ერთმანეთს.

ამ ყველაფერს, დღევანდელი გადასახედიდან, სახელად პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაზვერვას უწოდებენ. მათი ტყუპისცალია სამხედრო დაზვერვა, რომელიც ომისწინა პერიოდისა და თავად ბრძოლების განუყოფელი ატრიბუტია. საქართველოს მეფენი ხშირად გამხდარან მოწინააღმდეგის სტრატეგიული და ოპერატიული სამხედრო დაზვერვის მსხვერპლნი, თავადაც ბევრი ბრძოლა მოუგიათ მამაცი და თავდადებული მსტოვრების დროულად მოპოვებული ცნობების ხარჯზე. საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებს უცხო ქვეყნის ჯაშუშები მარტო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე როდი აწარმოებდნენ. კონსტანტინოპოლი, თეირანი, მოსკოვი, პეტერბურგი, ასტრახანი, – სხვადასხვა დროს ანტიქართული სადაზვერვო საქმიანობის ცენტრები იყო. რუსეთში საქართველოს ელჩის გარსევან ჭავჭავაძის მიმოწერა ერეკლე II-სთან ადრესატზე ადრე, პეტერბურგში მყოფი ქართველი ეროვნების აგენტების მეშვეობით რუსეთის დაზვერვისთვის ხდებოდა ცნობილი.

საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ ჯაშუშ-აეშაგების ბოროტი ზრახვანი და ქმედებანი 1801 წლიდან უფრო გაძლიერდა და პიკს თითქმის ორასი წლის შემდეგ, 1991 წლისთვის მიაღწია. ათასწლეულების განმავლობაში ნადგურდებოდა და “ისრებოდა” ჩვენი ქვეყანა და ერი. ეს ყველაფერი ისტორიაა. ჩვენი ისტორია. ჟამთა სიავის გამო ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობი და შეუსწავლელი. ამიტომ, ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის წარსული, ვისწავლოთ სხვისსა და ჩვენ ძველ შეცდომებზე, ნიშნავს ვიყოთ ძლიერი და გვქონდეს მერმისი.

საუკუნეები გავიდა მაგრამ სპეცსამსახურების მიზნები და ამოცანები არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ მათი განხორციელების მატერიალური საშუალებები და ხერხები. ხოლო მეთოდები უფრო დახვეწილი და დაუნდობელი გახდა. სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა უფრო მობილური და შედეგიანი გახადა სპეცსამსახურების საქმიანობა. უცხო ჯაშუშ-აეშაგთა “ხლართვანი”, რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება. ამიტომ მსტოვრობის ისტორიის ცოდნა ნამდვილად წაადგება ჩვენი სპეცსამსახურების ახალგაზრდა თაობას და ყველა დაინტერესებულ პირს.

(მეორე ნაწილის დასასრული)