გაგიჟებულმა პუტინმა "დიდი შურისძიება" დაიწყო?! - უკრაინელებმა კი ენგელსის ბაზა ააგიზგიზეს
აი, ამ ომის მთავარი განსხვავება-უკრაინელები უტევენ რუსულ სამხედრო აეროდრომებს,რუსები კი ბომბავენ უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ კორპუსებს...
5-6 ივნისის ღამეს მთელი უკრაინა სულგანაბული ელოდებოდა პუტინის დამუქრების - რუსულ აეროდრომებზე სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურების სანაცვლოდ „დიდი,დიდი შურისძიების“ განხორციელებას...
და, მართლაც რუსეთმა ამ ღამეს 407 კამიკაძე-დრონითა და 44 ფრთოსანი რაკეტით შეუტია უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს, ლვოვს, ტერნოპოლს, ლუცკს...
თუმცა, ეს საჰაერო თავდასხმა დიდად არ განსხვავდებოდა წინა ღამეებში განხორციელებული რუსული შეტევებისგან უკრაინულ ქალაქებზე და თუკი მართლაც ეს გახლდათ პუტინის დანაქადნი „დიდი, დიდი შურისძიება“, მაშინ გამოდის, რომ აგრესორ რუსეთს ბევრი აღარაფერი დარჩენია არსენალში იმისთვის, რომ ისედაც ნახევრადდანგრეული უკრაინა რაიმე ახალით, არაბირთვული იარაღით დააშინოს...
სამაგიეროდ, არც უკრაინელები დარჩნენ ვალში და რუსეთში კვლავ ააგიზგიზეს ენგელსის ცნობილი ნავთობაზა (რომელშიც ინახება რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებისთვის განკუთვნილი რეაქტიული საწვავი), „დიაგილევოს“ სამხედრო აეროდრომი და ბრიანსკის საერთაშორისო აეროპორტი,რომელიც თავად კრემლმა დაკეტა ომის დაწყების პირველსავე დღეს და მას შემდეგ მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის იყენებს...

მარტო ამის ჩამონათვალი და ფოტოვიდეოკადრების ნახვაც საკმარისია იმის გასაგებად, თუ ამ ომში მოწინააღმდეგე მხარეები რა სახის სამიზნეებს ირჩევენ ძირითადად...
უკრაინა, მას შემდეგ, რაც სამხედრო თვალსაზრისით მომძლავრდა და მეტი შორსმფრენი კამიკაძე-დრონი გამოუჩნდა არსენალში, როგორც წესი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავის მთავარ სამიზნეებად ირჩევს იმ სამხედრო აეროდრომებს, საიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის ქალაქებისკენ რაკეტებს უშვებენ, ასევე იმ ნავთობაზებს, რომლებშიც რუსული სამხედრო ავიაციისთვის საჭირო საავიაციო ნავთი და ტანკებისთვის განკუთვნილი დიზელის საწვავი ინახება, ყურადღების მიღმა არ რჩება ის რუსული საწარმოებიც, რომლებშიც უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის არმიის შეიარაღება მზადდება...

და რა სამიზნეებს ირჩევს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე?
ძირითადად ,უკრაინის ქალაქებში განთავსებულ ობიექტებს, რომელთა ნაწილი შეიძლება მართლაც იყოს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების, მაგრამ როგორც წესი ზიანდება და ინგრევა მათ გარშემო მდებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, რაც ზრდის მსხვერპლის რიცხვს ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაში...
5-6 ივნისის ღამესაც კიევზე რუსული „გერანების“ მასიური შეტევების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა და ოთხი დაიღუპა, მათ შორის სამი მაშველი, რომლებიც ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანას ცდილობდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენა „ორმაგი დარტყმის“ ტაქტიკა, როდესაც ერთი რუსული „გერანი“ შეგნებულად ეჯახება კიევში საცხოვრებელ კორპუსს და როდესაც მაშველები იწყებენ ნახევრადჩამოშლილი კორპუსიდან დაშავებულების გამოყვანას, მეორე კამიკაძე-დრონიც ნახევარი საათის შემდეგ იმავე საცხოვრებელ კორპუსს ეჯახება და ფეთქდება...

შეუძლია თუ არა უკრაინამ გადაიღოს „რუსული მეთოდი“ და საზენიტო საშუალებებით კარგად დაცულ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე შეჭრაში კი არ „ხარჯოს“ კამიკაძე-დრონები, არამედ ისინი „მიუშვას“ რუსული ქალაქების საცხოვრებელ უბნებზე, რომლებიც მოსკოვისგან განსხვავებით, თითქმის დაუცველნი არიან საჰაერო დარტყმებისგან?
რა თქმა უნდაб შეუძლია და მაშინვე მოიმატებს დაღუპულთა და და დაშავებულთა რიცხვი რუსულ ქალაქებშიც, მაგრამ მაშინ უკრაინა ხომ პუტინის იმ აგრესორ რუსეთს დაემსგავსება, რომლისთვისაც სულ ერთია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რასაც კრემლი ჯერ ჩეჩნეთში, შემდეგ საქართველოში და ახლა კი უკრაინაში აკეთებს?!