"ტაძრის მოხატვა მიმდინარეობდა და ხატვის დროს გადმოვარდა... ღმერთისგან ნიჭით დაჯილდოვებული ბიჭი იყო" - რას ჰყვებიან ხონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე?
გუშინ ხონის მუნიციპალიტეტში ტრაგედია დატრიალდა. მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, უცებ ხარაჩოდან გადმოვარდა და ადგილზე, ტაძარში გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა. დაღუპული ხატმწერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 45 წლამდე ასაკის ბერიკა კბილაშვილია. მას ყველა დადებითად ახასიათებს. ცხედარი უკვე სახლშია გადასვენებული.
"ძალიან ცუდი ამბავი გავიგე და განვიცდი. მე და ბერიკა უბრალოდ მეგობრები არ ვყოფილვართ, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ძალიან მატკინა გული. მეც ბაღდათელი ვარ, ბერიკა იქ გაიზარდა, ოჯახი შექმნა და იქ ცხოვრობდა. ხატწერა და ფრესკის მოხატვა იყო მისი საქმე და 20 წელზე მეტი ხატმწერია. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან სანდო, სიტყვის კაცი. მე სტიქაროსანი ვარ და ხშირად როცა მეტყოდნენ ხატის დაწერა მინდა, ან ფრესკის მოხატვაო და ეძებდნენ ხატმწერს, სულ ბერიკას ვურჩევდი, რადგან პირველ რიგში სიტყვის კაცი იყო. დროს რომ ეტყოდი იმ დროში ჩაგაბარებდა ნამუშევარს, ან თუ ვერ ჩაეტეოდა გეტყოდა დრო არ მაქვსო. არასოდეს მოგატყუებდა. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი შემსრულებელი იყო. ზოგადად ხატის კოპიო კეთდება, რომ აჩვენებდი, ზუსტად ისეთს შექმნიდა. ზუსტად ისეთი გადმოჰქონდა და ძალიან პასუხისმგებლიანი იყო. პიროვნულადაც კარგი იმერელი, გულში ჩასახუტებელი ადამიანი იყო. ბერიკას ძალიან ბევრი ტაძარი აქვს მოხატული. რამდენიმეში მე თვითონაც ვარ ნამყოფი და ძალიან მომწონს მისი ნამუშევრები.
ოქროში მუშაობდა ძალიან კარგად. ხატმწერიც იყო და ფრესკებზე მუშაობდა ძირითადად. ზოგადად ასე მუშაობენ, ფრესკებზე ვინც მუშაობს ყველა წერს ხატებსაც. ხარაჩოდან რომ ჩამოდიან, და ისვენებენ, მაშინ პარალელურად ხატს წერენ. დასანანია ახალგაზრდა კაცის წასვლა. ვუთანაგრძნობ მის საოცრად კარგ ოჯახს. ორი უკარგესი ქალიშვილი ჰყავს. დღეს გავიგე და ძალიან განვიცადე, გუშინ საღამოს მომხდარა. არ ვიცი სხვა დეტალები. ძალიან კარგი ადამიანი დაგვაკლდება, თუმცა ყოველთვის ჩვენს მოგონებებში იქნება. ბავშვობიდან ვიცნობ, პატარა ასაკიდან ვმეგობრობდი, ბევრი მოგონება დამრჩა. საყვარელი იმერული კილოთი მოგიკითხავდა გულით, ძალიან თბილი ადამიანი იყო. კარგი იმერელი ახალგაზრდა კაცი იყო, კარგი ოჯახი ჰქონდა", - ამბობს ჩვენთან საუბარში მეგობარი ბექა მშვილდაძე.
ადგილობრივის თქმით, ხარაჩოზე იდგა და მოულოდნელად ჩამოვარდა.
"ტაძრის მოხატვა მიმდინარეობდა და ამ დროს მოხდა ეს ტრაგედია. ვიცი, რომ ადგილობრივი არ იყო ფერმწერი, როგორ გადმოვარდა არ ვიცი, ხატვის დროს გადმოვარდნილა. ჩვენი სოფლის ტაძარია, წლების წინ აშენებულია და ახლა მოხატვა მიმდინარეობდა",- ამბობს ადგილობრივი.
სოციალურ ქსელშიც წერენ მასზე და ემშვიდობებიან ბერიკა კბილაშვილს.
"უფალმა გაანათლოს მისი სული, ღმერთისგან ნიჭით დაჯილდოვებული ბიჭი იყო, ბევრი ტაძარი ჰქონდა მოხატული", - წერს მისი ახლობელი.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ფერმწერის ოჯახს.