"მისი პირველი კლასის მასწავლებელი და დამრიგებელი, სამასწავლებლოში ამოვიდა და თქვა: ამ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ჩხუბი უყვარსო" - რას ჰყვება დვალიშვილის სკოლის დირექტორი?
მერაბ დვალიშვილმა ქართველ ერს მორიგი გამარჯვების სიხარული კიდევ ერთხელ განგვაცდევინა. UFჩ 316-ზე მისი და შონ ომალის რემატჩი შედგა და ამ გამარჯვებით, ქართველმა სპორტსმენმა საჩემპიონო ქამარი უკვე მეორედ დაიცვა.
რა ხდებოდა მის მშობლიურ სოფელ სულორში მაშინ, როცა მერაბი ასპარეზობდა? სანამ ემოციები დაცხრებოდა, სულორის საჯარო სკოლის (სადაც მერაბი სწავლობდა) დირექტორს ქალბატონ დოდო ჩახუნაშვილს დავუკავშირდით და ვთხოვეთ მოეთხრო, როგორი ბავშვი იყო მერაბი, რა თვისებებით გამოირჩეოდა?
დოდო ჩახუნაშვილი, სულორის საჯარო სკოლის დირექტორი:
- სულორში დილის 5 საათიდან ყველას გვღვიძავს, მთელი სოფელი ზეიმობს, არის მანქანების სიგნალები, დროშების ფრიალი. მერაბის ოჯახში დიდი სტუმრიანობაა, მათ მეზობლად ვცხოვრობ და სიხარულის ყიჟინის საოცარი ხმა გამოდიოდა. რამდენიმე საათი გავიდა და ჯერ კიდევ არ მაქვს ემოცია ჩამცხრალი. 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ მოიგებდა.
- როგორი ბავშვი იყო მერაბი, რას გაიხსენებთ?
- მერაბს თავად არ ვასწავლიდი, მაგრამ იმ წლებში, როდესაც ის სულორში სწავლობდა, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ვიყავი. მახსოვს, ერთ დღეს მისი პირველი კლასის მასწავლებელი და დამრიგებელი, სამასწავლებლოში ამოვიდა და თქვა: ამ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ჩხუბი უყვარსო. მაშინ ამბობდნენ, რომ სულ მაღალ კლასელ ბავშვებთან უწევდა ჩხუბი.
- რატომ ჩხუბობდა?
- თანაკლასელების დასაცავად. ის თანატოლებს არავის აჩაგვრინებდა. მერაბი ბუნებით მშვიდი და გაწონასწორებული იყო, მაგრამ ვინმეს დაჩაგვრას ვერ იტანდა, განსაკუთრებით - პატარების.
ერთ დღეს სკოლის ეზოდან გამოვდიოდი, დავინახე მერაბი ფეხბურთის მოედნის კარებთან ჩაცუცქულიყო და ტიროდა, მივუახლოვდი და ვკითხე, რა გატირებს-მეთქი? თურმე მის კლასელ ბიჭებს უფროსი ბავშვები წაჩხუბებიან, მერაბს დაუცავს და უფროსებს რომ ვერ მორევია, ამის გამო ტიროდა.
მერაბი ამ სოფელში გაიზარდა, ყველა მეზობელი მას მოიხსენიებს, როგორც სამართლიან, გაწონასწორებულ და კეთილ ადამიანად.
- მას შემდეგ, რაც მერაბი ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენი გახდა, სკოლაში თუ გყავდათ მიწვეული?
- დიახ, წელს იყო სკოლაში მოსული, რა თქმა უნდა ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ხუმრობით ვუთხარი, ბავშვობაში რა ლამაზი ცხვირი გქონდა და ახლა ასე რატომ გაქვს-მეთქი? გაიცინა, მითხრა, რომ ზოგჯერ სპორტი მსხვერპლს მოითხოვს, დადგება დრო და ცხვირს გავისწორებო.
- სკოლის ბავშვებზე მერაბის წარმატებამ რა გავლენა მოახდინა?
- ყველა მას ჰბაძავს, განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მერაბის გავლილი გზა, მის მიერ მიღწეული წარმატებები უდიდესი შრომის შედეგია. ბავშვებისთვის ის იქცა უდიდეს მოტივაციად.
- კლასელებთან აქვს ურთიერთობა?
- მან სკოლა თბილისში დაამთავრა, სოფელში მეზობლებთან ყველასთან კარგი დამოკიდებულება აქვს. მერაბი თბილი და მოსიყვარულეა, სხვისი გასაჭირის გულთან მიმტანი და დამხმარე ბიჭია, მაღალი ადამიანური ღირებულებები გააჩნია.
იმ დღეს, როდესაც მერაბი სულორში იმყოფებოდა, მასთან სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან იყვნენ მოსულები და ამბობდნენ, რომ მათ სპორტული კომპლექსების აშენებაში ეხმარებოდა.
მისი მოტივაცია საოცრად მაღალია, შრომის ხარისხი გასაოცარი. სოფელი გამარჯვების გარდა არც არაფერს ელოდა. ამ სიხარულს იმდენად მიგვაჩვია, იმდენად გაგვანებივრა, ეს ბრძოლაც უბრალო, ჩვეულ გამარჯვებად ჩავუთვალეთ, ყველანი იმდენად დაჯერებულები ვიყავით. ამ ბიჭისგან ყოველთვის დიდ სასწაულებს ველოდებით.
- მოტივაცია ახსენეთ და ის ინტერვიუებში ყოველთვის ამბობს, რომ მისთვის მოტივაცია მისი სამშობლოა.
- დიახ, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ბიჭია. ხომ იცით, გულზე საქართველო რატომ ამოისვირინგა, არ მისცეს იმის უფლება, რომ უშუალოდ შეჯიბრების დროს, რამე აქსესუარი კეთებოდა. შეჯიბრების წინ ყოველთვის ფაფახით და ჩოხით გამოდის. ამ დიდ სახელთან ერთად საოცრად უბრალო, თავმდაბალი ადამიანია. საუკეთესო მაგალითია იმის, როგორ შეუძლია უბრალო ადამიანმაც დიდ წარმატებას მიაღწიოს.
- მერაბის მშობლები, ოჯახის წევრები ნახეთ?
_ დიახ, დილით მივედი, მივულოცე, აღტაცება ვერ დავმალე. მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს.
- ამერიკის პრეზიდენტს რა უთხრა, ხომ არ გაგიგიათ?
- ამ კადრების ნახვისას უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ნებისმიერ ადამიანს ხომ არ შეუძლია ეს გააკეთოს? მერაბი საქართველოს სახეა ამერიკაში. არ ვიცი, მან ტრამპს რა უთხრა, ვვარაუდობ, რომ მას სამშობლოში დაპატიჟებდა.
თამუნა კვინიკაძე
(სპეციალურად საიტისთვის)