„საქართველოში აშშ-ის ელჩად მარკო რუბიო თავის პროტეჟეს დანიშნავს და...“ - კვირის პალიტრა

„საქართველოში აშშ-ის ელჩად მარკო რუბიო თავის პროტეჟეს დანიშნავს და...“

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი. როგორც აშშ-ის საელჩოს "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ელჩი პენსიაზე გასვლას აპირებს. მისი თქმით, "ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა და გაწვევა მთავრობას არ მოუთხოვია". რობინ დანიგანი საქართველოს ივლისში დატოვებს. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. იმავე წლის ივლისში სენატმა მხარი დაუჭირა დანიგანის დანიშვნას. საქართველოში საქმიანობას ის 2023 წლის წლის 12 ოქტომბრიდან შეუდგა. მიუხედავად ელჩის განცხადებისა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, საქართველო-აშშ-ის ბოლოდროინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით, იბადება კითხვა, რეალურად რა შეიძლება იდგეს დანიგანის ამ გადაწყვეტილების უკან? შეგახსენებთ იმასაც, რომ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს არა ჰყავს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილთან:

mirianashvili-1726419157.jpg

- ჩემი შეფასებით, ამ ორ შემთხვევაში სხვადასხვა მოცემულობა გვაქვს, საქართველოს ელჩის აშშ-ში დანიშვნის საკითხი სულ სხვა რამ არის. როგორც ვიცი, ეს იმიტომ გახანგრძლივდა, რომ დღემდე ამერიკელებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა კანდიდატურაზე. საქმე ის არის, დღემდე აშშ-ში ჩვენი ელჩები ინიშნებოდნენ ამერიკულ მხარესთან ჯერ კულუარული შეთანხმებით და შემდგომ ოფიციალურად. რაც შეეხება აშშ-ის ელჩს საქართველოში, ეს საერთოდ სხვა რამ არის. როგორც მახსოვს, იყო მოლოდინი, რომ დანიგანი კიდევ უფრო ადრე შეეცვალათ. მოგეხსენებათ, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ძალიან ბევრი ელჩი ცხელ გულზე გამოცვალა და სავსებით შესაძლებელი იყო, დანიგანიც ამ ტალღაში მოხვედრილიყო. ამ ცვლილებებში აქტიურად მონაწილეობდა ტრამპის სიძის, კუშნერის ოჯახი, რომელიც ძალიან გავლენიანი ჯგუფი იყო ტრამპის პრეზიდენტობის სტარტზე. დღეს ძალთა თანაფარდობა ტრამპის გარემოცვაში დრამატულად შეიცვალა. ჯერ იყო და, კუშნერები გასწიეს განზე და მოძლიერდნენ ილონ მასკისა და რუბიო-გრემის ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან სერიოზულად იყვნენ დაპირისპირებული, ამ ორპოლუსიან რეალობას კი ტრამპი მართავდა. ბოლო დროს მასკის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რაც მალევე მასკი-ტრამპის დაპირისპირებაში გადაიზარდა, გვაფიქრებინებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკურ ოლიმპზე ამ პერიოდისთვის, პრაქტიკულად, სხვა აღარავინ დარჩა, გარდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემის ჯგუფისა. როგორც ჩანს, ამ რეალობას ელოდებოდა რუბიო იმისთვის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ელჩებად თავისი კანდიდატურები დაენიშნა. შესაბამისად, კულუარული ინფორმაციაც და ობიექტური რეალობაც იძლევა შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ რუბიო საქართველოში თავისი კანდიდატურის დანიშვნის სამზადისშია, რომელიც მისი პროტეჟე იქნება. ვფიქრობ, ეს არის დანიგანის გადადგომის მოტივის ყველაზე საფუძვლიანი ვერსია.

- ამერიკისგან საქართველოს მიმართ როგორი პოლიტიკის გატარებას ელოდებით. ძალოვან სტრუქტურებში ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს ზოგიერთი ექსპერტი ამერიკის ზეწოლის შედეგად აფასებს. თქვენ რას ფიქრობთ?

- ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ძირითადი ელემენტები. დამერწმუნეთ, ე.წ. მეგობარი აქტი ვერ გაცოცხლდებოდა, ახალ ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილისადმი კარგი დამოკიდებულება რომ ჰქონდეს. სწორედ ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს დღეს ამერიკელების ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოსადმი. შესაბამისად, ივანიშვილი ცდილობს რუბიო-გრემის საპირწონედ აშშ-ის შიდაპოლიტიკურ რეალობაში ბალანსი იპოვოს. მან ეს ნაწილობრივ მოახერხა ტრამპის მიერ ყაველაშვილისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვით. პრობლემა ის არის, რომ ბერკეტები მაინც გრემი-რუბიოს ჯგუფის ხელშია. შესაბამისად, მეეჭვება, რომ მათ თავისი პოლიტიკური კურსი, რაც კავკასიაში აშშ-ის დომინაციას ნიშნავს, რამეზე გაცვალონ. ამიტომ საქართველოში ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს, განსაკუთრებით ლილუაშვილისა და გომელაურის გაშვებას, აღვიქვამ როგორც ბიძინა ივანიშვილის ცდას დაანახოს აშშ-ს, რომ თითქოს ხელისუფლებაში აღარ არის. მისი წარმოდგენით, ამერიკელებმა უნდა წარმართონ პოლიტიკა იმ ჯგუფთან, რომელიც თითქოს მისგან არ იმართება. ის ცდილობს ამით დარტყმები აიცილოს თავიდან, თუმცა მეეჭვება, აშშ-ში ამას ისე აღიქვამდნენ, როგორც ივანიშვილს სურს. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ პოლიტიკური ბატალიები საქართველოს ხელისუფლებას ანუ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ახალ პოლიტიკურ ელიტას შორის ძალიან გადაიდოს. შესაძლოა პატარა პაუზა იყოს მასკისა და ტრამპის დაპირისპირების გამო.

როგორც კი იქ ჩამოყალიბდება ახალი კონსენსუსი, ერთ-ერთი პირველი, რასაც აშშ-ის ხელისუფლება მიადგება, საქართველოს საკითხია. ეს, ფაქტობრივად, უკვე მომზადებულია. კონგრესსა და სენატში არის სერიოზული პოლიტიკური კონსენსუსი სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთს სურს ამერიკელებმა საქართველოს საკითხი მათთან მოლაპარაკებით გადაწყვიტონ, გრემი-რუბიოს ჯგუფს კი ეს კატეგორიულად არ სურს. თუმცა ტრამპის ოჯახი, როგორც ამბობენ კულუარულად, ამაზე თანახმა იყო. ბიძინა ივანიშვილსაც სურს, რომ მოლაპარაკებაში რუსებიც ჩაერთონ. ის ამაში პოლიტიკური ბალანსის ჩამოყალიბების შანსს ხედავს. თუ საქართველოს საკითხზე ამერიკულ-რუსული დიალოგი არ გაიმართა, ამით ივანიშვილი დაზარალდება. მაშინ გამოდის, ამერიკელები შიდაპოლიტიკურ რეალობას ანგარიშს არ უწევენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ანგარიშს არ უწვენ არც ამ რეალობის ავტორსა და ბენეფიციარ ბიძინა ივანიშვილს. ეს კი არსებული ხელისუფლების არსებობას ავტომატურად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ ამის აცილებას ცდილობს ივანიშვილი და გრემი-რუბიოს ჯგუფის წინააღმდეგ საპირწონეებს ეძებს ტრამპის ადმინისტრაციაში. დანიგანის შეცვლა, დამერწმუნეთ, მისთვის სერიოზული დარტყმაა. საქმე ის არის, რა პრეტენზიებიც არ უნდა ჰქონოდათ დანიგანთან, ის მაინც გაწონასწორებული და დაბალანსებული პერსონა იყო.

- გასულ კვირას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობებითა კომიტეტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული ანგარიში დაამტკიცა. ამ საკითხზე მომხსენებელი იყო ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე. ანგარიში შეეხება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები არის მაგალითი იმისა, თუ "როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ჩაიგდო ხელში პრორუსული მთავრობით გასროლის გარეშე". დოკუმენტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოხსენიებულია როგორც "გაყალბებული არჩევნები", რომელიც გახდა "ავტორიტარული რეჟიმისკენ შემობრუნების წერტილი", რის შემდეგაც მოხდა "სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული დაცვის მექანიზმების უკანონო მიტაცება". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "კანდიდატის სტატუსი საქართველოს პირობებით მიენიჭა, ხოლო "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველოს არ ჰქონია პროგრესი პრიორიტეტულ მიმართულებებში, პირიქით, "რეგრესიც კი განიცადა"... ხელისუფლება ამგვარ ანგარიშებს ფარატინა ქაღალდს უწოდებს და მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს.

- ფაქტების კონსტატაციას რომ მივდიოთ - ევროპული მიმართულება "ქართული ოცნებისთვის" დაკარგულია და ეს სამწუხარო რეალობაა. პრაქტიკულად, ევროპაში არა ჰყავთ არც ერთი სერიოზული მხარდამჭერი. ორბანისა და ფიცოს ჯგუფი, რომლებიც ამათ მუდმივად ესარჩლებოდნენ, ბოლო ხანს უცნაურად მიჩუმდა. რატომ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს რეალობა - ევროკავშირში "ქართული ოცნების" ხელისუფლების ადვოკატირება აღარ ხდება. სხვათა შორის, ერთხანს ევროკავშირის კრიტიკაც დაპაუზებული იყო, მძიმე განცხადებებს აღარ ვისმენდით საქართველოს ხელისუფლებაზე. ახლა ეს დაემთხვა საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე უფრო ანტირუსული გრემი-რუბიოს დაჯგუფების წინა პლანზე წამოწევას. ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო.

ევროპელების პოლიტიკა კავკასიის და კონკრეტულად, საქართველოს მიმართ, ყოველთვის ყალიბდებოდა და დღესაც ყალიბდება ამერიკელების გავლენით. თუ აშშ-ში ჩამოყალიბდებოდა "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალური მიდგომა, დარწმუნებული ვარ, ევროპელების პოზიციაც შერბილდებოდა. თუმცა ეს არ მოხდა და ევროპელების კრიტიკა უფრო გამძაფრდა და სულ უფრო გახშირდება. დღეს ევროპელები ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულობას კი არ ედავებიან, არამედ იმას, რომ ეს მთავრობაც აღარ არის, რომ საქართველოში რუსების პირდაპირი მმართველობაა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დეკორაციაა. ამას ჯერ საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ცოტა ხანში ველი, რომ დავა სწორედ ამგვარ პროპაგანდისტულ ჭრილში გადაინაცვლებს.

სამწუხაროდ, ვერ ვხედავ არგუმენტს, რომელიც შეიძლება "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს. არგუმენტების დეფიციტი რომ აქვთ, ამის ნათელი მაგალითია ჩინეთთან ჩვენი დამოკიდებულება. ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორად არჩეული ჰყავს ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. გასულ კვირას გაეროში რეზოლუციის კენჭისყრაზე ჩინეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდაჭერისგან ისევ თავი შეიკავა, საქართველოს ხელისუფლება კი ჩინეთთან პრეტენზიების გამოთქმასაც ვერ ბედავს. პირიქით, იძულებულია მისი როლი და ფუნქცია აქოს. გაიხსენეთ, კობახიძის ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა. ეს იმის ბრალია, რომ ვერ ბედავენ ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობის გაფუჭებას მაშინ, როდესაც ევროპასა და აშშ-თან ურთიერთობა სულ უფრო და უფრო უარესდება.

- ბრძანეთ, რომ დასავლეთთან კიდევ უფრო მეტ ესკალაციას ელით. როგორ აისახება ეს ქვეყანაზე? ფიქრობთ, რომ გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას ან ინდივიდუალური სანქციებიდან შესაძლოა ქვეყნის საწინააღმდეგო ეკონომიკურ სანქციებზე გადავიდნენ?

- კონკრეტული მოქმედებები პოლიტიკური რიტორიკის მიღმაა, ეს ცალკე საკითხია. როდესაც პოლიტიკური რიტორიკა მძაფრდება და ყალიბდება მთელი რიგი დოკუმენტების ნუსხა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გარკვეული მოქმედებების წინა პირობაა, მაგრამ ევროპელები ამას ამერიკელებთან შეუთანხმებლად არ დაიწყებენ.

თუ აქამდე საქართველოსთან დაკავშირებით ძირითადი აქტივისტები იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დღეს აქტიურობს ევროპის სამი წამყვანი ქვეყანა, ისინი, ვინც ევროპულ პოლიტიკას აყალიბებენ - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. რუსეთთან ესკალაციის ფონზე ეს სამი ქვეყანა "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკის ჩამოყალიბების ავანგარდშია. ეს უკვე ცალსახად ნიშნავს, რომ მხოლოდ რიტორიკა აღარ იქნება.

თუმცა ამერიკელებს ამჟამად მიაჩნიათ, რომ უვიზო რეჟიმის შეზღუდვა, კანდიდატის სტატუსის წართმევა და ა.შ. არ არის ის ნაბიჯები, რამაც შეიძლება "ქართული ოცნების" ხელისუფლება შეარყიოს. რუბიო და გრემიც მიიჩნევენ, რომ რუსეთს გაუხარდება კიდეც, თუ ევროპა ამ ნაბიჯებს გადადგამს. ამიტომ მომენტალურ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს ევროპელებისგან არ ველი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - "ქართული ოცნების" ელიტაზე უფრო გაიზრდება ზეწოლა. ჯერ მაინც ბევრი რამ არის გამოკიდებული ჰაერში, ახალი ელჩის დანიშვნის გარეშე ჯერ ვერაფერი გაირკვევა... სხვათა შორის, ამ გაურკვევლობამ დააბნია ამიერკავკასიის პოლიტიკური ელიტებიც. ის, თუ ვინ დაინიშნება საქართველოში ელჩად, დიდწილად ნიშანი იქნება ოფიციალური ბაქოსა და ერევნისთვისაც.

- მინდა რუსეთ-უკრაინის ომზეც ვისაუბროთ, რომლისადმი დამოკიდებულებაც უკრაინის რუსულ სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმებმა გარკვეულწილად შეცვალა. ამასთანავე, სტამბოლში რუსებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა, თუმცა არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუ ხედავთ უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას?

- პირდაპირ გეტყვით, ვერა... ვერც აქამდე ვხედავდი. ის ოპერაცია კი, რომელიც ჩატარდა რუსეთის ტერიტორიაზე, არ უნდა შევაფასოთ როგორც მხოლოდ უკრაინელების ჩატარებული. ამას ვერ გააკეთებდნენ ამერიკული დაზვერვის მონაწილეობის გარეშე. აშშ-ის კოსმოსური დაზვერვა ანუ სატელიტური დაკვირვების შესაძლებლობები უნიკალური და იმდენად მასშტაბურია, რომ მასთან რუსეთის შესაძლებლობები ახლოსაც ვერ მივა. რუსების თანამგზავრების რაოდენობა ორბიტაზე ამერიკელების სატელიტების რაოდენობის 3%-ს თუ შეადგენს. ტექნოლოგიურ მხარეზე ლაპარაკიც არ ღირს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეუძლებელი იქნებოდა რუსეთის სიღრმეში ასეთი ზუსტი დარტყმების მიყენება ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციული უზრუნველყოფის გარეშე.

ეს ომი იყო ჩიხი და კვლავაც ჩიხად რჩება. გამოსავალი ერთადერთია - რომელიმე მხარე ისე უნდა დასუსტდეს, რომ მეორის შეთავაზებები უპირობოდ მიიღოს. დასუსტების ყველაზე მეტი წინა პირობა კი რუსეთს აქვს.

უკრაინა აქამდეც დასავლეთის რესურსებით იბრძოდა და ასევე აგრძელებს ომს, ეს რესურსები კი რუსეთთან შედარებით გაცილებით დიდია.