მომავალში გაგზავნილი წერილების სკივრი ივნისში ილუქება!
"კვირის პალიტრის" უნიკალური პროექტი "გზავნილი მომავალში" მთავრდება. შეგახსენებთ, რომ "პალიტრამედიის" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაზეთის რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტო პროექტის გამეორების შესახებ. ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა, ძვირფასი ადამიანებისთვის, შთამომავლებისთვის ან თუნდაც ქვეყნისთვის მომავალში მიეწერა წერილი. ადრესატი გზავნილს ავტორის სურვილისამებრ მიიღებს 2035 ან 2050 წელს. "კვირის პალიტრის" 21 აპრილის, 28 აპრილის, 6 მაისისა და 12 მაისის ნომრებში მკითხველს დახვდა ბლანკი და კონვერტი "გზავნილისთვის მომავალში". პროექტის გამეორებამ იმხელა დაინტერესება და აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ რედაქციის გადაწყვეტილებით, გაზეთის ყიდვა ონლაინაც იყო შესაძლებელი. წერილის დაწერის შემდეგ მკითხველს კონვერტი "ბიბლუსის" მაღაზიებში განთავსებულ ბრენდირებულ ყუთებში უნდა ჩაეგდო. რედაქციაში ათასობით წერილი შემოვიდა, რომელთა დახარისხება უკვე დაიწყო. ეს ძალიან ამაღელვებელი პროცესია, რადგან ამ ადამიანებმა გვანდეს საკუთარი ფიქრები და ემოციები. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს ამ პროექტში მონაწილეობისთვის. ამასთან, "კვირის პალიტრაში" შემოსული სატელეფონო ზარებითა თუ შეტყობინებებით ირკვევა, რომ მკითხველთა ნაწილმა წერილი დაწერა, მაგრამ ჯერ არ გამოუგზავნია. მათი თხოვნის გათვალისწინებით, ბრენდირებული ყუთები "ბიბლუსის" მაღაზიებში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება. ასე რომ, თუ წერილი დაწერეთ, მაგრამ ჯერ არ გამოგიგზავნიათ, იჩქარეთ! ივნისში წერილები დაილუქება სპეციალურ სკივრში და შესანახად მიებარება ეროვნულ არქივს. 2035 ან 2050 წელს კი თქვენთვის ძვირფასი ადამიანი შეიტყობს, რომ მის სახელზე გზავნილია!
„კვირის პალიტრის“ პროექტი „გზავნილი მომავალში“
მოქალაქეებმა, გაზეთის მკითხველებმა, ბარათები შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ შვილებს, მომავალ მეუღლეებს, საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს, მშობლებს გაუგზავნეს...
გამოკითხვებით, ყველაზე მეტად მაინც "წერილი შვილებს" ლიდერობს. დიახ, უმეტესობა აღნიშნავს, რომ ბარათების ადრესატები მათი შვილები არიან.
სასიხარულოა ისიც, რომ წერილის ავტორები, ძირითადად, ახალგაზრდები აღმოჩნდნენ, რომლებიც პროექტში აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთვნენ. ტექსტის შედგენა, მასზე მუშაობა მათთვის ემოციებთან ერთად, ერთგვარი პასუხისმგებლობაც გახლდათ. ადამიანები გზავნილებს რომ უდიდესი სითბოთი, გულისხმიერებით მოეკიდნენ, რამდენიმე მათგანთან გასაუბრებითაც დავრწმუნდით.
საკუთარი ემოციები გულწრფელად გაგვიზიარეს, თუმცა გასაგები მიზეზით ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს:
"შვილისთვის არ მითქვამს, რომ წერილი მივწერე, რადგან მინდა 10 წლის შემდეგ ბარათის მიღება სიურპრიზი იყოს"
"მამისგან 25 წლის წინ დაწერილი წერილი მივიღე, რასაც ნამდვილად არ ველოდი. მამას ამის შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს... ასე საგულდაგულოდ როგორ დაგვიმალა, არც კი ვიცი. ამიტომ საოცარი სიურპრიზი იყო - გზავნილმა უდიდესი სიხარული მომანიჭა... მამასაც გაუხარდა, რომ 25 წლის წინ დაწერილი წერილი გაზეთის რედაქციამ შეინახა და მე ასე გამახარა... მერე, როდესაც გავიგე, პროექტს "კვირის პალიტრა" იმეორებდა, წერილის დაწერა მეც მომინდა. ჩავუჯექი და ჩემს გოგონას მივწერე. ის მას 2035 წელს მიიღებს. კი, მეც მამასავით მოვიქეცი... ჩემი გოგონასთვის არ მითქვამს, რადგან მინდა 10 წლის შემდეგ ამ ბარათის მიღება მისთვისაც სიურპრიზი იყოს და ისეთივე სიამოვნება მიიღოს, როგორიც მე. ის ახლა 11 წლისაა", - ამბობს მარი.
"მინდა, რომ ეს ემოცია ჩემმა შთამომავლებმაც 25 წლის შემდეგ განიცადონ "
"თურმე ჩემს გამზრდელ და უტკბილეს ბებოს ჩემთვის 2000 წელს წერილი გამოუგზავნია. მაშინ 7 წლის ვიყავი. შეიძლება მითხრა კიდეც, მაგრამ არ მახსოვს... ბებო ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა - სულ ცოტა დააკლდა, რომ წერილი ერთად წაგვეკითხა...
ჩემი თავი შემთხვევით აღმოვაჩინე სიაში და დავიბენი, ვის უნდა გამოეგზავნა-მეთქი. როდესაც დავადგინე, რომ მისი ავტორი ჩემი თინა ბებო იყო, ბევრი ვიტირე. ვერ ვხვდებოდი, სიხარულის თუ სინანულის ცრემლები იყო, ალბათ, ორივე ერთად... ეს ისეთი ემოცია აღმოჩნდა, რომ მინდა იგივე ჩემმა შთამომავლებმაც 25 წლის შემდეგ განიცადონ. ჯერ ბებია არა ვარ, თუმცა ორი ბიჭი მყავს. ამიტომ წერილი ჩემს მომავალ შვილიშვილებს გავუგზავნე", - გვითხრა ნუცამ.
"10 წელიწადში წერილს რომ გახსნის, უკვე წარმატებული ფეხბურთელი იქნება"
ლექსო გვეუბნება, რომ წერილი წარსულიდან მას აქამდე არავისგან მიუღია. პროექტის შესახებ საერთოდ ახლა გაიგო და მოეწონა, რომ "კვირის პალიტრამ" ასეთი შესაძლებლობა მისცა. შანსი ხელიდან არ გაუშვა: "რატომაც არა-მეთქი, ვთქვი და შევიძინე გაზეთი, ამოვჭერი კონვერტი, დავჯექი და წერილი დავწერე. ვის მივწერე? ჩემს ბიჭს. 2035 წელს მიიღებს. მართალია, ჯერ პატარაა, მაგრამ მის ასაკში ფეხბურთს კარგად თამაშობს. ფეხბურთელობა უნდა, მეც ხელს ვუწყობ. დარწმუნებული ვარ, 10 წელიწადში წერილს რომ გახსნის, უკვე წარმატებული ფეხბურთელი იქნება. ამიტომ მას, როგორც უკვე შემდგარ ფეხბურთელს, ასეთი შინაარსის ტექსტი მივწერე. მშობლის ძლიერი სურვილისა და მხარდაჭერის მჯერა, ამას შედეგი ყოველთვის მოაქვს".
"ცხადად წარმოვიდგინე, 10 წლის შემდეგ როგორ ხსნის კონვერტს ჩემი მეგობარი"
ნინიმ წერილი ბავშვობის მეგობარს მისწერა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია. იმედი აქვს, როცა მისი მეგობარი 10 წლის მერე ამ წერილს მიიღებს, ის არა გერმანიაში, არამედ უკვე სამშობლოში, საქართველოში იქნება და ემიგრანტის მძიმე ტვირთი აღარ ექნება საზიდი.
"წერილი ჩემს უსაყვარლეს ადამიანს მივწერე. ის ახლა ჩემგან ძალიან შორს არის, არადა, მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ერთად გავატარეთ. ზოგჯერ შიში ამიტანს ხოლმე, ვაითუ აღარ დაბრუნდეს და ემიგრაციამ ისიც ისევე "შეისრუტოს", როგორც ათასობით ჩვენი თანამემამულე. კარგად მესმის, რაც უფრო დიდი დრო გადის, შინ დაბრუნება უფრო და უფრო ძნელი ხდება და არ მინდა მასზე მხოლოდ მოგონებები დამრჩეს... ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მოძლიერებული იქნება და არა მარტო ქეთი, ბევრი ემიგრანტი თავის ბუდეს დაუბრუნდება. წერილს რომ ვწერდი, ცხადად წარმოვიდგინე, 10 წლის შემდეგ როგორ ხსნის კონვერტს და კითხულობს. მერე გაბრწყინებული მირეკავს და მეუბნება, მადლობა, შენ ჩემი ერთგული მეგობარი ხარ!"