"დასავლეთს შეუძლია უფრო გაამკაცროს სანქციები. ფლაგმანი მაინც აშშ იქნება. ფაქტია, დღეს, რუსეთი ვერ ახერხებს მნიშვნელოვან წინსვლას და ვერც უკრაინა დეოკუპაციას" - რუსული "პერლ-ჰარბორი" ანუ რისთვის ემზადება პუტინი?! - კვირის პალიტრა

"დასავლეთს შეუძლია უფრო გაამკაცროს სანქციები. ფლაგმანი მაინც აშშ იქნება. ფაქტია, დღეს, რუსეთი ვერ ახერხებს მნიშვნელოვან წინსვლას და ვერც უკრაინა დეოკუპაციას" - რუსული "პერლ-ჰარბორი" ანუ რისთვის ემზადება პუტინი?!

„სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობა მკვეთრად შეზღუდულია, შესაბამისად, განადგურებულმა პროცენტმა რეალურად შეცვალა ატომური ბალანსი მსოფლიოში“

1-ლ ივნისს რუსეთის ოთხ აეროდრო­მზე­ (მურმანსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ირკუტსკის ოლქებში) უკრაინელებმა დრონებით სამხედრო თვითმფრინავები გაანა­დგურეს - უკრაინამ 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დააზიანა ან გაანადგურა. ორი დღის შემდეგ უკრაინელებმა მესამედ ააფეთქეს ყირიმის ხიდიც. გარდა ამისა, 1-ლ ივნისს რუსეთში, კურსკისა და ბრიანსკის ოლქში, აფეთქების შედეგად ორი სარკინიგზო ხიდი დაინგრა... 2 ივნისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა, სადაც რუსულმა მხარემ წინა დღეებში შეპირებული "მემორანდუმი" წარადგინა, რომელშიც სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინისგან მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას ითხოვდნენ - ანექსირებული ტერიტორიების აღიარება, უარი NAთO-ზე... "ამას მემორანდუმს ვერ დავარქმევთ, ეს ულტიმატუმია", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თავის მხრივ, პუტინმა უკრაინულ მხარეს რუსეთში სარკინიგზო ხაზებზე იერიშების­ მიტანით მოლაპარაკებების ჩაშლაში დასდო­ ბრალი. მისი თქმით, უკრაინა "ტერორისტული აქტების" მოწყობაზე გადაერთო მაშინ, როცა ბრძოლის ველზე "უკან იხევს". აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ პუტინთან "კარგი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა, თუმცა დაამატა, რომ ეს მყისიერ მშვიდობას არ მოიტანს.რა ბედი ელის სამშვიდობო მოლაპარაკებას, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი და კიბერუ­საფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გვესაუბრება.

- "ობობას ქსელი" მნიშვნელოვანი სადაზვერვო ღონისძიება იყო - შეტევის ობიექტი იყო რუსული ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი კომპონენტი, სტრატეგიული­ ბომბდამშენები, რომლებიც საომარი მდგომარეობის არეალიდან ძალიან მოშორებითაა.

ამსიშორეზე ამგვარი ოპერაციით უკრაინამ აჩვენა, ერთი მხრივ, რუსული შიდაუსაფრთხოების სისუსტე,­ მეორე მხრივ - უკრაინული სპეცსამსახურების ძლიერება.

ასეთი მაღალი კონსპირაციის წყალობით, ოპერაცია, რომელიც თითქმის 2 წელი იგეგმებოდა და მრავალეტაპიანი იყო, გულისხმობდა კამუფლირებას, დრონების საზღვარზე გადატანას, შემდგომ იქ დამონტაჟებას, დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას და ამოქმედებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ პირების სამშვიდობოს გაყვანას, რომლებიც ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ.

111-1749388870.jpg

- როგორც გაირკვა, ამ ოპერაციის შემდგომ რუსეთის ბირთვული პოტენციალი დაბლა­ იწევს, რაც, ალბათ, მნიშვნელოვანია ევროპა-ამერიკის უსაფრთხოებისთვის.

- ამგვარ თვითმფრინავებს შეუძლიათ ატომური ქობინებით აღჭურვილი რაკეტების გასროლა, თანაც საზღვრიდან ისე მოშორებით და ისეთ სიმაღლეზე, რომ უკრაინული და ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო­ თავდაცვის ძალებისთვის მიუღწეველი იყოს. ასეთი თვითმფრინავების რაოდენობა მკვეთრად შეზღუდულია და, შესაბამისად, განა­დგურებულმა პროცენტმა რეალურად შეცვალა ატომური ბალანსი მსოფლიოში­. ეს მარტო რუსეთ-უკრაინის ომისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, ამას ყურადღებით­ ადევნებს თვალს ჩინეთი, აშშ, ევროპა იმიტომ, რომ რუსეთს ამ ატომური იარაღის გამშვები საშუალებების პრობლემა აქვს, მით უმეტეს ახლა, როცა ის პირდაპირი დარტყმის ობიექტია.

- ამ აფეთქებას მოჰყვა ყირიმის ხიდის აფეთქება, მანამდე - ბრიანსკისა და კურსკის­ ოლქში ორი ხიდი ჩაინგრა. უკრაინიდან მსგავს სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?

- ასეთი ღონისძიებები იმისთვის ტარდება, რომ რუსეთი აიძულონ, წინა პირობების გარეშე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, კერძოდ, შეწყვიტოს ცეცხლი. ასეთი ღონისძიების დაგეგმვას დიდი დრო სჭირდება და რუსეთის ფართომასშტაბიანი­ შეჭრის შემდგომ, როცა უკრაინა პირველი შოკიდან გამოვიდა, მაშინვე დაიწყო­ ამ ღონისძიების დაგეგმვა (შესაძლოა უფრო ადრეც) და ახლა ამ სწორად დაგეგმილი ღონისძიების ნაყოფს იმკის რუსეთი.

რუსეთი ახლა შეეცდება ბირთვული მუქარა განაახლოს, მაგრამ რაც უფრო შემცირდება რუსული სამხედრო მანქანის პოტენციალი, მით უფრო შესუსტდება რუსეთის ხელისუფლების ნება, გააგრძელოს სისხლისმღვრელი ომი.

- ამ სადაზვერვო ღონისძიების ჩატარებას მესამე ქვეყნის (ან ქვეყნების) დახმარების გარეშე შეძლებდა უკრაინა?

- უკრაინას ძალიან მაღალი ხარისხის სპეცსამსახურები ჰყავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას ახლა ერთ-ერთი ყველაზე მობილური სამხედრო პოტენციალი აქვს. მასში შედის დაზვერვის კომპონენტიც. თუმცა თუ დახმარება არსებობდა, ესეც უკრაინელი პოლიტიკოსებისა და საგარეო პოლიტიკის წარმატებაა.

- ახლა, როდესაც ამ უნიკალურმა ოპერაციამ პუტინს რეპუტაციული ზიანი მიაყენა, რაზეა ის წამსვლელი?

- იქნება ის, რასაც რუსეთი მუდმივად აკეთებს - უკრაინელებზე თავდასხმა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, რათა გამოიწვიოს მსხვერპლი და ამით გატეხოს უკრაინელთა ნება, ასევე დააშინოს ევროპა-ამერიკა. რამდენად ტრაგიკულიც არ უნდა იყოს, ამას მსოფლიო მიეჩვია. ახალი რამის შემოთავაზების პოტენციალი რუსეთს არა აქვს. ამიტომ ისევ ეცდება სისხლისმღვრელ თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

სადაზვერვო ღონისძიებები, ძირითადად, ტარდება ორი ეფექტისთვის: 1 მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალის გასა­ტეხად (ამ შემთხვევაში რუსეთის) და 2. რუსი ხალხის ან პოლიტიკური ლიდერშიპის ნების ცვლილებისთვის ომის გაგრძელების თაობაზე. ეს ოპერაცია დიდი ზარალია რუსეთის ბირთვული პოტენციალისთვის. რაც შეეხება რუსი ხალხის ნებას, მას არავინ ეკითხება ომის გაგრძელებას, რუსულ­ ლიდერშიფშიც, ალბათ, დაფიქრდებიან, სადამდე მიიყვანა კრემლის რეჟიმმა მათი უსაფრთხოება. მათი სპეცსამსახურები უფრო მეტად რეჟიმის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.

- სამდღიანი დუმილის შემდეგ, პუტინმა­ უკრაინას ტერაქტის ორგანიზებაში დასდო ბრალი და უარყო ზელენსკის სამშვიდობო პირობები. ამ პირობებში შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკების გამართვა და ცეცხლის შეწყვეტა?

- ის, ვინც ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ვინც ხოცავს ბავშვებს, ქალებს,­ ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პუტინის რეჟიმია. ამიტომ ტერორისტის იარლიყი თუ ვინმეს მიეკერება (თავისთავად ცხადია, მსოფლიოში სხვა ტერორისტულ რეჟიმებთან ერთად), თავად კრემლის რეჟიმია. განსხვავება ის არის, რომ კრემლის რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმს მიმართავს, სახელმწიფოს პოლიტიკად ტერორიზმი აქვს გამოცხადებული. რუსეთთან მოლაპარაკება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუკი მისი სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური ნება იმდენად დასუსტდება, რომ უარს იტყვის ბრძოლის გაგრძელებაზე და პირველ ნაბიჯად განიხილავენ ხანგრძლივი ვადით ცეცხლის შეწყვეტას.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამხედრო მანქანა და ინფრასტრუქტურა უფრო გაძლიერდება, ის არათუ უკრაინაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩაატარებს­ მართლაც ტერორისტულ აქტებს.

სწორედ ამიტომ უკრაინის ღონისძიებას ძალიან ნორმალურად უნდა შევხედოთ, ეს იყო წმინდა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, მეტიც, იმ საშუალებებზე,­ რომლებითაც რუსები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. იმის შიში, რომ რუსეთი ამის გამო მესამე მსოფლიო ომს ან ბირთვულ შეტევას წამოიწყებს, ზღაპარია. რუსული ბირთვული ქობინებისა და მათი ტრანსპორტირების საშუალებების მოწყვლადობა სწორედ ამ შეტევამ აჩვენა. წარმოიდგინეთ, რამდენად განუზომლად მეტი პოტენციალი აქვს დასავლურ დაზვერვას და სამხედრო ძალებს იმ შემთხვევისთვის, თუ კრემლის რეჟიმი შეეცდება ბირთვული იარაღის გამოყენების ავადმყოფური განზრახვის ასრულებას.

- რა სცენარისთვის შეიძლება ემზადებოდეს დასავლეთი, როცა მისმა ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ პუტინთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. მერცის სიტყვებია, დროა ომი დაასრულოს პუტინმა, თორემ მეტ ფასს გადაიხდისო.

- დასავლეთს შეუძლია უფრო გაამკაცროს სანქციები. ფლაგმანი მაინც აშშ იქნება. ფაქტია, დღეს, ერთი მხრივ, რუსეთი ვერ ახერხებს მნიშვნელოვან წინსვლას და ვერც უკრაინა სასწორის თავის სასარგებლოდ გადახრას, დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციას. ალბათ, ბოლომდე დეოკუპაცია არ არის მოსალოდნელი, თუმცა ნებისმიერი მნიშვნელოვანი მარცხი რუსეთს უფრო შეარყევს და იძულებულს გახდის, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები.