"ვაშინგტონი ჯერ მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლება, დასავლეთის მკაცრი რეაგირება კი არ დაახანებს თუ..." - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი "ხელისუფლების რეპრ - კვირის პალიტრა

"ვაშინგტონი ჯერ მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლება, დასავლეთის მკაცრი რეაგირება კი არ დაახანებს თუ..." - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი "ხელისუფლების რეპრესიებსა" და ოპოზიციის შეუთანხმებლობაზე

"ქართული ოცნება" ცდილობს, რეპრესიები კანონმდებლობის ჩარჩოებში მოაქციოს", - ასეთი ვერსია პოლიტიკის ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ მას შემდეგ განავრცო, რაც მმართველმა გუნდმა ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატების მიმართ "გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად" სამართლებ­რივი დავა დაიწყო და შსს-ს საჩივრით მიმართა. საჩივარი, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა შეიტანეს, სოცქსელში, მმართველი გუნდის წევრებზე შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ეხება. "სინამდვილეში, "ქართული ოცნების" პოლიტიკა თავიდანვე იყო მიმართული პროტესტის ნებისმიერი ფორმით ჩახშობისკენ და დღეს მივიდნენ იმ ეტაპამდე, როცა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვისაც კი სჯიან ხალხს", - ამბობს ანალიტიკოსი და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ უკვე ყველა ზღვარი გადალახა, მათთვის აღარ არის შემაკავებელი დასავლელი პარტნიორების კრიტიკა. როგორი შეიძლება­ იყოს დასავლეთის მკვეთრი ნაბიჯები და პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, ამ საკითხებზე ვახტანგ ძაბირაძე­ ვრცლად გვესაუბრება.

- "ქართული ოცნების" ლიდერებს აღარ აინტერესებთ, რას ფიქრობენ მათზე ბრიუსელში ან ვაშინგტონში. შესაბამისად, დასავლეთიც ემზადება მკვეთრი ქმედებებისთვის. ფაქტობრივად, ახლა საქმე იმაზეა, ვინ მოასწრებს მოქმედებას - "ქართული ოცნება" ცდილობს ბოლომდე ჩაახშოს პროტესტი და პარტნიორები ფაქტის წინაშე დააყენოს, დასავლეთი კი ცდილობს გადამჭრელი ნაბიჯები გადადგას და ივანიშვილზე ზეწოლა მოახდინოს. ვფიქრობ, სწორედ ამას ემსახურება ელჩის შეცვლაც. დასავლეთში ელჩების ცვლილება ხშირად პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავს.

- თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს დასავლური პოლიტიკის შეცვლილი შინაარსი?

- ვფიქრობ, გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ვაშინგტონი ჯერ მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლება. ამას მოწმობს როგორც ამერიკელი­ სენატორის სტივ დეინსის ვიზიტი, ასევე პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დამოუკიდებლობის­ დღეს. დასავლეთი ყოველთვის ტოვებს სივრცეს, რათა ხელისუფლება გონს მოეგოს და გააგრძელოს დასავლური კურსით სვლა, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" პროტესტის მონაწილეების დაპატიმრებასა და ხალხის დასჯას დაიწყებს, დარწმუნებული ვარ, დასავლეთის მკაცრი რეაგირება არ დაახანებს.

- იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" დასავლ­ეთიდან შესაბამისი პასუხი მიიღოს, საჭიროა, ოპოზიციის ფორმაში ყოფნა.

- ოპოზიცია ფორმაში არ არის, ამას ყველა ვხედავთ - იმაზეც კი არ შეუძლიათ შეთანხმება, არჩევნებში მონაწილეობა ღალატია თუ გამოსავალი. არც ერთ ლიდერს არ სურს თვალი გაუსწოროს რეალობას. ზოგიერთი ოპოზიციონერი 2003 წელშია ჩარჩენილი, ზოგი ოთხმოცდაათიანებში, ზოგიც საერთოდ ვერ ერკვევა, რა ხდება ქვეყანაში. მაგრამ, ვფიქრობ, ეს დასავლელი პარტნიორებისთვის ხელის შემშლელი არ იქნება, ვინაიდან მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავდეს, საქმე გაცილებით ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტს ეხება. მარტივად რომ ვთქვათ, პრემიერ ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გზავნილები დასავლეთისთვის, კერძოდ, ამერიკისთვის, პრინციპულად მიუღებელია.

- რას გულისხმობთ?

- კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთი ყველასათვის მისაბაძი ქვეყანაა, რომ უკვე 45 წელია არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და მხოლოდ პროგრესზე, მოდერნიზაციაზეა ორიენტირებული. მეტიც, თურმე ჩინეთის როლი გლობალურ მშვიდობაში განსაკუთრებულად დასაფასებელი­ ყოფილა. ეს უკვე ცხადი სიგნალია და ვფიქრობ, უპასუხოდ არ დარჩება. 4-5 წლის წლის წინ ამერიკა გაგებით მოეკიდა საქართველოს ირანთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ ირანი სანქცირებული იყო. თუმცა ახლა კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ ჩინეთი მისი ორიენტირია და ამას ამბობს იმ დროს, როდესაც ჩინეთი ამერიკისთვის უპირველეს გამოწვევად არის აღიარებული. ეს უკვე სხვა ამბავია, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ჩინური ინვესტიციები მხოლოდ ეკონომიკური პროექტები კი არა, გავლენის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია. არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ამერიკელები ამჯერადაც რეზოლუციებით შემოიფარგლებიან.

- მაინც რა ზომებს შეიძლება მიმართოს ვაშინგტონმა კრიტიკულ მომენტში?

- ვაშინგტონს აქვს უამრავი ბერკეტი­, როგორც ფინანსური და ეკონომიკური, ასევე­ პოლიტიკური. მაგალითად, საქართველოდან ბევრია წასული აშშ-ში სამუშაოდ. წარმოგიდგენიათ მათი დეპორტაცია? მათი შრომით ხომ რამდენიმე ოჯახი ირჩენს თავს საქართველოში? ეროვნული ბანკის 2025 წლის აპრილის მონაცემებით, აშშ კვლავ ფულადი გზავნილების მთავარი წყაროა. თუ აშშ-ში დაწყებულ დეპორტაციას ევროპის ქვეყნებიც აჰყვნენ და ემიგრანტების ფულადი გზავნილები მინიმუმამდე შემცირდა ან შეწყდა, წარმოიდგინეთ, რა სავალალო ვითარება შეიძლება შეიქნეს ქვეყანაში? ასეთ შემთხვევაში არც "ქართულ ოცნებაში" მყოფი ბიზნესმენები აღმოჩნდებიან სახარბიელო მდგომარეობაში - ემიგრანტების ფული მათი ოჯახების მეშვეობით სწორედ "ოცნების ბიზნესმენების" ჯიბეებში ხვდება. თუ ამას დაემატება სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სანქციებიც, ეს იქნება სრული ეკონომიკური კოლაფსი.

- ფიქრობთ, ივანიშვილმა ეს არ იცის?

- რა თქმა უნდა, იცის. ივანიშვილს ჰგონია, პროტესტს ჩაახშობს და აღარავინ გაბედავს ხმის ამოღებას. მან იცის, დასავ­ლეთი, რუსეთისგან განსხვავებით, ხალხის ნების წინააღმდეგ არ მოქმედებს და ამით სარგებლობს. ცუდია, რომ არსებულ ვითარებას ოპოზიცია შესაბამისად ვერ იყენებს.

- ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, არჩევნები­ გამო­სავალია თუ ღალატი. თქვენ რას ფიქრობთ?

- როდესაც ვერც პერმანენტული აქციების ორგანიზებას ახერხებ და არჩევნებშიც არ აპირებ მონაწილეობას, ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებაზე ამბობ უარს. დანარჩენი თავად განსაჯეთ.

- ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა­ კომიტეტიც მოუწოდებს ოპოზიციას, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები საზოგადოებრივი კონსოლიდაციისთვის გამოიყენოს. თუმცა სხვებთან ერთად არც სალომე ზურაბიშვილი იზიარებს ამ რეკომენდაციას...

- როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი ვერ აფასებს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და ოპოზიციაში გაბატონებული­ სტერეოტიპებით მსჯელობს. "ნაცმოძრაობა" ცდილობს დაიწყოს ის პროცესი, რომელიც 2003 წელს გვინახავს. სწორედ ამიტომ ვთქვი, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი 2003 წელშია ჩარჩენილი-მეთქი. ვერ აცნობიერებენ, რომ ვითარება რადიკალურად შეცვლილია როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში.

არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროტესტს ახალი მუხტი შევძინოთ. ბოიკოტმა­ და მანდატებზე უარის თქმამ თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა. სწორედ ამის შედეგია ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდეს, მაგრამ ახლა შიგნიდან გაძლიერებაა საჭირო.

ამის რესურსიც არსებობს - ოპოზიციონერი ელექტორატი მრავალრიცხოვანია, მხოლოდ მობილიზებაა საჭირო, არჩევნები კი მობილიზებისა და პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი­ საუკეთესო გზაა. ასე უნდა შევხედოთ ამ არჩევნების მნიშვნელობას და არა იმ პრიზმით, რომ ვიღაცას მერობა უნდა. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს მერობაზეც, საკრებულოს ხელმძღვანელობაზეც... მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ოპოზიცია შეთანხმდეს.

თუ ვერ შეთანხმდებიან, მათ ახალი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს, ან მანამდე ხელისუფლების რომელიმე ნაბიჯი საზოგადოების აფეთქებასა და ქვეყნის საბოლოოდ დანგრევას გამოიწვევს. ქუჩაში მოულოდნელად გადმოღვრილი პროტესტი მხოლოდ ხელისუფლებისთვის კი არა, მთლიანად ქვეყნისთვის არის დამღუპველი.

- თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე ვერ შეთანხმდა, ხომ არ ჯობს ბოიკოტის გამოცხადებაზე შეთანხმდეს? ამ შემთხვევაში, რამდენად შეიძლება გამოსავალი იყოს ფედერალისტების შეთავაზება, რაც გულისხმობს კამპანიის ჩატარებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე?

- ეგ გამოსავალი კი არა, აბსურდია. საზოგადოებაში არსებული ანტისახელისუფლებო და საპროტესტო მუხტის რეალურ მოძრაობად გადაქცევა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია, სხვას არაფერს. მსგავსი განხილვები იყო 90-იან წლებშიც. მაშინაც ბოიკოტი გამოვაცხადეთ და მონაწილეობა არ მივიღეთ კომუნისტურ არჩევნებში, ექვს თვეში­ კი მრავალპარტიული არჩევნები ჩავატარეთ. სულ რაღაც ექვსი თვე იყო სხვა­ობა, მაგრამ ეს კალენდარული თვე აღმოჩნდა 30 წლის ტოლფასი. დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, ჩვენ კი იმ დროს ჩამოვრჩით. კი ვტრაბახობთ, რომ მრავალპარტიული არჩევნები ჩავატარეთ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ. დღესაც იმაზე ვდაობთ, უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში.

პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაითავისონ, რომ არჩევნების გარეშე ვერ გაზრდიან ვერც პარტიის რეიტინგს და ვერც საპროტესტო მუხტს. მაშინ, როცა "ქართული ოცნება" აღარც ბრიუსელის განცხადებებზე რეაგირებს და აღარც ვაშინგტონის, კიდევ კარტ-ბლანშს აძლევ, რომ უმტკივნეულოდ ჩაატაროს არჩევნები? მე ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.

- არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციიდან მხოლოდ ორი პარტია - "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" აპირებს, თუმცა ახლა ისინი დანარჩენი ოპოზიციის დიდ წნეხში არიან. როგორ გგონიათ გაუძლებენ "ბულინგს"?

- თუ ვერ გაუძლებენ, საკუთარ თავს დააბრალონ. სხვათა შორის, ამ ბულინგს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს "ქართული ოცნება". დღეს, თუ ვინმეს ნამდვილად უნდა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა, სწორედ ხელისუფლებაა. ეს იმდენად აშკარაა, რომ მიჭირს დაჯერება, ოპოზიციაში ვინმეს ეს არ ესმოდეს. გავიხსენოთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება - როცა ისინი დამოუკიდებლობას აცხადებდნენ, საქართველოში ისევ იმაზე ვდაობდით, მიგვეღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა.­ საბოლოოდ მივედით მძიმე დაპირისპირებამდე. რაღაც ხომ უნდა ვისწავლოთ?

- თუ "ლელო" და გახარიას პარტია არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მათ მხარს დაუჭერს დანარჩენი ოპოზიციის ელექტორატი?

- ჩემი აზრით, ის პარტიები, რომლებიც­ ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს, დაკარგავენ, მინიმუმ, თავიანთი აქტივის ორმოცდაათ პროცენტს, რომელსაც არჩევნებში მონაწილე პარტიები გადაინაწილებენ. დღეს ქვეყანაში არც რევოლუციური განწყობაა და არც ოპოზიციას აქვს რესურსი, რომ პერმანენტული აქციები გამართოს და დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს. თუმცა არ არის გამორიცხული, ეს არჩევნები გახდეს სწორედ პერმანენტული აქციების ინდიკატორი. ის პარტიები, რომლებიც პროცესს გარეთ დარჩებიან, პოლიტიკური კაპიტალის გარეშე აღმოჩნდებიან და საბოლოოდ მარგინალებად ჩამოყალიბდებიან.

ხათუნა ბახტურიძე